[გიორგი ბექაური]
დევნილთა მორიგი განსახლება მინიმუმ 4 ობიექტიდან იწყება. ვარკეთილის 204-ე ბაგა-ბაღიდან, სამღერეთის 13-დან, ყაზბეგის16-დან და უზნაძის 8-დან. დევნილებს განსასახლებლად რამდენიმე დღის ვადა მისცეს. ეს ვადა თითქმის ამოწურულია. გავრცელებული ინფორმაციით, დევნილებს სამინისტრო მალთაყვაში უპირებს განსახლებას.
როგორც დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე დავით მალაზონია აცხადებს, სამინისტრომ განსახლების მეთოდი შეცვალა. ადრე დევნილებს მკაცრად ელაპარაკებოდნენ, ახლა კი „უმტკივნეულოდ“ უპირებენ განსახლებას. მიიყვანეს ევროკავშირისა და სახალხო დამცველი წარმომადგენლებიც.
„გვეუბნებიან, რომ შემოგვთავაზებენ ალტერნატიულ ფართს. თუმცა, ამავე დროს, კატეგორიულად გვიმეორებდნენ - თბილისზე არ იფიქროთო. სავარაუდოდ, მალთაყვაში გაგვამგზავრებენ. ჩემი მეგობარი დამიკავშრიდა იქიდან და მისგან ვიცი, რომ ტყეში, ფოთის გარეუბანში, სადაც არც სკოლა, არც მედდაწესებლება არ არის, იქ გვასახლებენ. თვითონ შენობები კარგია, მაგრამ საარსებო გარემო იქ არ არსბეობს.
საგულისხმოა ერთი ფაქტიც: რამდენიმე ათეულმა პირმა, რომლებსაც ნათესავები ჰყავთ ფოთში და ურჩვენიათ გადასვლა, უარს არ ამბობენ იქ განსახლებაზე, მარამ მათ სამინისტრო უარს ეუბნება. წარმოგიდგენიათ?! მათ მთხოვეს კიდეც, რომ შუამდგომლობა გავუწიო დევნილთა სამინისტროსთან. ამ დღეებში ვაპირებ ამ წერილის გადაცემას სუბელიანისთვის. გამოდის, რომ ხალხის სასიკეთოდ კი არ მოქმედებს ხელისუფლება, არამედ როგორც თვითონ მოესურვება, ისე აკეთებს ყველაფერს“, - ამბობს დავით მალაზონია.
ფოთის გარეუბან მალთაყვას მიდამოებში მართლაც მიმდინარეობს გაცხოველებული სამუშაოები ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით. ზღვის სანაპიროდან არცთუ მოშორებით რამდენიმე მოზრდილი კორპუსი შენდება, სადაც გადაწყვეტილია, რომ დევნილებს შეასახლებენ.
თავად დავით მალაზონია ვარკეთილის 204-ე ბაგა-ბაღში ცხოვრობს. ბაღი მერიის საკუთრებაა და უგულავს სურს, რომ ბაღის ადგილას სპორტული კომპლექსი წამოჭიმოს, დევნილები კი რეგიონებში გაისტუმროს.
„უკვე ვიყავი საკრებულოში. საყურადღებოა ის, რომ როცა ამ ბაგა-ბაღის დაკანონება მოვითხოვეთ, გვითხრეს, რომ ეს ბაღი მერიას ეკუთვნის. გიგი უგულავამ პოლიციაში გიჩივლათო, პოლიციამ კი ჩვენ შეგვატყობინაო.
ქონების მართვის სააგენტოს პრივატიზების სამსახურის უფროსის კონსტანტინე ვაშაყმაძის წერილის მიხედვით, თანახმა არიან საკუთრებაში გაგვიფორმონ ბაღი, ოღონდ დევნილთა სამინისტროს თანხმობა იყო საჭირო. დევნილთა სამინისტრო კი არ გვაძლევს თამხმობას. რა უნდა ვქვათ?! მეტი გზა არ გვაქვს. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.
ჯერჯერობით სიაში ეს 4 ობიექტია: ვარკეთილის 204-ე ბაგა-ბაღი, სამღერეთის 13, ყაზბეგის 16 და უზნაძის 8, თუმცა სხვა ობიექტებზეც რომ გადავლენ, ცხადია“, - ამბობს დავით მალაზონია.