თაღლითობის პრობლემა დღესაც აქტუალურია. ამ თემის შესახებ გვესაუბრება იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ალექსანდრე ჯავახიშვილი.
პროფესიონალ თაღლითთა სხვადასხვა კატეგორიისა და დასახელების შესახებ რას გვეტყვით?
- პროფესიონალი თაღლითები დამნაშავეთა საკმაოდ გავრცელებულ კატეგორიასა და დანაშაულებრივი სამყაროს შემადგენელ ნაწილს მიეკუთვნებიან. ყველაზე კვალიფიციურ პროფესიულ თაღლითებად გვევლინებიან: „რაზგონშჩიკები", ანუ თაღლითები, რომლებიც მანქანის გამყიდველებზე „მუშაობენ". ისინი ავტობაზრობებზე გამოდიან სანადიროდ და მანქანის გამყიდველს ატყუებენ ავტომობილების ყიდვა–გაყიდვის დროს. მაგალითად, თაღლითი ბაზრობაზე მყიდველად გაეცნობა მანქანის გამყიდველს და ეუბნება, მომწონს ეს მანქანა, ვიყიდი, გადაჯექი, ერთი გავიარო, წრე დავარტყაო. სანამ გამყიდველი გადაჯდება, თაღლითი მანქანიანად გაუჩინარდება. ამიტომაც თუ ჭკვიანია გამყიდველი, გასაღებს ხელში არ ჩაუგდებს ვინმეს. ყოფილა შემთხვევა, ავტომობილის ზოგიერთ მფლობელს პროფილაქტიკის თანამშრომლებისთვის გადაუცია საკუთარი ავტომანქანის გასაღები, მიმიხედე მანქანას და გამოგივლიო. ასეთი რამ დაუშვებელია, რადგან პროფილაქტიკის მუშას თავისუფლად შეუძლია პლასტელინზე მისი გასაღების დაფიქსირება და შემდეგ დუბლიკატის გაკეთებაც არ გაუჭირდება. ასეთივე სარისკოა მეზობელთან გასაღების დატოვების შემთხვევაც. თუ ძალიან არ ენდობით ვინმეს, სახლის ან მანქანის გასაღებს, თუნდაც დროებით, ნუ ანდობთ.
ვინ არიან „ფარმაზონშჩიკები“ და „ობმენშჩიკები“?
- „ფარმაზონშჩიკები" არიან თაღლითები, რომლებიც ვითომ ძვირფასის რანგში ყიდიან გაყალბებულ ლითონებს, უბრალო ქვებს, სხვადასხვა ნაკეთობას, გაყალბებულ სურათებს, ხატებსა და ანტიკვარიატის სხვა საგნებს. „ობმენშჩიკებიც" თაღლითების კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებიც მოქალაქეებს ბინების ყიდვა–გაყიდვისა და გადაცვლის დროს ატყუებენ. გარდა ამისა, თაღლითობის ერთ–ერთი სახეობაა „ჟენიხები", ისინი საქმროს ნიღაბქვეშ მოქმედებენ და მდიდარ ქალბატონებზე ნადირობენ. საზოგადოებაში მათ ალფონსების სახელით იცნობენ. რაც შეეხება „სბორშჩიკებს", ამ ტიპის თაღლითები ფულს აგროვებენ შეწირულობის სახით.
თბილისის ომის შემდგომ პერიოდში „ობოროტნიკების" თაღლითური ჯგუფის წევრებმა მოითბეს ხელი. მათი დანაშაულებრივი საქმეები დღესაც გაუხსნელია?
- „ობოროტნიკები" მოქმედებენ პოლიციისა და ყოფილი მილიციის მუშაკების სახით და ახორციელებენ ჩხრეკასა და ამოღებას. შესაბამისი მაგალითების მოყვანა დაგარწმუნებთ ამ ჭკვიანური სახის დანაშაულის შინაარსის შესახებ. კერძოდ, 1991–92 წლებში თბილისში (საბურთალოზე) მოქმედებდა თაღლითური ჯგუფი ე.წ. „ობოროტნები", რომლებიც მილიციის ფორმაში გამოწყობილნი (ორი–სამი კაცი) შედიოდნენ ბინებში და ჩხრეკის ჩატარების საბაბით ჯერ ნებაყოფლობით, ხოლო შემდგომ იძულებით სთავაზობდნენ ოჯახის წევრებს (სანამ ოჯახის უფროსი სამსახურში იყო), ქონების - ფულის, ოქროულობის წარმოდგენას და ამოღებას. აღსანიშნავია, რომ ასეთ ჩხრეკას თაღლითები უტარებდნენ ისეთ პირებს, რომლებიც თანამდებობაზე იმყოფებოდნენ, საკმაოდ სოლიდური თანხა გააჩნდათ და მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ მიმართავდნენ. შესაბამისად, თაღლითთა ჯგუფი აყვანილი ვერ იქნა.
ბოლო დროს თაღლითური ქმედების გავრცელებულ სახედ ითვლება უცხოეთში ბავშვების ვითომ გაგზავნით ხელის მოთბობა.
