„ექვსიანის“ განცხადება

„ექვსიანის“ განცხადება

ჩვენ 2010 წლის ოქტომბერში საზოგადოებას გავაცანით საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი რეფორმების კომპლექსური გეგმა და ხელისუფლებას შევთავაზეთ დიალოგის გამართვა ამ საკითხებზე. ჩვენი, საკმაოდ განსხვავებული იდეოლოგიისა და ხედვების მქონე პოლიტიკური პარტიების, „რვიანად“ წოდებული გაერთიანება განაპირობა აღნიშნული საკითხის განსაკუთრებულმა სახელმწიფოებრივმა მნიშვნელობამ.  

დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის 20 წლის განმავლობაში, 20-მდე ეროვნული მასშტაბის არჩევნების ჩატარების მიუხედავად, საქართველო ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა საარჩევნო დემოკრატიად და ქვეყანაში დღემდე არ შექმნილა თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი. ამ ტრადიციის გაგრძელება კი მხოლოდ უარესობისკენ ცვლის ხელისუფლებებს.

2011 წლის ივნისში, მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ხელისუფლება საერთაშორისო ზეწოლით იძულებული ხდებოდა საერთო ენა გამოენახა ოპოზიციასთან და როდესაც ერთიანი პოზიციების კიდევ ორიოდე თვით შენარჩუნებით ჩვენ შეგვეძლო მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა, ზოგმა ჩვენმა კოლეგამ ვერ გაუძლო შანტაჟს, ბრძოლა შეწყვიტა და ხელისუფლებას მინიმალური დათმობების პაკეტზე შეუთანხმდა. ჩვენ შეუძლებლად ჩავთვალეთ ამ გზით სიარული, ვინაიდან იგი კვლავ მიგვიყვანდა ერთპარტიულ პარლამენტამდე, რომელშიც მცირერიცხოვან ოპოზიციას მხოლოდ საპატიო დეკორაციის ფუნქცია აკისრია.

ახალმა ვითარებამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. მიუხედავად იმისა, რომ უცვლელი რჩება ჩვენი ძირითადი პოლიტიკური პოსტულატი – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით – უცვლელი ვერ დარჩება ჩვენი პოლიტიკური სტრატეგია და ტაქტიკა: 

თუ დღემდე საარჩევნო გარემოს შესაცვლელად სწორი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღწევას ვცდილობდით, დღეიდან ჩვენი ამოცანა ხდება საარჩევნო გარემოს შეცვლა მილიონი მოქალაქის აქტიური სამოქალაქო პოზიციითაც. თუ დღემდე ჩვენ მხოლოდ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად ვიყავით გაერთიანებული, დღეიდან ვერთიანდებით საარსებო გარემოს შესაცვლელადაც. თუ დღემდე ჩვენ გვქონდა საშუალება მხოლოდ საარჩევნო საკითხებზე გაგვეერთიანებინა ჩვენი ძალისხმევა, დღეიდან ჩვენ ვალდებულნი ვართ ძალისხმევა გავაერთიანოთ ხელისუფლების შესაცვლელად. თუ დღემდე ჩვენი ერთობლივი პოლიტიკური თვალსაწიერი შემოიფარგლებოდა სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, დღეიდან ჩვენი ამოცანაა კოალიციური საპარლამენტო უმრავლესობის უზრუნველყოფა.  

ახალი მიზნები და ამოცანები მოითხოვს პარტიებს შორის ინტეგრაციის უფრო მაღალ ხარისხს. ამიტომ ჩვენ, ექვსი პოლიტიკური პარტია (ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა და ხალხის პარტია) ვერთიანდებით პოლიტიკურ კოალიციაში „თავისუფალი არჩევანი“. კოალიცია იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, არჩევნების გზით შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლება, შექმნას კოალიციური მთავრობა, ქვეყანაში დაასრულოს პოსტსაბჭოური ნეობოლშევიზმის ეპოქა, დაამკვიდროს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მრავალპარტიული დემოკრატია და უზრუნველყოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია.

