„პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ იმ მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი დაკავების გამო მედიასაშუალებებმა და ჟურნალისტებმა გამოხატეთ. მე ადვოკატებისა და რადიოს საშუალებით ვიგებ ამის შესახებ და ეს ბრძოლის ძალას მმატებს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მე არ დავნებდები ამ უკანონობას!
მივმართავ ყველა ფოტორეპორტიორს და ყველა გამოცემას საქართველოსა და უცხოეთში, რომელსაც სჯერა ჩვენი უდანაშაულობის. სახელმწიფო მაღალი რანგის ჩინოვნიკების ფოტოებს სახეზე დაადეთ შავი კუბი, წარწერით „აქ უნდა იყოს ფოტო, მაგრამ ფოტორეპორტიორები დაჭერილები არიან“.
მივმართავ „როიტერის“, „ასოშეითედ პრესის“, „ფრანსპრესის“ წარმომადგენლებს საქართველოში, სანამ ჩვენს შესახებ ყველაფერი არ გაირკვევა, იგივე მეთოდით მიაწოდონ ინფორმაცია და ფოტოები უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს. ეს არის ჩვენი ბრძოლა სიმართლისათვის. მე თქვენი იმედი მაქვს“.
ეს განცხადება ერთ-ერთ დაკავებულ ფოტორეპორტიორს გიორგი აბდალაძეს ეკუთვნის…
რაც დრო გადის, დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმე სულ უფრო ამძიმებს ხელისუფლების პოზიციას. ჯერაც არ ჩანს არცერთი მტკიცებულება, რომელიც გაამაყარებდა ფოტორეპორტიორების დაკავების საფუძველს. ამდენად გასაგებიცაა, რატომ დაედო საქმეს გრიფით „საიდუმლო“.
სანამ არ არსებობს პასუხი, ბუნებრივად ჩნდება ვერსიები ფოტოგრაფების დაკავებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვერსია აბდალაძის მიერ 26 მაისს გადაღებულ ფოტოებსაც უკავშირდება, რომელზეც თავად დაკავებული გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ საუბრობს:
„28-29 მაისს სახელმწიფო დაცვიდან დამიკავშირდნენ და 26 მაისს გადაღებული ფოტოების მიტანა მთხოვეს. ამ საკითხს არასერიოზულად შევხედე და ვუთხარი, ფოტოები წავშალე-მეთქი. ალბათ, მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ ამ ფოტოების ამბავი ასე უბრალოდ არ ჩაივლიდა“.
გიორგი აბდალაძე აქვე განმარტავს, რომ „არც ერთი მაღალჩინოსნის პიკანტური ფოტო თავად არასოდეს გადაუღია“.
გავრცელებული ინფორმაცით, დარბევის ფოტოები, რომლითაც მსოფლიომ იხილა 26 მაისს როგორ სასტიკად უსწორდებოდა ხელისუფლება მომიტინგეებს, ირაკლი გედენიძეს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი იყო და ლოგიკურიცაა, რომ მას ფოტოგადაღებაში ხელს არავინ უშლიდა - ფოტოები საკმაოდ მაღალი ხარისხისაა.
საორჭოფო არაფერია იმაში, რომ ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული დისკომფორტი შეექმნა ამ ფოტოების გამო, მაგრამ რატომ მიყიდა უცხოურ სააგენტოებს ეს ფოტოები ფოტორეპორტიორმა, რომელიც სააკაშვილის თავგადაკლული ფანი იყო (და, შესაძლოა, ახლაც არის) - გაუგებარია, თუ არ ჩავთვლით გედენიძის სიხარბეს, რომელმაც სააკაშვილის მიმართ მისი „გრძნობები“ გადაწონა.
ვინაიდან, მასთან ერთად დაკავებულია ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე, უნდა ვივარაუდოთ, რომ გედენიძემ ფოტოები სწორედ მისი მეშვეობით გაავრცელა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, გაუგებერია, რა შუაშია გიორგი აბდალაძე.
თუმცა, ჯერ გედენიძეზე ვისაუბროთ, რომელიც სააკაშვილის ფანი და ერთგვარად, მისი საიმიჯო რეპორტიორი იყო.
ირაკლი გედენიძე 90-ანი წლების ბოლოს, კახა თარგამაძის მინისტრობის დროს, სოსო ალავიძესთან ქალაქის სამმართველოში „ალია პატრულისთვის“ მუშაობდა. ძირითადად, გაი-ს დაყვებოდა და ავტოსაგზაო შემთხვევებზე იღებდა ფოტოებს, რომელსაც შემდგომ გაზეთ „ალიას“ აწვდიდა. ჟურნალისტები, რომლებიც იმ დროს მასთან ერთად მუშაობდნენ, იხსენებენ, რომ გედენიძე „კანარეიკით“ დადიოდა და მისი საძახილი „620“ -იყო.