- თაღლითური ქმედების საკმაოდ გავრცელებული სახეა ბავშვების უცხოეთში „გაგზავნა". ხშირია, როცა ქალები ხსნიან ფირმებს და უცხოეთში, კერძოდ, ინგლისსა და სხვა პრესტიჟულ ქვეყნებში, შვილების ერთი წლით სასწავლებლად გაშვებას ჰპირდებიან მშობლებს. სწავლის საფასური 5 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. მშობლებს სხვა რა გზა დარჩენიათ, ხშირად შვილის კეთილდღეობისთვის ბანკიდან გამოაქვთ სესხი და ფირმის უფროსს ნაღდი ანგარიშსწორებით უხდიან აღნიშნულ თანხას. თუმცა გადის დრო და გამგზავრება იწელება, ვითომდა საელჩოში ვიზას არ იძლევიან, დაელოდეთ კიდევ ცოტა ხანს, ხვალ, ზეგ, ერთ თვეში და ა.შ. დრო მიდის, შედეგი კი არ ჩანს. შესაბამისად, ფული არ ბრუნდება და დაპირება ჰაერში რჩება. საბოლოო ჯამში, ესაა თაღლითობის ნიშნები, ანუ სიცრუე განზრახულობის შესახებ (ცრუ დაპირებები). აღნიშნული შემთხვევა სასამართლო სამოქალაქო პროცესით დასრულდა, რადგან დაზარალებულს საკუთარი გულუბრყვილობით კიდევ ჰქონდა იმედის ნაპერწკალი, რომ თაღლითი მას თანხას დაუბრუნებდა და არ ჩიოდა პოლიციაში, რომლის მიხედვით მოქალაქე ცნეს დაზარალებულად. თაღლითი ამჟამადაც მიმალვაშია და მითვისებული თანხის უკან დაბრუნებას არც აპირებს.
დაყადაღებული ავტომანქანის გამოსყიდვის შემთხვევაშიც კეთდება ფული თაღლითთა მიერ?
- ცნობილია შემთხვევა, როცა ახალგაზრდა თვალთმაქცი თავის თავს პოლიციის თანამშრომლად ასაღებდა და 4 ათასი ამერიკული დოლარის საფასურად დაზარალებულს დაყადაღებული მანქანის გამოშვებას ჰპირდებოდა. თავის მხრივ, დაზარალებულის უცხოური წარმოების ავტომანქანა კანონიერად იყო დაკავებული, დაყადაღებული და იმყოფებოდა ერთ–ერთი სამართალდამცავი ორგანოს საჯარიმო სადგომზე. თაღლითი არწმუნებდა დაზარალებულს, რომ გავლენიან თანამდებობის პირებს იცნობდა და შეძლებდა მანქანის ორ დღეში საჯარიმო სადგომიდან გამოყვანას. თანხის აღების შემდეგ იგი მიიმალა, ხოლო დაზარალებული მოგვიანებით მიხვდა, რომ თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდა. მან პოლიციას მიმართა, რომელმაც გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ დამნაშავე დააკავა და იგი თაღლითობისთვის პასუხისგებაში მისცეს.
ბინების შეძენის დროს მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებთ.
- მოქალაქეს, ვისაც სურს შეიძინოს ან იპოთეკით დააგირაოს ბინა, წინასწარ ვურჩევთ, თვითონ და არა ვინმეს (თაღლითის) მეშვეობით საჯარო რეესტრში შეამოწმოს ამონაწერი აღნიშნულ ბინაზე, მიწაზე, ქონებაზე. უტყუარად გაიგოს, ნამდვილად ვისზე ირიცხება იგი, დაყადაღებულია თუ არა, ხოლო შემდგომ შეადაროს გვარი და სახელი ამონაწერში მითითებულ გამყიდველის ვინაობასთან, ანუ მოახდინოს გაიგივება - არსებობს თუ არა იგი ნამდვილად, რადგან არის შემთხვევა, როცა პატრონი უკვე გარდაცვლილია. ამის შემდეგ უნდა გააფორმონ ნოტარიუსში ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ პროცედურის შეუსრულებლობა და სხვისთვის მისი გადაბარება (მინდობილობა) აფერისტებს თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად უწყობს ხელს. ეს უსახლკაროდ დატოვებისგან დააზღვევს წესიერ და პატიოსან მოქალაქეებს და ისინი ყოველგვარი სახსრებისა და საშუალების გარეშე გადაგდებულნი არ დარჩებიან.
საქართველოში თაღლითობა კვლავ აქტუალურია?
- გეთანხმებით. ჩვენს ქვეყანაში ზემოთ მოყვანილი თაღლითობების მსგავსი პრეცენდენტები კვლავ ძალიან აქტუალურია. შეიძლება დავასკვნათ, რომ თაღლითობა, როგორც კანონსაწინააღმდეგო ქმედება, დღესდღეობით განეკუთვნება იმ დანაშაულთა კატეგორიას, რომელიც აქტუალური და მრავალფეროვანია თავისი ჩადენის ხერხით და წესიერი, გულუბრყვილო ადამიანებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24–ე თავში „დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ" დადგენილია პასუხისმგებლობა „თაღლითობისთვის" სსრკ–ის 180–ე ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. აღნიშნული სახის დანაშაული სხვა დანაშაულისგან, პირველ რიგში, მისი ჩადენის ხერხით განსხვავდება. კერძოდ, თაღლითი კანონსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით ეუფლება მოქალაქეთა პირად ქონებას (ნივთს).