ვინ შეცვლის მიშა-პრეზიდენტს 2013 წელს? დაიკავებს თუ არა იგი პრემიერ-მინისტრის პოსტს? - ეს ორ კითხვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ძალიან აქტუალურია. თბილსის მერი, გიგი უგულავა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის გაცხადებული კანდიდატები არიან, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პრემიერ-მინისტრის ფიგურა წინა პლანზე გამოვიდა.
აქედან გამომდინარე, კულუარებში უკვე მიშა-პრეზიდენტის კიდევ ერთ შემცვლელზე, ანაც - „ნაპარნიკ“ პრემიერზე მიდის გაცხარებული დისკუსიები. ერთი სიტყვით, სადისკუსიო არენაზე ისევ აქტიურდება „ძველახალი“ სახელი და გვარი, რომელიც ორივე შემთხვევაში პირადად პრეზიდენტისთვის არის მისაღები.
ცოტა რამ ოპოზიციაზე, კონსტიტუციასა და არჩევნებზე...
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტისთვის 2013 წელს ყველაზე საუკეთესო ვარიანტი პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაა. თუმცა, მას პრეზიდენტის პოსტზე საიმედო პარტნიორი სჭირდება. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს თბილისში სტუმრად მყოფმა ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა თომას მარკერტმა ჟურნალისტებს პირდაპირ უთხრა, რომ ამ ცვლილებებით დიდი შანსი არსებობს პრემიერსა და პრეზიდენტს შორის სერიოზული უთანხმოება წარმოიშვას, რაც ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს, მაგალითად - საომარი სიტუაციის დროს. მარკერტი მაშინ ამ სათუო მუხლის შეცვლას ითხოვდა, მაგრამ თავად პრეზიდენტი სააკაშვილი იყო წინააღმდეგი. თქვა კიდეც, საქართველოს, ჯერჯერობით, ძლიერი პრეზიდენტი ჭირდებაო.
აქვე გავიხსენოთ, რომ თავად პრემიერ-მინისტრის პოსტია ძალიან ძლიერი და მისი დანიშვნა ბევრად უფრო ადვილად მოხდება, ვიდრე გადაყენება. ამის განსახორციელებლად პრემიერის ოპონენტებს საკონსტიტუციო უმრავლესობა დაჭირდებათ. უფრო მეტიც - პრემიერის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია შეიძლება თავად პარლამენტის დაშლით დასრულდეს. თუ ოპონენტები პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად საჭირო ხმების რაოდენობას ვერ მოაგრვებენ, მაშინ კრიზისი დაიწყება საკანონმდებლო ორგანოში და პარლამენტი ქმედუუნაროდ იქცევა, რადგან ვეღარ იღებს გადაწყვეტილებას. ამ დროს პრეზიდენტს აქვს უფლება პარლამენტი დაითხოვოს.
ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი იოლად გახდება ერთ აზრზე მყოფი პრემიერისა და პრეზიდენტის „მსხვერპლი“, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც პოლიტიკური შეთანხმებების, კონსესუსისა და ურთიერთობების კულტურა არ არსებობს. ამ „უკულტურობაზე“, შეგახსენებთ, რომ ცალკე - ოპოზიცია ჩივის, ცალკე - ხელისუფლება. ამის თაობაზე შენიშვნა თავად ქართულ მხარეს მარკეტმაც მისცა - სადაც პოლიტიკური კულტურა დაბალია, იქ კრიზისი ყოველთვის არისო.
ჰოდა, პოლიტიკურად “უკულტურო“ ქვეყანაში, „ნაციონალებმაც“ კარგად იციან, რომ თუ ოპოზიცია დიდი რაოდენობით გავა პარლამენტში, მათ საფრთხე დაემუქრებათ. ეს მომენტი განსაკუთრებით აწუხებს პარტიისა და ქვეყნის პირველ პირს, რომელსაც უკვე არსებული ინფორმაციით, აღარც საკუთარი თანაგუნდელების დიდი იმედი აქვს (რადგან იქ პოსტსააკაშვილისეული ეპოქისთვის რამდენიმე გუნდი ემზადება და საკუთარი ხალხის წინაშე გამოჩენილი სისატიკეს ბევრი „ნაციც“ ვეღარ უძლებს. მაგალითია 26 მაისი), არც ხალხისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის.
