ტრეფიკინგის კიდევ ერთი შემზარავი დანაშული დაფიქსირდა მეზობელ თურქეთში. ქართველ გოგონას ქართველებმა ცოცხლად დამარხვის ინსცენირება მოუწყეს. დაშანტაჟებისა და პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის გამო, ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქე 2 ქალბატონს სასამართლომ 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.
"ინტერპრენსიუსს" ტრაბზონში, საქართველოს მთავარი საკონსულოში დაუდასტურეს, რომ სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და დამნაშავეებს შესაბამისი პატიმრობა შეუფარდა. საკონსულოს ცნობით, თავად აღნიშნული ფაქტი შარშან მოხდა. ახალგაზრდა გოგონას პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებდნენ, აშინებდნენ და ცოცხლად დამარხვის ინსცენირებაც გაუმართეს, რაც ვიდეოფირზეც გადაიღეს.
აღნიშნული კრიმინალური ფაქტისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თურქულმა ინტერნეტგამოცემა "სტარგაზეთმა" გაავრცელა.
თურქული გამოცემის ცნობით, 28 წლის ნანა გ.-ს თანამზრახველ ს.კ.-სთან ერთად, თურქეთში სამუშაოდ ქართველი გოგონები ჩაჰყავდა და მათ პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებდა. ამასთან, დღეს გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქართველი გოგონა ცოცხლად დამარხეს:
„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქე ქალბატონი ნანა.გ და ე.ზ. დაკავებულები არიან ასევე უკრაინის მოქალაქეები ს.კ. ნ.ბ. და ნ.ა. 28 წლის ნანა ბ.-ს თანამზრახველებთან ერთად თურქეთში მოტყუებით ჩაყავდა ქართველი გოგონები და შემდეგ მათ პროსტიტუციას აიძულებდა. ქართველ გოგონას, რომელმაც უარი თქვა დაკავებულიყო აღნიშნული საქმით, ცოცხლად დამარხვას უპირებდნენ. პოლიცია უახლოეს მომავალში შესაბამის მოხსენებასაც გამოქვეყნებს, რომელიც ადამიანებით ვაჭრობისა და ტრეფიკინგის საკითხებს ეხება", – წერს თურქული გამოცემა.
ამ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ტრეფიკინგის განმარტება და ის სტატისტიკა, რომელიც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ დანაშულს თან ახლავს. ასევე რჩვები, რომლებიც პოტენციურმა მსხვერპლმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
ცნობისთვის, ტრეფიკინგი — ადამიანებით ვაჭრობა; მისი მსხვერპლი უმარტივესი განმარტებით არის ადამიანი, რომელიც გადაჰყავთ ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ქვეყნის შიგნით მონობის ან დამონების მიზნით. ეს დანაშაული მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოიცავს ბევრ კანონდარღვევას; მათ შორისაა ადამიანის უფლებების შეზღუდვა, გაუპატიურება, წამება. ტრეფიკინგი არღვევს ადამიანების თავისუფლებას უსაფრთხოებას, რადგან პირი ამ დროს იმყოფება არაადამიანური მონობის პროცესში.
კიდევ უფრო კონკრეტულად ეს არის: ადამიანებით ვაჭრობა; ძალადობა; იძულებითი შრომა; ექსპლუატაცია; თავისუფლების შეზღუდვა; არაადეკვატრი ანაზღაურება; მოტყუება; კონტაქტის აკრძალვა; თანამედროვე მონობა.
იმისათვის,რომ დანაშაული დაკვალიფიცირდეს ტრეფიკინგის სახელით უნდა “აკმაყოფილებდეს” 3 პირობას: ქმედება (რა?); საშუალება (როგორ?); მიზანი (რისთვის?); მიზანი არის კონკრეტული – ექსპლუატაცია (შრომითი ან სექსუალური).
ტრეფიკინგის დანაშაული მსოფლიოში სიმძიმით მესამე ადგილზეა. საკმაოდ გავრცელებულია და მომგებიანიცაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს ორი სახის ტრეფიკინგი შიდა და საზღვრებს გარეთ. შიდა ტრეფიკინგის დროს ძირითადად ხდება შრომითი ექსპლუატაცია. მაგალითად:
”72 წლის ცოლ–ქმარი, მოტყუებით მეზობელმა გადაიყვანა გვერდზე სოფელში და შეპირდა რაღაც გასამრჯელოს, ფიზიკური სამუშაოს სანაცვლოდ. მოხუცებს უხდებოდათ ფერმაში მუშაობა საშინელ პირობებში, იყო წყლისა და საკვების პრობლემაც. ამის გარდა, აყენებდნენ როგორც ფიზიკურ, ისე მორალურ შეურაცხყოფას. როდესაც მოხუცები ისე დაუძლურდნენ, რომ საშიში გახდა არ შემოკვდომოდათ, ისინი თავად მიიყვანეს სახლში და ჭიშკართან დატოვეს. თან დაემუქრნენ, არსად არაფერი ეთქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდნენ”.