ჩვენი წყარო ერთ ასეთ ისტორიასაც იხსენებს: „გახსოვთ ალბათ, იმ დროს გაი-ში რაც ხდებოდა - იგივე ხდებოდა ქალაქის შემოსასვლელ „ტეკებზეც“ - მძღოლებს აჩერებდნენ და ფულს ახდევინებდნენ. ეს არ იყო დიდი თანხები, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რა რაოდენობის მანქანა გადაადგილდებოდა ქალაქიდან ქალაქში, საკმაოდ დიდი თანხა გროვდებოდა. ერთხელაც, ეს „ტეკები“ გააუქმეს, მაგრამ საგზაო პოლიცია ფულის გაკეთებას მაინც ახერხებდა. მოკლედ, ამ გაუქმებულ „ტეკებზე“ დგებოდნენ და მანქანებს აჩერებდნენ. მძღოლი, რა თქმა უნდა, თანხას იხდიდა, მაგრამ ამ დროს, ბუჩქებში ჩასაფრებული გედენიძე გამოდიოდა სამალავიდან ფოტოაპარატით ხელში და მძღოლებს აშანტაჟებდა - „გადავიღე ქრთამს როგორ აძლევდი და ამას საჭირო ადგილას წავიღებ და ქრთამის ამღებთან ერთად პასუხისგებაში მიგცემენ“-ო. რა თქმა უნდა, გედენიძე „შეკრული“ იყო პოლიციელებთან და იქ უკვე უფრო მაღალ „სტავკებზე“ მიდიოდა საუბარი. მოკლედ, გედენიძე იმ პოლიციელებს წილში ეჯდა და ერთად გეგმავდნენ ამ ყველაფერს.
ერთხელაც, გედენიძეც და ეს პოლიციელებიც ერთად გამოიჭირეს შანტაჟში და დააკავეს, თუმცა, კარგად იცით, როგორი დრო იყო და ეს საქმეც, ჩვეულებრივ, არ გახმაურებულა ისე ჩაიფარცხა“, - ყვება ჩვენი წყარო, რომელიც ცნობილი ჟურნალისტია, მაგრამ მისივე თხოვნით ვინაობას ვერ ვასახელებთ.
კიდევ ერთ ისტორიას უკვე მეორე ჩვენი კოლეგა იხსენებს: „მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს, ირაკლი გედენიძე უკვე მომავალი „რევოლუციონერების“ ბანაკში გადავიდა, რადგან კობა ნარჩემაშვილის შსს-ს მინისტრად მოსვლის შემდეგ, შსს-ს და გედენიძის გზები გაიყარა და ისიც პოლიციელების ნაცვლად, უკვე მიხეილ სააკაშვილს დაყვებოდა ყველგან. გედენიძემ სააკაშვილს ალბომიც კი შეუდგინა - „ჩემს საყვარელ პრეზიდენტს“, და გაპრეზიდენტების შემდეგ უსახსოვრა. მიშამ გედენიძეს სამადლობელი წერილიც კი გამოუგზავნა, მაგრამ მოგვიანებით, უფრო მეტად დააფასა და 2004 წელს თავისთან, პირად ფოტოგრაფად წაიყვანა“.
ამ ისტორიის დაწერა იმისთვის გადავწყვიტეთ, რომ წარმოდგენა შეგვექმნა იმ ადამიანის შესახებ, რომლის ჩვენების საფუძველზეც არიან ჯაშუშუბაში ეჭვმიტანილი ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე.
თუმცა, ეს კიდევ არაფერია იმ ინფორმაციასთან შედარებით, რაც პრესაგე.ტვ-ს გედენიძეების ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა და, რომელმაც გადაგვაწყვეტინა ამ წერილის დაწერა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ირაკლი გედენიძესთან წინასწარ იყო შეთანხმებული ყველაფერი ის, რაც ამჟამად ხდება. ამიტომაც იცავდა მას ხელისუფლებასთან დაახლოებული ადვოკატი, რომელიც თავად ოჯახმა მიუყვანა და, რომლის დახმარებითაც, გედენიძის მეუღლე გაათავისუფლეს, ხოლო გედენიძისგან აღიარებითი ჩვენება მიიღეს. თუმცა, წყარო ვერ აკონკრეტებს, რას მიიღებს ყოველივე ამის შემდეგ გედენიძე.
