[თეონა ხარაბაძე]
მართალია, ქრისტიან-დემოკრატებს არავინ ეკითხება, ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა, მაგრამ ყოფილი პარტნიორებისგან მოითხოვეს დადასტურება, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. საინტერესო კი ის არის, რომ ეს მოთხოვნა იმ ექვსი პარტიის ერთობის დემონსტრირებას დაემთხვა, რომელიც თავის დროზე ახალ მემარჯვენეებთან და «ქრისტიან-დემოკრატებთან „რვიანს“ ქმნიდა.
„ოპოზიციურ ექვსიანში“ შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკური კოალიცია - „თავისუფალი არჩევანი“ ჩამოაყალიბეს. ამ შეხვედრაზე აქცენტი იმაზეც გაკეთდა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის. ამ ექვსეულის მხრიდან ასეთი განცხადებები ახალი არ არის. ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ განსაკუთრებული აქცენტი საზოგადოების მხარდაჭერაზე გაკეთდა.
როგორც რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ვერის საკალათბურთო სასახლეში შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლებისადმი მიმართვისას განაცხადა, არჩევნებს იგებს მილიონი ამომრჩეველი და არა მილიონი ლარი.
მისი თქმით, თავისუფალი არჩევნებისთვის ბრძოლაში ზოგიერთ მათ კოლეგას ნერვებმა უმტყუნა და შანტაჟის გამო ხელისუფლებას შეუთანხმდა და მათ შეთანხმება დადეს იმ მინიმუმზე, რომელიც უზრუნველყოფდა კვლავ მმართველი გუნდის კონსტიტუციურ უმრავლესობას და ოპოზიციას მხოლოდ დეკორაციის ფუნქცია ექნებოდა.
„როგორი ფორმითაც დღემდე ვაწარმოებდით ბრძოლას, ასე აღარ შეიძლება. არჩევნებს იგებს მილიონი ამომრჩეველი და არა მილიონი ლარი. ჩვენ ვისახავთ ამბიციურ ამოცანას. ფეხზე დავაყენოთ მილიონი მოქალაქე. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. დღითიდღე მდგომარეობა უარესდება. ახლა ფოტოგრაფებიც ჯაშუშური ქსელის მონაწილეები არიან. ჩვენ მხოლოდ საარჩევნო თემატიკით ვეღარ შემოვიფარგლებით. ახლა უკვე საარსებო გარემოს გასაუმჯობესებლად ვიწყებთ ბრძოლას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების ექსკლუზიური ასპარეზი და მნიშვნელოვანია მასში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა.
„სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში უკვე დაიბადა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები. მნიშვნელოვანია ერთმანეთი დავიცვათ პოლიტიკური რეპრესიებისგან. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს. ქვეყანაში ჩატარდება არჩევნები და შეიცვლება ხელისუფლება. თქვენი იმედით ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე“, - მიმართა შეკრებილ საზოგადოებას დავით უსუფაშვილმა.
ამ ნათქვამმა თუ თავად „ოპოზიციური ექვსიანის“ ერთიანობის დემონსტრირებამ კი ყველაზე მეტად ქრისტიან-დემოკრატები გააღიზიანა. ახალი მემარჯვენეებიც და ხელისუფლებაც ოპოზიციის ერთიანობას მშვიდად შეხვდა. ყოველ შემთხვევაში, თავის შეკავება მოახერხეს.
„ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური ინტეგრაცია ჩვენი მხრიდანდადებითად იქნება შეფასებული. პოლიტიკური ბლოკი იქნება თუ საარჩევნო ბლოკი. უპირველეს ყოვლისა ეს მათი გადასაწყვეტია და, თუ ეს ინტეგრაცია ბუნებრივ საფუძვლებს ეფუძნება, განსაკუთრებით მისასალმებელია.
„რაც შეეხება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მათ ძალისხმევებს, ჩვენ არაერთხელ გვითქავამს, რომ ეს შეთანხმება არ არის სრულყოფილი, არ არის იდეალური და კარგი იქნებოდა ხელისუფლებასთან კიდევ უფრო მეტი შეთანხმებები ყოფილიყო მიღწეული. თუ ამ გზაზე პოლიტიკური ორგანიზაციები, ეს იქნება ექვსეული თუ სხვები, ახალი მემარჯვენეები ამას, ერთის მხრივ, მივესალმებით და, მეორეს მხრივ, მადლობას გადავუხდით მათ“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
რაც შეეხება უსუფაშვილის ნათქვამს, რომ მთავარი საზოგადოების მხარდაჭერაა და არა მილიონი ლარი, კაციტაძე აცხადებს, რომ ორივე აუცილებელია.
„ეს რაღაცნაირი ლოზუნგია, რომელშიც არის გარკვეული ლოგიკა. მე ვიტყოდი, რომ არჩევნებს სჭირდება თანხები და ეს ყველასთვის გასაგებია. არჩევნებს ასევე სჭირდება ამომრჩეველთა ხმები. ამიტომაც მე ვიტყოდი, რომ არჩევნებს ორივე ერთად იგებს. ერთის მხრივ იგებს რესურსები და საშუალებები, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური. აქედან გამომდინარე, საჭიროა როგორც მხარდამჭერთა ხმები, ასევე საჭიროა საშუალებები იმისთვის, რომ ეს ხმები მოიპოვო. ამიტომაც მე ამ ორ თემას გავაერთიანებდი და უფრო კარგ ლოზუნგად ვაქცევდი“, - განაცხადა კაციტაძემ.
