„ეს ხელისუფლება რუსეთის დავალებით და დასავლეთის სახელით ქართულ სახელმწიფოებრიობას ანგრევს“

„ეს ხელისუფლება რუსეთის დავალებით და დასავლეთის სახელით ქართულ სახელმწიფოებრიობას ანგრევს“

[ნინო მიქიაშვილი]  

პარლამენტის მიერ 5 ივლისს მიღებულ კანონზე, რელიგიების სამართლებრივი სტატუსის შესახებ და სინოდის დადგენილების ირგვლივ, „ობიექტივი“ შეხვდა და ესაუბრა „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარეს, მამუკა გიორგაძეს. 

რას იტყვით პარლამენტის მიერ 5 ივლისს, დაჩქარებული წესით მიღებულ კანონზე?

– თავის ფორმით, შინაარსით და შორსმიმავალი ზრახვებით, ესაა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული გეგმის შემადგენელი ნაწილი. ამ ხელისუფლებას ქვეყნისთვის უარყოფითი სხვა, რომ არაფერი გაეკეთებინა, მარტო ამითაც დაიმკვიდრებდა თავს, როგორც ქვეყნის მტერი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ქართველი ხალხისთვის საკუთარი ინტერესის დაცვის მექანიზმები და შესაძლებლობები წაერთმია.

კონკრეტულად რატომ თვლით ამ კანონს ანტისახელმწიფოებრივად?

- იმიტომ, რომ ესაა ქართული სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოების სისტემის ძირის გამოთხრა რატომ უნდა იყოს ჩართული ქართული სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების სისტემაში ის რელიგიური ორგანიზაციები, რომელთა ცენტრიც საქართველოს ფარგლებს გარეთაა?! ინტერესთა კონფლიქტია - საქართველოს და ამ ქვეყანას შორის გარკვეული უთანხმოების შემთხვევაში, ვის და როგორ უნდა დაუჭიროს მხარი და რა პრიორიტეტები უნდა იყოს მისთვის გადამწყვეტი?!

ამ კანონის მიხედვით, ნებისმიერი სხვა აღმსარებლობა, სტატუსით მართლმადიდებელ ეკლესიას უთანაბრდება. ამ ხელისუფლების პირობებში ეს თანაბრობა იმის უდიდესი საფრთხის წარმოქმნის საშუალებას იძლევა, რომ როგორც ძალით გაიტანეს სხვა აღმსარებლობის ინტერესები, ასევე დაუდგება გვერდში სხვა აღმსარებლობას და თავის ბერკეტებს საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ აამოქმედებს.

როდესაც სხვა სახელმწიფოს და სხვა აღმსარებლობის ინტერესებზე დგება საუბარი, თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. 2 600-წლიანი ისტორიის განმავლობაში, არ ყოფილა პრეცედენტი, ჩვენ და იუდაისტურ თემს კონფლიქტი გვქონოდა, არ ყოფილა შემთხვევა ვინმე მიწას შეგვდავებოდა, ან ჩვენს შორის რელიგიური შუღლი, გნებავთ ჭიდილი ყოფილიყო. მაგრამ არსებობს რელიგიური მიმდინარეობები, რომლებსაც ტრადიციულ რელიგიებს უწოდებენ და რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ხშირად ყოფილან გამოყენებული და არა მარტო რელიგიურ ექსპანსიას ჰქონდა ადგილი, არამედ, ტერიტორიულ ექსპანსიასაც.

ძალიან დიდი საფრთხის შემცველია 5 ივლისს მიღებულ კანონში გაკეთებული ჩანაწერი, რომ ყველა იმ კონფესიას, რომელიც რეგისტრირებულია ევროსაბჭოს რომელიმე წევრ ქვეყანაში, საქართველოში ექნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.

მაგალითად, საბერძნეთში არსებობს 7 ასეთი რეგისტრირებული ეკლესია, რომლებშიც ქართველი სასულიერო პირები არიან გაერთიანებულები. აქ მათი წარმომადგენლობის გაჩენის და დარეგისტრირების შემთხვევაში, წარმოიდგინეთ, რა ვითარება შეიქმნება ქართველ მრევლში - ეს ადამიანები, რომლებიც საქართველოს ეკლესიიდან განკვეთილები არიან, ან თვითონვე წავიდნენ საქართველოს ეკლესიიდან, საბერძნეთში დარეგისტირირებული ეკლესიის მეშვეობით ღებულობენ იმავე სტატუსს, რაც  საქართველოს საპატრიარქოს აქვს.

