[ნინო მიქიაშვილი]
ჟურნალისტები კატეგორიულად მოითხოვენ დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს გრიფით საიდუმლო მოეხსნას და საზოგადოებას განემარტოს, კონკრეტულად რაში ედებათ ბრალი ზურაბ ქურციკიძეს, ირაკლი და ნათია გედენიძეებს და გიორგი აბდალაძეს. ამ მოთხოვნით 8 ივლისს, მოდულის შენობასთან, ”ალია ჰოლდინგის” ინიციატივით აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილოება ჟურნალისტებთან ერთად უფლებადამცველებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ნაწილმაც მიიღო.
მოდულის შენობასთან გამართულ აქციაზე მოსულები იყვნენ: ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა, ”ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ხორგუანი, ა/ო. ”საზოგადოებრივი დამცველის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირინა ფუტკარაძე, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” არსებული ”მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელი, თამარ კორძაია.
იქ იყვნენ ჟურნალისტები, რომლებმაც თვალზე შავი ლენტები გაიკეთეს, ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და ასეთი ფორმით გამოხატეს პროტესტი. მათი რიცხვი გაცილებით მცირე იყო, იმათთან შედარებით, ვინც მოდულის შენობასთან ამ აქციის გასაშუქებლად მოვიდა. იყვნენ ისეთები, ვინც ფოტორეპორტიორების დაკავებაც გააპროტესტა და აქციაც გააშუქა. მათ რიცხვში ვიყავით ჩვენც.
მოდულის შენობასთან მყოფ სხვადასხვა მედიასაშუალებებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ. უარი მხოლოდ ორი ტელეკომპანიის წარმომადგენლისგან - ”რუსთავი 2”-სგან და ”იმედი”-სგან მივიღეთ. კომენტარებს ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, 7 ივლისს დადებულ ინფორმაციას გთავაზობთ:
”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან: ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი).
დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”.
აი, რას ფიქრობენ ჟურნალისტები იმაზე, ლონდონიდან ბომბეიმდე გაჰყავდათ თუ არა გვირაბი: ზურაბ ქურციკიძეს, გია აბდალაძეს და ირაკლი და ნათია გედენიძეებს:
მაია მიშელაძე, ”ვერსია”: ”ჩვენი გაზეთის დღევანდელი ნომრის პირველ გვერდზე მიმართვის ტექსტია დაბეჭდილი - მთავარი რედაქტორი, მაია ფურცელაძე, ”ვერსიის” ჟურნალისტების სახელით ითხოვს ამ საქმეს გრიფით საიდუმლო მოეხსნას და ინფორმაცია საჯარო გახდეს. უნდა ვიცოდეთ ჩვენი კოლეგები რის გამო არიან დაპატიმრებულები; თუ არადა გაათავისუფლონ”.
ალექსანდრე შარვაძე, ფოტოკორესპონდენტი: ”აქ მოვედით, რომ ჩვენს მეგობრებს გვერდში დავუდგეთ. მართალია, ფიზიკურად ამის გაკეთების საშუალება არ არის, რადგან ისინი შიგნით არიან და ჩვენ გარეთ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გაირკვევა და გარეთ გამოვლენ. თუ მართლა დააშავეს, მაშინ გვითხრან კონკრეტულად რა დააშავეს და თუ არა, გამოუშვან. მე მაგალითად არ მჯერა, რომ მათ ჩაიდინეს ის, რაშიც ადანაშაულებენ. ფოტოგრაფი ვარ და დღეს-ხვალ იგივე მეც და ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გაუკეთონ”.
მაკა ჯაიანი, ”მედია.გე”: ”აქ სოლიდარობის ნიშნად მოვედი და მოვითხოვ ამ საქმეს გრიფით საიდუმლო მოეხსნას, რადგან საუბარია მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და თუ მათ რაიმე გადაიღეს, ეს არის ფაქტი და სხვა არაფერი. ამიტომ ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ დაიმალოს სინამდვილეში რა და როგორ ხდება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რის გამო სხედან ეს ადამიანები აი, ამ შენობაში”.
