იუნისეფი-ს კვლევა საგანგაშოა. „გაერო-ს ბავშვთა ფონდის“ კვლევის თანახმად, თბილისის მიწისქვეშა სივრცეში მოქმედებს სექტისმაგვარი დაჯგუფება - „თბილისის მორგის ბავშვები“, რომელთა წევრად მიღებისას რიტუალები ტარდება, ხოლო სექტის წევრი გოგონები ვალდებულნი არიან, სექსუალური მომსახურება გაუწიონ დაჯგუფების უფროს წევრებს, ან თავად სექტის წევრებს.
გარდა ამისა, ბავშვები განიცდიდნენ ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეულ და ფსიქოლოგიურ ტრავმებს. ეს დაჯგუფებები ქალაქის გარკვეულ უბნებს აკონტროლებდნენ და პერიოდულად ჩხუბობდნენ უბანზე კონტროლის მოსაპოვებლად. როგორც წესი, მათ ტერიტორიებს სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებოდა.
ამავე ანგარიშის თანახმად, პოლიცია არასრულწლოვანებს აიძულებდა, საკუთარ თავზე აეღოთ სხვის მიერ ჩადენილ დანაშაული. თუმცა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კვლევის ამ ნაწილს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს ქუჩაში მცხოვრები 14 წლამდე ასაკის ბავშვები დანაშაულს საკუთარ თავზე იღებდნენ.
რა განაპირობებს ბავშვის ქუჩაში გასვლას, ამის შესახებ For.ge-ს „საქართველოს კარიტასის“ ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამის მენეჯერი თამარ შარაშიძე ესაუბრა.
დღესდღეობით ქუჩის ბავშვების თემატიკა უმძიმესია, მაგრამ სამომავლოდ ბევრად უფრო რთულად გადაექცევა სახელმწიფოს ამ ბავშვების პრობლემა, რომელთა მენტალობაც შეცვლილია. რამდენად სწორად არის დასმული აქცენტები იუნისეფი-ს კვლევაში, რომ გოგონებს სექსუალური მომსახურების გაწევას ავალდებულებდნენ, ასევე, სხვის დანაშაულს საკუთარ თავზე აღებინებდნენ ამ ბავშვებს?
- ქუჩაში მცხოვრები ბავშვების თემატიკა საკმაოდ რთულია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. იუნისეფი-ს კვლევა ძალიან საინტერესოა, რასაც ათი წელია ველოდებოდით. ფაქტობრივად, ამ კუთხით კვლევა არ ჩატარებულა. მართალია, ამ კვლევამ რაოდენობრივი მაჩვენებლები ვერ მოიცვა, მაგრამ თვისობრივი მაჩვენებლებით ნამდვილად ჩაღრმავებულია. ალბათ, წლები დასჭირდება, რომ ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ეს ინტერვიუერები გადამზადებულნი იყვნენ, მათ შორის, ჩვენი ორგანიზაციის ინტერვიუერიც იყო. სრული კვლევა რამდენიმე დღეში დაიდება. აქ არ ყოფილა მხოლოდ სექსუალური ძალადობა, მრავალმხრივ ძალადობაზეა საუბარი და ეს არის გამომწვევი ფაქტორები, რაც ბავშვს ქუჩაში ყოფნისკენ უბიძგებს. 2008-შიც ჩატარდა მსგავსი კვლევა, მაგრამ ის იყო რაოდენობრივი კვლევა, თვისობრივი მაჩვენებლები მაშინ ნაკლებად იყო. რა თქმა უნდა, ათი წლის შემდეგ მიზეზები შეიცვალა, თუმცა ბავშვების ქუჩაში მოხვედრის ერთ-ერთი გამომწვევ ფაქტორად მხოლოდ სიღარიბე არ რჩება, ეს მრავალკუთხოვანი პრობლემაა.
ალბათ, გულისხმობთ იმას, რომ ცალკეული ადამიანები, მათ შორის, ე.წ. მეურვეები, მშობლები აიძულებენ ბავშვებს, გავიდნენ ქუჩაში?
- რა თქმა უნდა, ზოგ შემთხვევაში, იძულება ოჯახის წევრებისგან მომდინარეობს, ზოგჯერ თანატოლებისგან. თვითონ კვლევამაც აჩვენა და პრაქტიკამაც დაადასტურა, რომ შესაძლოა, პირდაპირი იძულება არ იყოს, მაგრამ ირიბი იძულებაა, რადგან ხდება ე.წ. ვალის აღება და მერე ამ ვალის დასაბრუნებლად უწევთ ბავშვებს ქუჩაში მუშაობა.
ბავშვები ვალს ოჯახის საჭიროებისთვის იღებენ და ამის გამო ხვდებიან გამოუვალ სიტუაციაში?
- ოჯახის საჭიროებისთვის იღებენ, თუ პირადი საჭიროებისთვის, ეს საკითხავია. უბრალოდ, ვალს იღებენ, რის შემდეგაც უწევთ თავიანთი თანატოლების მხრიდან ვალის გასტუმრების გამო ქუჩურ ცხოვრებაში ჩაბმა.
ცნობილია ცალკეული შემთხვევები, როცა ამ ბავშვებს აბრუნებდნენ ბავშვთა სახლებში, მაგრამ ისინი ისევ ქუჩაში გარბოდნენ. ასე ძლიერია ქუჩური ცხოვრებისადმი ლტოლვა?
- პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ქუჩაზე დამოკიდებულება თითქმის ისეთივეა, როგორც ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულება. დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენი ხანი აქვს ბავშვს გატარებული ქუჩაში, ანუ რა გამოცდილება გააჩნია. რაც უფრო მცირე დროა გასული, მისი რეაბილიტირება და საზოგადოებაში ინტეგრირება ბევრად მარტივია. უფრო რთულია შემთხვევები, როცა ბავშვები უკვე წლებია, ქუჩაში არიან გასულნი. მათთან უფრო რთულია მუშაობა.
