როდესაც 13 წლის კაფანდარა გოგონა გეუბნება, რომ მას სურს თანატოლებს სწავლა გაუადვილოს და ამიტომ მის მიერ გამოგონილი, ერთ ენაზე „მოლაპარაკე-მომუშავე“ რობოტი სხვადასხვა ენაზე უნდა აალაპარაკოს, ეჭვის თვალით უყურებ. ჯერ ერთი, გოგოა, ჩვენში ხომ ასეა დამკვიდრებული - გოგო და ტექნიკა (ტექნიკური საგნებიც) ერთად „ვერ ძოვენ“. მეორეც, რა უნდა გამოიგონოს 13 წლის ბავშვმა ისეთი, რომ მსოფლიო გააოცოს და როცა იგებ, რომ ამ ბავშვმა უკვე გააოცა მსოფლიო და ახლა სურს მსოფლიოს ყველა ბავშვს გაუადვილოს სწავლა, უკვე ინტერესდები.
ეს გოგონა და მისი მეგობრები შენები არიან, ქართველები, მშობლიურები, ორმაგად საყვარლები იმიტომ, რომ შენები არიან და ორმაგად სასიხარულოები - ისწავლეთ შვილებო, ისწავლეთ და გვასწავლეთ, თქვენ საქართველოს მომავალი ხართ!
„არც თუ ისე დიდი ხნის წინ, „ნასაში“ ჩატარდა ერთკვირიანი პროგრამა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე პროგრამას მოიცავდა და რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები. ამ პროგრამაში მოხვედრა არ იყო ადვილი, აქ გადასახადი 20 ათას დოლარამდეა და ყველა ბავშვი, ვინც მონაწილეობდა პროგრამაში, დაფინანსებული იყო ოჯახის მიერ, გარდა ქართველი ბავშვებისა, რომლებიც დააფინანსა საელჩომ. რატომ დაუშვეს გამონაკლისი? ჩატარდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციების კონკურსი, სადაც გაიმარჯვეს „სერვანტესის სკოლის“ მოსწავლეებმა. ეს ბავშვები, ჩვენთან, ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში, ჩვენი ხელმძღვანელობით გადიან სწავლების კურსს. აი, ამ კონკურსში გაიმარჯვა ჩვენი მოსწავლეების პროექტმა, მაგრამ „ნასაში“ წასასვლელი ფული, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ. ჩვენი ბავშვები იმდენად კარგები არიან, საელჩომ დიდი სიამოვნებით დააფინანსა ისინი“, - ასე გაგვაცნო თავისი მოსწავლეები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა დავით სონღულაშვილმა. ბავშვები კი, რომელთაც თავისი გამოგონებით „ნასა“ გააოცეს, 13-15 წლის გოგონები არიან. მათ შესძლეს და დაანგრიეს სტერეოტიპი - „ბიჭები ტექნიკურ საგნებს უკეთ ითვისებენ“.
რა გააკეთეს ჩვენმა გოგონებმა და რატომ გაოცდა „ნასა“?
გოგონები პროექტ „რობოტი ლაბორანტის“ ავტორები არიან. „რობოტი ლაბორანტი“ დისტანციურად იმართება და მისი დახმარებით მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცდების ჩატარებას დამოუკიდებლად, ლაბორანტის დახმარების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. „რობოტი ლაბორანტი“ ძალიან ჭკვიანია, ის იმართება როგორც ხმით, ისე დისტანციურადაც, ადაპტირებული და მორგებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებზეც.
რობოტს შეუძლია გამოთვალოს და შეასრულოს კონკრეტული დავალებები, რომელსაც მოსწავლეები მას სახლიდან სპეციალური პროგრამის დახმარებით მისცემენ. რობოტი ლაპარაკობს და მიმდინარე ექსპერიმენტის შესახებ მოსწავლის კითხვებს პასუხობს.
„მოკლედ, „ნასაში“ არის სხვადასხვა პროგრამა, ჩვენი ბავშვების დონე იმდენად მაღალი იყო, იქ ინსტრუქტორები რასაც ავალებდნენ, მათთვის ეს ელემენტარული იყო, ამიტომ ჩვენებმა „მოახერხეს“ და „ნასას“ ინსტრუქტორები გაჭედეს. რა ლეგოს კუბიკები, ბავშვებმა რობოტები შექმნეს ანალოგი რომ არა აქვს მსოფლიოში. მეტიც, კითხვები რომ დასვეს ჩვენმა ბავშვებმა, ინსტრუქტორმა უთხრა, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდებაო, ვერ „გაუძლეს“ ამ ბავშვებს.