წყარო ყვება, რომ 26 მაისის ღამეს გია აბდალაძის მიერ იყო გადაღებული ბევრი კადრი, რომელიც ქურციკის მეშვეობით მან უცხოურ სააგენტოს მიყიდა. წყარო ამბობს, რომ ერთი ასეთი კადრი თავდაყირა აყენებდა შსს-ს ვერსიას იმის შესახებ, რომ ნინო ბურჯანაძის ესკორტმა გაიტანა პოლიციელები. კადრში ნათლად ჩანდა, რომ ადამიანები თავად ახტებოდნენ მანქანებს, რომლის დროსაც ტრაგედია დატრიალდა.
სხვათა შორის, აღნიშნული ვიდეოკადრები საზოგადოებამ „პალიტრა-ტვ“-ს საშუალებითაც ნახა და ამის შემდეგ რა ბედი ეწია „მედიაპალიტრას“, ესეც ვნახეთ. თუმცა, „პალიტრის“ შემოწმებას მაღალი რეზონანსი მოყვა და თავისი პოზიცია ამერიკის საელჩომ ნათლად დაუფიქსირა ხელისუფლებას. ამიტომ, „მედიაპალიტრაში“ სიტუაცი შედარებით ჩაწყნარდა.
როგორც ჩანს, ქურციკიძე და აბდალაძე შედარებით „დაბალ ღობედ“ იქნენ მიჩნეულნი. აქ კიდევ ერთ საინტერესო დეტალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ჟურნალისტებს და ფოტორეპორტიორებს ვერავინ აუკრძალავს უცხოურ სააგენტოებთან თანამშრომლობას, მაგრამ როდესაც ესა თუ ის რეპორტიორი სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელია, მაშინ მას მკაცრად აქვს განსაზღვრული ვისთან უნდა ითანამშრომლოს.
როგორც გვახსოვს, გია აბდალაძის შემთხვევაში, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი საგარეო სამინისტროს თანამშრომელი იყო, თავდაპირველად, სამინისტრომ თავი შორს დაიჭირა და განაცხადა, რომ აბდალაძესთან მხოლოდ კონტრაქტით თანამშრომლობდა. ამ შემთხვევაში, აბდალაძე თავისუფალ რეპორტიორად რჩებოდა და შესაბამისად, მას პასუხს ვერ მოკითხავდნენ იმის გამო, რომ უცხოურ სააგენტოსთან თანამშრომლობდა. როგორც ჩანს, ამისთვის გახდა აუცილებელი მისი სახელმწიფო ჩინოვნიკად გამოცხადება, რათა ბრალი კანონის ძალით წაეყენებინათ მისთვის.
„დაკავებულები არა ჟურნალისტები, არამედ ჩინოსნები არიან. მათ ფოტოების გადაღება და პრესსამსახურისთვის მისი მიწოდება ევალებოდათ და ამის ნაცვლად საიდუმლო ინფორმაციას გასცემდნენ. ქურციკიძე დიდი სტაჟის მქონე აგენტია. ეს ორი მან გაწვრთნა. გედენიძეს ორი არჩევანი ჰქონდა – ან მოეყოლა შსს-თვის, რომ აშანტაჟებდნენ, ან გაეგრძელებინა. მან მეორე აირჩია“, - ეს განცხადება საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას გააკეთა.
ჯერჯერობით, უცნობია, ქურციკიძეს ბრალს როგორ დაუმძიმებენ. არ არის გამორიცხული, რომ შსს-მ მასზე ზეწოლით მიიღოს სასურველი აღიარება. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბ ქურციკიძე ნაცემია.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა თეა თოფურიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მათმა ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა ზურაბ ქურციკიძეს სახეზე შენიშნა დაზიანებები, რაზეც ქურციკიძემ უპასუხა, რომ პროფილაქტიკის მიზნით „წამოარტყეს“.
არ ვიცით როგორ დასრულდება ეს საქმე, მაგრამ ის ნამდვილად ვიცით, რომ ფოტორეპორტიორების საქმის გამოძიება და სასამართლო პროცესიც „საიდუმლო“ გრიფით ჩაივლის - ამაზე უკვე გააკეთა განცხადება უტიაშვილმა.
ერთადერთი იმედი, რამაც შესაძლოა, ამ საქმეზე იმოქმედოს, სწორედ ევროპის ფოტოსააგენტოა, რომელსაც, სააკაშვილმა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაცია უწოდა. ამ სააგენტომ, ან უნდა აღიაროს, რომ ეს მართლაც ასეა, ან საკუთარი იმიჯი გადაარჩინოს, რაც გია აბდალაძისა და ზურაბ ქურციკისთვისაც დამცავი მექანიზმი შესაძლოა აღმოჩნდეს.