[მანანა ნოზაძე]
„არჩევნებს იგებს მილიონი ხმა და არა მილიონი ლარი. ჩვენი ამოცანაა მილიონი ხმა, რათა ერთობლივი ძალით შევაცვლევინოთ სააკაშვილს თამაშის წესების პირობები“, - აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ვერის პარკში მდებარე კალათბურთის სასახლეში ოპოზიციური „ექვსეულისა“ და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრისას და დასძინა -„პოლიტიკოსებმა მოქალაქეებს გავუცრუეთ იმედი. სამწუხაროდ, ოპოზიცია წლების მანძილზე დაკავებული იყო უფრო საკუთარ ინტერესებზე ზრუნვით და თვითგადარჩენით, ვიდრე საერთო საყრდენის პოვნით“.
აუტანელი სიცხის მიუხედავად, კალათბურთის დარბაზი დამსწრე საზოგადოებას ვერ იტევდა. ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა სიცხისგან გათანგული ხალხის ხელში მარაოების დანახვისას იხუმრა კიდეც: „ჩემთვის მოულოდნელი ხედი გადაიშალა, თქვენი შემყურე, აზრი დამებადა, თითქოს დღეს იყოს დასაბამი „მშვიდობიანი მარაოების რევოლუციის“.
ექვსეულისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა სფეროს არაერთი მოღვაწე ესწრებოდა, საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რასაც დამსწრენი ფეხზე ადგომით შეხვდნენ.
დღესვე ირაკლი ალასანიამ ოპოზიციური ექვსეულის სახელით რამდენიმე ახალი ინიციატივა გაახმაურა. კერძოდ, ოპოზიციურ „ექვსიანში“ შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკური კოალიცია - „თავისუფალი არჩევანი“ ჩამოაყალიბეს. კოალიციაში „თავისუფალი დემოკრატები“, „ხალხის პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „საქართველოს გზა“, „კონსერვატიული პარტია“ და „რესპუბლიკური პარტია“ გაერთიანდნენ.
ალასანიას თქმით, ახალი პოლიტიკური კოალიცია ახლად ჩამოყალიბებულ სამოქალაქო ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფალი არჩევანისთვის“ კოორდინირებულად იმოქმედებს. კოალიცია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს, რათა არჩევნების გზით შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლება, შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ქვეყანაში დასრულდეს პოსტსაბჭოური ნეობოლშევიზმის ეპოქა, დამკვიდრდეს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მრავალპარტიული დემოკრატია და უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. კოორდინირებული მოქმედებები კი გულისხმობს ბრძოლას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური უფლებებისთვის.
ირაკლი ალასანიამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ სამომავლოდ, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. უახლოეს დღებში კი კოალიციის წევრები უფლებადამცველ თუ მედიის თავისუფლებისთვის მომუშავე სექტორს შეხვდებიან.
ამავდროულად, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა მეორე ინიციატივაც გაახმაურა: კერძოდ, დღეიდან მთელ საქართველოში სამართლიანი არჩევანისთვის ბრძოლის ფართომასშტაბიანი კამპანია - „მახსოვს“ დაიწყო.
ალასანიას თქმით, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, თუ როგორი იყო საქართველო ისტორიულად, რას აღწევდნენ ჩვენი წინაპრები ერთიანობით, როცა ურიცხვ მტერს უმკლავდებოდნენ. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, თუ რა სახე აქვს ამ ხელისუფლებას.
„ეს არის სახე, რომელიც 7 წლის განმავლობაში ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით მოსულ ხელისუფლებას აქვს. ეს არის სახე, რომელმაც დაგვაკარგინა ტერიტორიები, კოდორი, ახალგორი, ათობით ათასობით მოქალაქე დევნილი გახადა. უნდა გვახსოვდეს დაპირება, რომლითაც მოვიდა ეს ხელისუფლება, მაგრამ სანაცვლოდ მივიღეთ, რომ 50 %-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე უმუშევარია“, - აღნიშნა ალასანიამ.
კამპანია „მახსოვს“ საპარლამენტო არჩევნებამდე გასტანს და ინფორმაციის გავრცელების ყველა შესაძლო საშუალებით განხორციელდება. მათ შორის, პლაკატებით, სატელეფონო გზავნილებით, სოციალური მედიით, რგოლებით, საგაზეთო სტატიებითა და ბროშურებით. კამპანიაში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები, პედაგოგები, უმუშევრები, დევნილები, ვეტერანები, პენსიონერები, ექსპერტები, უცხოეთში გადახვეწილები, უფლებადამცველები და სხვა პროფესიული თუ სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები ხელისუფლებას და ჩვენს თანამოქალაქეებს ყოველდღიურად შეახსენებენ, თუ რისი დავიწყება არ შეიძლება და რატომაა საჭირო უკეთესი ხელისუფლება.
