ერთმანეთის გაუტანლობა, გაუთავებელი პაექრობა ქვენა შენ-ჩემობა, ფართე საზოგადოების თვალში ერთმანეთის დასმენა-დაბეზღება, იხტიბრის გატეხა, „ჩემი შენსას სჯობსო“-ს ძახილი, ჯგუფურ-დასურ გატაცებით დაბრმავება მთელი თავისი ქვეყნის საზარალოდ, - აი დღეს რა აწევს მაჯლაჯუნასავით ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას.
დღეს ჩვენს ქვეყანას უცხოეთის ისეთი ძლიერი ტალღა მოაწვა, რომ თუ ბეჯითად არ მოვიქეცით, შეიძლება ქვეშ ხალიჩა გამოგვაცალონ, - სავაჭრო-სამრეწველო-სამეურნეო დარგნი ჩამოგვართვან და ეკონომიურად უფრო ძლიერ დაგვიმონონ.
ამიტომ დღევანდელი ისტორიული მომენტი გვიკარნახებს წარამარად გულის თქმას არ ავყვეთ, საზოგადოს საპირადო არ ვამჯობინოთ და თუ დაკარგულ პოზიციებს ვერ დავიბრუნებთ, ის მაინც შევინარჩუნოთ - რაც ჩვენს ხელთაა.
დროა, გონს მოვიდეთ და გუშინ თუ ერთმანეთის გაკილვაში ამოგვდიოდა სული, ხშირად ურთიერთის დამცირებით თვით ჩვენს საერთო იდეალებს ფეხ-ქვეშ ვთელავდით, დღეს მაგასვე ნუ ვიმეორებთ და სახვალიოთ ვიზრუნოთ რამე!
მძიმეა დღევანდელი მდგომარეობა, ამან უნდა შეგვაერთოს და ჩვენის მომავლის საკეთილდღეოდ დღეს ჩვენ საერთო „ჭირსა შიგან მყოფნი გაგვამაგროს, ვით ქვითკირი!“