8 ივლისს, ახლა უკვე „ექვსიანი“, ქართულ საზოგადოებასთან შეხვედრას მართავს. ალბათ ამ დღეს გამოიკვეთება კონტურება, რამდენად მაღალია საზოგადოების ინტერესი იმ ექვსი პოლიტიკური პარტიის სამოქმედო გზის მიმართ, რომელმაც უარი განაცხადა ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ სადეპუტატო მანდატებსა და მილიონ ლარზე.
ქართული საზოგადოებისა და არჩევნების გზით, ხელისუფლების შეცვლის მოსურნე პოლიტიკოსების შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გთავაზობთ ინტერვიუს „ეროვნული ფორუმის“ ლიდერთან კახა შარტავათან.
საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგის ფორმატი ხელისუფლებამ დასავლეთის ზეწოლით დაიწყო, თუმცა, ბოლოს ისე აირ-დაირია ყველაფერი, რომ მოდიალოგეთა მიმართ დიდი ოპტიმიზმი არ შეინიშნება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დასავლეთს პროცესზე ზეწოლისთვის საკმარისი ბერკეტები არ აღმოაჩნდა და თუ ეს ასეა, თქვენ რისი იმედი გაქვთ?
- რაც შეეხება ზეწოლის მექანიზმებს და რატომ შეიქმნა ასეთი პრობლემა, მე ვფიქრობ, ამ საკითხების გადაწყვეტა რეჟიმისთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობის. თუნდაც სიის დაზუსტება-გაწმენდა ნიშნავს იმას, რომ ასიათასობით მკვდარი სული უნდა გამოვლინდეს, რაც ფაქტობრივად ეჭვქვეშ აყენებს წინა არჩევნების შედეგებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ეჭვის პოლიტიკური საფუძველი გაჩნდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამის დათმობა და, საერთოდ, განხილვაც მათთვის პრობლემურია, ვინაიდან წინასწარ ჯიბეში ჩადებული გარანტირებული მაჟორიტარები და პლუს მანიპულაცია იმ პროპორციულ ნაწილში, რომელშიც ხშირად ოპოზიციურ სუბიექტებსაც იყენებენ, მათთვის იოლი დასათმობი არ არის, მითუმეტეს, რომ ახლა, ამ რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია, როგორღაც გაიფორმოს მესამე ვადა და ამის შემდეგ, მეოთხე-მეხუთე-მეექვსე პოლიტიკურ ავტომატურ კონვეიერზე დადგება. აქედან გამომდინარე, რა ტიპის ზეწოლაც არ უნდა ყოფილიყო დასავლეთიდან, რეჟიმი ყველაფერზე წავიდოდა, რომ თავი დაეძვრინა ამ ვითარებიდან.
მაშინ, სად ხედავთ გამოსავალს?
- იმ ზეწოლას, მოთხოვნას, რომელიც მკაფიოდ იყო დაყენებული, რომ საარჩევნო კანონი შეცვლილად და დემოკრატიულად ჩაითვლება, თუ მოხდება შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, სჭირდებოდა აუცილებლად შიდა სამოქალაქო აქტიურობის დემონსტრირება და სამოქალაქო დაკვეთის გაჩენა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ საზოგადოების დაინტერესება ამ პროცესით, ვინაიდან სინამდვილეში, ეს რთული პოლიტიკური პროცესია და საზოგადოებისთვის ამის ახსნას დიდი დრო სჭირდება, მით უმეტეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არსებობს გამოძახილი იმ რეციდივებისა, თუ როგორ წყდება პრობლემები და ეს არის მარტივი კლიშე - აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ვიღაც მხსნელი, ვინც ერთბაშად გამოიყვანს ყველას ქუჩაში, დაგვანგრევინებს ყველაფერს, ისე, რომ არ გვეცოდინება, რას ვაშენებთ.
