მეუფე სერაფიმე: სხვა კონფესიებზე ვზრუნავთ და ამ დროს საინგილოში ქართველ კაცს ეკლესიაში შესვლას უკრძალავენ

მეუფე სერაფიმე: სხვა კონფესიებზე ვზრუნავთ და ამ დროს საინგილოში ქართველ კაცს ეკლესიაში შესვლას უკრძალავენ

[მანანა ნოზაძე]

რელიგიური კონფესიების შესახებ კანონის გაწვევის მიზნით გუშინ მართლმადიდებლები საპარტიარქოს შენობასთან შეიკრიბნენ, პარაკლისიც გადაიხადეს და მოთმინებით დაელოდნენ რამდენიმესაათიანი დახურული სინოდის კრების დასრულებას.  

სხვადასხვა ეპარქიის მრევლის წევრები პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ  რელიგიური კონფესიების შესახებ კანონის მიღება, ძირითად კონფესიებთან ერთად, სხვადასხვა აგრესიულ-დესტრუქციული სექტების ინტერესშიცაა. კერძოდ, კათოლიკები, იეღოველები და სხვა რელიგიის წარმომადგენლები საქართველოში ხალხის მასებზე გავლენას თანდათანობით კარგავენ, რადგან ბევრი მათი მიმდევარი მართლმადიდებლად ინათლება. ამდენად, რელიგიური კონფესიების კანონი მათთვის გავლენის შენარჩუნების შესანიშნავი პირობა იქნება.

მართლმადიდებლები შიშობენ, რომ ამ კანონის მიღებით არა მარტო ტაძრებისა და ტერიტორიების წართმევის საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით, არამედ რელიგიური ექსტრემიზმისა და ექსპანსიისაც. მათი აზრით, ევროპაში რეგისტრირებული სატანისტური ჯგუფები, რომლებიც დღეს საქართველოში სააშკარაოდ ვერ გამოდიან, მომავალში მეტ უფლებებს მოითხოვენ.

სინოდის კრების დასაწყისში მართლმადიდებელი მრევლი ბევრად უფრო კატეგორიული ჩანდა. მათი სურვილი იყო,  დედაეკლესიას ლოცვებში აღარ მოეხსენიებინა „მთავრობა და მხედრობა ჩვენი“. ასევე, ანათემისთვის გადაეცათ ის 70 პარლამენტარი, რომლებმაც რელიგიური კონფესიებისთვის უპირატესობის მინიჭების კანონს მხარი დაუჭირეს. მრევლის ნაწილი ლოცვის დროს ამ ადამიანების მოუხსენიებლობასაც მოითხოვდა.

„რელიგიური სეპარატიზმი კოსოვოშიც იყო, აქაც ამგვარი ბომბებია ჩადებული. როგორც კი ეს კანონი მიიღეს, გარეგინ მეორემ განაცხადა, ქართული ეკლესიები სომხეთში არ არსებობსო. ამით საქართველოსგან მიტაცებულ ლორე-ტაშირში არსებული ჩვენი ძეგლების უარყოფა სცადეს. უკვე ღიად საუბრობენ, რომ მესხეთ-ჯავახეთი სომხეთის ეპარქია უნდა გახდეს. მათ თურმე 600 ტაძარი უნდა მივცეთ“, - გვითხრა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარემ ავთანდილ უნგიაძემ.

ეკლესიის დასაცავად შეკრებილი მრევლი აცხადებდა, რომ „საკუთარი საუნჯის ცუდად გამცემი“ ღმერთსაც სძულდა. ეს ბიბლიური ჭეშმარიტებაა, რადგან ადამიანმა არ უნდა გასცეს და დაარიგოს ის, რაც მას ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, - სამშობლო და დედაეკლესია.

მრევლის ერთ-ერთმა წევრმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ რელიგიური კონფესიების შესახებ კანონისთვის რუსუდან კერვალიშვილს მხარი არ უნდა დაეჭირა, რადგან მასზე უკეთ არავინ იცოდა, რომ მის სიძეს - ვახტანგ რჩეულიშვილს სამი თვე დასჭირდა, სანამ ისრაელში ბინას გადაიფორმებდა. ვახტან რჩეულიშვილი ამას არც მალავდა და წუხილს გამოთქვამდა ისრაელის გაჭიანურებული კანონების გამო. ამ დროს კი საქართველოში წამიერად, ხელაღებით ნადგურდება ქართული ღირებულებები.

„არ ვართ გასანადგურებელი ერი. ეს ისევ კავკასიას, იმავე სომხებსა და აზერბაიჯანლებს მოუტანს ცუდს“, - აღნიშნა მრევლის წევრმა.