ფაქტია, რომ მისი გაპრემიერება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში უკვე ღია დიქტატურად აღიქმება. უცხოელი მაღალჩინოსნები ბოლო ერთი წელია, რაც თავიანთ კომენტარებში განსაკუთრებით უსვამენ ხაზს, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ბუნებრივია, ისინი პირდაპირ არ ამბობენ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ყველამ კარგად იცის - სამართლიან არჩევნებში ხელისუფლება შეიცვლება.
ისიც ფაქტია, რომ საერთაშორსო თანამეგობრობა ოპოზიციასაც უფრო ღიად ელაპარაკება, მაგალითისთვის, ყოფილ „რვიანთან“ შეხვედრებს გაგახსენებთ, როცა ყველა უცხოელი მაღალჩინოსანი ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდგ „რვიანს“ ხვდებოდა, ან, პირიქით- ჯერ „რვიანს“ და მერე ხელისუფლებას. ეს კი, არც ისე ხშირი მოვლენაა ქართული პოლიტიკისთვის, როცა თუნდაც შევარდნაძის დროს - ოფიციალური პირები (თუნდაც ვაშინგტონიდან) ოპოზიციასაც (თანაც ასე ფართო შემადგენლობით) ესაუბრებოდა, აღარაფერს ვამბობ ვარდენის რევოლუციის შემდგომ შექმნილ ვაკუუმზე. შეხვედრები კი იყო, მაგრამ არა ასეთი ტემპის. ისინი გაგრძელდა დაშლილ „რვიანთანაც“. მაგალითად - ამერიკელი კონგრესმენების შეხვედრა „ექვსიანის“ სამ ლიდერთან და თარგამაძე-გამყრელიძის ტურნე შეერთებულ შტატებში.
კულუარებში უცხოელების ფავორიტი ლიდერებიც სახელდებიან. გიორგი თარგამაძე და ირაკლი ალასანია აშკარად იყვნენ „რვიანის“ მთავარი მამოძრავებელი ფიგურები. ასე რომ, როცა ამავე კულუარებში იმაზეც აკეთებენ აქცენტს, საქმე მთლად ხელისუფლების შეთავაზებულ „ლიმონში“ არ არისო, საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ გახლავთ. ბოლოს და ბოლოს, ხომ მოვიდოდა ის დრო, როცა საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელება მოხდებოდა? ძნელი წარმოსადგენია, რომ თარგამაძესა და ალასანიას ერთად „მოეძოვათ“.
ფაქტია, საარჩევნო კოდექსში უკვე შეთავაზებულ ცვლილებებზე მეტს ხელისუფლება აღარ გაიმეტებს და ბევრი ბრძოლა მოუწევს სამოქალაქო მოძრაობას „მახსოვს“, მაგრამ ისიც რეალობაა, რომ იმავე კოდექსით ჩატარებულ არჩევნებში, რასაც შეთანხმებაზე ხელმომწერები და ხელისუფლება შესთავაზებს მათ, მონაწილეობას „ექვსიანიც“ მიიღებს.
ასე რომ, ორიოდე დღის წინ „ქრისტიან-დემოკრატმა“ ლევან ვეფხვაძემ შემთხვევით არ დაუსვა შეთავაზა „ექვსიანს“, ახლავე დააფიქსირონ, იღებენ თუ არა მომავალ არჩევნებში მონაწილეობას. რაც არ უნდა აპროტესტოს „ექვსიანმა“, საბოლოოდ, 2012 წლის არჩევნებში ყველა ერთად შეიყრება. უბრალოდ, ბრძოლის გზა იქნება სხვადასხვა: ექვსიანისთვის - მორალურად მყარი, დანარჩენი ორისთვის - პრაგმატული.