ამ რეციდივების დაძლევას და იმ მაგალითების დანახვას, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა გზა, დროც ჭირდება და, სამწუხაროდ, კონკრეტული ისტორიული მომენტი ხშირად, მსხვერპლსაც მოითხოვს ხოლმე. თუ ახლა არსებობს შანსი იმისა, რომ არ დავეტაკოთ რეჟიმს იქ, სადაც ის ძლიერია, და ყოველთვის გველოდება - მზად აქვს ხელკეტებიც, ტყვიებიც და ამის ლეგიტიმაციის მცდელობაც ბევრჯერ ეფექტურად გამოუყენებია საერთაშორისო ასპარეზზე, - შევქმნათ ის მოედანი, სადაც მას ჭიდაობა უჭირს და გაურბის.
სწორედ ამ მოედნის შექმნის მცდელობა იყო ის პროცესი, რომელსაც ჰქვია საარჩევნო გარემოს შეცვლა, რაც სინამდვილეში გულისხმობს ხელისუფლების ცვლილებას ყველა დონეზე და შანსის გაჩენას, რომ ქვეყანა ერთპარტიული მმართველობიდან მრავალპარტიულ ან კოალიციურ მიმართულებაზე და მრავალპარტიულ სისტემაზე გადავიდეს. ამ პროცესში თავმოყრილ პოლიტიკურ ძალებიდან არც ერთს არ აქვს ცალ-ცალკე შესაძლებლობა იმისა, რომ თავად გახდეს მონსტრი. ამ პარტიების თანამშრომლობა ვერანაირად ერთპიროვნულად ვერ გადაიქცევა, რადგან თითოეული ძალიან უფრთხილდება თავის პოლიტიკურ სპეციფიკას, პრინციპებსა და შეხედულებებს. თუმცა საერთო პრობლემა რომ არსებობს, ეს გარკვეულ კოალიციურ განწყობას ქმნიდა.
თუმცა, ხელისუფლებამ მაინც მოახერხა ამ კოალიციაში ბზარის შეტანა...
- რა თქმა უნდა, იმ მომენტმა, რომ ხელისუფლებამ სცადა და მიაღწია რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან გარკვეულ შეთანხმებას, სინამდვილეში, არანაირ წინადადებებზე, გარკვეულწილად, შექმნა ის ვითარება, რომელიც თუნდაც დასავლეთის მხრიდან მოითხოვს დაკვირვებას, საით გადაიხრება სასწორი. საერთაშორისო საზოგადოებრიობა აუცილებლად იქნება ფრთხილი ამ საკითხისადმი დამოკიდებულებაში და საბოლოო ვერდიქტს მანამ არ გამოიტანს, სანამ არ შეამჩნევს, საით იხრება სასწორი. ამ შემთხვევაში, სასწორის გადახრა ნიშნავს იმას, აქტიური ნაწილი სამოქალაქო საზოგადოებისა ინდეფერენტული დარჩება ამ პროცესისადმი, თუ რომელიმე მხარეს დაიკავებს.
როდესაც მოხერხდება სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, მისაღები იქნება დასავლეთისთვის, თუ ამავე დროს, აღმოაჩენს ამ საზოგადოების ხმის პოლიტიკური უზრუნველყოფის შემძლე სუბიექტთა გარკვეულ ერთიანობას თუ თანხმობას. თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ, ბუნებრივია, ეს პროცესი ჩაითვლება უფრო მარგინალურად და, შესაბამისად, მაშინ აქცენტი გაკეთდება იმ მხარეზე, რომ ოფიციალურად მაინც შეიძლება ითქვას: ხელისუფლებამ ვიღაცასთან შეთანხმებას მიაღწია.
თუ ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოებასთან უფრო მასშტაბური შეთანხმება და იმ ფაქტის წინაშე დავაყენეთ რეჟიმი, რომ მას მოუწევს ამ შეთანხმებასთან ახლოს მისვლა, ან ანგარიშის გაწევა, ან ღია უარის თქმა საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებაზე, მაშინ, ალბათ, დასავლეთს გაუადვილდება კვლავ იმის გამეორება, რომ არჩევნები წინასწარვე შეიძლება განხილულ იქნას არადემოკრატიულობის საფრთხის ჭრილში. ამის მიყვანა იქამდე, რომ უსამართლოდ ჩატარებული არჩევნები არ ვაღიარებინოთ საერთაშორისო საზოგადოებას, უფრო გაადვილდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მთავარი ლეგიტიმატორი და ბეჭდის დამსმელი შედეგებზე, ყოველთვის არის ხოლმე საერთაშორისო საზოგადოება.
