Estee Lauder-ის კოსმეტიკის ოჯახური იმპერია

Estee Lauder-ის კოსმეტიკის ოჯახური იმპერია

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

პარფიუმერული კომპანია Estee Lauder Cos თავისი სფეროს ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. მისი ისტორია ოჯახური მალამოთ დაიწყო და მრავალი წლის შემდეგ 7 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე მსოფლიო გიგანტად იქცა.

ესტეს მალამოები

ესტე ლაუდერი (დაბადებული როგორც ესტე მენცერი) დაიბადა 1908 წლის 1 ივლისს ქალაქ კუინსში უნგრელ ებრაელთა ოჯახში. დედამისი როზა შოტცი ულამაზესი ქალი იყო და გოგონას სურდა ყველანაირად მას დამსგავსებოდა. სწორედ დედისგან ისწავლა მან კოსმეტიკური მალამოების დამზადება.

ესტეს სკოლა არ დაუმთავრებია. 1930 წელს იგი ბუღალტერ ჯო ლაუდერზე დაქორწინდა და ცოლ-ქმარმა ერთად დაიწყო მალამოების კეთება. მათმა ნახელავმა სახელი საკმაოდ გაითქვა და კლიენტების მოსაზიდად განცხადება სატელეფონო ცნობარშიც გამოაქვეყნეს.

არავინ იცოდა, რისგან და როგორ მზადდებოდა ლაუდერის უმაღლესი ხარისხის მალამოები. მთავარი ის გახლდათ, რომ ეს მალამოები მომხმარებელი ქალბატონების კანს, როგორც ესტე ამტკიცებდა, მართლაც სწრაფად და ეფექტურად აუმჯობესებდა.

ერთხელ, საქველმოქმედო ლანჩისას ლაუდერმა სტუმრებს დაურიგა თავისი ნახელავის სასაჩუქრე კომპლექტები, რომლებშიც მალამოებთან ერთად ახლადდამზადებული პომადები შედიოდა. ამ ნაბიჯმა ესტეს დიდი წარმატება მოუტანა და პრესტიჟული უნივერმაღისაგან იმ დროისათვის საკმაოდ მსხვილი თანხის, 800 დოლარის ოდენობის შეკვეთა მოუტანა. ეს Estee Lauder-ის იმპერიის შექმნისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.

ბიზნესის საიდუმლო

Estee Lauder გახლავთ ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პატარა ოჯახური ბიზნესი უზარმაზარ კორპორაციად იქცეს. თანაც ისე, რომ თავისი პირვანდელი თავისებურებები არ დაკარგოს. დღემდე კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი ოჯახის საკუთრება გახლავთ.

ყველაფერი კი გვაროვნული საიდუმლოებების გადაცემით დაიწყო. კომპანიის მომავალი დამაარსებლის დედის ბიძა ჯონ შოტცი ქიმიკოსი იყო, რომელიც სახის მალამოებს ამზადებდა და შემდეგ მათ როზაზე ცდიდა. შემდეგ, მათი საიდუმლო როზამ შეისწავლა, რომელმაც, როგორც აღვნიშნეთ, თავისი ცოდნა შვილს გადასცა.

ესტეს და მისი მეუღლის მიერ მალამოების სამზარეულოში დამზადება კარგა ხანს გაგრძელდა. კომპანია Estee Lauder მათ 1946 წელს დააარსეს. მართალია, რეკლამისათვის საჭირო ფინანსები არ გააჩნდა, მაგრამ ესტეს დარწმუნების თავისი მეთოდები ჰქონდა. 1948 წელს მისი პროდუქციის გავრცელება უნივერმაღმა Saks-მა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი მფლობელის შვილს მალამომ სახის ფერი

გაუუმჯობესა.

ლაუდერმა ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა მყიდველებს თავისი პროდუქციის შეძენამდე მათი უფასო გამოცდა. გარდა ამისა, დააწესა სხვადასხვაგვარი საჩუქრები. ეს 50-იან წლებში სიახლე იყო.

 ესტემ Saks-ის უნივერმაღებში თავად მოაწყო საკუთარი კომპანიის დახლი. მას სურდა, რომ თავისი ბრენდის სავაჭრო წერტილი «პატარა, მბწყინავ კუნძულად» ექცია, რომელიც მყიდველს ელეგანტურობისაკენ უბიძგებდა. შედეგად, გაყიდვების მოცულობა თანდათანობით მატულობდა და კომპანიაც ფართოვდებოდა. ესტემ,

რომლისთვისაც საკუთარი ბიზნესის შექმნა იდეაფიქსად იქცა, ლამის მთელი ამერიკა შემოიარა და თავისი პროდუქცია თითქმის ყველა პოპულარულ მაღაზიათა ქსელში გაავრცელა.

წარმატების ფორმულა

60-იანი წლების დასაწყისში კომპანია Estee Lauder ამერიკის კოსმეტიკური ბაზრის სერიოზული მოთამაშე ხდებოდა და მასზე პირველობისათვის ღევლონ-თან ფიცხელი ბრძოლა ჰქონდა გამართული. კოსმეტიკური იმპერიის შემქმნელს წარმატების საკუთარი ფორმულა გააჩნდა, რომელიც რამდენიმე პუნქტისაგან შედგებოდა. ესენი გახლდათ:

1. სწორად აირჩიე ადგილი. 2. ყოველთვის შეინარჩუნე იმიჯი. 3. თვალ-ყური ადევნე კონკურენტებს. 4. დაყავი და იბატონე. 5. ენდე შენს შინაგან ხმას. 6. კანონი მკაცრია, მაგრამ იგი კანონია. 7. აღიარე შენი შეცდომები. 8. დაიქირავე საუკეთესო სპეციალისტები. 9. გადალახე წინააღმდეგობები.

ამ ფორმულის წყალობით კომპანია Estee Lauder სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა, ბაზრის მეტ წილს იპყრობდა, უცხოურ განყოფილებებს ხსნიდა და წარმოებულ პროდუქციას ამრავალფეროვნებდა. 80-იანი წლების ბოლოს ესტემ კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი თავის შვილს ლეონარდს გადააბარა, თავად კი

კვლავინდებურად მთავარი დიზაინერი გახლდათ.

ლეონარდმა დედის საქმე წარმატებით გააგრძელა. მისი ხელმძღვანელობით კომპანია კიდევ უფრო გაფართოვდა. რაც მთავარია, ოჯახური ბიზნესის წარმოების სტილი შეინარჩუნა. 2004 წელს ესტე ლაუდერის გარდაცვალების შემდეგ მან კომპანიის მთავარ დიზაინერად განთქმული ტომ ფორდი მიიწვია. ეს ძალზე სწორი სვლა აღმოჩნდა, რომელმაც უდავოდ გაამართლა და კომპანია კიდევ უფრო გაფურჩქნა. იგი ამერიკული ბაზრის უდავო ლიდერად იქცა და მის 64 პროცენტს აკონტროლებს. ამასთან, განთქმულ ევროპულ კომპანიებსაც ძალზე სერიოზულ კონკურენციას უწევს.