კულუარული ინფორმაციით, თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა ძალიან დიდი იქნება და „ნაცებს“ მოუწევთ აჩვენონ მათ, რომ დემოკრატიული ღირებულებებს იცავენ და ქვეყანა არ მიჰყავთ ღია დიქტატურისკენ, მაშინ სამი მნიშვნელოვანი პოსტიდან (პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის) ერთ-ერთის დათმობა უნდა შეძლონ. საუბარია, რომ პრეზიდენტის პოსტს ოპოზიციას დაუთმობენ.
სხვათა შორის, თავად ნაციონალებში მხოლოდ გიორგი თარგამაძის პრეზიდენტობაზე არ საუბრობენ. მაგლითად, ასეთ ინფორმაციასაც შეხვდებით: მიშა გიგის არ უშვებს - ეშინია. ალასანიას ტოვებს. ყველამ ვიცით, მაგრამ გიგი გვირჩევნიაო. ეს ხმები, განსაკუთრებით, თბილისის მთავრობაში მოკალათებული „ნაციონალებისგან“ მოდის. უფრო მაღალ ეშელონებში სააკაშვილის ოპოზიციონერ მემკვიდრედ თარგამაძე სახელდება. საარჩევნო შეთანხმებაზე ხელმოწერის არდატოვების გამო, ალასანიამ შანსები დაკარგა და მას დანარჩენებთან ერთად სერიოზული ბრძოლა მოუწევს.
შეგახსენებთ, ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა შედეგებს აჩვენებენ „ნაცები“ 2012 წლის არჩევნებში - რამდენად დამაჯერებლად თუ არადამაჯერებლად გაყალბდება საპარლამენტო არჩევნები, როგორ გააპროტესტებს ხალხი მას და რამდენად დიდი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, რომ „ნაცებმა“ პრეზიდენტის პოსტი დათმონ, ანაც - 2012 წელს მოხდება თუ არა რევოლუცია, ოღონდ - სისხლიანი. ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ პოსტსააკაშვილისეული ეპოქისთვის მზადება ოპოზიციაში დიდი ხანია დაწყებულია.
„ერთიანი ნაციონალური ფრონტი“
ახლა ისევ დავუბრუნდეთ სახელისუფლებო კულუარებს, სადაც, მაღალი თანამდებობების ხელში ჩასაგდებად ორი გუნდი იბრძვის: ერთ ფრონტზე - გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, კახა ბენდუქიძე, თავსუფლების ინსტიტუტი და მათი დანარჩენი მომხრეები, მეორეზე - დავით ბაქრაძე, ვანო მერაბიშვილი, ნიკა გილაური, პეტრე ცისკარიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, მსხვილი ბიზნესმენები და მათი მხარდამჭერები.
თავს აღარ შეგაწყენთ იმ ისტორიების შეხსენებით, რაც მერად არჩევისთვის გადახდა თავს უგულავას. უბრალოდ, ერთს შეგახსენებთ - გავრცელებული ინფორმაციით, როცა პეტრე ცისკარიშვილმა ერთ-ერთ საიდუმლო სერობაზე მას გაარტყა, არ მინდა, ქალაქის მერი იყოო. თუმცა, უგულავა გახდა მერი და თბილისი გუდაურამდე „გააფართოვა“. დედაქალაქის მასშტაბითაც კონტროლზე აიყვანა ფინანსური დინებები და საპრეზიდენტო განცხადებების „კეთებასაც“ მოუმატა.
დარწმუნებული ვარ, გახსოვთ, დედაქალაქის მერად უგულავა არავის წარუდგენია ერთი აქტივისტი ქალბატონის გარდა, ისიც - გლდანში... არც პრეზიდენტს (რომელიც მაშინ საეჭვოდ თითქმის ერთი თვე იყო ქვეყნიდან გადაკარგული), არც დავით ბაქრაძეს, რომელმაც ზუგდიდში წარადგინა კანდიდატები იმ პერიოდში და უგულავას წარდგენის დღეს თბილისში კი არა, ქუთაისში იმყოფებოდა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ უკვე მერი უგულავა არჩევიდან ერთი წლის შემდეგ ახერხებს იმას, რომ მთავარ ოპონენტთან - შინაგან საქმეთა მინისტრ მერაბიშვილთან - ერთად ხსნის პოლიციის შენობებს თბილისში.
