[ეკა ბაქრაძე]
ხელისუფლება გარევაჭრობის წინააღმდეგ ისევ გააქტიურდა. თბილისში გარემოვაჭრეებს თავს ესხმიან, დახლებს უმტვრევენ და პირად ნივთებს ართმევენ, რეგიონებში ხილ-ბოსტნეულის გაყიდვის უფლებას აღარ აძლევენ. გარევაჭრობა სასტიკად აკრძალულია ზღვისპირა საკურორტო ზონებშიც. აჭარაში გარემოვაჭრეებზე ნადირობაა გამოცხადებული.
შარშან თვითმმართველობის არჩევნები წესიერად ჩამთავრებულიც არ იყო, რომ თბილისის მერიის წარმომადგენლებმა დედაქალაქში არსებული თითქმის ყველა სავაჭრო წერტილიდან გარემოვაჭრეების აყრა დაიწყეს. გარემოვაჭრეებმა აქციებიც გამართეს, თუმცა ამაოდ - უგულავას გული მაინც ვერ მოინადირეს.
გარევაჭრობის აკრძალვის იდეა კი პირველად უგულავამ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გაახმაურა. მაშინ მერის მიერ გარევაჭრობის საკითხით დაინტერესების მთავარი მიზეზი ქუჩაში შეძენილი პროდუქტებით მოწამვლის შემთხვევების გახშირების ფაქტები გახდა. მოკლედ, ამ თუ სხვა მიზეზით გარემოვაჭრეებისგან დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი მალევე გაწმინდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერა.
მართალია, გარევაჭრობის აკრძალვიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და დღემდე ამ კუთხით სერიოზული კონტროლია დაწესებული, თბილისის ქუჩებში მაინც მომრავლდნენ სეზონური პროდუქტით მოვაჭრე პირები. დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ქვეითი პატრულის თანამშრომლებს თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით და მოვაჭრეები პროდუქტის გაყიდვას თამამად ვერ ახერხებენ, მაგრამ მათი მატება მაინც თვალშისაცემია.
ამიტომაც უგულავას და მერაბიშვილის უწყებები „იძულებულნი არიან“ დრო და დრო მარბიელი ლაშქარი დააგზავნონ გარემოვაჭრეების წინააღმდეგ. რამდენიმე დღის წინ ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს თავს დაესხნენ მიკროავტობუსებით სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მოქალაქეები, მათ დაარბიეს გარემოვაჭრეების დახლები, საქონელი და პირადი ნივთები წაართვეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიას განცხადებით კი, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ქალაქში გარემოვაჭრეების თემა არ არის დარეგულირებული. სამუშია მოუწოდებს ხელისუფლებას დაიწყოს ფიქრი ამ საკითხის დარეგულირებაზე, რადგან, სამუშიას თქმით, ბაზრების გახსნით ეს თემა არ არის ამოწურული.
„აღნიშნული ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა და თბილისში სხვადასხვა ბაზრობებზე პერმანენტულად მიმდინარეობს გარემოვაჭრეების დარბევა“, - აცხადებს სამუშია.
თბილისის ანალოგიურად გლეხებს გარევაჭრობას კახეთშიც უკრძალავენ. მაგალითად, გურჯაანში საპატრულო პოლიცია გლეხებს ავტომაგისტრალებთან ატმის გაყიდვის უფლებას არ აძლევს. მეტიც, სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ გლეხებს სამართალდამცველები დაჯარიმებითა და ატმის ჩამორთმევით დაემუქრნენ.
ადგილობრივი ვენერა ომარაშვილის თქმით, საპატრულო პოლიცია გარევაჭრობას გზაზე მანქანების მოძრაობის შეფერხების გამო კრძალავს.
„პატრულის აკრძალვის გამო დაკრეფილი ატამი გვიფუჭდება და არ იყიდება. ისედაც გვიჭირდა ატმის რეალიზაცია და ახლა უფრო მეტად გვიჭირს. არც მძღოლებს აძლევენ მანქანის გაჩერების საშუალებას, რომ პროდუქტი შეიძინონ, რადგან ჯარიმას ერიდებიან, ჩვენ კი პროდუქციას ვერ ვასაღებთ და გვიფუჭდება“, - განაცხადა ვენერა ომარაშვილმა.
იგივე მდგომარებაა საზამთროსა და ბოსტნეულის გაყიდვის შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ კახეთში კარგი მოსავალი მოვიდა, გლეხები ამგვარი აკრძალვების ფონზე ჭირნახულის რეალიზაციას სრულფასოვნად ვერ ახერხებენ.