"ისეთმა ხალხმა და ისეთმა გუნდმა დამასახელა, იმედია, არ გავამტყუნებ მათ ნდობას. აქედან გამომდინარე, გამარჯვების იმედიც მაქვს", - ამბობს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი.
"გიორგი მარგველაშვილს ყველა თვისება აქვს, კარგი პრეზიდენტი იყოს. ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო და იდეალური ვარიანტიც კი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის რომ გიორგი მარგველაშვილს ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა, ამის შესახებ "კვირის პალიტრა" ორი კვირის წინ წერდა.
ჩვენს გაზეთთან საუბრისას ირიბად დაადასტურა კიდეც, რომ მას კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილავდა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
ამბობენ, რომ ივანიშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად განგიხილავთ.
- მეც გავიგე და გამიკვირდა. წარმოდგენა არა მაქვს, საიდან მოიტანეს. პრემიერ-მინისტრის დავალებების შესრულება ჩემთვის იოლი არ არის. არ მინდოდა იმ ვალდებულების აღება, რომელმაც მხოლოდ პრობლემები მომიტანა. 20 წელი ვნატრობდი ასეთი ქვეყნის უბრალო მოქალაქეობას, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვყოფილიყავი, ეს ქვეყანა არ შემარგო.
მახსოვს, მინისტრობაც არ გინდოდათ, მაგრამ ივანიშვილმა დაგარწმუნათ, რომ ამ თანამდებობაზე წასულიყავით. რომ გითხრათ, პრეზიდენტად უნდა იყაროთ კენჭიო?
- 43 წლის ვარ, ბიძინა ჩემზე უფროსია, მაგრამ თავს მის მეგობრად ვთვლი. რთული განსაჭვრეტია, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ორი კაცი განიხილავს, რა არის გასაკეთებელი. საქართველოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც მეგობარი რაღაცას გეუბნება და რაღაცას ერთად გეგმავთ. რა მოხდება, რა ტიპის დისკუსია გვექნება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ ბიძინას სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს".
ზუსტად არ ვიცით, თუმცა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ტიპის დისკუსია იყო პრემიერსა და განათლების მინისტრს შორის, მაგრამ როგორც ვხედავთ, ბიძინა ივანიშვილმა ამჯერადაც მოახერხა გიორგი მარგველაშვილის დაყოლიება.
"კვირის პალიტრა" ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა:
ბატონო გიორგი, როდესაც ორი კვირის წინ გკითხეთ, - რას იზამთ, პრემიერმა რომ გითხრათ, პრეზიდენტად იყაროთ კენჭი-მეთქი, მიპასუხეთ: რა ტიპის დისკუსია გვექნება, ძნელი სათქმელიაო. რა არგუმენტებით შეძლო ივანიშვილმა თქვენი დათანხმება?
- ასეთ დროს დათანხმებაზე არ არის საქმე, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება, უპირველეს ყოვლისა, დიდი პატივია. რაც შეეხება დისკუსიებს, პრემიერთან, რა თქმა უნდა, განხილვები მიმდინარეობს, მაგრამ რა თემებზეა ლაპარაკი, სამწუხაროდ, ღიად ვერ ვისაუბრებ.
ახლა რას გრძნობთ, როდესაც სულ რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდით?
- ეს დიდი პატივი და დიდი რისკია. ერთი მხრივ, უნდა გაამართლო შენი გუნდის და მეორე მხრივ, ქართველი ამომრჩევლის იმედი. ამიტომაც ეს არის დიდი სიხარულიც და ძალიან დიდი დაძაბულობაც, რადგან ეს დიდი ვალდებულებაა.
როდესაც მინისტრად დაინიშნეთ, წუხდით, რომ ჩაცმულობაშიც კი შეიზღუდეთ. წინ მეტი შეზღუდვა გელით. ვიცი, რომ დღეს მძღოლიც კი არ გყავთ, მომავალში კი მძღოლიც გეყოლებათ და დაცვაც.
- ვინ გითხრათ? მძღოლი მართლაც არ მყავს... იმედი მაქვს, ამით დისკომფორტი არ შემექმნება.
კონკურენტებზე რას იტყვით?
- არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ კანდიდატურას სერიოზული კონკურენცია გაუწიოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ. მე ხომ ძლიერი პოლიტიკური გუნდის კანდიდატი ვარ.
წარმოგიდგენიათ, როგორი პრეზიდენტი იქნებით?
- ამდენი ჯერ არ მიფიქრია. ახლა ვფიქრობ იმ საქმეებზე, რაც გასაკეთებელია.
პრეზიდენტის პოსტზე რა ამოცანით მიხვალთ?
- იმ მიზნების განსახორციელებლად, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ვცდილობდით... მთავარია ქვეყნის დასტაბილურება.
ანუ თქვენი ამოცანა ისეთი კარგი ქვეყნის აშენებაა, რომელზეც ნატრობდით და ბიძინა ივანიშვილმა "არ შეგარგოთ"?
- ძალიან ვწუხვარ ამ ფრაზის გამო... იმ აზრით ვთქვი, რომ 20 წელიწადი ველოდი თავისუფალ ქვეყანას. მგონი, თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობა ძალიან კომფორტული მდგომარეობაა. ეს ვიგულისხმე მაშინ...
ეს იქნება დიდი ვალდებულება.
წარმატებას გისურვებთ ფრიად საპასუხისმგებლო საქმეში.
- გაიხარეთ, გმადლობთ!