ფოტოფობია

ფოტოფობია

[ნანა მაისაშვილი]

მსოფლიოს მერვე საოცრება – კვირაში ერთხელ გახსნილი ტერაქტი და თვეში ოთხჯერ გამოვლენილი ჯაშუშური ქსელი. ქსელი, რომელიც ძალიან ჭრელია. აქ შეგხვდებათ ბანდიტი კოჭოია, ასაკისა და სქესის შეუზღუდავად, რიგითი მოქალაქეები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ყოფილი პოლიციელები და სამხედროებიც კი.

ვანო მერაბიშვილი ყვლას უსმენს, მაგრამ ქვეყანა მაინც ჯაშუშებმა წალეკეს. ბოლო აგენტურული ქსელი სკანდალური შემადგენლობით – ფოტორეპორტიორები, რომელთაგან ერთი ირაკლი გედენიძე 2004 წლიდან სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფია, გედენიძის ცოლი ნათია, რომელიც გიგი უგულავას დაქვემდებარებულ გაზეთში „პრაიმ ტაიმში“ მუშაობს, ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე და „ალიას“ ფოტორეპორტიორი გია აბდალაძე, რომელიც ასევე ხელშეკრულებით სურათებს იღებდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. კიდევ ერთი დაკავებული ფოტორეპორტიორი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, ხოლო დაკავებიდან მესამე დღეს გაათავისუფლეს ირაკლი გედენიძის ცოლი ნათია გედენიძე.

მოკლედ, ჯაშუში თავად პრეზიდენტის გვერდით და თან როგორ, ყველგან: ქარხანაში, სტადიონზე, რესტორანსა და სამთავრობო შეხვედრებზე. ყველგან მიშას გვერდით! თვითმფრინავში, მანქანაში... და ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში. საქართველოს პირველ პირს რუსეთის ჯაშუში რომ უკონტროლებდა ყოველ ნაბიჯს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი კვირის წინ, ბათუმში კრის ბოტის და სტინგის კონცერტის შემდეგ გაიგო. რომ არა ეს კონცერტი ვინ იცის გედენიძე ტერაქტსაც მოუწყობდა საქართველოს პრეზიდენტს.

რა მოხდა სინამდვილეში, რა ცნობებს ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სად დაუშვეს შეცდომა და რატომ ადევს გრიფით საიდუმლო დამღა საქმეს, რომელმაც თითქმის, გადაფარა ანტიმართლმადიდებლური კანონის ძალაში შესვლა.

ოფიციალური ინფორმაცია:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულ ფოტოგრაფებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. გამოაქვეყნა ირაკლი გედენიძის და მისი მეუღლის აღიარებითი ჩვენებები და ფოტოგრაფებს შორის გამართული სატელეფონო საუბრები. სამინისტროს განმარტებით, ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან ანატოლი სინიცინთან და ოკროპოვთან თანამშრომლობდა. სანიცინი და ოკროპოვი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით არიან ძებნილი.

სამინისტროს მტკიცებით, ეს ორი პიროვნება „ზურაბ ქურციკიძე  ირაკლი გედენიძისა და გიორგი აბდალაძის მეშვეობით გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციებს. კერძოდ მატერიალური ანაზღაურების საფასურად გედენიძემ და აბდალაძემ, რომლებიც წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების ფოტოგადაღება და შემდეგ მათი ქურციკიძისთვის მიწოდება შეძლეს. ქურციკიძე აღნიშნულ ინფორმაციას მოსკოვში აგზავნიდა“. 

ოფიციალური ინფორმაციით გედენიძის და აბდალაძის ფოტოებისა და მათ კომპიუტერებში არსებული მასალების შესწავლისას აღმოჩნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციული სასახლის სქემატური ნახაზის ფოტოები, ასევე პრეზიდენტის გადაადგილების დეტალები და პრეზიდენტის მარშრუტი, დეტალები პრეზიდენტის შეხვედრებისა და ვიზიტების თაობაზე და ასევე სხვა სახის ინფორმაცია. აღიარებით ჩვენებაში ირაკლი გედენიძე ზურაბ ქურციკიძესთან თანამშრომლობის პერიოდს იხსენებს.