ამ პერიოდში, „გაუმჯობესებული მიშა“ 26 მაისთან დაკავშირებით პირველ სენსაციურ განცხადებას აკეთებს - რომ პოლიციელებმა ძალას გადაამეტეს მომიტინგეების დარბევის დროს. ეს მაშინ, როცა მეორე საპრეზიდენტო კანდიდატს და ქვეყნის მეორე პირს, დავით ბაქრაძეს, იმ ავბედითი ღამის შემდეგ არც ბიურო სხდომა წაუყვანია, არც პარლამენტის ყველაზე მძიმე სხდომა და ეს ყველაფერი თავის პირველ მოადგილეს, ასევე საშიშ მოთამაშეს, მიხეილ მაჭავარიანს ანდო.
პრესაგე.ტვ-ს მიერ ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილებიდან მეორე დღესვე ბაქრაძემ კომენტარი გააკეთა და არც მწვადი დაწვა და არც შამფური. იგივე პრინციპით მიუდგა ის რელიგიურ ნიადაგზე საზოგადოებაში გაჩენილ უკმაყოფილებას - კანონს არ მისცა ხმა პირველი მოსმენისას, ერთ დღეში ჩარიხინებული მეორე და მესამე მოსმენების დროს კი, საქართველოში არ იმყოფებოდა. სხდომაზე მხოლოდ პალიკო კუბლაშვილმა გააკეთა „გაუგებარი“ განცხადება - ბაქრაძეს ველაპარაკე და ფიქრობს, რომ აფხაზებთან ურთიერთობაში ეს კანონი გამოგვადგება და რომ ჩამოვა თავის აზრს დააფიქსირებსო. თუმცა, ეს აზრი ჯერ არ მოგვისმენია.
ფაქტია, ბაქრაძის სახელის გასვრას მერაბიშვილის გუნდი ერიდება, რადგან მათ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ. პეტრე ცისკარიშვილს, რომელიც უმრავლესობის ლიდერია, ამბიციები კი აქვს, მაგრამ წარსულის გამო, ავტორიტეტი არ ყოფნის (ისევე, როგორც - პრემიერ გილაურს) არც საერთაშორისო თანამეგობრობაში („ნაციონალურ მოძრაობაში“ ბაქრაძე უცილო ფავორიტია ამერიკელებისთვის) და არც ხალხში. თუმცა, რა თქმა უნდა, უმრავლესობის ლიდერი თავის გავლენას ასე ადვილად არ დათმობს და თავისი გუნდი მას მომავალ პარლამენტში სპიკერის თანამდეობისთვის ამზადებს.
და, აი ისიც...
ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, თავისი გუბერნატორებით, ვანოსია (მერაბიშვილის). იმერეთსა და კახეთში ზურას (ადეიშვილს) ვერავინ შეეცილება (შეიძლება, ახმეტა წაართვას ცისკარიშვილმა. ბოლოსდაბოლოს, მისი მშობლიური რაიონია. თუმცა, ეს საერთო შედეგზე დიდად ვერ იმოქმედებს).
საერთაშორისო მხარდაჭერას რაც შეეხება, ბაქრაძეზე უკვე მოგახსენეთ - სტრატეგიული „პატრონის“, შეერთებული შატატების, ფავორიტია. თუმცა, აქ მას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უპირისპირდება, რომელზეც ამბობენ, რომ მთელ ნაციონალურ მოშრაობაში ერთადერთია, რომელიც ამ წლების განმავლობაში პოლიტიკოსად (სხვათა შორის, მაჭავარიანთან ერთად, რომელიც საკმაოდ ჭკვიანია და საჭირო დროს საჭირო გუნდის გვერდით აღმოჩნდება, თავის ყოფილ „ბურჯანაძე-დემოკრატებთან“ ერთად) ჩამოყალიბდა და კარგად ფლობს პოლიტიკური თამაშების ხელოვნებას. უგულავა ხომ გახდა მერი?
