ვინ ვერ ახერხებს „ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს

ვინ ვერ ახერხებს „ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს"?

მინისტრის პოსტზე ხმაურიანი და პომპეზური დანიშვნიდან რამდენიმე დღეში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, რომელსაც პრეზიდენტი ქართული ეკონომიკის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევს, სამინისტროს თანამშრომლებს ასეთი შინაარსის წერილით მიმართა: „ეროვნულ სააგონტოს? 2-3 ივლისს ბაქოს დღევები ემთხვევა თუ არა ჩემ ვიზიტს".

სანდო წყაროს ცნობით, თანამშრომლებმა წერილზე დიდხანს იმტვრიეს თავი, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ მინისტრის მიმართვის ადრესატი ეროვნული საინვესტიციო სააგენტო იყო, უადგილო კითხვის ნიშანი შეკითხვას ნიშნავდა და რომ მინისტრს სურდა გაერკვია, აზერბაიჯანში მისი ვიზიტი ემთხვეოდა თუ არა ბაქოში ჩასატარებელ სხვა ღონისძიებას.

გასაგები მიზეზის გამო, ეს წერილი სამინისტროს არც ერთ თანამშრომელს ხელთ არ მისცეს და ჩვენ ამ ორთოგრაფიულ-სინტაქსური მარგალიტებით სავსე უსტარის დედნის მოპოვება ვერ შევძელით. თუმცა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა მინისტრი, რომლის სუსტი წერტილი ღამის კლუბებში გართობაა, მწყრალად არის ქართული ენის ელემენტარულ ნორმებთან და გამართულად წერა-კითხვა უჭირს, რაც მის საჯარო გამოსვლებსაც ეტყობა.

პრეზიდენტი ხშირად ამაყობს, რომ სახელმწიფო მოხელეებმა უცხო ენები იციან, მაგრამ რა დააშავა მშობლიურმა ენამ? ევროპის რომელ ქვეყანაში დანიშნავენ მინისტრად პიროვნებას, თუ ის სახელმწიფო ენას არ ფლობს? ამ მოვლენის, საკუთარი ენისადმი აგდებული და პროვინციული დამოკიდებულების წინააღმდეგ ჯერ კიდევ წლების წინ გაილაშქრა მუხრან მაჭავარიანმა თავისი უკვდავი სტრიქონებით: „მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა, რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს!"