გარდაბანს მიწას ართმევენ

გარდაბანს მიწას ართმევენ

[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]

ქვემო ქართლის რაიონებს შორის ერთ-ერთი, ყველაზე მწირ ბიუჯეტიანი გარდაბნის რაიონია. აქ, სახელმწიფო ბიუჯეტზე და ტრანსფერებზე დამოკიდებულება იმდენად დიდია, ხშირად რეგიონის თვითმმართველობები ტრანსფერის თანხის ოდენობის გაგებამდე ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენასაც ვერ ახდენენ.

ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია რაც რეგიონში შემოვიდა ავტობაზრობებია, რომელიც რუსთავში გაიხსნა.

28 ივნისს, რუსთავის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძემ განხილვისთვის ახალი საკითხი დააყენა. „ჩენი ქალაქის კეთილდღეობისთვის და ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდისთვის უნდა მოხდეს რუსთავის ავტობაზრობიდან ფონიჭალამდე მონაკვეთის რუსთავისთვის გადაცემა. დღეს ეს მიწა გარდაბნის რაიონს ეკუთვნის. არსებობენ ამ მიწის განაშენიანებით დაინტერესებული ინვესტორები“, - განაცხადა საკრებულოზე გურგენიძემ და საკითხს ყველამ მხარი დაუჭირა.

საკრებულოს წევრები ხუმრობდნენ, რომ მალე ფონიჭალასაც შეიერთებდნენ და თბილისში ჩასასვლელად გარდაბნის რაიონის გავლა არ მოუწევდათ.

პრესაგე.ტვ დაინტერესდა, თუ რა ლოგიკით უნდა ჩამოერთვას ერთ რაიონს შემოსავლიანი მიწა, რომელსაც მწირი ეკონომიკური რესურსები აქვს და გადაეცეს სხვა ტერიტორიულ ერთეულს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნული მიწა რუსთავის ავტობაზრობასთან მეზობლობით ინვესტორებისთვის თვალშისაცემია, ლოგიკურია, რომ მისი დაკარგვა გარდაბანს არ სურდეს.  

ჩვენ რუსთავის ავტობაზრობიდან ფონიჭალამდე მონაკვეთის რუსთავისთვის გადაცემის თემაზე, რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელს, კახა გურგენიძეს ვესაუბრეთ.

- წარსულში და დღესაც ინვესტორების მოზიდვაში ძალიან დიდი ძალისხმევა რუსთავის ხელისუფლებამ ჩადო. ჩვენ მიგვიძღვის ამ საქმეში დიდი წვლილი.

.. თქვენ ამბობთ, რომ ამ მიზეზით გარდაბანზე მეტად ამ მიწას თქვენ იმსახურებთ?

- არა, აქ დამსახურებაზე არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ აღნიშნული მიწის შემოერთებით ჩვენ კიდევ ერთ ახალ ნიშას შევიძენთ. რუსთავის ეკონომიკისთვის გადავდგამთ  დიდ წარმატებულ ნაბიჯს. ჩვენ, რა თქმა  უნდა, მივმართეთ გარდაბანში ჩვენ კოლეგებს და საზღვრის ცვლელებაზე ისინიც იმუშავებენ.

კონკრეტულად, რომელ ტერიტორიაზეა საუბარი და რამდენ კილომეტრზე?

- უახლოეს პერიოდში ჩაიწერება დადგენილებაში ზუსტი კოორდინატები და გაგაცნობთ. საუბარია იმაზე, რომ ტერიტორია ხიდიდან, ანუ რუსთავის ავტობაზრობიდან ფონიჭალამდე რუსთავის ფარგლებში მოექცეს. შემდეგ, ცხადია,  ჩვენ გვექნება მისი განკარგვის უფლება.

ამ ცვლილების ლოგიკა რაშია - კახა? აღნიშნული მიწა გარდაბნის იურისდიქციაში, რომ დარჩენილიყო ინვესტორი ამის გამო დაიწუნებდა?