უფრო მეტად დაბოღმილი ხელისუფლება ჩანდა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომდაგენელმა პავლე კუბლაშვილმა ამ ბოღმის გამოხატვა იუმორით სცადა. თუმცა, ეს როგორ გამოუვიდა, ამის განსჯა უკვე საზოგადოების საქმეა.
„მე არ ვაკეთებ ხოლმე განცხადებებს და შეფასებებს პოლიტიკური პარტიების გაერთიანებების, დაყოფის, დაშლის და ა.შ. საკითხებზე. გაერთიანებასა და დაშლაზე კომენტარები რომ ვაკეთოთ, მაშინ მთელი სამუშაო დღე, შესაძლოა, ამაში წავიდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ფაქტზე დამატებითი კომენტარები საჭირო არ არის“, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
ხელისუფლებამ სიბრაზის შეკავება, ასე თუ ისე, მოახერხა. ქრისტიან-დემოკრატები კი ისეთი გაბრაზებულები ჩანდნენ, რომ „ექვსიანს“, ლამის, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოსთხოვეს.
როგორც ვეფხვაძემ განაცხადა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ყველა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი მთავარი წუხილი ფინანსური რესურსებია. მისი თქმით, მართალია, მილიონი ლარი ცოტაა და თავის დროზე, „ოპოზიციური რვიანი“ 5 მილიონს ითხოვდა, თუმცა, ეს მილიონი იქნება სულ მცირე გარანტი იმისა, რომ ის დისბალანსი არ იყოს, რაც იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
თვითმმართველობის არჩევნებში კი, როგორც ვეფხვაძე იხსენებს, ერთმა პარტიამ 14 მილიონი დახარჯა და ყველა სხვამ ერთად ერთი მილიონი. ამიტომ, ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ ახალი ოპოზიციური გაერთიანების არჩევნებისადმი დამოკიდებულება, სახუმარო თემა არ არის, რადგან მათ უნდა თქვან, იღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას და იღებენ თუ არა არჩევნებისთვის მილიონ ლარს იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კოდექსში ვერაფერს შეცვლიან. ვეფხვაძის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში არჩევნებში მათი მონაწილეობა ისევ ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე ხელისმოწერას ნიშნავს.
„რაც შეეხება მილიონ ლარს, ვეთანხმები, რომ მილიონი ლარი არჩევნებს ვერ მოიგებს, რადგან ეს ძალიან ცოტაა. იმიტომ, რომ „რვიანის“ ფორმატში თავის დროზე ჩვენ გაცილებით მეტი მოვითხოვეთ. თუმცა, ეს ფული იქნება სულ მცირე გარანტი იმისა,რომ დისბალანსი არ იყოს. სხვათა შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრისას ყველა პარტიის წუხილია ფინანსური რესურსის არქონა საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს თემა არ არის სახუმარო თემა და უკავშირდება საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. ეს არის ის ფული, რაც ჩვენ მოვიპოვეთ და, თუკი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, ახლავე თქვან“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
ამასთან, მან აქცენტი იმაზეც გააკეთდა, რომ არჩევნებამდე ამდენი ხნით ადრე გაერთიანებებზე ლაპარაკი უცნაურია.
„რაც შეეხება გაერთიანებას, ეს ტენდენციები „რვიანის“ ფორმატში ბოლო
პერიოდში შეინიშნებოდა. ჩვენ ამ ტიპის გაერთიანების მომხრენი არ ვიყავით და მიგვაჩნია, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან საარჩევნო ბლოკებზე საუბარი ცოტა უცნაურია, რადგან არჩევნებამდე დიდი დროა. მაგრამ, რადგან ამ პოლიტიკურმა პარტიებმა ასე გადაწყვიტეს, ჩვენ შეგვიძლია, რომ მხოლოდ გზა დავულოცოთ. უფრო კონსოლიდირებული და ძლიერი იქნება პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცალ-ცალკე ვერ ქმნიან პოლიტიკურ ამინდს. გარდა ამისა, თუკი ისინი რაიმეს შეცვლიან საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში და ხელისუფლებასთან მოლაპარაკება თუკი შედგება, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით.
მაგრამ მათ დღესვე უნდა განაცხადონ მთავარი, - თუკი არაფერი არ შეიცვლება და უცვლელი დარჩება ის პრინციპები, რაზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. იმიტომ, რომ მონაწილეობის მიღება ნიშნავს ასევე ხელისმოწერას“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
„ექვსიანში“ აცხადებენ, რომ ამ თემაზე ისინი კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ. თუმცა, ცალსახად აღნიშნავენ, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არც ერთ შემთხვევაში არ იტყვიან და მათ ამის შესახებ ასეთი პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებიათ.
მათი პოზიცია გასაგებია. მაგრამ უცნაური ის არის, თუ ქრისტიან-დემოკრატებს ვინ ეკითხება, რომელიმე პარტიას უკარნახონ, როგორ მოიქცნენ. გასაგებია, რომ ისინი ხელისუფლების გვერდით თავს ხელისუფლების როლში გრძნობენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არც ხელისუფლებას და არც რომელიმე პარტიას არა აქვს იმის უფლება, მსგავსი რამ რომელიმე პარტიას მოსთხოვოს. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში „ექვსიანის“ პოზიცია ცნობილია და ისინი არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ, მოსწონთ ეს ქრისტიან-დემოკრატებს და ნაციონალებს თუ – არა.