მიუხედავად ჩვენი ეროვნული შემართებისა, რომელიც ხშირად ასეთ ფორმულაშიც გამოიხატება ხოლმე - „ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი, არ გვინდა არც ამერიკა, არც მოსკოვი, არც დასავლეთი და არც არავინ“, - გადამწყვეტ ვითარებაში ყველა მაინც იქით იყურება. ამიტომ, იქით რომ გაიხედავენ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რას დაინახავენ. საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომ ხელი არ შეუშალონ სწორ პროცესს, არის აუცილებელი, მაგრამ ეს რომ მოვახერხოთ, საჭიროა, ოპოზიციამ მოახერხოს არა მარტო საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ სხვა საკითხზე ისეთი ალტერნატიული ვარიანტის, ახალი პოლიტიკური ხედვისა თუ კურსის შეთავაზება, რომელიც შეიძლება ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვისაც გაცილებით უფრო საინტერესო და მხარდასაჭერი აღმოჩნდეს.
ამისთვის დრო დაგრჩათ?
- სიმართლე გითხრათ, უკანასკნელი ორი წელია ამ მიმართულებით მცდელობას არ ვაკლებთ და თავიდან, როცა ეს პროექტი ჩავიფიქრეთ და შევთავაზეთ კოლეგებს, ეს პროექტი გულისხმობდა სწორედ ამ კომპონენტებს. პირველი - სწორი პოლიტიკური პროცესის აწყობა, რომელსაც არათუ წინააღმდეგობა, არამედ მხარდაჭერა ექნება დასავლეთისგან. ისეთი პროცესის აწყობა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად ამ პროცესის განმავლობაში მოქალაქეთა უსაფრთხოებას რეჟიმთან დაპირისპირებისას და ამ პროცესის განმავლობაში ისეთი პოლიტიკური ჯგუფის ან ჯგუფების გამოკვეთა, რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებენ ამ პროცესის შედეგამდე მიყვანაზე და იმ შედეგის გამოყენებაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან რთული, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიც ჩანდა, მაგრამ დღეს რაღაც კონტური იკვეთება. რა დრო დაჭირდება ამის შედეგამდე მიყვანას და გვაქვს თუ არა დრო, ამაზე პასუხის გაცემა მე გამიჭირდება, რადგან ჩვენს ქვეყანაში რაღაც ღონისძიებების გრძელვადიანად დაგეგმვა ჭირს და ამ არასტაბილურ ვითარებაში გამუდმებით სიურპრიზები ხდება.
მაგრამ დღეს, ხვალ და ზეგ, ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში, რისი გაკეთებაც შეიძლება, რომ ამ პროექტის გაგრძელებამ რეალური კონტურები შეიძინოს, ამის წინაპირობები თითქოს არსებობს და ისინი გამოსაყენებელია. ეს არის ბოლო, მაქსიმუმი ამ წუთისთვის, რაც გვაქვს.
თქვენ ახსენეთ - გვინდა-არ გვინდა, ყველანი მაინც გარეთ ვიხედებითო... როგორ ფიქრობთ, ეგვიპტელებს მხოლოდ დასავლეთისკენ რომ მიეპყროთ მზერა, ან თუნდაც ლიბიელებს, პროცესები როგორ განვითარდებოდა? როდესაც დაავადება ორგანიზმს ედება, იქ ზოგჯერ თერაპია უძლურია და აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა. როდესაც კეთდება შეფასებები, რომ ეს ხელისუფლება არის ავტორიტარული, „თეთრი ხელათმანებით“ შესაძლებელია ავტორიტარიზმთან ბრძოლა?
- საქმე ის არის, რომ ჯერჯერობით, აქ მე ქირურგებს ვერ ვხედავ. და ჩვენს შემთხვევაში, ქირურგის ლანცეტი შეიძლება აღმოჩნდეს მომაკვდინებელი ეროვნული ორგანიზმისთვის, რადგან დამოუკიდებლად, პროფესიონალურად, შიდა მოხმარებისთვის ამას ვერ გამოიყენებ. იმდენი სხვადასხვა ლანცეტი იქნება კიდევ ჩარეული, რომ ეროვნულ ორგანიზმს დაგიგლეჯენ. რაც შეეხება ეგვიპტეს, რომ არსებობდეს საქართველოში სახალხო მუხტის თვითორგანიზების ისეთი შეუმჩნეველი რესურსი, რომელიც რაღაც საბაბით შეიძლება გამოვლინდეს, შეიძლება მიღწევადი იყოს ესეთი ვარიანტი, თუმცა პოლიტიკური უზრუნველყოფა და საერთაშორისო ლეგალიზება ნებისმიერ პროცესს სჭირდება.
ეგვიპტეში თუ სხვაგან 30 თუ 40 წლის განმავლობაში დაგროვილი ის პრობლემა, რომელიც დასავლეთს უკვე ძალიან ძვირად უჯდებოდა და გასახსნელი იყო ეს კვანძები, დამერწმუნეთ, წინასწარ იყო განწირული ლეგალიზებისთვის. ჩვენთან მსგავსი მოვლენები წინასწარ იქნება თუ არა განწირული ლეგალიზებისთვის, ამას ვერავინ იტყვის. შეიძლება, საერთოდ შეგვატოვონ ამ პროცესებს და ისარგებლოს იმან, რომელიც ისარგებლებს ყველა შემთხვევაში - შიდა თუ გარე პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა.
რაც შეხება თავად რევოლუციას და არჩევნებს, დღეისთვის საქართველოში არც რევოლუციის მომწყობი და არც არჩევნების მომგები სუბიექტი არ არსებობს. სინამდვილეში, ეს ერთი და იგივეა. რევოლუციის მოწყობა შეუძლია მას, ვისაც აქვს თავი არჩევნების მოგების და არჩევნების მომგებია ის, ვისაც შეუძლია რევოლუციის მოწყობა. ზოგადად, თითქოს ურთიერთგამომრიცხავი საარჩევნო და რევოლუციური შეხედულებები ერთ გარდაუვალ მომენტში აუცილებლად ხვდებიან ერთმანეთს.
თუ იმ საარჩევნო ვითარებას, რომელშიც უნდა მოხდეს ძალთა სრული მობილიზაცია, განვიხილავთ არა რაღაც ბოლო წერტილად, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კოორდნატთა სისტემაში რაღაც საწყის ათვლის წერტილად და გამოვყვებით უკუვექტორს დღევანდლობამდე, მაშინ შეიძლება სწორედ რაღაც შუალედურ დისტანციაზე აღმოვაჩინოთ ის ზეჭარბი სახალხო პოლიტიკური ენერგია, რომელიც ვადამდელ შედეგსაც მიგვაღებინებს.
მაგრამ მთელი ეს დისტანცია, იმის გათვალისწინებით, რომ გარდაუვალი თანხვედრის წერტილი არსებობს, არ უნდა წარმოიდგინო ბოლო წერტილად და ძალები ისე უნდა გადაანაწილო, რომ შესაძლებელი აღმოჩნდეს, ჭარბი ენერგია შუაში სადღაც იპოვო და ვადამდელ შედეგს მიაღწიო. თუ ამას არ აკეთებ და მხოლოდ სპონტანური მცდელობებია პროცესის სულწასულობით და გაუსაძლისობით დაჩქარებისა, აუცილებლად ახანგრძლივებ შედეგს და ეს ბევრჯერ ვნახეთ.
