„მე ამათი პასუხები არ მაკმაყოფილებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შვილის მკვლელები ისევ გარეთ დადიან“, - აცხადებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს გარდაცვილი მოზარდის მშობელი და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და მამუკა ბახტაძის სახელზე ის 30 საქმე შეიტანეს, რომელიც მათი თქმით, გამოუძიებელია. ამავდროულად, მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.
მთავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღების ხელმძღვანელმა, მამუკა ასათიანმა ზაზა სარალიძესა და მათ მხარდამჭერებს განუხადა, მთავრობის ადმინისტრაცია მათ მიერ მიღებულ საქმეებს განიხილავს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, იმ შემთხვევაში, თუ ის შედგება, მამუკა ასათიანის თქმით, განხილული იქნება არა მხოლოდ დავით სარალიძის საქმე, არამედ ზოგადად, საქმეთა რეგისტრაციის დროს მიღებული ყველა განაცხადი.
მთავრობის ადმინისტრაცია შეხვედრის კონკრეტულ ვადებზე არ საუბრობს, თუმცა, მათი განცხადებით, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების მოთხოვნაზე პასუხი გონივრულ ვადაში გახდება ცნობილი.
როგორც ცნობილია, საქმის გამოძიება რამდენიმე დონეზე მიმდინარეობს, მათ შორის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში, სადაც აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში ბოლოს ჩატარებული გამოკითხვით, კომისიამ ფაქტობრივად, საქმის მთავარი ფიგურანტების გამოკითხვა დაასრულა.
ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა არასრულწლოვანმა, კომისიას მისი პოლიციაში წაყვანის თაობაზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.
როგორც მსჯავრდებულის ადვოკატმა განმარტა, არასრულწლოვანმა კომისიას ინციდენტის დღეს განვითარებული მოვლენების თაობაზე სრული და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, შარაშენიძის თქმით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა კომისიას დამატებით ახალი გარემოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და გამოძიების დაწყება მოითხოვა - ეს შეეხება მის წაყვანას პოლიციაში და კანონიერი წარმომადგენლის და ადვოკატის გარეშე ყოფნას.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძე კი განაცხადა, რომ კომისიის საბოლოო დასკვნა შეეხება სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის სავარაუდო დარღვევებსაც, რომელიც შეიძლება მომხდარიყო პოლიციაში მოწმეების თუნდაც გამოკითხვის დროს, ასევე, კონკრეტული მიმართულებით სხვადასხვა სამართალდარღვევებს.
„გამოსაკითხი დაგვრჩა მხოლოდ რამდენიმე მოწმე, რასაც ამ კვირაში დავასრულებთ. ახლა დარჩენილი დრო გვექნება იმისთვის, რომ გავაანალიზოთ ის ჩვენებები, რომელიც მივიღეთ, ერთმანეთს შევადაროთ და გამოვიყენოთ საბოლოო დასკვნისთვის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
არ არის გამორიცხული, რომ დასკვნა, რომელსაც კომისია დადებს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მორიგი დაპირისპირების საგანი გახდეს, რადგან უკვე იკვეთება საკამათო დეტალები.
როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ვროპული საქართველოს“ რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ პირზე გაცემულიყო მისი ბრალდების საკითხის შესახებ რეკომენდაცია, იყო ნაჩქარევი და შეცდომა.
„შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი მოწმის გამოკითხვა უმნიშვნელო არ არის, თუმცა თითოეულ გამოკითხვას სჭირდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად სინთეზში შეჯერება, გაანალიზება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ კონკრეტულ დასკვნებზე ვილაპარაკოთ. სასურველია, რომ გარკვეულ დარღვევებზე ჩვენი დასკვნა კონსენსუსით იყოს მიღწეული და მას დაეთანხმოს ორივე მხარე, როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებიც.
ასევე ძალიან საინტერესოა დასკვნა იმის შესახებ, რამდენად იმოქმედა რომელიმე დარღვევამ საქმის ბედზე, რამდენად სწორი იყო ბრალდების მხარის გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით და შემიძლია გითხრათ, რომ „ევროპული საქრთველოს“ რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ პირზე გაცემულიყო მისი ბრალდების საკითხის შესახებ რეკომენდაცია, ნაჩქარევი იყო. ამას ვამბობდით და ეს რწმენა კიდევ გამყარდა. მათ დღეს უკან დასახევი არ აქვთ და ამას ბუნებრივია არ აღიარებენ. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან ბრალდების მხარის ვერსიის განსხვავებული შეფასებისა და კვალიფიკაციის მიცემა იყო შეცდომა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოწმეთა დაკითხვით მიღებული ინფორმაციით იკვეთება თუ არა მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის საკითხი, პასუხი ისევ არ არსებობს და როგორც მდინარაძემ განაცხადა, ნაადრევი შეფასებებისგან თავის შეკავება სჯობს.
მიხეილ კალანდიას ეპიზოდთან დაკავშირებით, გამოკითხული მსჯავრდებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძეც თავს არიდებს პირდაპირ პასუხს, თუმცა აცხადებს, რომ კომისიის კითხვები არაერთი პირის მოქმედებას შეეხებოდა.
„რა თქმა უნდა, იყო ძალიან ბევრი შეკითხვა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, იმ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, ყველა შეკითხვაზე იყო ადეკვატური, ძალიან ამომწურავი და ზუსტი პასუხი გაცემული“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.