თბილისს ზოგჯერ ცხენოსნობის სპორტის დედაქალაქს უწოდებენ. 6 სექტემბერს აქ დაიწყება კოლმეურნეობების, ცხენთსაშენებისა და საბჭოთა მეურნეობების ცხენოსანთა მეშვიდე საკავშირო შეჯიბრება.
საკდესის კორესპონდენტთან საუბარში, შეჯიბრების მთავარმა მსაჯმა, საბჭოთა კავშირის მარშალმა ს. მ. ბუდიონიმ აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული ყოველწლიურად ეწყობა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა იპოდრომზე ცხენოსნობის ფართო პოპულარიზაციისათვის. შარშან შეჯიბრება მოეწყო ფრუნზეში, შარშანწინ - პიატიგორსკში, იმის წინ კი მოსკოვში.
ერთი კვირის განმავლობაში თბილისის მცხოვრებნი და სტუმრები ლამაზი სანახაობის მოწმენი იქნებიან, თქვა ს. მ. ბუდიონიმ. ისინი ნახავენ ამიერკავკასიის, შუა აზიის და ყაზახეთის ხალხთა სპორტულ ასპარეზობას, რომელიც ასახავს ეროვნულ ზნე-ჩვეულებებს, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს: თოდარიში (ბრძოლა ცხენებზე), კიბკუუ (დაეწიე ქალიშვილს), ცხენბურთი და სხვა.
მეტად წარმტაცი იქნება ასპარეზობა რუსულ სამეულებში, ცხენმალ მეეტლეთა შეჯიბრება, ჯირითი, შეჯიბრება ჩორთით ჭენებაში, დისტანციური და თარჯიანი დოღი, დიდი ჯიშთშორისი განდიკაპი, სტიპლ-ჩეზი.
სულ საკავშირო შეჯიბრების მონაწილენი გაითამაშებენ 49 პრიზს, მათ შორის მოკავშირე რესპუბლიკებისა და მათი დედაქალაქების სახელობის პრიზებს, მშვიდობის და ხალხთა მეგობრობის პრიზებს, მოსკოვის სახელობისა და სსრ კავშირის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიზებს. თითქმის 500 სპორტსმენი გვიჩვენებს თავის ოსტატობას ყველა ძირითადი ჯიშის ცხენებზე, რომელთა მოშენება საბჭოთა კავშირში წარმოებს.
როდესაც თბილისის იპოდრომზე საზეიმო პარადი გაიმართება, თქვა ს. მ. ბუდიონიმ, საქართველოს კოლონას ტრადიციისამებრ ასი წლის მოჯირითეები ჩაუდგებიან სათავეში. ცხენოსნობა, რასაკვირველია, ყველას იტაცებს და ძალზე სასიამოვნოა, რომ სსრ კავშირში სულ უფრო იზრდება ცხენოსნობის მოყვარულთა რიცხვი, სულ უფრო შესამჩნევად იხვეწება შეჯიბრების მონაწილეთა ოსტატობა.