ჩვენ დღეიდან ვიწყებთ მომავალი საპარლამენტო კოალიციის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პლატფორმების მომზადებას და მზად ვართ გონივრული კომპრომისებისთვის იდეოლოგიურ საკითხებზე. ამასთანავე, საარჩევნო კონფიგურაციისა და საარჩევნო ბლოკის (თუ ბლოკების) საკითხები, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები, დღის წესრიგში დადგება მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება საკანონმდებლო და სამოქალაქო საარჩევნო გარემოს ძირითადი კონტურები.  

არჩევნებს იგებს მილიონი ხმა და არა მილიონი ლარი. საარჩევნო გარემოს მთავარი შემადგენელია თავისუფალი არჩევანისა და საკუთარი ხმის დასაცავად მებრძოლი ამომრჩეველი. ჩვენ ფეხზე დავაყენებთ საკუთარი თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, კეთილდღეობისთვის მებრძოლ მილიონ საქართველოს მოქალაქეს, რომლებსაც უგუნურმა ხელისუფლებამ პოლიტიკური უფლებები აჰყარა და სიღატაკისთვის გაწირა. ამ მიზნით, ჩვენ შევხვდებით საქართველოს ყოველ მოქალაქეს და შევთავაზებთ თანამონაწილეობას თავისუფალი და ღირსეული მომავლისათვის ბრძოლაში, იქნება ეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თუ საარსებო მინიმუმით ყველა ოჯახის უზრუნველყოფის საკითხები. 

თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის ბრძოლა თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საქმეა და არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ასპარეზი. ამიტომ, ჩვენ, „თავისუფალი არჩევანისათვის“ სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში, თანამშრომლობისთვის მზად ვართ ყველასთან, ვინც იზიარებს გაცხადებულ ხედვებსა და პოზიციებს. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფალი არჩევანისათვის არის დასახული მიზნის მისაღწევად პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ქმედებათა ერთობლიობა. ყველას, თვითეულ მოქალაქეს, შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საერთო საქმეში.

ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ ხელისუფლების რეპრესიულ და პროპაგანდისტულ მანქანას, რომელიც მრავალ ჩვენს თანამოქალაქეს აშანტაჟებს, თავგზას უბნევს და ხელისუფლების მორჩილ ხმის მიმცემად აქცევს. სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში უკვე გამოჩნდა რამდენიმე საყურადღებო ინიციატივა, მაგალითად:

დაიწყო ეროვნული მასშტაბის კამპანია „მახსოვს!“, რომელიც ყოველი მოქალაქისთვის აშკარას გახდის მატყუარა, მოძალადე, უსამართლო ხელისუფლების ჭეშმარიტ სახეს. კამპანია „მახსოვს!“ გასტანს საპარლამენტო არჩევნებამდე და განხორციელდება ინფორმაციის გავრცელების ყველა შესაძლო საშუალებით (პლაკატები, სატელეფონო გზავნილები, სოციალური ინტერნეტ მედია, ვიდეო რგოლები, სატელევიზიო გზავნილები, საგაზეთო სტატიები, ბროშურები და სხვ.). კამპანიაში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები, პედაგოგები, უმუშევრები, დევნილები, ვეტერანები, პენსიონერები, ექსპერტები, უცხოეთში გადახვეწილები, უფლებადამცველები და სხვა პროფესიული და სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები ხელისუფლებას და ჩვენს თანამოქალაქეებს ყოველდღიურად შეახსენებენ თუ რისი დავიწყება არ შეიძლება და რატომაა აუცილებელი უკეთესი ხელისუფლება.   

იწყება სათანადო კვალიფიკაციის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მიერ მასშტაბური საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება ხელისუფლების იმ ქმედებებზე და გადაწყვეტილებებზე, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე.  

დაგეგმილია აქტიური პოზიციების მქონე მოქლაქეების პოლიტიკური რეპრესიებისგან დაცვის ქმედითი სისტემის ამოქმედება, რაც მოიცავს მათთვის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფასა და საერთაშორისო ორგანიზაციებამდე ყოველი ასეთი ფაქტის დროულ მიტანას.  

დარწმუნებული ვართ, სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში დაიბადება და განხორციელდება მრავალი სხვა ინიციატივაც, რომლებიც ხელს შეუწყობს მოქალაქეების მიერ თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.  

ეროვნული ფორუმი 

თავისუფალი დემოკრატები 

კონსერვატიული პარტია 

რესპუბლიკური პარტია 

საქართველოს გზა 

ხალხის პარტია