ნოდარ ჩაჩუა, აჭარის ტელევიზია: ”მე ამ შემთხვევაში აქციას ვაშუქებ. დაკავებულ ფოტორეპორტიორებს ვიცნობდი; პირადად ჩემთვის შემაშფოთებელია ის ამბავი, რაც გავიგე. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ოფიციალურად ბრალის წაყენების ფაქტს ველოდები. კარგი იქნება თუ ამ საქმეს გრიფით საიდუმლო აღარ დაედება, რითაც საზოგადოება გაიგებს რეალურად რა მოხდა”.
მაგდა მემანიშვილი, სტუდია ”მონიტორი”: ”დაკავებულებიდან სამს შორიდან ვიცნობდი, ხოლო ზურაბ ქურციკიძესთან ერთად, გაზეთ ”ხვალინდელ დღეში” ერთი წელი ვმუშაობდი. აგენტობაზე საუბარი სისულელედ მიმაჩნია - როგორ შეიძლება ”ასოშეიტედ პრესის” და ევროპის სააგენტოს პოტორეპორტიორს ხელი მიუწვდებოდეს სახელმწიფო საიდუმლოებაზე?! ხომ ხედავთ რა გაძლიერებულია სამთავრობო დაცვა?! მიხეილ სააკაშვილი ყავას, რომ სვამს, ქუჩები იკეტება და ვინ მიუშვებს ჩვეულებრივ ფოტორეპორტიორს (გინდაც საერთაშორისო სააგენტოზე მუშაობდეს) საიდუმლო ინფორმაციასთან? ეს ხომ აბსურდია?!
დიდი და სავსებით ლეგიტიმური ეჭვი მაქვს (და არა მარტო მე, არამედ უამრავ ადამიანს), რომ ეს ადამიანები (განსაკუთრებით ზურაბ ქურციკიძე) სავარაუდოდ იმიტომ არიან დაკავებულები, რომ მათი ფოტოებით შეიტყო უცხოეთმა უამრავი ცუდი რამ, რაც საქართველოში ხდებოდა და რაც არახელსაყრელი კუთხით წარმოაჩენდა ხელისუფლებას - მაგალითად, 26 მაისს ზურამ გადაიღო: უამრავი ხელფეხშებორკილი ადამიანი და ცემისგან უგონოდ მყოფი, რომელზეც ამბობენ, რომ გარდაცვლილის კადრია.
სადღაც წავიკითხე,ზურაბ ქურციკიძეს 2004 წლიდან ვაკვირდებოდითო და დააკვირდებოდნენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში 2004 წლის შემდეგ მოხდა უამრავი ცუდი რამ, იგივე 7 ნოემბერი, აგვისტოს ომი, სადაც ზურა იყო და კადრებს იღებდა. სხვათა შორის, აგვისტოს ომის ცნობილი კადრი - დასისხლიანებული ქალი დანგრეულ შენობებში, გია აბდალაძის გადაღებულია. მოვითხოვ ერთ რამეს - ეს ადამიანები გაუშვან და თუ არ უშვებენ, მაშინ წარმოგვიდგინონ დადასტურებული ინფორმაცია, უტყუარი ფაქტები, რომ ისინი ჯაშუშები არიან”.
მალხაზ ჭკადუა, მედიასახლი ”პალიტრა”: ”როგორც მოქალაქეს, როგორც მათ კოლეგას მაინტერესებს ზუსტი მიზეზები, კონკრეტიკა, თუ რის გამო მოხდა ამ ადამიანების დაკავება, კონკრეტულად რაში ადანაშაულებენ - ზოგადი განცხადებები არავისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი”.
მაკა ჩიხლაძე, ”რეალტივი”: ”აქ აქციის გასაშუქებლად მოვედი. პირადად მე გამოძიების დასრულებამდე ალბათ, არანაირი პოზიცია არ მექნება. გრიფით საიდუმლო, რომ დაედო ეს მომწონს თუ არა? - რა ჩემი საქმეა? მე არც გამომძიებელი ვარ და არც სამართალდამცველი. გამოძიების შემდეგ შეიძლება რამეზე ვილაპარაკოთ”.
