ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ ასათიანის ფსიქიატრიული კლინიკის დახურვაზე გააკეთა განცხადება.
პრესკონფერენციაზე ურუშაძემ ჯანდაცვის სისტემაში რეფორმის პროცესზე ისაუბრა.
- ასათიანის კლინიკა მომავალი წლიდან დაიხურება. ჯანდაცვის სამინისტროში რეფორმის პროცესი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან დაიწყება. ავადმყოფები კომფორტულად მოწყობილ საავადმყოფოებში გადანაწილდებიან, - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.
ასათიანის საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. საავადმყოფოს მედპერსონალი დიდი ხანია საავადმყოფოში არსებულ ანტისანიტარიაზე საუბრობს.
გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ პაციენტები. აღნიშნული საკითხით ანდრია ურუშაძე მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ასათიანის საავადმყოფოს მდგომარეობა სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა.