[მერაბ ბრეგაძე]
რადიო „ეხო მოსკვი“ ქართულ–რუსული ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივით ინტერესდება. ცნობილმა ჟურნალისტმა ვენედიქტოვმა კითხვები სააკაშვილს, ბურჯანაძეს და შევარდნაძეს დაუსვა. ყველა დიალოგის განახლების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა „ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის“.
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, „როდესაც რუსეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც მხოლოდ ეთნიკურ ერთეულს რაღაც ტერიტორიის, მასთან სახელმწიფო დონეზე საუბარი ძნელია“. მან აღნიშნა, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში 2006 წლის შემდეგ ვითარება უარესობისკენ იცვლებოდა:
„ამჟამად, ჩვენ ისეთი ვითარება გვაქვს, რომ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები, ფაქტობრივად, არ არის, რადგანაც რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად არ აღიარებს ჩვენ ხელისუფლებას, ოფიციალურად არ აღიარებს ჩვენს საზღვრებს და ოფიციალურად არ აღიარებს თვით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. საუბარი არცაა რაიმე სახის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე და აცხადებს, რომ საერთოდ არ გამართავს სერიოზულ მოლაპარაკებებს.
უფრო მეტიც, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკმაოდ სერიოზულ დონეებზე შეწყვიტეს ჩვენი ქვეყნად დასახელება. ისინი ჩვენ ეთნიკურ ტერიტორიულ ერთეულს გვიწოდებენ, ეს ძველი საბჭოთა ბავშვობიდან, ტკივილამდე ნაცნობი ტერმინია. ამიტომაც, როდესაც ჩვენ აღგვიქვამენ, როგორც ეთნიკურ ერთეულს რაღაც ტერიტორიის, რა თქმა უნდა, ძნელია საუბარი სახელმწიფო დონეზე“.
სააკაშვილის თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, საერთაშორისო ურთიერთობები მაინც არსებობს, მაინც დაფრინავენ თვითმფრინავები, მგზავრობენ ტურისტები და თუნდაც ჩრდილოეთ კავკასიიდან საზღვრის გახსნის შემდეგ საქართველოში 600-მდე ადამიანი გადმოდის დღეში, რომელთა რაოდენობა სავარაუდოდ 1000-მდეც გაიზრდება.
იმავდროულად, მან აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან სწრაფად გამოვიდა პოსტსაბჭოთა სივრციდან კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური თვალსაზრისით:
„ამ გაგებით, რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან სწრაფად შორდება რუსეთს. ამიტომაც, როდესაც დღეს უყურებ, ვთქვათ, რამდენად არიან დამოკიდებული პოსტსაბჭოთა ქვეყნები და რამდენად არიან ისინი გადახლართულები და როდესაც უყურებ ბელორუსს ან შუა აზიის ქვეყნებს და თვით უკრაინასაც კი, რა თქმა უნდა, არის კმაყოფილების გრძნობა, რომ ჩვენ უკვე ვერაფერს წაგვართმევენ. ჩვენ ყველაფერი უკვე დავკარგეთ და გადავრჩით. და ამ მხრივ, ეს კარგი გრძნობაა, რადგანაც ჩვენ დავშორდით. ჩვენ გავედით ამ სივრციდან და დღეს მნიშვნელოვნად მცირე რამ გვაკავშირებს რუსეთთან, ვიდრე, ვთქვათ, ბალტიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას“.
ამასთან, ურთიერთობებზე საუბრისას სააკაშვილი ამბობს, რომ მედვედევი თავად არ იღებს არავითარ გადაწყვეტილებებს: „ჩვენ მედვედევთან ბევრი რამ გვაერთიანებს ერთი თაობა, ერთობლივი კურსები და თვით ერთი პროფესიაც, მაგრამ ვფიქრობთ რომ ჩვენ ერთმანეთისგან გვაშორებს ერი მთავარი - მედვედევი თავად არ იღებს არავითარ გადაწყვეტილებებს“.
პრეზიდენტის განცხადებით, მედვედევი კარგად შერჩეული კადრია: „აქ ჩვენ (არა პირადად მე - ყველანი, ჩვენ) ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენ გაგვაჩნია შეთანხმების უნარი იქ კი რუსეთის მხარეს არის მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც პოტენციურად შეთანხმებისუნარიანია, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვინახავს არც ერთი მისი შეთანხმება არავისთან“, - აცხადებს პრეზიდენტი და დასძენს, რომ ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინია.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე „ეხო მოსკვისთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანის რეალური სურვილი არა აქვს“:
„რა თქმა უნდა, რუსულ-ქართული ურთიერთობები ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ქართულ პოლიტიკაში. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობები ამ დროისთვის ჩიხშია შესული და აქედან გამოსავალი ძნელია, რადგან ეს ჩიხი ძალიან სერიოზული, ღრმა და ბევრი პრობლემის შემცვლია.
საქართველოს ხელისუფლებას რუსულ-ქართული ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანის რეალური სურვილი არა აქვს, რადგან ძალიან მომგებიანია დღეს რუსეთის, როგორც მტრის, არსებობა, რათა ქვეყანაში შექმნილი პრობლემები მთლიანად რუსეთს გადაბრალდეს“.
თავის მხრივ, ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამბობს, რომ საქართველომ და რუსეთმა ნებისმიერ ფასად უნდა გამონახონ საერთო ენა და მეგობრულად იცხოვრონ, როგორც კეთილმა მეზობლებმა. მისი თქმით, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის უთანხმოება იყო, საქართველოს ეს ძვირად დაუჯდა და ამით რუსეთმაც იზარალა. შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთისა და ოსეთის საკითხი რუსეთის დახმარებით გადაწყდება:
„ეხო მოსკვის“ ჟურნალისტის კითხვაზე, ვის შორის გაიმართება საუბარი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტს ქართველ კოლეგასთან საუბარი არ სურს, შევარდნაძემ უპასუხა, რომ ეს პოლიტიკური შეხედულებები შეიცვლება: «დარწმუნებული ვარ, რომ მედვედევი აღარასოდეს იტყვის, რომ არ სურს სააკაშვილთან საუბარი. სააკაშვილს კი სურს რუსეთთან ურთიერთობის დამყარება“.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით შევარდნაძემ თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია ეს რეგიონები საქართველოს გარეშე: „არ აქვს მნიშვნელობა, ავტონომია იქნება თუ სხვა ფორმა, ისინი მაინც საქართველოს შემადგენლობაში იქნებიან“.
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, დღეს ერთს ამბობს, ერთ გადაწყვეტილებას იღებს, ხვალ კი გადაწყვეტილებას შეცვლის:
„რუსეთის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება უდიდესი შეცდომაა. თუ ისეთი პატარა რეგიონის აღიარება შეიძლება, როგორიც აფხაზეთია, მაშინ რა დააშავეს ჩეჩნებმა და დაღესტნელებმა? რა თქმა უნდა, ეს ასე არ შეიძლება მოხდეს. ადრე თუ გვიან რუსები გაიგებენ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ – ერთი ცის ქვეშ ერთ მიწაზე“.