საქართველოს პარლამენტის კანონი სომხურმა საზოგადოებამ დადებითად შეაფასა

საქართველოს პარლამენტის კანონი სომხურმა საზოგადოებამ დადებითად შეაფასა

[მერაბ ბრეგაძე]

სომხური მედია გარეგინ მეორის თბილისში ვიზიტის შედეგებს აქტიურად აშუქებს. ეჩმიაძინის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვარამ მელიკიანი სომხეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრის ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს „დამონტაჟებულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ „საუბარში დამახინჯებულადაა წარმოდგენილი მეგობრული საუბარი“, რომელზედაც, მელიქიანის განცხადებით, ოპერატორები დაშვებულნი არ იყვნენ.

„საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კათალიკოსი საქართველოს პატრიარქს შეხვდა, სადაც თავდაპირველად ორი ქვეყნის სულიერმა ლიდერებმა პირისპირ ისაუბრეს, შემდეგ კი დელეგაციების ოფიციალური შეხვედრა გაიმართა“.

მელიკიანის განცხადების მიხედვით, შეხვედრის შემდეგ, ქართველმა პატრიარქმა და სომხეთი კათალიკოსმა საპატრიარქოს ტერიტორიაზე გაისეირნეს, დაათვალიერეს ტაძარი, პარკი და ფრინველები:

„ამის შემდეგ ერთ ჭიქა ღვინოზე, გაიმართა მეგობრული, უშუალო, არაოფიციალური საუბარი და ამიტომ იგი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ამ შეხვედრის მსვლელობის დროს გარეგინ II-მ იმ თემებზე ისაუბრა, რომლებიც სომხეთის ეკლესიას აღელვებს და აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქმა ოფიციალური შეხვედრის დროს, ვიზიტისას ორ ეკლესიას შორის მიღწეული შეთანხმებები გადათქვა.

ინტერნეტში განთავსებული მასალა დამონტაჟებულია და დამახინჯებული სახით წარმოადგენს მეგობრულ საუბარს, რომელზედაც, სხვათა შორის, ოპერატორები არ დაუშვეს. ისევე როგორც გამოქვეყნებული ხელმოუწერელი კომუნიკეს ტექსტი, აღნიშნული მასალა ქართული მხარის პროვოკაციაა, რომელიც უკვე გახდა სპეკულაციის საგანი სხვადასხვა წრის მხრიდან“, - ნათქვამია ეჩმიაძინის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, სომხური გამოცემა „არავოტის“ შეფასებით,  „ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში გარეგინ მეორემ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი აღზრდა, აზროვნების სტილი და არსი“. მასალას სააგენტო „ნიუს. ამ“ ავრცელებს:

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გარეგინ მეორე არაფრით გამოირჩევა ჩვენი ოლიგარქებისგან, რომლებისთვისაც ურთიერთობების გარკვევის ფორმა „ბაზარი“ და „საქმის გარჩევებია“. ვიდეოჩანაწერში კათოლიკოსი სერიალის მაფიოზს ჰგავს“.

როგორც „არავოტი“ აღნიშნავს, სომხეთს ასეთი კათოლიკოსი რომ ჰყავს, შემთხვევით არ არის, ის გონებრივი და სულიერი დეგრადაციის სარკეა:

„უცნაური იყო, რომ სომხეთის სულიერი ლიდერი ილია მეორესთან „შენობით“ საუბარს ცდილობდა, რასაც ის რბილად ეწინააღმდეგებოდა. უცნობია, ეტიკეტის რა ნორმები მოქმედებს სომხური ეკლესიის „ბიზნეს-ელიტაში“. თუმცა, ჩვენთან, რიგით სომხებში, მიღებულია, რომ უფროს ადამიანს „თქვენობით“ ელაპარაკო და მუხლზე ხელი მუდმივად არ უტყაპუნო“.

„საქართველოს პატრიარქი სხვა რელიგიებს უარყოფს“, – ასე გამოეხმაურნენ სომხურ მედიაში საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებას, რომელშიც უარყოფითადაა შეფასებული საქართველოს პარლამენტის მიერ „სამოქალაქო კოდექსში“ რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებები.

„საქართველოს პატრიარქი საქართველოში სომხური სამოციქული ეკლესიისთვის და კიდევ სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება… საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, თუმცა ეკლესია აქტიურად ერევა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“, – აღნიშნავს ერთ-ერთი სომხური საინფორმაციო პორტალი times.am.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, მესამე მოსმენით, 70 ხმით 0-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა.

 საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც კანონის მიღების პროცედურის შეჩერებას ითხოვდა, რის გამოც, მეორე მოსმენის შემდეგ, მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და საპატრიარქოს შორის კონსულტაციები გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, მაგრამ პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მაინც დაამტკიცა.

კანონის მიღების შემდეგ საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ – „საპატრიაქრო აყენებდა კანონის მიღების პროცესის შეჩერების ინიციატივას, რათა საზოგადოებაში ამ საკითხთთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწევა გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა შეთანხება ვერ შედგა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ასევე ქვეყნის ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ კანონი უარყოფით შედეგებს უახლოეს მომავალში გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის ინიცირება სომხურმა საზოგადოებამ დადებითად შეაფასა.  ზოგიერთი სომხური მედიასაშუალება წერდა, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება სომხეთის პატრიარქის გარეგინ მეორის ვიზიტმა განაპირობა.