საზღვრებს გარეთ ტრეფიკინგის ძირითადი მიმართულება, სექსუალური ექაპლუატაციაა.
ტრეფიკინგის გახშირების მთავარი მიზეზი მომგებიანობაა. ჯგუფურ დანაშაულში ხშირ შემთხვევაში ჩართულები არიან საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციები. ტრეფიკინგის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე არასაკმარისი ინფორმაცია ამ სფეროში და ადამიანის სოციალური მდგომარეობა. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი, რომელსაც საჭმლის ფულიც არ აქვს, მზად არის ენდოს საჭვო ადამიანებს და საეჭვო წინადადებებს. ქვეყანაში არსებული საომარი სიტუაცია, შესაძლოა იქცეს ტრეფიკინგის ხელისშემწყობ ფაქტორად, რადგანაც ამ დროს იზრდება იმიგრანტების რიცხვი.
ტრეფიკინგის დანაშაულის დროს არსებობს რამდენიმე სახის ქვეყანა – მომთხოვნი (მიმღები ქვეყნები), მიმწოდებელი და სატრანზიტო. ძირითადად სატრანზიტო ქვეყნებში ხდება ყალბი დოკუმენტების დამზადება და ხალხის არალეგალური გზით გადაყვანა. საქართველო წარმოადგენს, როგორც მიმწოდებელ, ისე სატრანზიტო ქვეყანას.
სამწუხაროდ, შეუძლებელია სტატისტიკის დაზუსტებით განსაზღვრა. ამისათვის საჭიროა უშუალოდ დაზარალებულმა განაცხადოს სამართალდამცავ ორგანოებში, რისგანაც ხშირ შემთხვევაში თავს იკავებენ. არსებობს ფონდები, რომლებიც ყველანაირი ანონიმურობის დაცვით ეხმარებიან დაზარალებულებს.
როგორც წესი, როდესაც ხარ ტრეფიკინგის მსხვერპლი, იმყოფები სრულ იზოლაციაში. ძნელია თავის დაღწევა, რადგან მოქმედებს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც სრულ კონტროლში ჰყავხარ. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც თავიანთი მოხერხებულობით თავი დაუღწევიათ. მაგალითად:
“ერთ–ერთმა გოგონამ, სანთებელით ოთახში გააჩინა ხანძარი. ხანძარს ბუნებრივია მოჰყვა მეხანძრეების მთელი ჯგუფი. გოგონამ თავისი პრობლემის შესახებ სწორედ მეხანძრეებს უამბო და მათი დახმარებით გაითავისუფლა თავი”
მეორე მაგალითი: “ერთ–ერთმა დაზარალებულმა, დალია სასტუმროში არსებული რაღაც წამლები, რის შედეგადაც დაკარგა გონება და იძულებულები გახდნენ გადაეყვანათ საავადმყოფოში. რეანიმაციაში მყოფმა დაზარალებულმა თავისი პრობლემების შესახებ ექიმს უამბო, რომელიც დაეხმარა მას საავადმყოფოდან გაქცევაში”.
ტრეფიკინგის შეფასებისთვის და მასთან საბრძოლველად 3 დონე არსებობს: კანონი და სადამსჯელო ღონისძიებები; დაცვისა და დახმარების ღონისძიებები; პრევენციული ღონისძიებები.
არსებობს 3 დონის ქვეყნები: პირველი დონის – რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ სამივე პირობას; მეორე დონის – რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილი დონეებიდან რომელიმეს; მესამე დონის – რომელიც არ აკმაყოფილებს და არც აქვს სურვილი დააკმაყოფილოს. მესამე დონის ქვეყნებს უწყდებათ ყველანაირი ჰუმანიტარური დახმარება.
2002 წლისთვის საქართველო ითვლებოდა მეორე დონის ქვეყნად, თუმცა 2003 წელს ის უკვე მეორე და მესამე დონეების შუაში მოექცა. იმისთვის,რომ არ ჩამოსულიყო მესამე დონეზე და არ შეწყვეტოდა დახმარება, 2003 წელს მოხდა დანაშაულის კრიმინალიზაცია და მივიღეთ კანონი. 2003–2006 წლებში საქართველო მეორე დონის ქვეყნებში ითვლებოდა.
2006 წელს შეიქმა სახელმწიფო ფონდი, რომელიც ეხმარება ტრეფიკინგის მსხვერპლთ. მანამდე არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარი სახსრებით და პატარ–პატარა დაფინანსებებით ცდილობდნენ დაზარალებულთა დახმარებას. 2006 წლიდან დაიწყო ამ არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობა.