დღის ბოლოს მეუფეებმა მრევლს გაძლიერებული ლოცვისა და სიმშვიდისკენ მოუწოდეს. ამასთან, მათ ზოგიერთი მოძღვრის მიერ ხელისუფლების მისამართით ნათქვამი შეჩვენება და წყევლა არ გაიზიარეს და აღნიშნეს, რომ ამას უწმინდესი, მისი სიყვარულიდან გამომდინარე, არ დაეთანხმება. წყევლა-შეჩვენება არაა ქართული ბუნების, თუმცა გარკვეული პრინციპული  დამოკიდებულება უნდა არსებობდეს.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სერაფიმე იმედს გამოქვამს, რომ ამ კანონით ჩვენი ისტორიული ეკლესიის მნიშვნელობა სხვა რელიგიურ კონფესიებს არ გაუთანაბრდება.

მეუფის თქმით, პარლამენტარმა ლაშა თორდიამ მათ განუმარტა, რომ კანონის გაუქმების უფლება თურმე არ ჰქონიათ. თუმცა, მეუფის აზრით, კანონი, ერთი შეხედვით, საშიში არ არის, მაგრამ არც ისე ზეციურ კანონად მოჩანს.

„ჩვენ რომ ვყოფილიყავით კვიპროსის ეკლესია, მაშინ საკითხს ვეტოს დაადებდნენ, მაგრამ ქართველები ვართ და საქართველოს ეკლესიას ასეთი უფლება არ აქვს. ჩვენ უფლება გვაქვს, მხოლოდ დავეთანხმოთ ან ზოგჯერ თავი დავუხაროთ. გუშინ ბატონმა გიგი უგულავამ ძალიან ხმამაღლა თქვა საპატრიარქოში, რომ ეს არ ნიშნავს ქონების გადაცემას,“ - აღნიშნა მეუფე სერაფიმემ.

მეტიც, სინოდის სხდომაზევე ლაშა თორდიას ღვთისა და მეუფეების წინაშე პასუხისმგებლობა აუღია, რომ სხვა რელიგიებს არ მიანიჭებდნენ იმ უფლებებს, რაც ქართულ ეკლესიას აქვს. ამასთან, სინოდის კრებას ლაშა თორდიასთან ერთად, იუსტიციის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა.  

„რამდენიმე სასულიერო პირმა დაწყევლა პარლამენტის წევრები. რა თქმა უნდა, უწმინდესი ასეთ ფორმას არასდროს მიმართავს. ამიტომ ჩემთვის საწყენია ქალბატონი ნინია კაკაბაძის სიტყვები, რომლებიც გუშინ მოვისმინეთ. ასევე, ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალბატონის ნათქვამი, რომელიც თურმე  ქართველი „ეპისკოპოსი“ აღმოჩნდა. მას უწოდებდნენ, როგორც“მეუფე რუსუდანს“. ამ „მეუფე რუსუდანსა“ და ქალბატონ ნინიას მინდა ვუთხრა, რომ რასაც ფიქრობენ, რაც ენაზე მოადგებათ, თავიანთ მეუღლეს სახლში უთხრან. ნინია კაკაბაძეს მინდა გადავცე, მოუაროს თავის მეუღლეს და, როცა მის მეუღლეს მოუნდება პატრიარქზე რამის თქმა, თითქოს უწმინდესმა ვინმე დაწყევლა ან, თითქოს, პატრიარქი აღელვებულია იმით, რომ მას ქონებას ართმევენ, ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა ჩვენი პატრიარქის. თითქოს უწმინდესს ართმევენ ძალაუფლებას, ფულს და ამაზე ნერვიულობს, თურმე“.

მეუფე სერაფიმესთვის მიუღებელია, რომ ასე ჩქარა, დაუფიქრებლად, წმინდა სინოდის და პატრიარქის დაუკითხავად მიიღეს რელიგიური კანონი. მეუფის თქმით, ნუთუ მეუფეები არ იმსახურებდნენ იმას, რომ მათთვისაც ეკითხათ რჩევა?

მეუფეს აინტერესებს, ეს კანონი გულისხმობს თუ არა მეტი უფლებების მინიჭებასა და დედაეკლესიის უფლებებთან სხვადასხვა კონფესიის გათანაბრებას, ქონებრივი მიწების მოთხოვნას, ბიუჯეტიდან დახმარების მიღებას. მით უფრო, რომ საუბარი იყო ჯერ 6 და მერე 600 „სომხური“ ეკლესიის შესახებ.