ამას დემოკრატიით და ევროკავშირისკენ სწრაფვით ხსნიან.

- ეს არ არის დემოკრატია, ევროკავშირამდე მივალ. მანამდე ჩამონათვალს გავაგრძელებ - უკრაინაში, გარდა აღიარებული უკრაინის ეკლესიისა, რომელიც რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაშია, არის რამდენიმე დამოუკიდებელი, რეგისტრირებული უკრაინული ეკლესია.

მართლმადიდებელ ეკლესიებს გულისხმობთ?

- დიახ. შეგახსენებთ სკანდალს, როდესაც სააკაშვილმა აიძულა ბასილ კობახიძე და სხვები, ამ ეკლესიების რიტუალურ ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა. ესენი არიან ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში დარეგისტრირებული ეკლესიები. ისე, როგორც ხალხისგან დაცლილი ცხინვალის დაბომბვა გახდა საქართველოზე შემოტევის საფუძველი, გეკითხებით - იქნება თუ არა უკრაინაში დარეგისტირირებული ეკლესიებისთვის სტატუსის მიცემა, რუსეთის ეკლესიის მხრიდან აფხაზეთის ეკლესიის ცნობის საფუძველი?!

რაც შეეხება ევროკავშირისკენ სწრაფვას და დასავლურობას - ევროპის სამართალი ცნობს დომინანტი ეკლესიის ცნებას, პრაქტიკას  და ვერც ერთი სხვა ეკლესია, თუნდაც, საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქია, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის ეპარქია, ან აშშ-ს ეპარქია, ევროკავშირის ქვეყნებში სტატუსს ვერ მიიღებს, ისევე, როგორც სხვა ეკლესიები. ევროპიდან არავინ ითხოვს საქართველოში იურიდიული სტატუსის მიცემას სხვა ეკლესიებისთვის - ევროპა ჩვენ ამაზე არ გვეჩხუბება და არ გვსაყვედურობს.

მაშინ რა ხდება, თქვენი აზრით?

- ხდება ის, რომ საქართველოს ჰყავს მტერი, მოღალატე ხელისუფლება, რომელიც რუსეთის დაკვეთით ახორციელებს საქართველოს სულიერი, ფიზიკური და ტერიტორიული დაშლის გეგმას. ამას აკეთებს ყველა პოტენციურ მოწინააღმდეგესთან კავშირით - ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს, ჯავახეთში სომხური ეკლესია გაძლიერდეს, ქვემო ქართლში - აზერბაიჯანული ეკლესია, თბილისი რამდენიმე მარტივ მართლმადიდებელ ეკლესიებად უნდა დაიშალოს, რათა ერთიანი ქართული სივრცის მოშლა განხორციელდეს!

ამას პოლიტიკურ ენაზე კონფედერაცია ჰქვია, ხოლო საზოგადოებრივ ენაზე ერთიანი ქართული ცნობიერების მოშლა. ამ მიმართულებით მივდივართ. ბოლო პერიოდში აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები და შეტევა ეკლესიაზე ერთმანეთს დაემთხვა. ეს ხელისუფლება რუსეთის დავალებით და დასავლეთის სახელით ქართულ სახელმწიფოებრიობას ანგრევს, აქუცმაცებს და თან ისეთი ფორმით, რომ ძალაუნებურად პროვოკაციისკენ გიბიძგებს.

რას გულისხმობთ?

- საქართველოში გარეგინ მეორის ვიზიტს ელოდებოდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ?! რატომ ხდება პროვოცირება სომხურ განწყობებზე?! თუ ამ გადაწყვეტილებას ქართველი მორწმუნეების გამო ღებულობ, რა კავშირშია გარეგინ მეორის ვიზიტი?! მაგრამ არა, მდაბალი, ვითომცდა ნაციონალისტური ემოციების ამოფრქვევა სჭირდება სააკაშვილს.

რისთვის?

- იმისთვის, რომ პოლიტიკური საკითხების მაგივრად ვიფიქროთ სომხების აუგად მოხსენიებაზე, იეღოველების დევნაზე, რათა დასავლეთისთვის ეს იყო შეუმდგარი ქვეყანა, რომელიც აღმსარებლობის თავისუფლებას ებრძვის და რუსეთისთვის იყოს სააკაშვილი, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივონ.

