ციხის ადმინისტრაციამ აღიარა, რომ ცოტნე გამსახურდიას არ მკურნალობენ

ციხის ადმინისტრაციამ აღიარა, რომ ცოტნე გამსახურდიას არ მკურნალობენ

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გამეფებულ პატიმართა ცემა-წამების ფაქტებზე და ადმინისტრაციის უკანონო ქმედებებზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 13 ივლისს, ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება უნდა გაეკეთებინა. მაგრამ პროკურორის ავადმყოფობის მიზეზით, სხდომა გადაიდო.

გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, გამსახურდია პროცესზე მისვლას და ჩვენების მიცემას გეგმავდა. როგორც ცნობილია, მოსამართლე ზვიად ესებუამ მას გამამტყუნებელი განაჩენი ისე გამოუტანა, რომ განსასჯელს ჩვენება არ მიუცია. მაშინ, გამსახურდიამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

როგორც ცნობილია, იგი ციხის თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემაში დაადანაშაულეს და 5 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ძველ სასჯელს 5 წელი დაემატა და საბოლოოდ, 13 წელი მიესაჯა. გამსახურდიას ადვოკატი, ბექაური „შეთითხნილი ბრალდების“ მოხსნას და განსასჯელის გამართლებას ითხოვს. ბოლო სასამართლო სხდომებს ცოტნე გამსახურდია ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ვერ დაესწრო. ამის გამო მან სასამართლო სხდომის გადადებაც ითხოვა, მაგრამ მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ცოტნე გამსახურდიას გაუსაძლისი ტკივილები აქვს. მას წელის მეოთხე დისკის პროტრუზია, ხერხემლის სპონდილოზი, ლიგემენტოზი და წელის მალებში ცვლილებები აღმოაჩნდა. ავადმყოფობის გამო სკამზე ჯდომასაც ვერ ახერხებს და პროცესზე საათობით ფეხზე ყოფნა უწევდა. განცხადებაში იგი მის მიმართ განხორციელებულ უკანონობებზე საუბრობს - დღემდე მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი და ოჯახსაც არ აძლევენ წამლის მიწოდების საშუალებას.

„...სად-ის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არაადამიანურად მექცევიან და დღემდე მკურნალობის გარეშე ვარ მიტოვებული. თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ, როდესაც ავადმყოფი მკურნალობის გარეშე არის, მისი მდგომარეობა უარესისკენ თუ იცვლება, მაგრამ არა - უკეთესობისაკენ... მე საპროტესტო შიმშილობაც კი შევწყვიტე, რათა მავანთათვის არ მიმეცა სპეკულაციების საბაბი და დამემტკიცებინა მზადყოფნა სასამართლო განხილვაში მონაწილეობისთვის, რადგან ძალიან მინდა, ნათელი მოვფინო პროკურატურისა და ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილ სიყალბეს. არა უშავს, თუ ქართული სასამართლო ჭეშმარიტებას არ გაიზიარებს. ქართულ სახელმწიფოში გამეფებული უკანონობიდან გამომდინარე, ჩვენ ამთავითვე ზეეროვნულ, ევროპულ სასამართლოზე ვართ ორიენტირებულნი.

ძალიან გთხოვთ, მე ნუ დამადანაშაულებთ პროცესის გაჭიანურებაში. ამ საქმის სასამართლო განხილვა თითქმის წელიწადია მიმდინარეობს და ეს ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის. მხოლოდ ჯამში რამდენიმე კვირით ვითხოვე ჯანმრთელობის გამო პროცესის გადავადება. არა მგონია, თვლიდეთ, რომ ტკივილებით დატანჯულ ადამიანს, რომელსაც ფეხზე დგომა უჭირს, პროცესში მონაწილეობა და ფეხზე დგომა შეეძლოს...

სად-ის ხელმძღვანელობა და დაწესებულების ადმინისტრაცია, ვინმე ცხვედიანის მეთაურობით, შეგნებულად აჭიანურებს არა მხოლოდ ჩემი მკურნალობის დაწყებას, არამედ კონკრეტული პასუხის გაცემასაც კი...

ვინაიდან ჩემი მკურნალობისთვის საჭირო არავითარი საშუალება არ გაააჩნიათ, ჩემმა ადვოკატმა ბექაურმა, მათ ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში მიმართა მკურნალობის დასაწყებად პრეპარატების, აპარატურის და გარედან მოწვეული სპეციალისტების შემოყვანის თაობაზე, მაგრამ ამ მიმართვაზე დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ასეთი „ტემპებით“ ხორციელდება ჩემი მკურნალობა.

