ქვემო ქართლში ოპოზიცია დადუმდა

ქვემო ქართლში ოპოზიცია დადუმდა

ქვემო ქართლში პოლიტიკური ცხოვრება მოკვდა. პარტიები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ მთავრობის შეცვლის ლოზუნგებით გამოდიოდნენ და მოსახლეობას გააქტიურებისკენ მოუწოდებდნენ დადუმდნენ. 

„სახალხო კრება”, რომელიც რეგიონში ყველაზე აქტიური იყო დღეს აღარ არსებობს. ოფისები დახურულია, აქტივისტები - ნაცემები და პარტიულ ცხოვრებას ჩამოცილებულნი. „ერთადერთი, რაც გვინდა, ისაა, რომ პოლიციამ თავი დაგვანებოს. ხედავენ, რომ არ ვაქტიურობთ - პრაქტიკულად სახლებიდან არ გამოდიან პარტიის წევრები და თავს მაინც არ გვანებებენ. 24 საათი დგანან ჩვენ სახლებთან და გვითვალთვალებენ. დაყვებიან კუდში ჩვენ ცოლებს, რომლებიც ეზოში ბავშვებს ასეირნებენ.

პირადად მე და პარტიის წევრების უმრავლესობა, არანაირ აქტიურობას არ ვააპირებთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ხალხის მხარდაჭერა არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ასეთ ვითარებაში, მსგავს ძალასთან დაპირისპირება განწირულია მარცხისთვის.

ყველამ, ვინც ვიაქტიურეთ, ცხოვრება გავირთულეთ. ახლა, ოჯახების რჩენას ვერ ვახერხებთ. ახლობლებიც კი, როგორც კეთროვანს, ისე გაგვირბიან. სამაგალითოდ დაგვსაჯეს” – ამბობს, „სახალხო კრების” ახლა უკვე ყოფილი რუსთაველი წევრი.

„ქართული პარტიის” ოფისი ღიაა, თუმცა პარტია აქტიური მუშაობის რეჟიმში არ იმყოფება. ამ შემთხვევაში რუსთავის პოლიციამ აღნიშნული პარტიის წევრებში შიშის ფაქტორის ჩასანერგად, პარტიის ხელმძღვანელის მოადგილე გოჩა კაკოიშვილი დააკავა და 30 დღე თეთრიწყაროს იზოლატორში ამყოფა. იქიდან გამოსულმა კაკოიშვილმა მეგობრებს დაწვრილებით მოუყვა, თუ რა ტანჯვა-წამება გამოიარა იზოლატორში. დღეს ამ ისტორიების გახსენება და მოყოლა მას აღარ სურს.

ყველამ, ვინც აქციებზე იაქტურა თავისი „სასჯელი” სახდელივით მოიხადა. მათ უმრავლესობას, ოჯახის წევრებიც გაუთავისუფლეს სამსახურებიდან, ზოგიც - შეაშინეს, თითო თვე იზოლატორებში ამყოფეს, გამოატარეს ტანჯვა-წამება, რომლის ხელახლა გავლა არავის სურს.

„მეუბნებოდნენ, ნინოს შეაგინეო და ამას ტელეფონით იწერდნენ. დამცინოდნენ, მცემდნენ, ადვოკატებს არ გვახვედრებდენენ. საჭმელიც შემოქონდათ ჩვენი ახლობლების შეგზავნილი ზუსტად იმდენი, რომ შიმშილით არ ამოგვხდომოდა სული. ამაზე უარესებიც გამოიარეს სხვა დაკავებულებმა, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ მოყვებიან” – ამბობს 30-დღიან პატიმრობაში მყოფი აქტივისტი. ოჯახის წევრებს არ სურთ, რომ ის გარეთ გავიდეს - შიშობენ, რომ შესაძლოა ისევ დააკავონ.

ერთადერთი ადგილი, სადაც მეტ-ნაკლებად გამოთქვამს, რეგიონის ოპოზიცია თავის აზრს, სოციალური ქსელებია. იქმნება ინტერნეტ-გაერთიანებები, სადაც ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ, ეჭვებს გამოთქვამენ პარტიის იმ აქტიური წევრების მიმართ, რომლებიც, მათგან განსხვავებით, ყველანაირ ტერორს გადაურჩნენ. ნაწილი მათ შსს-ს მიერ შეგზავნილ კადრებად მოიხსენიებს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ქვემო ქართლში ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, ყველამ კარგად დაინახა, რომ ოპოზიციონერობა ადვილი საქმე არ არის. სამაგალითოდ დასჯილი ადამიანები კი, ამის ცოცხალი მაგალითები არიან.