ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია კვლავ გაუხსნელია, თუმცა საქმის ძიება აქტიურად მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში აცხადებენ, უკვე გამოკითხულია დაახლოებით 50 მოწმე.
მორიგი ხმაური ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის მიხეილ კალანდიას გამოკითხვამ გამოიწვია, რომელიც ამავე დროს, დანაშაულის დაფარვაშია ბრალდებული.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწვალელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო მოესმინათ მიხეილ კალანდიასთვის და მას საშუალება მისცემოდა კომისიის წევრთა კითხვებისთვის პასუხი გაეცა. ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე იგი არ ისაუბრებს არც დასმული კითხვების და არც მიღებული პასუხების შინაარსზე.
„ამ ეტაპზე უკვე 51 პირი გვყავს გამოკითხული და ეს პროცესი გაგრძელდება. საზოგადოება თავად გააკეთებს საკუთარ დასკვნებს. რაც შეეხება კომისიის ოფიციალურ შემაჯამებელ დოკუმენტს, ჩვენ მას შევიმუშავებთ და მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც განაცხადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შეფასებით, მიხეილ კალანდია სისხლის სამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს. კახიძის თქმით, არსებობს 8 მოწმის მტკიცებულება და საკუთრივ მიხეილ კალანდიას აღიარებითი ჩვენება, რომ იგი არის მკვლელობის თანამონაწილე.
საგამოძიებო კომისიის წევრმა უმრავლესობიდან სოფიო კილაძემ კი განაცხადა, რომ ეს განცხადება, მისი აზრით, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა იყო.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა აღნიშნულმა კომისიამ გაცსეს რეკომენდაცია შსს–ს მისამართით, რომ გარკვეული პროცედურები დაიწყოს ზოგიერთი პირის მიმართ მკვლელობაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით, სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ არ შეიძლება სანამ კონკრეტული დეტალები არ გვეცოდინება, ასეთი რეკომედაციები გავცეთ.
რაც შეეხება მიხეილ კალანდიას ბოლო გამოკითხვას, ანუ იკვეთება თუ არა მისი მკვლელობაში თანამონაწილეობა, კილაძე აცხადებს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია შესაბამის დასკვნას საქმის შესწავლის შემდეგ დადებს.
„ამასთან დაკავშირებით კომისიამ უნდა დადოს შესაბამისი დასკვნა ბოლოს და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მიმაჩნია უპასუხისმგებლოდ ასეთი განცხადებების წინასწარ გაკეთება, ჯერ ყველა დეტალი მაინც არ არის გამოკვლეული, რადგან ბევრი სხვა მოწმე გვყავს კიდევ გამოსაკითხი“, - აღნიშნა კილაძემ.
როგორც კილაძე აცხადებს, მიხეილ კალანდია და ა.ს. გამოკითხვისას ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და სწორედ ამიტომ დაინიშნა გამოკითხვა, რაც შეეხება კიდევ ორი არასრულწლოვნის განმეორებით გამოკითხვის პროცესს, ის სავარაუდოდ სხვა დროისთვის გადაიდება.
ჟურნალისტები ასევე, დაინტერესდნენ, რამდენად სანდო იყო მიხეილ კალანდიასგან მიღებული ინფორმაცია, რადგან მას გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ჩვენებები აქვს მიცემული. კილაძის განცხადებით, გარედან შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ორივე მოზარდი, ა.ს. და მიხეილ კალანდია ძალიან დიდი სტრესტის ქვეშაა.
„იყო გარკვეული საკითხები, გარკვეული უზუსტობები. მ.კ.-ს გამოკითხვა ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა, მაგრამ ამ ორის ჩვენებებს შორის გარკვეული უზუსტობები არის. თუმცა, ეს ცალკე გამოკვლევას საჭიროებს და იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ მოვახერხებთ ძალიან დეტალებში ჩავიდეთ და შევიქმნათ შთაბეჭდილება ამ ბავშვების მონაყოლიდან გამომდინარე, ზუსტად რა მოხდა“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.
რაც შეეხება სანდოობას, როგორც კილაძე აცხადებს ჩვენ, ალბათ, საბოლოო ჯამში, ერთიანად უნდა შევიქმნათ შთაბეჭდილება.
„ახლა ვისაუბროთ იმაზე, რომ კონკრეტული მოწმეების ჩვენებები არის თუ არა სანდო, უფრო არასერიოზული იქნება, რადგან მთლიანობაშია გადასაწყვეტი, შთაბეჭდილებაა შესაქმნელი“, – განაცხადა კილაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია კი აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ინფორმაციის მიღების არსებული არაერთი გზა მიზანმიმართულად არ გამოიყენეს.
„როდესაც საგამოძიებო ორგანოები საუბრობენ, რომ მათ ინფორმაციის მიღების საშუალება არ ჰქონდათ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მათ არაერთი საშუალება მიზანმიმართულად თუ რაღაცის გამო, უბრალოდ, არ გამოიყენეს. თუ ვინმე არასწორს იძახდა და ასეთი შემთხვევებიც იყო, კანონიერი გზებით შეეძლოთ ეიძულებინათ, რომ ეს ინფორმაცია მიეღოთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რაც შეეხება სასამართლო პროცესს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვდა. ბრალდების მტკიცებით, ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში, მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, მირზა სუბელიანის უფლებადამცველმა სუბელიანის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 5 000 -ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა. როგორც ადვოკატმა პროცესზე განაცხადა, მირზა სუბელიანის პატიმრობაში დატოვება არის არასამართლიანი და არაადეკვატური.
სასამართლოს 20 000 - ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა მერაბ მორჩაძის დაცვის მხარემ. ამასთან, ადვოკატის თქმით, მორჩაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ პრობლემები აქვს.
სასამართლომ ადვოკატების მიერ წარდგენილი არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებული - სუბელიანი და მორჩაძე კვლავ წინასწრ პატიმრობაში რჩებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით 9 ივნისს დააკავა. რაც შეეხება მერაბ მორჩაძეს, ის მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, 8 ივნისს დააკავეს.