ფაქტობრივად, ყოველგვარი ყურადღების გარეშე გახლავართ მიტოვებული ადმინისტაციისა და მედპერსონალის მხრიდან, რაც, თავისთავად, სისხლის სამართლის დანაშაულია. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ გარდა პირადი ანტიპათიებისა და სისხლში გამჯდარი სადისტური დამოკიდებულებისა, აქაური ხელმძღვანელობის კონკრეტული მიზანია არ დაუშვას ჩემი სრულფასოვანი მონაწილეობა სასამართლო განხილვაში, სადაც, მოგეხსენებათ, სწორედ სად-ი გვევლინება ჩემს ბრალმდებლად და ოპონენტად.

უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით ისინი აღწევენ კიდეც ხსენებულ მიზანს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ვახერხებ სრულფასოვან მონაწილეობას სასამართლო განხილვაში. აქვე მოვითხოვ, დაწესებულების ადმინისტრაციის დანაშაულებრივ ქმედებებზე შესაბამისი ორგანოების კანონიერ რეაგირებას და მათ სათანადოდ დასჯას ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი არაადამიანური ქმედების გამო...

მოვუწოდებ სასამართლოს, ნუ გახდება სად-ის ჯალათების თანამონაწილე და ნუ დაარღვევს ჩემს კანონიერ უფლებას, რაც საქართველოს კონსტიტუციით და ევროკონვენციით მაქვს გარანტირებული. გთხოვთ, აუცილებლად მომცეთ ჩვენების მიცემის უფლება. ამავე დროს, დამერწმუნეთ: ადამიანს ჯანმრთელობა არა მხოლოდ სასამართლოებზე სასიარულოდ სჭირდება... დღემდე მე-18 დაწესებულების ადმინისტრაციას თანხმობა არ განუცხადებია ჩემს მიერ შერჩეული პროფესორის შემოყვანაზე და მედიკამენტების შემოტანაზე“ ნათქვამია ცოტნე გამსახურდიას განცხადებაში. 

გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობით სახალხო დამცველიც დაინტერესდა და სადი-ს მთავარ ექიმისგან, ვლადიმერ ხარებაძისგან დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა. ასევე, ცოტნე გამსახურდიას უფლებების დარღვევაზე მან მიმართვა და განცხადება გაუგზავნა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს. მოითხოვა, შეესწავლათ ცოტნე გამსახურდიას არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მიუთითა სად-ის ადმინისტრაციას, რომ დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ ცოტნე გამსახურდიასთვის ჩამორთმეული სამედიცინო აპარატურა და პრეპარატები, ჩაეტარებინათ მისთვის ადექვატური მკურნალობა და მის მიმართ არ დაეშვათ არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

ადვოკატ ბექაურის თქმით, იმის ნაცვლად, რომ კორექტული პასუხი გაეცათ სახალხო დამცველისთვის, ისინი მარტო მე-18 დაწესებულების მკურნალი ექიმის, ნანა კუთხაშვილის მოხსენებითი ბარათით შემოიფარგლნენ და სახალხო დამცველს გადაუგზავნეს ბარათი, სადაც ვკითხულობთ, რომ პაციენტ გამსახურდიას ამ ეტაპზე მკურნალობა არ უტარდება, რადგან პაციენტი უარს აცხადებს საკვების მიღებაზე.

აქვე მითითებულია, რომ გამსახურდიას ადრე მკურნალობა უტარდებოდა. ამ  ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ადვოკატი და ირწმუნება, რომ პატიმარ გამსახურდიასთვის არანაირი მკურნალობა არ ჩაუტარებიათ. უფრო მეტიც - ოჯახის შეგზავნილი სამკურნალო აპარატურა და მედიკამენტებიც კი არ მისულა პაციენტამდე. მკურნალი ექიმის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ გამსახურდიას დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ სამკურნალო დაწესებულებაში არ გააჩნიათ სათანადო მედიკამენტები.

მაშინ, ისმის კითხვა, რატომ არ აძლევენ ოჯახის წევრებს ამ მედიკამენტების შეგზავნის უფლებას? „ქალბატონმა მანანა არჩვაძემ რამდენჯერაც მიიტანა მედიკამენტი, იმდენჯერ უკან გადმოუგდეს. არადა, ცოტნეს გაუსაძლისი ტკივილები აქვს და წამლები სჭირდება. ვერ გამიგია, რატომ ექცევიან ასე სადისტურად მას და რატომ არ აძლევენ მკურნალობის საშუალებას. ჩვენ ჩვენი სახსრებით ვუმკურნალებთ და შევუყვანთ კვალიფიციურ პროფესორს, მაგრამ ამის საშუალებას არ გვაძლევენ. ეს დანაშაულია და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“- აცხადებს ადვოკატი ქეთი ბექაური.

ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი 18 ივლისს დაინიშნა. განსასჯელი პროცესზე მოსვლას და სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს. თუ მის ჩვენებას დიდი დრო თუ არ დასჭირდება, შესაძლოა, მას განაჩენი იმავე დღეს გამოუტანონ.