სამწუხაროდ, 20 წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომები და პლუს კიდევ ამ უახლოესი წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომები, მიუხედავად წარმატებებისა და კარგი ნაბიჯებისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების თუ ოპოზიციის ნაწილმა გადადგა, ასე ერთბაშად არ იკურნება და აქ ქირურგის ლანცეტის ჩარევა, ეს არ იქნება ჩვენი შინაური კეთილგანწყობილი ქირურგია. აუცილებლად იქნებიან სხვა ქირურგებიც და ლანცეტებიც და შიდა სამოქალაქო, სახალხო რესურსი ამ პროცესის სრულყოფილ ორგანიზებას და დამოუკიდებლად შედეგის მიღებას, გაფორმებას და გამოყენებას არ ეყოფა.
თუნდაც პოლიტიკური დამარცხება საქართველოში იმ იდეებისა, რაც შემოიტანა დასავლეთმა და გულისხმობს დემოკრატიზაციას, ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფალ სასამართლოს, შესაბამისად, სამართლიან არჩევნებს და დემოკრატიულად ცვლილებებს ხელისუფლებისა, ეს თუ დამარცხდა, არა მარტო ჩვენი მარცხი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური დასავლური დემოკრატიული პოლიტიკის მარცხი იქნება, რომელიც ძალიან ბევრს მისცემს საშუალებას, ამ მარცხის გამოყენებისა პოლიტიკურ ვაჭრობაში. იქნება ეს რუსეთი თუ, ვინც გნებავთ სხვა.
ამიტომ ამ შემთხვევაში, მათთვისაც მნიშვნელოვანია ამ წარმატების მიღწევა, რომ დადასტურდეს აქ, რომ მართლა დემოკრატიის საფუძვლები არსებობს. ჩვენც ეს გვჭირდება. ამ თანხვედრის გამოყენება შესაძლებელია და ამას მაინცდამაინც ლანცეტი და ტანკი არ სჭირდება.
მაინც როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესში საზოგადოების აყოლიება?
- ამ პროცესის მხარდაჭერას დღეს და ხვალ არ ჭირდება 30 და 50 ათასი ადამიანი ქუჩაში, ამას ჭირდება 15-20 შეგნებული ადამიანი, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შეიძლება გავლენა ჰქონდეს სხვადასხვა სექტორზე. მათ ხიდი უნდა შექმნან სამოქალაქო საზოგადოების ყველა სექტორსა და ამ პროცეს შორის. თუ ეს ხერხდება, მაშინ ადამიანების ტყუილად წვალება, ყოველდღე მათი ქუჩაში გამოყვანა და მერე ისევ სახლში შეყვანა არ არის საჭირო. ერთადერთი მომენტი, როდესაც შეიძლება ეს აუცილებელი გახდეს, ეს არის ბოლოს და არა დასაწყისში - როდესაც შედეგი მიღწეულია, ოღონდ მის განხორციელებას და რეალიზებას სჭირდება სახალხო მხარდაჭრის უშუალო, ცოცხალი დადასტურება ქუჩაში.
ეს ის მომენტი უნდა იყოს, როცა ქუჩაში ასეთი გამოსვლის შემდეგ ადამიანთა დიდი რაოდენობა სახლში დაბრუნდება სხვა რეალობაში, სადაც მათ ვეღარ მიაკითხავენ, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად შესაწირად. მანამდე ადამიანების ასეთი მასშტაბური წვალება ამ პროცესს არ ჭირდება, თუმცა იქნება რაღაც ეტაპები, სადაც გარკვეული კონკრეტული ამოცანისათვის რაღაცა ტიპის მხარდაჭერის ფორმები უნდა მოიძებნოს.
