ფოტო-ჟურნალისტი გიორგი აბდალაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"თხოვნით მივმართავ ყველა ჟურნალისტს, ვისაც აღელვებს სიმართლის და ჭეშმარიტების დადგენა ამ უსამართლო საქმეზე, რომელსაც თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ხელისუფლება ჩადის. არ დაუთმოთ და არ დაუშვათ კიდევ ერთი მსგავსი უკანონობის ჩადენა, როგორიც იყო მაგალითად, "იმედის", "მეცხრე არხის", "იბერიის" და უამრავი სხვა მაგალითების სახით. არ შეშინდეთ. მე თავს გავწირავ ამ სიმართლის დასადგენად, რადგან თქვენი იმედი მაქვს. ერთადერთი, რაც ჩვენ ერთად შეგვიძლია, ისაა, რომ ხელისუფლებას ახალი "ენვერების" სცენარების განხორციელების უფლება არ მივცეთ. დღეს ებრძვიან "ალიას", ხვალ ვინ იქნება?!", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე რამდენიმე დღის წინ დააკავა. გიორგი აბდალაძეს, ქურციკიძეს და გედენიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად – ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს, რაც თავისუფლების 8-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.