სინოდი 11 ივლისს, 10 საათზე იკრიბება, ხელისუფლება დადუმებულია!

სინოდი 11 ივლისს, 10 საათზე იკრიბება, ხელისუფლება დადუმებულია!

[ნინო მიქიაშვილი]

წმინდა სინოდის სხდომა 11 ივლისს, 10 საათზეა დანიშნული. ეს ინფორმაცია „ობიექტივს“ საპატრიარქოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. იმაზე, თუ რა საკითხებს განიხილავენ, წინასწარ ვერ დააკონკრეტეს, მაგრამ, ჩვენი აზრით, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მათ შორის უპირველესი 5 ივლისს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იქნება, რელიგიური ჯგუფებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, რომელიც ძალაში 6 ივლისიდან შევიდა.

საპატრიარქომ, მისმა უწმინდესობამ და სხვადასხვა სასულიერო პირებმა, 5 ივლისიდან დღემდე, კანონის თანმდევ მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე არაერთი საჯარო განცხადება გააკეთეს და ხელისუფლებას მისი გადახედვა სთხოვეს.

5 ივლისს მიღებული კანონის გაუქმებას მეორე დღეა მოითხოვს ათეულ ათასობით ადამიანი - ისინი თბილისის ქუჩებში, სასულიერო პირებთან ერთად, ხელში ხატებით, ჯვრებითა და საეკლესიო დროშებით მშვიდობიან მსვლელობებს მართავენ.

ამგვარი ვითარების ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლებს არანაირი საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ. „ობიექტივმა“ მათთან ტელეფონით სცადა ერთადერთი კითხვის დასმა - ხომ არ აპირებს პარლამენტი გადახედოს 5 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას, მას შემდეგ, რაც თბილისში ხდება, დღეს და გუშინ? საკანონმდებლო ხელისუფლების 11 წარმომადგენელთან დავრეკეთ და მათგან მხოლოდ ორმა - კობა ხაბაზმა და ირაკლი ქავთარაძემ გვიპასუხა.

პარლამენტის ადამიანი უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლაშა თორდიას მობილური ტელეფონი გათიშული ჰქონდა, პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა არ გვიპასუხა. პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი მიუწვდომელი იყო, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა ყურმილი არ აიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილიც მიუწვდომელი აღმოჩნდა, პარლამენტარმა გოკა გაბაშვილმა არ გვიპასუხა, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი მინაშვილი მიუწვდომელია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ მაჭავარიანმაც არ გვიპასუხა.

ჩვენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, მამუკა ახვლედიანთანაც (რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში შესვლაში არაერთხელაა შემჩნეული) ვცადეთ  დაკავშირება, მაგრამ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ჩვენს კითხვაზე - ხომ არ აპირებს პარლამენტი  გადახედოს 5 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას, მას შემდეგ, რაც თბილისში ხდება, დღეს და გუშინ? პარლამენტარმა კობა ხაბაზმა მოგვიგო:

„არ ვიცი, პარლამენტი გადახედავს თუ არა მიღებულ გადაწყვეტილებას. პარლამენტში ჩემს გარდა არიან დეპუტატები, რომელთაგან თითოეულს ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გააჩნია. პირადად მე მიმაჩნია, რომ 5 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს გადახედილი, ეს გადაწყვეტილება არის სწორი და სამართლიანი“.

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ქავთარაძე იგივე კითხვაზე შედარებით მოკლე პასუხით  - 5 სიტყვით შემოიფარგლა და ყურმილი დაგვიკიდა - „არ ვიცი, არა მგონია, კარგით“.

როგორც იურისტებმა განგვიმარტეს, 5 ივლისს მიღებული კანონის გაუქმება მხოლოდ პარლამენტს შეუძლია, თუ მოინდომებს. ეს ჩვენი აზრით, დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი, 11 ივლისს დანიშნულ სხდომაზე.