რა რჩება პრეზიდენტ სააკაშვილს - გაფუჭებული ავტორიტეტი საერთაშორისო თანამეგობრობაში და არცთუ სანდო შიდა გარემოცვა. უგულავასი რომ ეშინია, ამაზე რიგითი „ნაცებიც“ საუბრობენ, რადგან „თავისუფლების ინსტიტუტის“ ეს შიდა დაჯგუფება თავს მიშას გარეშეც კარგად იგრძნობს, ვანო მერაბიშვილის გუნდისგან განსხვავებით, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ხისტი ქმედებების შემოქმედი იყო და სახელიც ძალიან აქვთ გატეხილი. მათი არ ჯერა არც საერთაშორისო თანამეგობრობას, არც ხალხს, განსაკუთრებით - უსამართლოდ დაპატიმრებულებს. ასე რომ, პრეზიდენტს სერიოზულ დასაყრდენად არც მეორე მხარე გამოადგება, თუ ქვეყანა დემოკრატიული დიქტატურის რელსებიდან პირდაპირ ღია დიქტატურისკენ არ გადაიყვანა.
აქ კი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სააკაშვილს დიდი პერსპექტივა არ აქვს, თუნდაც - სინგაპურიზაციის თვალსაზრისით, და ბრძოლა ნამდვილად მოუწევს, ოღონდ ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაძლიერდება ოპოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი შეუშლის ხელს, რომ სინგაპურიზაციაზე ოცნება რეალობად აქციოს, თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუწუნოს ჩანაფიქრი.
ევროპაში მას ეს იდეა უკვე დაუწუნეს. მაგალითად, ესტონეთის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, სინგაპურიზაცია საქართველოს და ევროპას დააშორებსო. ფაქტია, პრეზიდენტი დიდი თავსატეხის წინაშეა - ან მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა უთხრას უარი, ქვეყანა წაიყვანოს სინგაპურიზაციისკენ და თავისი თამაში ითამაშოს, როცა ერთი გუნდი ფლობს ქვეყანას და მხოლოდ ერთი გუნდისთვის ერთგულ მმართველებს ცვლის ფორმალურად, ანაც დემოკრატიულად დათმოს ხელისუფლება.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ, გასაკუთრებით 26 მაისს გამოჩენილი სისასტიკის შემდეგ, ამ ორ არჩევანს შორის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, მაინც სინგაპურიზაციისკენ გადაიხრება. ასეთია მისი ორივე გუნდის განწყობაც, რადგან იციან, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ საქმე ცუდად წაუვათ და იგივე დაემართებათ, რაც მათ „დამართეს“ შევარდნაძის მაღალჩინოსნებს ვარდების რევოლუციის შემდეგ. თანაც, იგივე დასავლეთს საქართველოში სტაბილურობა ურჩევნია დემოკრატიას.
რა შანსები აქვს პრეზიდენტს სინგაპრიზაციის გზის არჩევის შემთხვევაში? ადვილი გამოსაცნობია - სინგაპურის მსგავსად, ქვეყანას ეკონომიკურად საინტერესო გახდის მსოფლიოსთვის, რათა კავშირები სამუდამოდ არ გაწყდეს გარე სამყაროსთან. გარე სამყაროსთან კავშირების გაწყვეტაზე სააკაშვილი ვერ წავა, რადგან ჩვენს ქვეყანას აზერბაიჯანის მსგავსად ბუნებრივი რესურსი არ აქვს და „ნაცების“ წყალობით სწორედ საერთაშორისო ინვესტიციებსა თუ დახმარებებზეა ჩამოკიდებული.
„წყალობით“ იმიტომ, რომ მმართველობის შიშის დაკარგვის გამო „ნაციონალები“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და უკონტროლო ფულის მიმოქცევას ვერ დაუშვებენ - ამით ხომ ოპოზიციას გააძლიერებენ და არათუ ხელისუფლების შენარჩუნების, არამედ სახელმწიფო „წყობილების“ შემუშავების ერთპიროვნულ პრეროგატივასაც გაუშვებენ ხელიდან.
