რა უნდოდა გორის ხელისუფლებას ტრაკაის კურორტზე?

რა უნდოდა გორის ხელისუფლებას ტრაკაის კურორტზე?

[საბა წიწიკაშვილი, გორი]

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე და გორის გამგებლის მოადგილე ზვიად ხორგუაშვილი ლიტვის ქალაქ-კურორტ ტრაკაიში 12-14 ივნისს იმყოფებოდნენ. იმის გასარკვევად, ეს ვიზიტი ოფიციალური იყო თუ არა, „ქართლის ხმა“ უკვე ერთი თვეა მუშაობს. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ვიზიტი არაოფიციალური იყო. ვიზიტის შესახებ დუმს ტრაკაის მუნიციპალიტეტი, საიდანაც პასუხებს არ გვცემენ, ხოლო ტრაკაის მუნიციპალიტეტის ვებ-საიტი საერთოდ არაფერს სწერს საქართველოდან, კერძოდ გორიდან სტუმრების შესახებ. ტრაკაის ვიზიტი გორში მას შემდეგ ახსენეს, როდესაც ვილნიუსის მერის პრესსამსახურმა წერილობით გვაცნობა, რომ  გორის ხელისუფლება ვილნიუსში არ იმყოფებოდა.

თავდაპირველად, 13 ივნის გორის საკრებულოს სატენდერო კომისიის მიერ შედგენილ ოქმში აღმოვაჩინეთ, რომ სატენდერო კომისიის შემადგენლობას ლიტვაში ვიზიტის გამო არ ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე და გამგებლის მოადგილე ზვიად ხორგუაშვილი. გადავხედეთ ადგილობრივი პრესსამსახურების მიერ მანამდეც და შემდგომ პერიოდშიც გავრცელებული მასალებს. არც ერთ მათგანს აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით პრესრელიზი არ გაუვრცელებია. შიდა ქართლის და გორის ხელისუფლების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ეს ვიზიტი (12-14 ივნისისა) საერთოდ არაა ნახსენები.

მივწერეთ ლიტვაში საქართველოს ელჩს გიორგი ქერდიყოშვილს, რომელმაც პასუხი საერთოდ არ გაგვცა.

მივწერეთ ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსის მერს საკუთარ ელექტრონულ მისამართზე, რომელიც ვილნიუსის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე იყო მითითებული. მომდევნო დღეს მერის პრესსამსახურმა მოგვწერა, რომ მითითებულ დროს ვილნიუსის მერს საქართველოდან, კერძოდ შიდა ქართლიდან სტუმრები არ ჰყოლია.

„თუ შეიძლება დამატებითი დეტალები გვაცნობეთ და იქნებ ჩვენც დაგეხმაროთ ინფორმაციის მოპოვებაში“ – გვითხრა აისტე ანდიულევიკიუტემ, ვილნიუსის მერიის საერთაშორისო განყოფილების პრესოფიცერმა.

ამის შემდეგ, მივწერეთ შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურს ნათია ომაძეს იმ ელექტრონულ მისამართზე, საიდანაც გუბერნატორ ზურაბ არსოშვილის ვიზიტების და მუშაობის შესახებ პრესრელიზებს გვიგზავნის. ორგზის მცდელობის მიუხედავად, ელექტრონულ მისამართზე ნათია ომაძის პასუხი არ გაგვცა.

ელექტრონულ მისამართზე მივწერეთ საკრებულოს თავმჯდომარეს ზვიად ხმალაძესაც. არც მან გაგვცა პასუხი. კონრად ადენაუერის ფონდში ჩატარებულ სემინარზე ცნობილი გერმანელი საგამოძიებო ჟურნალისტი მარკ შმიდტი აღნიშნავდა, რომ ელექტრონული მისამართზე მიღებული პასუხები  მყარი მტკიცებულებაა, რადგან მისი წაშლა ან დამახინჯება, შეუძლებელია.