„ფიცი მწამს და იმედი გვაქვს, შეასრულებენ თავიანთ დანაპირებს. მე პირადად, როგორც ქართველი, ვფიქრობ, რომ ეს არის ცუდი პრეცენდენტი. ეს არ უნდა დაეშვათ სიყვარულიდან გამომდინარე. ეს არის გარკვეული ურჩობა და ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი წყენა, არა წყევლა და ანათემა, არამედ - ჩვენი პოზიცია. ვინც რამეს მოითხოვს, აუცილებლად დასტური უნდა მიიღოს იმ სამ კომისიაზე, რომელიც შეიქმნება საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის. ეს კომისია უკვე არსებობს, მაგრამ შეცდომაა ის, რომ არავინ არაფერი უთხრა. ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ ეკლესიის მშენებლობები, მიწები, ბიუჯეტიდან დახმარება. მაგრამ ლაშა თორდიამ განგვიმარტა, რომ ეს კანონი ამავე უფლებების მინიჭებას კონფესიებისთვის არ გულისხმობს“, - განაცხადა მეუფემ.

„ეს კანონი ცოტა ეშმაკურად არის გაკეთებული. პირადად მე ვგრძნობ, რომ მთლად ასეთი ზეციური და ლამაზი კანონი არ არის. სულ მცირე, იქ არის საფრთხეები, რომ არაფერი ვთქვათ, თუ რა დიდ უფლებებს მიანიჭებენ სექტებს - იეღოველებს და სხვებს. რამდენადაც ვიცი, ამ კანონის მიღება დაჩქარდა სომხურ და კათილიკურ ეკლესიებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით მთავრობის მხრიდან. ჩვენ იმას ვფიქრობთ, რა კანონი და სტატუსი მივცეთ სხვა რელიგიებს, და ამ დროს საინგილოში ქართველ კაცს ეკლესიაში შესვლასა და თავის ქართულ სოფელში ხატით სიარულს უკრძალავენ. აი, ეს ვართ ჩვენ, ქართველები“, - აღნიშნა მეუფე სერაფიმემ.

მისივე თქმით, მის სამეუფოში, ბორჯომში იეღოველები ადრე მოკრძალებულად იქცეოდნენ, ახლა კი ქალაქის ცენტრში აშენებულია იეღოველთა სამეუფო სახლი და  უფრო მეტი უფლებებით დადიან ქუჩაში, შედიან სკოლებში და სასულიერო პირები ვერაფერს ეუბნებიან. პირიქით, ისინი აქეთ ამუნათებენ, დემოკრატიაა და ისწავლეთ დემოკრატიაო. ხოლო, თუ ვინმე ხმას ამოიღებს, დააპატიმრებენ.

„ეს მიკვირს - როცა ევროპაში ჩავდივარ, მომცემს ვინმე უფლებას, შევიდე იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ სკოლაში და ვუთხრა, აბა, ახლა ისწავლეთ მართლმადიდებლობა-მეთქი? ხომ იცით, რა მოხდება? ეგრევე დაგიჭერენ. მაგრამ ჩვენ ხომ რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკენი უნდა ვიყოთ. სომხების აზრით, ბანა, ხანძთა, ოშკი, ოპიზა მიჩნეულია სომხურ ტაძრებად. ასევე - ვარძიაც სომხურია და შოთა რუსთაველიც სომეხი ყოფილა. 600 ეკლესიას მათ არავინ არ მისცემს“, - გვითხრა მეუფემ.

მეუფის თქმით, გუშინდელ კრებაზე ბიოპასპორტის შესახებაც იმსჯელეს, თუმცა  ჯერ ეს საკითხი სერიოზული განსჯის საგანი არაა. გარდა ამისა, ღვაწლისა და მოწამეობრივი ცხოვრების გამო წმინდანად შერაცხეს ანტონ მეორე კათალიკოსი, ერეკლე მეფის ძე, რომელსაც „ანტონი მრავალვნებული კათოლიკოსი“ ეწოდა.

მოძრაობა „სოლიდარობა  უკანონო პატიმრებს“ ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მისი უწმინდესობის მიერ გაკეთებულ განცხადებას მხარს უჭერს, როცა მან  მიხეილ სააკაშვილს კანონის შეჩერებისა და ხელმოწერაზე უარის თქმის მიზნით მიმართა.

„ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას ყველა ჩვენგანის მხარდაჭერა ჭირდება. ეს პრინციპული საკითხია, რადგან ის კონსტიტიციური შეთანხმება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებობს, ნიშნავს სწორედ, რომ განსაკუთრებული სტატუსის მქონე მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ჰკითხო აზრი და მისი აზრის გათვალისწინებით,  მიიღო კანონი“, - აცხადებს ბესელია პრესაგე. ტვ-სთან საუბრისას.