- არა, არასწორად უდგებით საკითხს. თქვენ იცით, რომ რუსთავის განაშენიანების გეგმა უკვე შემუშავებულია. ინტერესი ქალაქის მიმართ ძალიან დიდია.  „საქართველოს ბანკმა“ შეიძინა დაახლოებით 23 ჰექტარი მიწა. არსებობს „ჰიუნდაის“ და „ტოიოტას“ ცენტრის დაინტერესება. შესაბამისად, უნდა გაკეთდეს სწორედ იმ სახის განაშენიანება, რომელიც რუსთავს ინვესტორების მოსაზიდად სჭირდება.

ინვესტიციები, ალბათ გარდაბნის ბიუჯეტისთვისაც არ იქნებოდა ზედმეტი.

- რეალურად ეს ტერიტორია რუსთავს ეკუთვნის. ავტობაზრობის შექმნამ შემდგომში უკვე ლოგიკურად მოითხოვა ქალაქის ამ სახით განაშენიანება.

გარდაბნის საკრებულოსგან წინააღმდეგობა არ შეგხვედრიათ?

- არა, რა წინააღმდეგობა უნდა შეგვხვედროდა?! ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. აღნიშნული მიწა რუსთავის განაშენიანებისთვის და ეკონომიკისთვისაა საჭირო. გარდაბანს მოგეხსენებათ, ზოგადად, საკმაოდ ბევრი ტერიტორია აქვს. კომუნისტების დროს, საზღვრების დაყოფა არასწორად მოხდა. ასეთი დაყოფა ეხლანდელ რეალობას ვერ ერგება.

პრესაგე.ტვ  აღნიშნულ თემაზე კომენტარისთვის გარდაბანს ესტუმა. საკითხის ახსნის შემდე გაოცებული დარჩა გარდაბნის საკრებულოს თავჯდომარე, გიორგი ფეიქრიშვილი.

„მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ასეთი რამ პირველად მესმის. ჩვენთან ეს საკითხი არავის გაურკვევია. ვის და რატომ უნდა გადავცეთ ეს მიწა?!“ – გვეკითხებოდა ფეიქრიშვილი. შემდეგ რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელთან ცდილობდა საკითხის გასარკვევად დაკავშირებას.

მისი მობილური გათიშული აღმოჩნდა და რუსთავის მერს, ზაქრო დარჩიაშვილს დაურეკა. მასთან საუბრის ბოლოს კი გვითხრა: „უნდა გავერკვე საკითხში, ბოდიშს გიხდით, ერთი კვირაა სამსახურში არ ვყოფილვარ. ასე მეუბნებიან ეს საკითხი რუსთავის საკრებულომ სხდომაზე განიხილაო. ვერ გავიგე რა ხდება. უნდა მაპატიოთ, კომენტარს ვერ გაგიკეთებთ“ – გვითხრა ფეიქრიშვილმა.

ჩვენთან პირად საუბარში გარდაბანის საკრებულოს თავჯდომარე ვერ მალავდა გაღიზიანებას აღნიშნული ინფორმაციის გამო. ის ამბობდა, რომ მისთვის გაუგებარია მწირი შემოსავლების მქონე გარდაბანმა, რომლის ბიუჯეტი გამგეობის ავტოპარკის შექმნას არ ყოფნას, შემოსავლიანი მიწა რუსთავს რატომ უნდა დაუთმოს. ფეიქრიშვილის თქმით, საუბარი იმაზე, რომ რუსთავის ხელისუფლებამ მათზე მეტად იმუშავა ინვესტორების მოსაზიდად უსამართლობაა.

გარდაბნის საკრებულოში გვარწმუნებენ, რომ რეალური ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, მას  რუსთავის ხელისუფლებაზე არანაკლებ  ყურადღებას გარდაბნის თვითმმართველობა დაუთმობს.

საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა ამ მიწის საკითხი „ზემოთ“ უკვე კარგახანია გადაწყდა და გარდაბნის ფორმალური ნებართვაც არავის  სჭირდება.