ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოძრაობის „ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას ძმის, სერგო ბესელიასა და შვილის, რატი მილორავას სასამართლო პროცესი და ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია დღეს გაიმართება.
პროცესი 13:00 საათზე დაიწყება. ბესელიას ოჯახის წევრების პირველ სასამართლო პროცესს მოსამართლე ჯემალ კიკნაძე გაუძღვება.
ბესელია პროკურატურას ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებს.
"ეს არის აბსურდული ბრალდება, რომელსაც კომუნისტური პერიოდიდან დაწყებული, შევარდნაძის პერიოდით გაგრძელებული აქტიურად იყენებენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირის მიმართ."
მისი თქმით, პოლიტპატიმართა უმეტესობა სწორედ ამ მუხლებითაა გასამართლებული.
"ბათუმში წამოსვლამდე შევხვდი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, გავუგზავნე შეტყობინება საელჩოებს და ვთხოვე მათ, რომ დაესწრონ პროცესს და თავად დარწმუნდნენ რასთან გვაქვს საქმე. თვითონ ნახონ, რომ ეს არის აბსურდის თეატრი - რისთვის ასამართლებენ პოლიტიკური ოპონენტის ოჯახის წევრებს“.
ოქრუაშვილის პარტიის "ადგილობრივი" ლიდერი ამბობს, რომ ელოდება ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან ამ პროცესისადმი დაინტერესებას, ისევე როგორც საერთაშორისო წარმომადგენლობის მხრიდან წარმომადგენლების გამოგზავნას.
"ვესაუბრე როგორც ენდიაის, ასევე ევროკავშირისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს და ვთხოვე დასწრება. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას და არ წავალთ კომპრომისებზე“.
ბესელია ამბობს, რომ არ სურს ამ ეტაპზე საუბარი თუ რა შემოთავაზებები იყო, თუმცა აცხადებს, რომ ეს საქმე მოიფიქრეს იმიტომ, რომ მას პოლიტიკურად პასიური პოზიცია დაეკავებინა.
"რა შეეხება ჩემი ძმის მდგომარეობას, დაკავების დროს სცემეს ორივე და ეს ექსპერტიზის დასკვნამაც დაადასტურა. მათ ისეთი ტიპის დაზიანებები ჰქონდათ, რაც მოგვიანებით არ გამოჩნდა, თუმცა ორივე ძალადობის მსხვერპლი იყო.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სასამართლოს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების საშუალება მიეცემა. გადაწყვეტილებას მიიღებენ საააკშვილი და მერაბიშვილი. თუ აინტერესებთ, რამდენს შემიძლია გავუძლო, მზად ვარ და ამ სამი თვის განმავლობაში პოზიცია არ შემიცვლია. მეყოფა ძალები იმ პრინციპების დასაცავად, რისთვისაც პოლიტიკაში მოვედი. მე რა უნდა ვამტკიცო, რომ ჩემი შვილი და ძმა წინასწარ არ შეთანხმებულან ხულიგნობაზე და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე?"
პროცესზე დასწრებასა და ბესელიასთვის თანადგომის გამოხატვას ოპოზიციის წარმომადგენლებიც აპირებენ. პროცესს "საქართველოს გზის" წარმომადგენლები დაესწრებიან და მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ და ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთების დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ.
ასევე, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ მოუწოდა თანამებრძოლებს, შეიკრიბონ ბათუმის სასამართლოსთან, მთელ მსოფლიოს შეახსენონ, რომ საქართველოს მართავს ევროპის უკანასკნელი ტირანია და მოითხოვონ პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
"მივმართავთ მოსამართლე ჯემალ კიკნაძეს და პროკურორ სიმონ გოგილაშვილს, დაემორჩილონ მხოლოდ კანონს და არა - პოლიტიკურ დაკვეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კანონის სრული სიმკაცრით, სააკაშვილის გადადგომის მეორე დღესვე. იმავდროულად, კონსერვატიული პარტია გააგრძელებს ყველა პოლიტიკური პროცესის მეთვალყურეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი პარტიის ვებსაიტზე გაიხსნა სპეციალური გვერდი, სადაც მითითებულია თითოეული პოლიტიკური პროცესის ადგილი, დრო და სისხლის სამართლის საქმის დეტალები“.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას არასრულწლოვანი შვილი აგვისტოში 3 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, ხოლო ძმას აჭარის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბესელიას ოჯახის წევრებს კიდევ ორ პიროვნებასთან ერთად, რომელთაგანაც ერთ-ერთს გირაო, ხოლო მეორეს ასევე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ბრალად ედებათ ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა 19 აგვისტოს ქობულეთის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ჩხუბის გამო.