გენდერული ფაქტორის მხრივ, ვინ უფრო ჭარბობს ქუჩაში-გოგონები თუ ბიჭები?
- მათი თანაფარდობა თითქმის თანაბარია. ცალსახად რომ მხოლოდ ბიჭები იყვნენ, ან მხოლოდ გოგონები, ასე არ ხდება. რასაკვირველია, გვაქვს წარმატებული შედეგები, ჩვენც და ჩვენი კოლეგა ორგანიზაციებიც ვმუშაობთ ამ კუთხით, მაგრამ კარგია, რომ ბოლო ხანებში სახელმწიფოც დაინტერესდა ამ საკითხით. მთავარი აქცენტები უნდა გაკეთდეს პრევენციაზე, რომ ქუჩაში ახალი ბავშვები არ გაჩნდნენ და ახალ ოჯახებს არ გაუჭირდეთ იმ დონეზე, რომ მათი შვილები მოხვდნენ ქუჩაში. ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ ამ პრობლემატიკით და დღეს არიან შემდგარი ახალგაზრდები, მათი ნაწილი დღეს ჩვენთან მუშაობს, ზოგიც სხვაგან. ისინი დამოუკიდებლად მოქმედი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან.
ათი წლის წინ სახელმწიფო ამ პრობლემას არ აღიარებდა, დღეს კი სახელმწიფო ამას პრობლემად აღიარებს. „საქართველოს კარიტასი“ 2007 წლიდან მუშაობს ამ პრობლემაზე და იმ დროს ეს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის პრეროგატივა იყო და სახელმწიფო ამაში არ ერთვებოდა. 2012 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფო ნელ-ნელა ჩაერთო ამ პროცესში და უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან.
და მაინც, ვაჟები უფრო ვერ თმობენ ქუჩას, თუ გოგონები?
- ეს ინდივიდზეა დამოკიდებული. გოგონებიც ზუსტად ისევე არიან დამოკიდებულნი ქუჩაზე, როგორც ვაჟები. უბრალოდ, ცოტათი მეტი განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება ეთნიკური წარმომავლობა იყოს, როცა წარმომავლობა და ცხოვრების წესი ამ ბავშვების ქუჩაში ყოფნას უფრო მეტად უწყობს ხელს.
ანუ ბოშებთან, ალბათ, უფრო სხვა მიდგომებია საჭირო?
- დიახ, მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარეობს ეს, ხოლო დანარჩენ პოპულაციასთან უკვე სხვა მიდგომაა საჭირო.
მართლაც ასეა, რომ უბნები კონტროლდება სექტისმაგვარი დაჯგუფების - „თბილისის მორგის ბავშვების“ მიერ და იქ ვერ შედის სახელმწიფო?
- რაც შეეხება „მორგის“ ტერიტორიას, ბოლო პერიოდში იქ შევიდა სახელმწიფო და ეს პრობლემა აღმოიფხვრა. თუმცა ამ დაჯგუფებებს სექტად თვითონ ბავშვები აღიქვამენ. სინამდვილეში, მათ სექტის სახე არ აქვთ, უბრალოდ, რაღაც დაჯგუფებებია. ეს ბავშვები ვერც გადარჩებოდნენ, თუ რაღაც დაჯგუფებაში არ გაერთიანდებოდნენ, ანუ თვითგადარჩენის ინსტინქტია და ამიტომაც ჯგუფდებიან.
„მორგის ბავშვების“ ე.წ. სექტა სად მდებარეობს? ნუთუ ტერიტორიულად ისე მიუვალია, რომ სახელმწიფო მათ საქმეებში ვერ ერევა, თუ იცილებენ პასუხისმგებლობას მათ მიმართ?
- ჩემი ინფორმაციით, ეს ადგილი უკვე კონტროლდება. ბავშვებს, რომლებიც იქ იყვნენ, შესთავაზეს ალტერნატიული მომსახურება. მეორე საკითხია, რამდენად სარგებლობენ ბავშვები ამ მომსახურებით. ბავშვების ნაწილი ნამდვილად სარგებლობს ამ სერვისით.
რა ხდებოდა ამ ე.წ. სექტაში - ნარკოტიკების მიცემა, სექსუალური მომსახურება?
- ზუსტად ვერ გეტყვით, კონკრეტულ ქეისებში რა ხდებოდა, მაგრამ რაც იუნისეფი-ს კვლევაში წერია, ვენდობი, რომ ეს ფაქტები ნამდვილად იყო.
ორი კვირის წინ სამართალდამცავთა ოპერაცია განხორციელდა, რის შემდეგად ქუჩაში მომუშავე ბავშვთა რაოდენობა შემცირდა. ფიქრობთ, რომ ასეთი რეიდების შემდეგ ქუჩაში იძულებით შრომაში ჩაფლული ბავშვების რაოდენობა ნამდვილად შემცირდება, თუ სხვა სოციალური ღონისძიებებია საჭირო ქუჩისგან ბავშვების ჩამოსაშორებლად?
- რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ჩვენი ორგანიზაცია, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შსს-სთან ერთად დიდი ხანია, ამ ქეისზე მუშაობს. ბევრჯერ მიეცა მათ ოჯახს გაფრთხილება ორ არასრულწლოვან გოგონასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მაინც არ აღიკვეთა და გრძელდებოდა. ამიტომ ეს იყო ბოლო უკიდურესი ზომა, რასაც მივესალმები, ამის იქით სხვა ზომა არ არსებობდა. დღეს ეს ბავშვები სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ არიან ერთ-ერთ თავშესაფარში და მათი ყველა უფლება დაცულია.