„ნასაში“, პროგრამის ფარგლებში, ჩვენმა გოგონებმა რაკეტა გააკეთეს, გამოსცადეს და გაუძლო გამოცდას. დანიის პრინცის შვილები იყვნენ იქ და უთქვამთ, გაგვატანეთ ეს რაკეტაო, ინსტრუქტორმა - რას ამბობთ, თვითმფრინავში ამის ატანა არ შეიძლება, ჩვენ ჩვენი თვითმფრინავით ვართ ჩამოსულებიო, - უთქვამთ პრინცებს. აი, ასეთი ხალხი იყო იქ ჩასული, ჩვენი ბავშვები კი სხვამ დააფინანსა, არც საკუთარი თვითმფრინავი ჰქონიათ... სატრაბახოა, მაგრამ არ ვტრაბახობ“, - სიამაყით გვიყვება ამბავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დავით სონღულაშვილი.
„აი, ასეთი კარგი ბავშვები გვყავს, ძალიან მომზადებულები, ძალიან ნიჭიერები, ამათ ხომ აიღეს „ნასაში“ პირველი ადგილი, საფრანგეთიდან გუშინ ჩამოვიდა ბავშვების სხვა ჯგუფი, მათემატიკის ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს. ევროკავშირის კონკურსი იყო იქაც, პირველი ადგილი აიღეს, შემოდგომაზე ისევ მიდიან.
ნინი ხუნძაყიშვილი, ანი თეთრაშვილი და თამარ მიქელაძე - აი, ის გოგონები, ვინც „რობოტი ლაბორანტი“ გამოიგონეს: „მათთვის საინტერესო იყო ეს თემა, საგანი და ამიტომ შესძლეს ერთი შეხედვით შეუძლებელი. მე მხოლოდ მექანიკურ საქმეში მივეხმარე, რაც არ იყო გოგონების საქმე - მაგიდის გახვრეტა-დამაგრება და მსგავსი სამუშაო, მაგრამ მთავარი რაცაა - პროგრამირება - დაგეგმვა, ეს უკვე ამ ბავშვების იყო. არაჩვეულებრივი თაობა მოდის“, - აცხადებს დავით სონღულაშვილი.
ბავშვები ბავშვებისათვის, - შეიძლება ასეც ვთქვათ, იმიტომ, რომ ხვალ-ზეგ ამ გოგონების გამოგონება შეიძლება სკოლებშიც დაინერგოს.
ანი თეთრაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მათი ჯგუფი „რობოტი ლაბორანტის“ გაუმჯობესებულ, დახვეწილ ვარიანტზე მუშაობს: „ჩვენ, სამივენი ერთ სკოლაში არ ვსწავლობთ, საერთო ინტერესმა გაგვაერთიანა „ტემ აკადემიაში“. აკადემიას მემორანდუმი აქვს გაფორმებული ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სწორედ აქ, ტექნიკურ უნივერსიტეტში მოხდა ჩვენი იდეის განხორციელება. როდესაც იგებენ, რომ ჩვენ, გოგონებმა გამოვიგონეთ „რობოტი ლაბორანტი“, მართლა თქვენო - გვეკითხება მათი თვალები. დიახ, ჩვენ! ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნიჭია, ნიჭს ემატება სურვილი, შრომისუნარიანობა. ჩვენ სტერეოტიპებიც დავანგრიეთ - „ბიჭებს შეუძლიათ, გოგონებს - არა“!
ჩვენ ჯერ უნდა დაგვემტკიცებინა, რომ გოგონებს შეუძლიათ, შემდეგ უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ შეგვიძლია და შევძელით. ექვსი თვე ვმუშაობდით პროექტზე - „რობოტი ლაბორანტი“. ვთქვათ, სახლში ვართ, გვაქვს იდეა, ჩვენი რობოტი დაგვეხმარება სახლიდან გაუსვლელად ჩავატაროთ სასურველი ექსპერიმენტი, მაგალითად საბუნებისმეტყველო საგნებში. უკვე არსებობს საშუალება, რომ ჩავატაროთ ცდები მასწავლებლების გარეშე. ერთგვარი აქცია გამოდის - ბავშვები ბავშვებისათვის! თუმცა ჩვენ ამით მასწავლებლებსაც დავეხმარებით, უფრო ადვილად გაიგებენ ბავშვები საგანს და ეს მასწავლებელსაც გაუადვილებს გაკვეთილის ახსნას. სამომავლოდ რა იქნება? - უამრავი მიმართულებით შეიძლება მუშაობა, მთავარია დახვეწა და ფინანსური საკითხები. ჩვენი „რობოტი ლაბორანტი“ იმდენად მასშტაბური პროექტია, უნდა დავხვეწოთ, დავამუშაოთ და სხვადასხვა ენაზე უნდა „ავალაპარაკოთ“. ჩვენ ჩვენივე თანატოლებს უნდა გავუადვილოთ სწავლა“.