ბესელიას თქმით, იგი, სხვა იურისტებთან ერთად, სინოდის წევრებს კონსულტაციას უწევდა. ამასთან, მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, რაც გააცნო კიდეც საპატრიარქოს წარმომადგენლებს. კერძოდ, შესაძლებელია, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შეჩერება მოხდეს და უკვე მიღებულ კანონში ის ცვლილებები და დამატებები შევიდეს, რომელიც საპატრიარქოსთან შეთანხმდება.

„კანონით, შესაძლებელია, რომ ისევ პარლამენტის მიერ შეჩერდეს კანონის ამოქმედება. სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი საპატრიარქო არ არის, არამედ ამბობს, რომ ქართული ეკლესიების ინტერესები უნდა გაითვალისწინონ, რადგან ამ კანონის ამოქმედებას მოჰყვება ქონებრივი საკითხები. მრევლის მიერ ხელმოწერების შეგროვება კარგი იქნება. სახიფათოდ მეჩვენება ის ფორმა, ის ხისტი პოზიცია და უპატივცემულობა, რასაც ეკლესიასთან მიმარებთით ხელისუფლება მიმართავს. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ძალის დემონსტრირება ყველგან მოახდინოს, მათ შორის - ქართულ ეკლესიასთან, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს“, - აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება სომხეთის პატრიარქის ჩამოსვლას უკავშირდება. ამასვე ადასტურებენ ჩვენი სასულიერო პირებიც.

„სინოდის წევრები ამბობენ, რომ სომხური მხარე ამ სტატუსის მინიჭებასა და 600-ზე მეტი ეკლესია-მონასტრის გადაცემას დიდი ხანია ითხოვდა. გუშინ მთელი ღამე და დღესაც საპატრიარქოში იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები - გიგი უგულავა, რუსუდან კერვალიშვილი და კობა სუბელიანი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს საფრთხეები როგორღაც განეიტრალდეს. არადა, კანონში პირდაპირ წერია, რომ სტატუსის მინიჭების თანახმად, სხვადასხვა კონფენსიებისთვის ქონების გადაცემა შესაძლებელია უკვე ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით“, - გვითხრა ეკა ბესელიამ.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საპატრიარქოს გამომცემლობის თავმჯდომარე, გვანცა კოპლატაძე აცხადებს, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ეს ისტორიული რელიგიაა, ქართველი და მართლმადიდებელი ქრისტიანი კი გაიგივებულია ერთმანეთთან.

„ყველას უნდა ჰქონდეს თავისი სტატუსი, მაგრამ არ უნდა გათანაბრდეს. ამ მიწა-წყლის მკვიდრი მოსახლეობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ეს მიწა ქართველი მართლმადიდებლების სისხლითაა შენარჩუნებული. ბუნებრივია, ამას ანგარიში უნდა გაეწიოს. მეუფე ზენონმა კარგად აღნიშნა, რომ ინგლისში, დემოკრატიული ქვეყნების ლიდერ ქვეყანაში, ადგილობრივ ანგლიკანურ ეკლესიას უპირატესობა აქვს. თუმცა იქ არსებობს მართლმადიდებლური ეკლესიაც, მეუფე ზენონი იქ მართლმადიდებური ეკლესიის მწყემსთავარია, მაგრამ აცხადებს, რომ არანაირად არაა დამცირებული და შეურაცხყოფილი ინგლისში“, - აცხადებს გვანცა კოპლატაძე პრესაგე.ტვ-სთან საუბარში.

მანვე გაიხსენა პატრიარქის სიტყვები - ერთი მუჭა ქართული მიწა რომ აიღო და გაწურო, ქართველების სისხლი გამოიწურებაო: „სპეციალურად ვნახეთ ევროპის ქვეყნების კოდექსი, სადაც ჩანს, რომ ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაში - საფრანგეთში, იტალიაში, ბელგიაში, ესპანეთში - ადგილობრივ სარწმუნოებას უპირატესობა აქვს. ახლა აცხადებენ, რომ 70 პარლამენტარი ლოცვებში არ უნდა მოიხსენიონ. ასეთი დაწვრილმანებული შურისძიების მომხრე არ ვარ, რადგან უფალი ამბობს: ჩემი არს შურისძიება და მე მივაგებ მას. ასე გვზრდის ქრისტიანობა, რომ ილოცეთ მტრებისთვის. მე დილის ლოცვებში სექტანტებისთვისაც ვლოცულობ, რომ მოექცნენ“.