აღმსარებლობის თავისუფლება და რელიგიური ორგანიზაციის ფუნქცია და როლი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. „თავისუფლების ინსტიტუტი“, სახალხო დამცველის აპარატი და ხელისუფლება შეგნებულ აღრევას აკეთებენ - სტატუსი რომ არ ჰქონდათ, აღმსარებლობის უფლება ეზღუდებოდათ და ამიტომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იყვნენო. აღმსარებლობის თავისუფლება, რომ უნდა დავიცვათ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, იქნება ეს მართმადიდებელი, გრიგორიანელი, იუდაელი, კათოლიკე, თუ სხვა, მაგრამ მეორე საკითხია ორგანიზაციულ, სტრუქტურულ, სამართლებრივი მდგომარეობა.

ცოტა ხანში მეორე ეტაპი დაიწყება, იტყვიან - დისკრიმინაციაა, გიორგობას, რომ აღვნიშნავთ და არ აღვნიშნავთ, სუბსარქისს და სხვა დღესასწაულებსო. შემდეგ მეტსაც გაბედავენ და ბოლოს აბსურდამდე მივლენ - საქართველოში, როგორც დავიწყეთ პირველი სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობა, ასევე დავიწყებთ პირველი უეროვნებო, არარელიგიური, ათეისტური სახელმწიფოს მშენებლობას.

თუ ასეა, მაშინ რატომ არ მოითხოვა სინოდმა 5 ივლისს მიღებული კანონის გაუქმება და რატომ მიიღო ე.წ. კომპრომისული გადაწყვეტილება?

- საქართველოს მმართველთა აღნიშნული ქმედება - პარლამენტისაც და პრეზიდენტისაც, მეტყველებს, ერთი მხრივ, მათი ჰორიზონტის ყოვლად დაუშვებელ სივიწროვეზე,  რომელიც მათ საშუალებას არ აძლევს, საქართველოს დღევანდელი დღე  დაინახონ  არა მხოლოდ, როგორც  ერთ-ერთი უბანი დღევანდელი მსოფლიო სისტემისა,  არამედ აგრეთვე, როგორც  ერთ-ერთი ეტაპი ( ამავე დროს უაღრესად საპასუხისმგებლო ეტაპი) საქართველოს წარსული  და მომავალი  ისტორიისა. ამავე დროს იგი მეტყველებს მათ უპასუხისმგებლობაზე და ერისა და სახელმწიფოსადმი ერთგულების დეფიციტზე.

მათ აქვთ  სურვილი და ყოველნაირად უკეთებენ  პროვოცირებას, რათა  ეკლესია გახდეს  დისკუსიისა თუ კამათის  მხარე და მან დაკარგოს ღვთისაგან ბოძებული თავისი  უმაღლესი  მისია - ერის შემკვრელის, ერთიანობის გარანტისა და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლის ფუნქცია. 

ძალიან გასაგებად ითქმის მიმდინარე საჭირბოროტი საკითხებზე  ეკლესიის სათქმელი,  მაგრამ   ამ მოწოდებათა   რეალიზაციის მექანიზმი ეკლესიას არ  გააჩნია.  მრევლს უფრო მეტი პასუხისმგებლობის და ვალდებულების გრძნობა უნდა ჰქონდეს ეკლესიის მოწოდებებთან და სასულიერო პირების სიტყვებთან დაკავშირებით. ქმედება არის იმ ადამიანების პრეროგატივა, რომლებიც არიან ეკლესიურები, თავისუფალნი, ეკლესიისა  და  ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობით აღჭურვილნი,  თავისი ბუნებით აქტიურები. 

საპატრიარქოს განცხადებები და სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოწვეულია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის არსებობით და რეალური ვითარების  ადეკვატურ შეფასებით. სამწუხაროდ, მეტის მიღწევის საშუალებას მრევლის აქტიურობისა და ორგანიზებულობის ხარისხი არ იძლევა. ამან უნდა დაგვაფიქროს,  შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ და მორიგ შემოტევებს (რაც  უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი) უფრო ორგანიზებულად დავხვდეთ. ბრძოლა გრძელდება!