[მერაბ ბრეგაძე]
პოლიტიკურმა „ექვსიანმა“ პოლიტიკური კოალიცია „თავისუფალი არჩევანი“ შექმნა. კოალიცია სამართლიანი არჩევანისათვის ბრძოლას სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ თანამონაწილეობით გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება „ექვსიანის“ ლიდერებმა დღეს კალათბურთის სასახლეში სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრაზე გაახმაურეს. ამასთან, მათ პირობა დადეს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მრავალპარტიულ უმრავლესობას ჩამოაყალიბებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძირითადი პოლიტიკური პოსტულატი - ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს - უცვლელი რჩება. ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა უცვლელი ვერ იქნება. დღეიდან ჩვენი ამოცანა საარჩევნო გარემოს მილიონი მოქალაქის აქტიური სამოქალაქო პოზიციით შეცვლაა. თუ დღემდე მხოლოდ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად ვიყავით გაერთიანებული, დღეიდან საარსებო გარემოს შესაცვლელადაც ვერთიანდებით. დღეიდან ვალდებულები ვართ, ძალისხმევა ხელისუფლების შესაცვლელად გავაერთიანოთ.
თუ აქამდე ჩვენი თვალსაწიერი პოლიტიკური არჩევნების სამართლიანად ჩატარებით შემოიფარგლებოდა, დღეიდან ჩვენი ამოცანა კოალიციური საპარლამენტო უმრავლესობის უზრუნველყოფაა. კოალიცია პოლიტიკურ პასუხისმგებლობა იღებს, დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალოს და ქვეყანაში პოსტსაბჭოური ნეობოლშევიზმის ეპოქა დაასრულოს.
ამასთან, საარჩევნო კონფიგურაციისა და საარჩევნო ბლოკის თუ ბლოკების საკითხები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, რაც საკანონმდებლო და საარჩევნო გარემოს ძირითადი კონტურები გამოიკვეთება“, - ნათქვამია „ექვსიანის“ განცხადებაში.
ამასთან, „ექვსიანი“ აღნიშნავს, რომ თავისუფალი არჩევანისთვის სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში მზად არის თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც გაცხადებულ ხედვებსა და პოზიციებს იზიარებს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, პოლიტიკური კოალიცია „თავისუფალი არჩევანისათვის“ რამდენიმე საყურადღებო ინიციატივა აქვს. მისი თქმით, დაიწყო ეროვნული მასშტაბის კამპანია „მახსოვს“, რომელიც ყოველი მოქალაქისთვის აშკარას გახდის მოძალადე ხელისუფლების ჭეშმარიტ სახეს.
„კამპანია „მახსოვს“ საპარლამენტო არჩევნებამდე გასტანს და განხორციელდება ინფორმაციის გავრცელების ყველა შესაძლო საშუალებით. მათ შორის პლაკატებით, სატელეფონო გზავნილებით, სოციალური მედიით, რგოლებით, საგაზეთო სტატიებითა და ბროშურებით.
კამპანიაში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები, პედაგოგები, უმუშევრები, დევნილები, ვეტერანები, პენსიონერები, ექსპერტები, უცხოეთში გადახვეწილები, უფლებადამცველები და სხვა პროფესიული თუ სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები ხელისუფლებას და ჩვენს თანამოქალაქეებს ყოველდღიურად შეახსენებენ, თუ რისი დავიწყება არ შეიძლება და რატომაა საჭირო უკეთესი ხელისუფლება“, – აღნიშნა ალასანიამ და დასძინა, რომ სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში ასევე იწყება სათანადო კვალიფიკაციის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მიერ მასშტაბური საზოგადოებრივ მონიტორინგის განხორციელებას ხელისუფლების იმ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე.
გარდა ამისა, დაგეგმილია აქტიური პოზიციების მქონე მოქალაქეების პოლიტიკური რეპრესიებისაგან დაცვის ქმედითი სისტემის ამოქმედება, რაც მოიცავს მათთვის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფასა და საერთაშორისო ორგანიზაციებამდე ყოველი ასეთი ფაქტის დროულ მიტანას.
„დარწმუნებული ვარ, სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში დაიბადება და განხორციელდება მრავალი სხვა ინიციატივაც, რომლებიც ხელს შეუწყობს მოქალაქეების მიერ თავისუფალი და ინფორმირებული არჩევნების გაკეთებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში“, – აცხადებს ალასანია.
თავის მხრივ, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „არჩევნებს იგებს მილიონი ამომრჩეველი და არა მილიონი ლარი“. მისი თქმით, თავისუფალი არჩევნებისთვის ბრძოლაში ზოგიერთ მათ კოლეგას ნერვებმა უმტყუნა და შანტაჟის გამო ხელისუფლებას შეუთანხმდა.
უსუფაშვილის თქმით, მათ შეთანხმება დადეს იმ მინიმუმზე, რომელიც უზრუნველყოფდა კვლავ მმართველი გუნდის კონსტიტუციურ უმრავლესობას და ოპოზიციას მხოლოდ დეკორაციის ფუნქცია ექნებოდა:
„როგორი ფორმითაც დღემდე ვაწარმოებდით ბრძოლას, ასე აღარ შეიძლება. არჩევნებს იგებს მილიონი ამომრჩეველი და არა მილიონი ლარი. ჩვენ ვისახავთ ამბიციურ ამოცანას. ფეხზე დავაყენოთ მილიონი მოქალაქე.
ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. დღითიდღე მდგომარეობა უარესდება. ახლა ფოტოგრაფებიც ჯაშუშური ქსელის მონაწილეები არიან. ჩვენ მხოლოდ საარჩევნო თემატიკით ვეღარ შემოვიფარგლებით. ახლა უკვე საარსებო გარემოს გასაუმჯობესებლად ვიწყებთ ბრძოლას“.
უსუფაშვილის თქმით, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების ექსკლუზიური ასპარეზი და მნიშვნელოვანია მასში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა:
„სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში უკვე დაიბადა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები. მნიშვნელოვანია ერთმანეთი დავიცვათ პოლიტიკური რეპრესიებისგან. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს. ქვეყანაში ჩატარდება არჩევნები და შეიცვლება ხელისუფლება. თქვენი იმედით ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე“.
როგორც „ექვსიანში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, პოლიტიკური კოალიცია „თავისუფალი არჩევანი“ გულისხმობს პარტიების უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, ვიდრე ეს თავის დროზე „რვიანის“ ფორმატში ხდებოდა. თუმცა, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განმარტა, პოლიტიკური კოალიციის შექმნა ერთიან საარჩევნო ბლოკს არ ნიშნავს.