ერთი სიტყვით, აქ არის ძაღლის თავი დამარხული და ჩნდება კითხვა: „ვინ არის მიშა-პრეზიდენტისთვის სანდო?“ სინგაპურიზაციის შემთხვევაში გიორგი თარგამაძისა და ირაკლი ალასანიას კანდიდატურები კატეგორიულად გადაიხაზება, რადგან ამ შემთხვევაში, „ვითომ დემოკრატიის“ აფიშირებაზე „ნაცები“თავს აღარ მოიკლავენ.
რჩებიან „ლიბერალი“ გიგი უგულავა და მერაბიშვილის ხელდასმული დავით ბაქრაძე. თუმცა, ერთმა საინტერესო ინფორმაციამ კულუარებიდან უკვე გამოჟონა. რატომ ან ერთი, ან მეორე და რატომ არა - მესამე? ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმითაა სახელგატეხილი ოპოზიციურად განწყობილებისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ეს კი ბევრს არაფერს ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ისეთი რაღაცეები ხდება ოპოზიციურ ფრონტზე (დაპირისპირებები რადიკალებსა და კონსტრუქციულებს შორის).
აქ ექსპერტ გიორგი ვოლსკის ერთ ფრაზას მოვიშველიებ: „თუ დასავლეთს არჩევანი ექნება გასაკეთებელი ასეთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომლის წარმომადგენელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილია, დასავლეთი მას სააკაშვილის ამჯობინებს“. ასე რომ, რაც არ უნდა ვთქვათ, სააკაშვილის პირად კადრს მომავალში დიდი შანსები აქვს.
უფრო მეტიც - თუ ეს „მესამე“ უშუალოდ სააკაშვილის კადრი იქნება და იქნება მასზე დამოკიდებული და თუ ეს „მესამე“ საფრთხეს საერთოდ არ შეუქმნის პრეზიდენტს, რომლის ავტორიტეტზეც, ასე თუ ისე, დღეს მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოკიდებული (ამაში იჭედება დანარჩენი ორი დაჯგუფება, რადგან იციან, რომ მიშას გარეშე ვერ გაიმარჯვებენ. ამიტომ არ აქცევენ ზურგს), რატომაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა არჩევანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეზე - ლევან ვარშალომიძეზე?
აქვე შეგახსენებთ მუდმივ დაპირისპირებას ვარშალომიძესა და პრემიერ-მინისტრ გილაურს შორის. ვარშალომიძის ბოლო ხმაურიანი ვიზიტი თბილისში სწორედ იმით დასრულდა, რომ მას გილაურმა უფლებები „მოუმატა“ და ახლა აჭარელი მმართველები თბილისთან აღარ ათანხმებენ რეგიონალურ საკითხებს. სხვათა შორის, შეგახსენებთ, რომ ვარშალომიძემ ბათუმშივე გამართა სკანდალური პრესკონფერენცია და თბილისი რეგიონის უფლებების შელახვაში „დაადანაშაულა“. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე ვარშალომიძე ამას ვერ გაბედავდა. გაბედა კიდეც და, რაც მთავარია - გაუვიდა! ვისი მხარდაჭერა ჰქონდა, ეს უკვე თავად განსაზღვრეთ.
რაში იხარჯება ყველაზე მეტი თანხები? რა თქმა უნდა, სანაპირო ზოლის „გასაშენებლად“. რომელ მხარეს „აშენებენ“ მონდომებით პრეზიდენტი და დანარჩენი „ნაცები“? რა თქმა უნდა - აჭარას. ფაქტია, ბათუმზეა ყველაზე მეტი აქცენტი გადატანილი. ქობულეთშიც „ჩუქნიან“ მიწებს იმათ, ვინც ინვესტიციას ჩადებს. არ დაგვავიწყდეს ანაკლია, რომელიც აფხაზებისა და რუსების გულის გასახეთქად „მშვენდება“.