ამის შემდეგ, პირადად ვცადეთ გუბერნატორის და საკრებულოს თავმჯდომარის პრესსამსახურებთან შეხვედრა. ამ პერიოდში ვილნიუსის მერის პრესსამსახურიდან ინფორმაცია უკვე მიღებული გვქონდა. ქართველი პრესსამსახურებისგან მხოლოდ იმ ინფორმაციის მიღება გვინდოდა, თუ ვისთან იყვნენ მაღალჩინოსნები გორიდან ლიტვაში. ვილნიუსის მერიაში გორის ხელისუფლების ვიზიტს ვილნიუსში უარყოფდნენ.

„საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ლიტვაში კი არ იყო, არამედ პრიბალტიკაში“ – გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა გივი ღვინიაშვილმა.

„მე სხვა არაფერი ვიცი, აბა რა გითხრათ“ – განუცხადა მან „ქართლის ხმის“ ჟურნალისტებს.

ქალაქ-კურორტი ტრაკაი

საშვთა ბიუროს თანამშრომელმა შიდა ტელეფონით დაგვალაპარაკა გუბერნატორის პრესსამსახური ნათია ომაძე. რადგანაც პირად შეხვედრაზე უარი გვითხრა, ტელეფონით გვითხრა, რომ იმ ქალაქის სახელი არ ახსოვს,  სადაც იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები:  „რაც შემიძლია გითხრათ, ისაა რომ იყო ოფიციალური შეხვედრები და ქალაქში გასვლები“. საბოლოო ჯამში, იმ ქალაქის სახელი, სადაც ხმალაძეს, ხორგუაშვილს და არსოშვილს „გასვლები“ ჰქონდათ, მისგან ვერ გავიგეთ.

კაბინეტის პირად ნომერზე დავურეკეთ საკრებულოს თავმჯდომარეს ზვიად ხმალაძეს, რომელიც იძულებული გახდა ეთქვა, რომ ქალაქი სადაც იყო, ტრაკაია.

„ჩვენი ვიზიტი ეხებოდა ორი ქალაქის დამეგობრებას. გვქონდა ოფიციალური შეხვედრები. ხარჯები აანაზრაურა ტრაკაის მხარემ. ჩვენ მხოლოდ სამგზავრო ხარჯები დავფარეთ, რაც სამივლინებო თანხებია“. – გვითხრა ზვიად ხმალაძემ.

ვილნიუსის მერის პრესსამსახურს ვაცნობეთ, რომ გორის დელეგაცია ტრაკაიში იმყოფებოდა. მან ტრაკაის მუნიციპალიტეტის ვებ-საიტის და ელექტრონული ფოსტის მისამართი მოგვწერა. იგივე მოგვწერა ლიტვაში ერთ-ერთი სერიოზული გაზეთის lrytas ჟურნალისტებმა.

მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ორი კვირის განმავლობაში ორჯერ გავუგზავნეთ წერილი ტრაკაის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას ქართველი მაღალჩინოსნების ვიზიტის შესახებ. ჩვენს კითხვებში შედიოდა კონკრეტულად რა ხარჯები გაწია ტრაკაის ხელისუფლებამ ვიზიტის დასაფინანსებლად. ასევე გვაინტერესებდა შეხვედრის დეტალები და სამომავლო მიზნები. თუმცა, ჩვენდა გასაოცრად ტრაკაის მუნიციპალიტეტიდან პასუხს დღემდე არ გვიგზავნიან.

არც ტრაკაის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდი იტყობინება რაიმე მინიშნებას არსოშვილის, ხმალაძის და ხორგუაშვილის ვიზიტის შესახებ, ან საერთოდ გორისა და ტრაკაის დაძმობილების შესახებ. ჯერ-ჯერობით ესაა ის მასალები, რისი მოპოვებაც შევძელით. არც ერთი ოფიციალური უწყება ტრაკაის კურორტზე გორის ხელისუფლების „ოფიციალურ ვიზიტს“ ვერაფრით ამტკიცებს.

„ქართლის ხმა“ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში კვლავაც გაცნობებთ. ჩვენ ამჯერად, ლიტველ ჟურნალისტებს ვთხოვეთ დახმარება.