ოპოზიციური „ექვსეული“ დარწმუნებულია, რომ ახლადჩამოყალიბებულ პოლიტიკურ კოალიციაში პარტიების უფრო მჭიდრო თანამშრომლობა იქნება შესაძლებელი, ვიდრე ეს თავის დროზე „რვიანის“ ფორმატში ხდებოდა. თუმცა, ეს კოალიცია ერთიან საარჩევნო ბლოკს სულაც არ ნიშნავს.
ალასანიამ კიდევ ერთხელ ახსენა მედიის თავისუფლება და დასძინა, რომ სიმართლე თითოეულ ოჯახამდე მიტანილი არაა. ამდენად, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გაუმკლავდება პროპაგანდისტულ მანქანას.
ტრიბუნაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ჯერ სათანადოდ არ დამთბარა. თუმცა ეს დრო დადგება და მათ მალე დაცხებათ.
მისი თქმით, ხელისუფლებას სურდა, ოპოზიციისთვის დეკორაციის ფუნქცია მიენიჭებინა, მაგრამ ოპოზიცია დეკორაცია სულაც არაა.
„ჩვენ გვახსოვს, რისთვის ვიბრძოდით ეროვნული მოძრაობის დროს. ახლა კი არ გვინდა საბჭოური სუკის ეროვნული კუდით ჩანაცვლება. უნდა გამოვაფხიზლოთ თანამემამულეები, რომლებიც პროპაგანდის ტყვეები არიან“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მართალია, „ქართული აკადემიის“ წევრმა თემურ ნანეიშვილმა სცენაზე ასვლისას კიბეზე წაიბორძიკა, მაგრამ არ დაბნეულა და უნებური შებორძიკება სამომავლო წინააღმდეგობის დაძლევის წინაპირობად აღიქვა.
„სამშობლოს სიყვარულს კლიმატი არ უნდა განსაზღვრავდეს. თბილისის კოლორიტ ნიაზ დიასამიძეს უთქვამს, მეგობრობა „კრუგლოსუტოჩნიაო“.
თემურ ნანეიშვილმა არ დაფარა, რომ აქამდე ხელისუფლებისთვის გაწეული წინააღმდეგობა სულაც არ იყო ის ბრძოლა, რაც ქართველ ხალხს სჭირდებოდა. მანვე მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა ახლადშექმნილ კოალიციას, რადგან საქვეყნო საქმე კაბინეტში ჯდომით არ კეთდება. ნანეიშვილმა პოლიტიკური „რვიანიდან“ ორი პარტიის გასვლას კრისტალიზაცია უწოდა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ დანარჩენმა პარტიებმა ხელისუფლებისგან გადმოგდებული ძვლის მიღებას მაქსიმუმისთვის ბრძოლა არჩიეს.
„საზოგადოება თამაშგარე მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩნდეს. თუ ამ გზას გადაუხვიეთ, როგორი რეაქციაც გვქონდა აქამდე მათ მიმართ, ვინც გვიღალატა, თქვენდამიც ასეთი რეაქცია გვექნება. ძალიან თუ გიყვარს ადამიანი, თუ ის გიღალატებს, ყველაზე მეტად ის შეგძულდება. ეს უნდა იყოს რევოლუციური შემართებით არჩევნებისთვის ბრძოლა - აქციებით, მანიფესტაციებით. მაგიდასთან მოსვლა ხელისუფლებას არ უნდა ვეხვეწოთ, პირიქით, აქეთ უნდა ვახვეწნინოთ. „რადიკალებს“ რომ ეძახიან, ისინიც აქ უნდა მოვიდნენ,“ - აღნიშნა ნანეიშვილმა.
„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური თემურ ნანეიშვილის მოწოდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კოალიცია არსად გადახვევას არ აპირებს.