გედენიძის თქმით, ის ქურციკიძეს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ თავიდან პრეზიდენტის ღონისძიებებისა და პრეზიდენტის სტუმრების ფოტოებს უგზავნიდა. „გარკვეული პერიოდის შემდეგ ზურამ ამ ფოტოებზე მოითხოვა მინაწერების გაკეთება. შემდეგ შესაბამისი ანაზრაურების სანაცვლოდ სხვა ინფრომაციების მიწოდებაც მთხოვა, რომელიც უკვე აღარ ეხებოდა ჩემს პროფესიულ მოვალეობას, ფოტოგრაფობას. უკვე მივხვდი, რომ ეს იყო სპეცსამსახურებთან კავშირში და კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს გრძნობა, რადგან ვიცოდი ამ ფოტოებს აგზავნიდა მოსკოვში ფოტოსააგენტოში. მე ამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი ვუთხარი. მან ფოტოებზე გადახდილ თანხებზე მოწერილი ხელი შემახსენა და მითხრა, რომ ინფორმაციას გამოიყენებოდა ჩემს საწინააღმდეგოდ, ანუ შანტაჟის ენით გამესაუბრა. შევშინდი და ურთიერთობა გავაგრძელე“, - ყვება ირაკლი გედენიძე.

ირაკლი გედენიძის განცხადებით, მას ზურაბ ქურციკიძემ ანაზღაურების მისაღებად მოსთხოვა საბანკო ანგარიშების გადაგზავნა. ამის დასტურად შსს-მ გაავრცელა სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე საბანკო ანგარიშის გადაგზავნაზე საუბრობენ. აღიარებით ჩვენებებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც მათი ვერსიით ასახულია რამდენიმე დოკუმენტი, რომელსაც ბრალდებულები რუსულ სპეცსამსახურებს უგზავნიდნენ.

არაოფიციალური ვერსიები:

როგორც კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა აღიარებითი ჩვენებები, უკვე ნათელი გახდა თუ რატომ აგვიანებდნენ დაკავებულისათვის ბრალის წაყენებას. ორდღენახევარი ოთხი რეპორტიორი დაკავებული ყავდათ და საქმე საიდუმლო რომ იყო ამის მეტი არავინ არაფერი იცოდა. როგორ მოიპოვეს აღიარებითი ჩვენებები? წყაროს ინფორმაციით წუხელ, 8 ივლისს, გედენიძე დააკავშირეს ოჯახს რა დროსაც მაინ მოითხოვა ადვოკატის შეცვლა. ბრალის აღიარებამდე ერთი საათით ადრე გედენიძეს ადვოკატი შეუცვალეს. მის დაკითხვას დაესწრო ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთი ადვოკატი, რომელმაც ჩვენების რეალობა დაადასტურა. იგივე ადვოკატმა დაიცვა გედენიძის უფლებები სასამართლოზე.

გედენიძის ცოლი ისე გაათავისუფლეს კუდ-ის შენობიდან სასამართლოს არც კი დასწრებია. ისმის ლოგიკური კითხვა – თუ სურათებს ყიდდა გედენიძე და ყიდულობდა ქურციკიძე, აქ სადაა სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება? ამ სურათებს ქურციკიძე საიტზე დებდა. ეს არაა დანაშაული, მაგრამ შსს-მ საქმის დასამძიმებლად გამოიყენა რუსული მხარე და ვიღაც გენერლები, რომლელთა გარეშეც საქართველოში არც ერთი ტერაქტი არ დაგეგმილა. რა არის სახელმწიფო საიდუმლოება? სააკაშვილის გადაადგილება? კი, ბატონო, მაგრამ სააკაშვილი პირდაპირ ეთერში გადაადგილდება და ამ ლოგიკით „რუსთავი-2“ და „იმედი“ ჯაშუშებით ყოფილა დაკომპლექტებული. 

აქაც გამოძებნა შსს-მ გამოსავალი და ჯაშუშბის გასამყარებლად ავლაბრის რეზიდენციის ფოტოები და ნახაზები ჩადო საქმეში „მტკიცებულებად“.

ასეა თუ ისე, საქმე შეკოწიწდა. გამოძიებას ერთი სუსტი წერტილი დარჩა მხოლოდ – გიორგი აბდალაძე. ფოტორეპორტიორი, რომელიც არც ჩვენებას იძლევა და რომელიც სხვათა შორის, არც გედენიძეს და მის ცოლს არ დაუსახელებიათ თავის ჩვენებაში. აბდალაძე „ალია-ჰოლდინგის“ ფოტორეპორტიორია, მიუხედავად ამისა ხელისუფლება და ტელევიზიები დღემდე აცხადებენ, რომ ის იყო საგარეო საქმეთა სამინისტროსა ფოტოგრაფი.

