[გიორგი ბექაური]
საქართველოს ხელისუფლება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ერთგულია. ასეთ ფიქრობს ახალი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, რომელმაც ეკონომიკური თავისუფლების აქტის ძირითადი დეტალები განმარტა.
მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც ეკონომიკური თავისუფლების აქტი ითვალისწინებს, ისაა, რომ ახალი საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება მხოლოდ რეფერენდუმითაა შესაძლებელი. ამავე კანონით, მთლიან შიდა პროდუქტთან საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს რაც გვინდაძის მტკიცებით, მთავრობის მიერ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის გაგრძელებას ნიშნავს.
„ეკონომიკური თავისუფლება სამი ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, ესენია მთავრობის მცირე ზომა, გადასახადების დაბალი დონე და კონსერვატიული და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც თავისუფლების აქტი ითვალისწინებს არის ის, რომ ახალი საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. ეს ნიშნავს იმას, რომ გაგრძელდება მთავრობის ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, რაც ნიშნავს დაბალ გადასახადებს და მარტივ საგადასახადო სისტემას, რაც კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია“, - აღნიშნა გვინდაძემ.
მისივე თქმით, ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონის მეორე პრინციპის მიხედვით ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის დონე არ შეიძლება აღემატებოდეს მშპ-ს 30%-ს.
გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდებას მშპ-სთან არაუმეტეს 3%-სა და სახელმწიფო ვალის შეფარდებას მშპ-სთან არაუმეტეს 60%-სა. დღეისთვის სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში 43%-ია.
„გამომდინარე ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2012 წლიდან დაიწყება კლებადი დინამიკა და ჩამოვალთ 40-35%-ზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
ამ კომპონენტში გვინდაძე აშკარად აჭარბებს. სახელმწიფო ვალი მშპ-თან მიმართებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს თუკი მთავრობა ვალების აღებას თავს დაანებებს და მის გასტუმრებას დაიწყებს, ანუ, ისე როგორც იქცეოდა 2004-06 წლებში, ანდა მშპ ისეთი სისწრაფით გაიზრდება, რომ ვალების შეფარდება მასთან მიმართებაში შემცირდება.
მშპ-ს ზრდის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი მაჩანჩალა ქვეყანაა და დიდი გარღვევა ამ კუთხით მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება ვალების ზრდის დინამიკას, ის მართლაც შთამბეჭდავია.ყოველწლიურად ქვეყნის ვალი მინიმუმ 1-1,2 მილიარდი დოლარით იზდება. ამ პირობებში ვალების კლების დინამიკაზე და მშპ-თან შეფარდებით პროცენტულ შემცირებაზე საუბარი არასერიოზულია და წმინდა წყლის სპეკულაციაა.
ფინანსთა მინისტრს მიაჩნია, რომ აღნიშნული პარამეტრები საშუალებას იძლევა, გრძელვადიან პერიოდში მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს, რაც გაზრდის ქვეყნის მიმართ ინვესტორთა ნდობას.
„ინვესტორი, რომელიც დღეს ქვეყანაში ფულს აბანდებს, უყურებს არა დღევანდელ საგადასახადო ჩარჩო პირობებს, არამედ მას უნდა ჰქონდეს მყარი გარანტია იმისა, რომ ის რეფორმები და დაბალი გადასახადები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, სამომავლოდ არ შეიცვლება. საუბარია ისეთ ინვესტორებზე, რომლებიც საქართველოში თანხებს არა ერთი და ორი წლით, არამედ 10-15 და მეტი ხნით აბანდებენ“, - განაცხადა გვინდაძემ.
აღნიშნული კანონი 2013 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება,თუმცა ის უკვე დღეიდან საქართველოს საშუალებას მისცემს გახდეს უფრო მიმზიდველი და საიმედო ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთვის, ვინც გადაწყვეტს საქართველოში ფულის დაბანდებას, ასევე საქართველოში მოქმედი ყველა ბიზნეს სუბიექტისთვის არსებობს მკაფიო, ლიბერალური კანონმდებლობა, რომლითაც დაცული და გარანტირებულია თავისუფალი ეკონომიკის ფუნდამენტური პრინციპები.