თეა სიჭინავა, ტელეკომპანია ”მაესტრო”: ”მაინტერესებს ამ ქვეყანაში ჯაშუშობად რა ითვლება. ამ ადამიანებს ვიცნობ - წლების განმავლობაში, ასე თუ ისე ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა, გადაღებებზე, როცა ვხვდებოდით. მართალია, ეს იმის დასკვნის საშუალებას არ იძლევა, ვინმე ჯაშუშია თუ არა, მაგრამ მაინტერესებს რა მოქმედებები ჩაატარეს ამ ადამიანებმა, იმისთვის, რომ ეს ითვლება ჯაშუშობად. არ მაკმაყოფილებს ის ზეპირი განცხადება, რომ რაღაც ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს. ვის გადასცეს? რომელი ღონისძიებების ინფორმაცია გადასცეს? რა ფოტოები იყო გადაცემული? ამასთან, მხოლოდ რიგით ჟურნალისტებზე არ არის საუბარი - მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოკორესპონდენტია დაკავებული. თუ ასე ადვილია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯაშუშების შეღწევა, საერთოდ აღარ ვიცი რაზე უნდა ვილაპარაკოთ”.
ალეკო ელისაშვილი, ტელეკომპანია ”კავკასია”: ”მე ერთის მხრივ სოლიდარობას ვუცხადებ ამ ხალხს, დაკავებულები უნდა გაათავისუფლონ და მეორეს მხრივ, ვაპროტესტებ იმ სიბნელეს, რომელშიც უნდათ, რომ გვაცხოვრონ. მეორე დღეა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გარდა არაფერი გვესმის. დილით შსს-ს მიერ თქმულის საპირისპირო განცხადება გააკეთა მანანა მანჯგალაძემ - შსს ამბობდა, რომ ფოტოებს გზავნიდნენ; მანანა მანჯგალაძე გვიმტკიცებს, რომ განრიგს გადასცემდნენო და რომელს ვენდოთ? სად არის მტკიცებულება? ამ ბოდვის იქით სადმე მტკიცებულება დევს? გვაჩვენონ მტკიცებულება და შეიძლება ხელები ავწიოთ და ვთქვათ - კიდევ დიდხანს ჩასვით ციხეში-თქო.
ძალიან კარგად მახსოვს, გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ”სვანური კვალი”, რომ იკვეთებოდა და გამოიკვეთა? - აი, ასეთ ხელისუფლებას რატომ უნდა ვენდო და არ ვენდო ხალხს, რომელსაც 15 წელია ვიცნობ და ვიცი, რომ წესიერი და პატიოსანი ადამიანები არიან?! გვაჩვენონ მტკიცებულება და საზოგადოების წინაშე ძალიან გრძელი ბოდიში მოიხადონ”.
ნანა ლეჟავა, სტუდია ”ჯიენესი”: ”ეს საქმე ძალიან ჰგავს აი, ამ უწყების მიერ შესრულებულ იმ სულელურ საქმეებს, რომლებიც დღემდე გვინახავს. ჯაშუშომანია უკვე პარანოიაშია გადასული, რაც სამარცხვინოა. აქამდე, რაღაც მომენტებში ალბათ, ყველას გვეცინებოდა, მაგრამ როდესაც ჩვენი კოლეგების კარამდე მივიდნენ, აღარ გვეცინება - ეს უკვე ძალიან საშიშია! გვითხრან რაში ედებათ ბრალი, გაგვაგებინონ რაშია საქმე. თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, მასალები დადონ და მერე უკვე ჩვენ შევაფასებთ, თორემ, ამ წუთში, სულელური განცხადებების ფონზე მე მათი არ მჯერა”.
გოჩა ჯელია, მედია-კავშირი ”ობიექტივი”: ”ჩვენმა მედიასაშუალებამ 7 ივლისს განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც მოვითხოვთ დაკავებულების საქმე გამჭირვალე გახდეს. ფოტორეპორტიორების საქმეზე გრიფით საიდუმლოს დადება გაკვირვებას იწვევს, იმ ფონზე, როცა მაგალითად ”ენვერის” შემთხვევაში, სასამართლომდე სერიალები წარმოადგინეს - ძალიან სასწრაფოდ ხდებოდა საზოგადოებრივი აზრის დამუშავება. ამ კონკერეტულ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ აქვთ სამუშაო იმისთვის, რომ ბრალდებები დამაჯერებელი იყოს.
ამასთან, ჩემი აზრით, ფოტორეპორტიორების დაკავებით ცდილობენ გადაფარონ საზოგადოებაში დაგროვილი ის პროტესტი, რაც რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებულმა კანონმა გამოიწვია. ამ მხრივ მიზანს მიაღწიეს კიდეც - მედიის ძალიან დიდი ნაწილია მობილიზებული ჩვენი კოლეგების დაცვის საკითხით”.