ამ „შეცდომას“ თავისი დატვირთვა აქვს: აბდალაძეს როგორც სახელმწიფო უწყების თანამშრომელს კანონი უკრძალავს ოფიციალურ შეხვედრებზე გადაღებული ფოტოები დამკვეთს დაუტოვოს და არ გამოაქვეყნოს. სხვა თემაა საგარეო უწყება თავად რომ სთხოვდა მას სურათების გავრცელებას. თუ აბდალაძეს „დაარეგისტირებენ“ როგორც უწყების თანამშრომელს, მაშინ მას სასჯელი ელოდება. მითუმეტეს შსს-მ გამოაქვეყნა „უტყუარი“ მტკიცებულება ქურციკიძე-აბდალაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერისა, რომლის მოსმენის შემდეგ ვერავინ გაიგო რაზე ლაპარაკობდნენ ისინი. ბოლოს და ბოლოს, პირადი ანგარიშის არსებობა მანდამაინც ჯაშუშობას რომ არ უკავშირდება ეს ცხადზე ცხადია. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აბდალაძემ შიმშილობა გამოაცხადა. ხელისუფლება ამას არ ელოდა! და რაკი ეს გათვლილი არ იყო, ამიტომ გაჭიანურდა ბრალის წაყენებაც. რომ არა სააკაშვილის ფანის (ეს ცნობილი ფაქტია, სააკაშვილის რამდენიმე ალბომის ავტორი გედენიძეა) ირაკლი გედენიძის და მისი ცოლის აღიარებითი ჩვენება დაკავებულებს ბრალს ვერავინ წაუყენებდა. გამოძიება ჩიხში შესვლისგან ამ ჩვენებამ იხსნა. ვთქვათ, ქურციკიძეს გედენიძე დაუპირისპირდება და „დაუმტკიცებს“ რომ მისთვის მიყიდულ სურათებს ქურციკიძე რუსეთს უგზავნიდა, მაშინ ერთი „ფანჯარა“ აბდალაძის სახით მაინც ღიად რჩება. რა შუაშია ქურციკიძე-გედენიძის გარიგებაში აბდალაძე? გედენიძე მას არ ასახელებს, სამაგიეროდ, სამინისტროს აქვს სატელეფონო ჩანაწერი, რაღაც ანგარიშის შესახებ. ეს არის თუ არა მტკიცებულება იმისა, რომ აბდალაძე აგენტია? – არა!

იურისტები განმარტავენ, რომ ეს არ არის მტკიცებულება, მითუმეტეს, რომ ანგარიში, სადაც გარკვეული თანხაა ჩამორიცხული რუსეთიდან – არ არსებობს! თუ ასეა, საიდან მოხვდა ამ საქმეში აბდალაძე? 

ერთ-ერთი ვერსიით, სააკაშვილი 26 მაისს აბდალაძის გადაღებულმა სურათებმა გააღიზიანა ძალიან, ერთ-ერთი სურათი ადასტურებდა შსს-ს გავრცელებული ინფორმაციის სიცრუეს, თითქოს, პოლიციელი ბურჯანაძის ექსკორტმა გაიტანა... აქ როგორც ამბობენ, კომენტარი ზედმეტია! მაშინ დასაჭერი ყოფილა, მიშა ხომ სახელმწიფოს სიმბილოკაა გერბზე და ჰიმნზე წინ დგას, კონსტიტუციაზედაც...

ზოგადად რატომ შეიკერა ფოტორეპორტიორების საქმე. ამ საქმის დაწყება საეჭვოდ დაემთხვა ბათუმის სკანდალს, რომელზედაც უკვე ხმამაღლა საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსია ფოტორეპორტიორების საქმის დაწყებისა ასეთია: გედენიძე ურეკავს ბათუმიდან ქურციკიძეს და ეუბნება, რომ მას აქვს ძალიან მაგარი სურათები. ქურციკიძე ეუბნება არაა პრობლემა, ჩამოდი და დავილაპარაკოთ.

გედენიძე ჩამოდის და იმავე დღეს, უფრო სწორად, შუაღამისას აკავებენ. კუდ-ი ეძებს "ფლეშკას", რომელზედაც სურათებია შენახული. სახლიდან გააქვთ მთელი ტექნიკა. სურათები ვერ იპოვეს! ამიტომ გაჭიანურდა ბრალის წაყენებაც. გარიგება საბოლოოდ, როგორც ჩანს, შედგა, აღიარებითი ჩვენება არის და ალბათ, "ფლეშკაც" ჩაბარდა პატრონს! და ყველა ეს ეჭვი საბოლოოდ იმანაც გაამყარა, რომ საავადმყოფოში ორი ხელისუფლების „თვალისჩინი“ მოხვდა, ვინ რა მიზეზით ამაზე პოლიტიკოსები კი ქირქილებენ, მაგრამ გამეორებად არ ღირს!