სააკაშვილი რომ ვარშალომიძის კანდიდატურას სამომავლოდ სერიოზულად განიხილავს, ამ ვერსიის გასამყარებლად პოლიტიკურ კულუარებში, სანდოობის გარდა კიდევ ერთ ფაქტორს ასახელებენ - წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ პრეზიდენტი, ან პრემიერ-მინისტრი ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი გახდება? ამით აფხაზებსა და ოსებს ხომ პირდაპირ ეუბნები, რომ ამ სახელმწიფოში შენც დიდი შანსი გაქვს (გაიხსენეთ ბაქრაძის აზრი, აფხაზეთსა და მიღებულ კანონს შორის რელიგიასთან დაკავშირებით) მაღალი თანამდებობა დაიკავოო.
თანაც, ვარშალომიძეს მჭიდრო კონტაქტები აქვს იმ თურქეთთან, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს დიდი ინტერესები აფხაზეთში, რაც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს. ბაღაფშმა ხომ პირდაპირ უთხრა მოჰაჯირებს - თუ არ დარუნდებით აფხაზეთში, ერს გადაგვარება ემუქრებაო. ვინ გაღიზიანდა? რუსეთი და პუტინი... მალე ბაღაფშიც გარდაიცვალა... ისევ დიდი პოლიტიკა. მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა, ამაზე მსჯელობის საშუალებას ფორუმელებს დაგიტოვებთ.
მიშა-პრეზიდენტის ეს ბოლო სცენარი უფრო უკეთესად განვითარდება, თუ შეერთებულო შტატებში გაიმარჯვებს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ რესპუბლიკური პარტია. სააკაშვილს ამით საერთაშორისო მხარდაჭერა გაეზრდება, რადგან მას აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტის, ბარაქ ობამასა და მისი დემოკრატებისგან განსხვავებით, უკეთესი პირადი კონტაქტების გამო, თავისი უფრო კარგად მაკკეინთან და სხვა რესპუბლიკელებთან „გასდის“. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის სინგაპურიზაციის ვერსიას მაღალტენოლოგიური პიარით ყველაზე უკეთ სწორედ ამერიკელი „რესპუბლიკელები“ „გაათეთრებენ“.
შედეგად კი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის არჩევნების შემდეგ იმას კი არ დაელოდება, როდის გაიმარჯვებს ვარშალომიძე საპრეზიდენტო არჩევნებში, არამედ პრეზიდენტის რანგში თავის პარტიას პირდაპირ მოთხოვს, რომ ეკონომიკური აღმშენებლობით დაკავებული ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გახდეს.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობა კი, ვიმეორებ, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტზე ბევრად უფრო მიმზიდველი პოსტია. პრემიერსა და პრეზიდენტს შორის სავარაუდო დაპირისპირება, რაც ვენეციის კომისიის მხრიდა ნკონსტიტუციურ საფრთხედა არის შეფასებული, იმით განეიტრალდება, რომ ხელისუფლება 2008 წლის ომის შეცდომას აღარ გაიმეორებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ აფხაზებთან და ოსებთან გაფუჭებულ საქმეს არ გამოასწორებენ, ვერც სინგაპურიზაციის ოცნებას შეასხამენ ფრთას.
უფრო მეტიც - პრეზიდენტი სააკაშვილი დაჯგუფებებს შორის ადგილებსაც გადაანაწილებს: ერთ გუნდს პრეზიდენტის სავარძელს აჩუქებს, მეორეს - პარლამენტის თავმჯდომარისას, თავად კი მშვიდად წავა „პენსიაზე“, თუმცა, სინგაპურის მსგავსად, მმართველი გუნდის პირველ ვიოლინოზე დაუკრავს.
ოპოზიცია და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი, დარჩება ხახამშრალი. თუმცა, მთავარი სიტყვა მაინც ხალხზეა, რომლის გადასაწყვეტიცაა, წარმატებით განახორციელებს თუ არა სააკაშვილი თავის სცენარს.