„მილიონი კაცის ჩართვა ბრძოლაში ძალზე ამბიციურია. ვინაა ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილი? ის არის ჩვენი განსაცდელი, რომ ბრძოლა ვისწავლოთ და ეს დაბრკოლება გადავლახოთ. რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეთ, ჯარი და პოლიცია ჰყავდეთ, ჩვენ მხარს გვიჭერს ქართველი ხალხი. ისეთ მდგომარეობაში ჩავაგდებთ ხელისუფლებას, ყელგამოწეული გვეხვეწებოდეს, მოდით და იქნებ დავილაპარაკოთო. გამარჯვება, მომწყურდა, გამარჯვება,“ - ასეთი პათოსით დაასრულა გამოსვლა ძიძიგურმა.
ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა გულახდილობით განაცხადა: „ამ გავსებულ დარბაზში ექვსი მასპინძლის ნაცვლად რვა რომ დაგვხვედროდა, შესაძლოა, სუნთქვაც ვერ მოგვეხერხებინა“, და შემდეგ ამერიკის პრეზდენტის აბრაამ ლინკოლნის სიტყვები მოიშველია: „საარჩევნო ბიულეტენი ტყვიაზე უფრო ძლიერია“.
„ეს გაცნობიერებული აქვს ამერიკაში განათლებამიღებულ ჩვენს ხელისუფლებას, ამიტომაც აბუჩად იგდებს საარჩევნო გარემოს და ამძიმებს სიტუაციას“, - დასძინა ცისკარიშვილმა.
მხატვარ ნიკუშა შენგელაიას თქმით, მთავარია, მოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის არჩევნებზე მისვლის სურვილი გაუჩნდეთ. თუ ადამიანები არჩევნებზე არ წავლენ და ამ ნაბიჯით საკუთარ თავს პატივს არ სცემენ, მაშინ მათ არცერთი ხელისუფლება პატივს არ სცემს.
„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი დიქტატურა ხალხის გაჭირვებით საზრდოობს. სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან მიმართებით ხელისუფლება მოსყიდვისა და გადაბირების მეთოდს იყენებს. შესაბამისად, მოსყიდული ადამიანი თავისუფალი არჩევნებისთვის ვერ იბრძვის. ამდენად, დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უნდა შეძლოს ამ ხალხის სახით საყრდენი გამოაცალოს რეჟიმს და ამ ადამიანებს საარსებო სახსრები გაუჩინოს.
მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაზემ აღნიშნა, რომ საზოგადოება ბრძოლით კი არა, იმედგაცრუებით, მუდმივი ღალატით დაიღალა. მისივე თქმით, არაფერს ნიშნავს ის ფაქტი, რომ ოპოზიციურ „რვიანს“ ორი სუბიექტი გამოაკლდა. იმ შემთხვევაში, თუ „ექვსიანიც“ ოთხიანი გახდება, არც ეს იქნება ტრაგედია, რადგან სჯობს იყოს ნამდვილი „ოთხიანი“, ვიდრე ხელოვნურად შეკრული გაერთიანება.
გუბაზ სანიკიძემ არჩევნებში გამარჯვების ფორმულა გააცნო საზოგადოებას. „ეს გახლავთ სწორი არჩევანი, სწორად ჩამოყალიბებული მოთხოვნები, რაც ქვეყნის გარეთ არსებულ მხარდაჭერასაც გულისხმობს, პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილის გაერთიანება ამ მოთხოვნების გარშემო და უმთავრესი, რაც ამ სამს განაპირობებს, - ქართველი ხალხის ნება.
სანიკიძის თქმით, თავის დროზე ეროვნულმა მოძრაობამ ზეამოცანას მიაღწია, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა არჩევნების გზით შეძლო. დღესაც ზეამოცანა გვჭირდება - თავისუფალი ქართველი ხალხის სახით.
„როდის იყო, ჩვენი ერი წარმატებას აღწევდა? დავითს და თამარს ზეამოცანა ჰქონდათ. ყველას მოგიწოდებთ უსისხლო დიდგორისკენ!“ ჩვენი წილი დიდგორი უნდა ვაშენოთ. ეჭვები იმ ბრძოლაშიც იყო, მაგრამ დავითმა გადაწყვიტა - უკანდასახევი ჩახერგა. თითოეულმა ჩვენგანმა უკანდასახევი უნდა ჩახერგოს“, - აღნიშნა სანიკიძემ.
მისი თქმით, 2012 წელს ქართველი ხალხი, ან იმარჯვებს და უშვებს სინგაპურულ ხელისუფლებას, ან არადა, სააკაშვილი ხელისუფლებაში ისე დიდი ხნით დარჩება, რომ შეიძლება ვერც მოვესწროთ მის წასვლას.