ფაქტია, რომ ხელისუფლება ვეღარ ბედავს სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში თავიანთი წარმომადგენლების „ოფიციალური მისიით“ მივლინებას, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, მათთვის კრიტიკულ სიტუაციაში, შესაძლოა იმიტომაც, რომ საზოგადოების რისხვის ეშინიათ, რადგან ამჯერად, ხალხი სამებაში, არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მოწოდების საფუძველზე არ მისულა - როგორც თავად განმარტავენ, ისინი ენის, მამულის და სარწმუნოების დასაცავად გამოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ 9 ივლისს, ქვაშუეთთან ათეულობით ათასი ადამიანი შეიკრიბა და მსვლელობით სამებისკენ წავიდა. აქციაზე, რომელიც მხოლოდ სოციალურ ქსელში იყო დაანონსებული, მოსალოდნელზე ბევრად მეტი ადამიანი მივიდა და საბოლოოდ სამების საკათედრო ტაძარში, ეზოში და ტაძრის გარშემო თავი 100 000-მდე ადამიანმა მოიყარა.

მეორე დღეს, 10 ივლისს, თბილისში მოქმედი ეკლესიებიდან მრევლი სასულიერო პირებთან ერთად, ჯვრებით, ხატებითა და საეკლესიო დროშებით ხელში, წირვის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც მისი უწმინდესობა იმყოფებოდა.

სამების ეზოში არაერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი იმყოფებოდა, მაგრამ ამჯერად მათთან, არც არავინ მიდიოდა და ეკითხებოდა „რა გვეშველებაო“ და არც არავინ აგდებდა რამედ. იდგნენ ისე, როგორც იქ მყოფი ათეულობით ათასი ადამიანი იდგა.

წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ასეთი სიტყვა წარმოთქვა:

„ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ეკლესიას ებრძვიან, ეკლესიას ამცირებენ. ვინც დაამცირა, ან დაამცირებს ეკლესიას, ის ისჯება! ის აუცილებლად ისჯება და ამიტომ, უნდა ვერიდოთ ამას. ეკლესია წმინდაა, იმიტომ რომ არის სხეული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეკლესიაზე გადმოდის მადლი,  წმინდისა სულისა. აი, ამიტომ, ჩვენი რწმენა, ჩვენი სულიერი წინსვლა ეკლესიაში უნდა ხდებოდეს. ეკლესია დაგიცავს, დაგიფარავს, ეკლესია მოგცემს ძალას.

ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა განიკითხავენ მღვდელმსახურთა, მორწმუნე ადამიანებს, იმ დროს, როცა თვითონ არიან მიწაზე დამხობილი, ამ ცოდვებისგან. არ შეგეშინდეთ, როცა განგიკითხავენ! უფალი აღხოცავს უსჯულოებათა და ცოდვათა თქვენთა და უფალი დაგიცავთ და დაგიფარავთ ხილული და უხილავი მტრებისაგან!

ჩვენ ვხედავთ, რომ ისტორიულად ეკლესია მუდამ იცავდა საქართველოს, იცავდა ჩვენს სარწმუნოებას, ეკლესია იყო უდიდესი, ძლიერი ძალა და დღესაც არის ეს ძალა. ეს ძალა არ არის მიმართული ვიღაცეების წინააღმდეგ - ეს ძალა არის სულიერი, ეს ძალა არის მაცხოვნებელი, ეს ძალა არის იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი.

აი, ამიტომ ეკლესიას უნდა გავუფრთხილდეთ, ეკლესია უნდა იყოს ჩვენს გულში, ჩვენს გონებაში. ყოველი ადამიანი, რომელიც იცავს ეკლესიას, რომელიც აშენებს ეკლესიას, ის ადამიანი ბედნიერია, მისი ოჯახი ბედნიერია. ვისაც შეურაცხყოფა მიუყენებია ეკლესიისთვის, ვისაც დაუნგრევია, დანგრეული არის მისი სახლიც და ოჯახებიც. აი, ამიტომ ძალიან სიფრთხილეა აქ საჭირო.

აი, დღეს ჩვენ გვინდა ვილოცოთ ჩვენი ერისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ერისა და ხელისუფლების მშვიდობისათვის. ჩვენ გვინდა ვილოცოთ ჩვენი ერის მთლიანობისათვის, ერთსულოვნებისათვის და გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, სამღვდელოებას, რომ ერთი კვირის მანძილზე, ყოველ დღე შევასრულოთ პარაკლისები, მაცხოვრისა, ღვთისმშობლისა, იოანე ნათლიმსცემლისა, მოციქულებისა, მღვდელმთავართა, ღირსთა მამათა და მოწამეთა. მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსსა თვისსა მოსცეს. უფალმა მოგვცეს ჩვენ ძალი თვისი და აღამაღლოს ერი ჩვენი!“