როზი ჯღამაია, ”პრესაგე.ტვ”: ”დღეს ჩვენ სხვა არაფერი შეგვიძლია, თუ არა, რაიმე სახით სოლიდარობა გამოვხატოთ ამ ადამიანების მიმართ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ძალიან ცოტანი ვართ და სამწუხაროა, რომ ვერა და ვერ ვისწავლეთ ერთად დგომა, რათა ხელისუფლებას ჩვენი ძალა დავანახოთ. რატომ არ იღებენ ხმას ნაციონალური არხების ჟურნალისტები? რას ელოდებიან, იმას, რომ ერთ დღეს ხელისუფლება მათაც საშიშად ჩათვლის და სახლში მიაკითხავს? მე არ ვიცი რა ჰქვია ამ ყველაფერს, საერთოდ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რატომ ვაბედინებთ ამდენს ამ ერთი მუჭა ყაჩაღების ჯგუფს? როდემდე უნდა იმართებოდეს ეს ქვეყანა შეშლილი ადამიანის ხუშტურებით? არ მჯერა ხელისუფლების მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსიის, რადგან აქამდე თეთრი ძაფით ნაკერი უამრავი მსგავსი საქმე ვნახეთ”.
დიტო ტიკარაძე, ”ალია ჰოლდინგის” პასუხისმგებელი რედაქტორი: ”ეს იყო სოლიდარობის აქცია, რომ საქმეს მოეხსნას გრიფით საიდუმლო და გვითხრან ეს ადამიანები კონკრეტულად რომელი ქვეყნის რომელ სპეცსამსახურებს გადასცემდნენ ინფორმაციას და რა სახის იყო ეს ინფორმაცია. ამის დამადასტურებელ ფაქტებს თუ ვერ წარმოგვიდგენენ, მაშინ ეს ადამიანები გაათავისუფლონ”.
”ალია ჰოლდინგის” საგანგებო განცხადებაზე ხელმოწერების შეგროვება მოდულის შენობასთან გამართულ აქციაზე დაიწყო. ჩვენ სრულად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:
”ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებს შორის, ერთ-ერთი - გიორგი აბდალაძე, ”ალია-ჰოლდინგის” ფოტოკორესპონდენტია. შსს-მ საქმეს ”გრიფით საიდუმლო” მიანიჭა და არც ჩვენ და არც საზოგადოებამ არაფერი ვიცით, კონკრეტულად რომელი სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და რა სახის ინფორმაციის გადაცემაში სდებენ ბრალს დაკავებულებს. სისხლის სამართლის 314-ე მუხლი, რომლითაც 8-დან 12 წლამდე უპირებენ დასჯას ფოტორეპორტიორებს, აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაურკვეველია:
”უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის, ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის, ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა”.
წარმოუდგენელია, დაკავებულებს ჰქონოდათ ისეთი ინფორმაცია, რომელიც დღევანდელი ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ხელმიუწვდომელია. თუ საქმე ეხება ინფორმაციის მოპოვებას და გავრცელებას, ეს ყველა ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა... მოვითხოვთ, დასაბუთებულად განგვიმარტონ, კონკრეტულად რაში ედებათ ბრალი დაკავებულებს, საქმეს მოეხსნას გრიფით ”საიდუმლო”.
გიორგი აბდალაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მან, ადვოკატების მეშვეობით გვაცნობა, რომ არასოდეს ჩაუდენია თავისი ქვეყნისთვის საზიანო საქციელი. მისი თქმით, ხელისუფლების ეს ქმედება მიმართულია მისი, როგორც ფოტოკორესპონდენტის წინააღმდეგ კამპანიად და თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას - მშრალ შიმშილობას.
”ალია-ჰოლდინგი” მოუწოდებს ყველა ფოტორეპორტიორს, ჟურნალისტს, ყველა ქართულ და მსოფლიო მედიასაშუალებას, სახალხო დამცველს, დემოკრატიის დამცველი ქვეყნების საელჩოებს, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, არასამთავრობოებს და ყველა მოქალაქეს, გამოხატონ სოლიდარობა და შემოგვიერთდნენ”.