იმისთვის, რომ დაზარალებულს მიენიჭოს მსხვერპლის სტატუსი არსებობს მუდმივმოქმედი ჯგუფები და მათთვის სტატუსის მინიჭება ხდება ან სამართალდამცავ ორგანოებში, ან ფონდში. თუკი მსხვეპრლს მიენიჭა სტატუსი, ფონდი უწევს უფასო იურიდიულ მომსახურებას, სამედიცინო დახმარებას, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, ეხმარება თავშესაფრით, ხდება მსხვერპლის გადამზადება/სწავლება დასაქმება და, რაც მთავარია, დაცულია ანონიმურობა.
საქართველოში ამ დროისთვის არსებობს 4 თავშესაფარი, 2 - ტრეფიკინგით დაზარალებულთათვის და 2 - ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულთათვის. თითოეულ მსხვერპლზე განსაზღვრულია გარკეული თანხა, რომელსაც მსხვერპლი ხელზე ვერ იღებს. თავშესაფარში დარჩენა ნებაყოფლობითია (ვადა - 1 დღიდან 12 თვემდე), ოჯახური ძალადობის შემთხვევში ვადა მხოლოდ 3–თვემდეა. მიუხედავად იმისა, მსხვერპლი დარჩება თუ არა თავშესაფარში, ის მაინც მიიღებს კუთვნილ დახმარებას.
რეინტეგრაციის პროცესის ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა სოცმუშაკებს დაზარალებულთან აქვთ მუდმივი კავშირი და პრობლემის არსებობის შემთხვევაში მიმართავენ ორგანიზაციებს და ისინი უწევენ დახმარებას. ყველა რეგიონში ფონდს ჰყავს საკუთარი სოცმუშაკი.
თავშესაფრის ადგილი კონფიდენციალურია. იქ მცხოვრებლებს არ აქვთ უფლება ნებართვის გარეშე დატოვონ შენობა, ემსახურებათ მძღოლი, რომელიც ვალდებულია მიიყვანოს ნებისმიერ ადგილზე. თავშესაფრის ადგილის გამხელა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. თავშესაფარი 10–ადგილიანია, თუმცა ოჯახური ძალადობის დროს, როდესაც დედას ჰყავს რამდენიმე შვილი, ხშირად ხდება ხოლმე, რომ თავშესაფარში 10 ადამიანზე მეტი იწყებს ცხოვრებას.
სამწუხაროდ, ფონდს ჰყავს მხოლოდ ერთი ჯგუფი – ერთი იურისტი და ერთ ფსიქოლოგი. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაზარალებულების 90% არ მიმართავს არც სამართალდამცავ ორგანოებს და არც ფონდს (სადაც კონფიდენციალურობა დაცულია).
მსოფლიოში ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი ხდება თანამედროვე მონათვაჭრების მსხვერპლი. ტრეფიკინგის მსხვერპლი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ადამიანი. როდესაც გპირდებიან სამუშაოს საზღვარგარეთ და იდეალურ საცხოვრებელ პირობებს, ხშირად მსგავსი შემოთავაზებები ადამიანების ექპლუატაციით, დამცირებით და სიკვდილითაც კი მთავრდება.
ახლა კი, ძირითადი რჩევები მათთვის, ვინც აპირებს საზღვარგარეთ მუშაობას, სწავლას ან ქორწინებას:
სანამ საზღვარგარეთ გაემგზავრებით, დარეკეთ ცხელ ხაზზე და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ დაიყვანოთ მინიმუმამდე ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლად გახდომის საფრთხე;
- არავის გადასცეთ თქვენი პასპორტი და პირადი საბუთები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ლეგალური სტატუსი გაქვთ, თქვენს დამსაქმებელს არ აქვს უფლება შეინახოს თქვენი პასპორტი;
- თქვენი ყველა საბუთის ასლი შეინახეთ თქვენთვის ხელმისაწვდომ უსაფრთხო ადგილას;
- ისწავლეთ იმ ქვეყნის სალაპარაკო ენის ძირითადი ფრაზები, სადაც მიემგზავრებით;
- ჩასვლისთანავე გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში;
- მუდმივად იქონიეთ კავშირი ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან ან მეგობრებთან; დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მათ თქვენი ადგილსამყოფელი და სამუშაო ადგილი;
- გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ზრუნავს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე.
საზღვარგარეთ გამგზავრებამდე დაუკავშირდით კონსულტაციისთვის ფონდის ცხელ ხაზს: 100–229. თქვენ მიიღებთ კვალიფიციურ კონსულტაციას და საჭირო დახმარებას. მათი მომსახურება ანონიმური და უფასოა! (ზარი უფასოა).