[მერაბ ბრეგაძე]
საქართველოში მიმდინარე პროცესები კვლავ უცხოური მედიის ინტერესის საგანია. „26 მაისის ღამის ყველაზე ამაღელვებელი ფოტოები ზურაბ ქურციკიძის გადაღებულია“, – ამის შესახებ სააგენტო EPA –ს მთავარმა რედაქტორმა სენგიზ სარენმა განაცხადა. მისი თქმით, მათ მოიძიეს ის ექვსი ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ უნდა საუბრობდეს გიორგი აბდალაძე.
„ასეთი ფოტოები ნამდვილად არის და ეს ჩვენი თბილისელი ფოტოგრაფის ნამუშევრების მხოლოდ ერთი ნაწილია, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ფოტოები, რომელიც საქართველოს ყველაზე მეტად შეიძლება აღელვებდეს არის ზურაბის გადაღებული და არა ირაკლის“.
სარენის თქმით, უკვე გასცა მითითებები, რათა მოგროვდეს ყველა დოკუმენტი, რაც ზურაბ ქურციკიძის საქმიანობას უკავშირდება. სააგენტო აზუსტებს რა ფოტოებია ბიუროში თბილისიდან გადაგზავნილი, როდის და რა ოდენობის ჰონორარი აქვს გადახდილი ამ მასალაში EPA-ს. სარენი აღნიშნავს, რომ ეს ფოტოები მათ 200 კლიენტს და 11 ევროპულ ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა:
„თუკი მხოლოდ ეს ფოტოები გახდა ფოტორეპორტიორების დაპატიმრების მიზეზი, ჩვენ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. თვალს ვადევნებ ამ ამბავს და მინდა აღვნიშნო, რომ საქმის დეტალები ძალიან ბუნდოვანია. ამ ფოტოებიდან, ოთხი ყველაზე დრამატული ფოტო ზურაბ ქურციკიძის სახელით მივიღეთ. დანარჩენი ორი ხელმოწერილია STR-ს მიერ. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ვისი გადაღებულია ეს ორი ფოტო, ირაკლის თუ რომელიმე სხვა ფოტორეპორტიორის“.
ფოტორეპორტიორებს შორის სატელეფონო ზარების თაობაზე კი სარენი აღნიშნავს, რომ, ჟურნალისტებს, რომლებიც EPA-სთვის ფოტოებს იღებენ, ამისთვის უხდიან:
„განა ფაქტი, რომ ზურაბი ბანკის ანგარიშის დეტალებს ითხოვს იმას არ მიუთითებს რომ ეს ტრანზაქცია ფარული არ იყო?“
სარენი ასევე აღნიშნავს, რომ სააგენტოს ჯერჯერობით ქართველი სამართალდამცავები არ დაკავშირებიან.
„თუმცა, ამასობაში, ჩვენ საქართველოდან სიძულვილისა და მუქარის შემცველ ანონიმურ წერილებს ვიღებთ. არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც პროკურატურა ჯერჯერობით არ დაგვკავშირებია. EPA ამ საქმესთან დაკავშირებით ადვოკატების დაქირავებას და შეგროვილი მასალების ქართული მხარისთვის გადმოგზავნას აპირებს“, - აცხადებს EPA-ს მთავარი რედაქტორი.
ზურაბ ქუციკიძე, ირაკლი გედენიძე და გიორგი აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 7 ივლისს დაკავა. აბდალაძის განცხადებით, მათი დაკავების მიზეზი ის ფოტოები გახდა, რომლებიც 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე გადაიღეს.
„საქართველოში პრესის უდიდეს ნაწილს ხელისუფლება აკონტროლებს, ისევე როგორც - რუსეთში“, – ამის შესახებ „ეხო მასკვის“ ეთერში რადიოსადგურის მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა განაცხადა.
ტატიანა ფელგენგაუერის თქმით კი, ქართველი ჟურნალისტები ფოტორეპორტიორების საქმეზე კითხვებს არ სვამენ:
„შსს-ში არ ყოფილა ბრიფინგი, იმის მიუხედავად, რომ იყო დაპირება. იყო მხოლოდ განცხადება და ეს ყველაფერი ნორმალურია – არის განცხადება და კარგია, მადლობა ღმერთს“.
ვენედიქტოვმა კი დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ მძევლის როლში არიან დაკავებული ირაკლი გედენიძის მეუღლე და ქართველი ჟურნალისტებიც:
„უნდა ითქვას, რომ დღესაც გამოვიდა ხალხი და გუშინაც. რას ითხოვენ ისინი? გახსენით საქმე, მიეცით ადვოკატებს მუშაობის საშუალება. საქმე გასაიდუმლოებულია. მე ვეთანხმები ტატიანას, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული პრესა ასე იქცევა, ის არის, რომ პრესის უდიდეს ნაწილს მმართველი პარტია აკონტროლებს – ისევე, როგორც ჩვენთან. მაგრამ თუკი ვამბობთ, რომ ეს ჩვენთან ხდება, რატომ არ უნდა ვთქვათ, რომ მათთანაც ხდება იგივე?“.
ალექსეი ვენედიქტოვი და ტატიანა ფელგენგაუერი საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდნენ. მათ ინტერვიუები ჩაწერეს ხელისუფლების პირველ პირებთან, მათ შორის ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთანაც.
თავის მხრივ, New Europe სტატიას სათაურით „არეულობის ჟამი საქართველოში“ აქვეყნებს. ჟურნალისტი წერს, რომ „საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურად მზარდი პრობლემების წინაშე დგანან, როგორიცაა შიმშილი, სიღატაკე და მზარდი ფასები, ამავდროულად კი, სააკაშვილი და მისი უშუალო წრე გამდიდრდნენ, ქვეყანაში არანაირი რეალური დემოკრატია არ არის და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები ირღვევა“.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, შარშან ადამიანის უფლებების სფეროში მთავარი დარღვევები პატიმრებისა და დაკავებულებისადმი სასტიკ მოპყრობას, ცუდ საპატიმრო პირობებს და თვითნებურ დაკავებებს მოიცავდა.
დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი დევიდ ლიდინგტონი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ხმამაღლა გამოთქვამს შეშფოთებას. მან განაცხადა, რომ შეწუხდა, როდესაც ბოლოდროინდელი ძალადობის შესახებ შეიტყო და საქართველოს მთავრობას მოვლენების სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდა.
ამასთან, ეუთო-მ განაცხადა, რომ „ის, რომ პოლიცია სასტიკად ეპყრობა, აკავებს და კითხავს ჟურნალისტებს, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, შემაშფოთებელია“.
„ქართულ ოპოზიციას სურს, ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს მათ მისწრაფებას ცვლილებებისადმი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, მაგრამ ისინი საკმარისად რეალისტები არიან და ესმით, რომ საარჩევნო კოდექსის სიმბოლური ცვლილებები საარჩევნო გარემოს მხოლოდ მცირე ნაწილია.
2010 წლის ადგილობრივი არჩევნები ამის კარგი ილუსტრაციაა: ეუთო-ს მისიის არცერთი შენიშვნა და რეკომენდაცია, რომელიც არჩევნებში ძალადობას ან დარღვევებს უკავშირდებოდა, ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია და არ აღმოუფხვრია“, - ნათქვამია სტატიაში.