თუ ეს სქემა იწყობა ისე, რომ სამოქალაქო ინსტრუმენტების გაცოცხლება და ამოქმედება არის შესაძლებელი, რომელიც აქამდე მაინც არაეფექტიანად მუშაობდა, წინასაარჩევნო ვითარებასაც ეს ცვლის, ცვლის განწყობას საზოგადოებისა და დამოკიდებულებას საკუთარი ბრძოლის შედეგისადმი. უსაფრთხოების გარანტიასაც ის აძლევს, რომ თემა და პროცესი გაქვს ისეთი, რომლის წინააღმდეგ ხელკეტის გამოყენება და მერე ამის საერთაშორისო ლეგალიზება ძნელია. სხვა არის, როცა ყვირიხარ - გადადექი, დაგამხობ, მოგკლავ და ა.შ. - ასეთი ტიპის ალტერნატიული სამოქალაქო პროცესის შექმნა, რომელიც ალტერნატიული იქნება ძალადობის, ტერორის, გაყალბების და ა.შ.
თქვენ საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთეთ გარკვეული ტიპის ერთობაზე. ეს ერთობა, როგორც გავიგე, რეალურად უნდა გაცდეს კვალიფიციური პარტიების ერთობის ფორმატს. თუ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ მხოლოდ ამ ექვსი პარტიით შემოიფარგლოთ? ხედავთ თუ არა რესურსს „სახალხო კრებაში“, ან იმ ადამიანებში რომლებიც არავისთან არ არიან.
- საქართველოში დამკვიდრებულია მანერა, ასე ვთქვათ, ურთიერთობისა ერთმანეთთან, რასაც მე პოლიტიკურ შამანიზმსაც დავარქმევდი. ბევრს ჩვევია, რომ რაღაც ცარცით შემოიხაზავს წრეს, იქ არის ჭეშმარიტება და ან მაინცდამაინც ყველა იქ უნდა დადგეს. ვინც გარეთ არის - ცუდია, ზოგს არ უშვებენ და ა.შ. ასეთ დამოკიდებულებას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერც მივიღებთ და ვერც სხვას შევთავაზებთ, რადგან სწორედ ამას ვებრძვით და, თუ ამ მავნე პრინციპს ვაღიარებთ, მაშინ ხელისუფლება შესაცვლელი არ ყოფილა.
ბუნებრივია, არც ექვსი და არც რვა, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და არც ეს ექვსი არ არის, არც პოლიტიკური სექტა არ არის, რომელიც რაღაც გაუგებარ რელიგიას ეპოტინება და თავს ახვევს ხალხს. აუცილებლობიდან გამომდინარე, იმ სუბიექტს, ვინც ამ საქმისთვის სარგებლობის მომტანია, ისედაც მთლიანად შეისრუტავს ეს პროცესი, თუ მართლა სამოქალაქო პროცესად არის წარმოდგენილი და, ჯერჯერობით, ასე გვაქვს წარმოდგენილი. შესრუტვაში არ ვგულისმობ ძალით ვიღაცების შემოთრევას, მაგრამ ეს პროცესი თავის შინაარსით გახლავთ ასეთი - ნებისმიერი ჯგუფი ან მოქალაქე, რომელიც ამბობს - დიახ, სამართლიანი არჩევნებით სისტემის შექმნა ჩემთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და მზად ვარ, ძალისხმევა არ დავიშურო ამისთვის - უკვე ამ პროცესის წევრია. მაგრამ რანაირად, როგორ შეიძლება გადანაწილდეს ფუნქციები და რა ტიპის ურთიერთობაში შეიძლება შევიდნენ ეს სუბიექტები ერთმანეთთან, ეს რა თქმა უნდა, თვითონ ამ პროცესის სპეციფიკამ უნდა განაპირობოს, რომელიც ჯერ არ ჩანს.
ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით გაბნეული აქტიურიობები, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც თითქოს საერთო მიზნისკენ მიდიან, მაგრამ დამაკავშირებელი არაფერი აქვთ. ამიტომ, ჩვენ ვთვაზობთ ასეთ ვარიანტს - სამართლიანი არჩევნები ის აუცილებელი ეტაპია, რომელიც უნდა გავიაროთ, გინდა შენ მანამდე რევოლუცია თუ მერე, არჩევნები მაინც გვჭირდება და ამიტომ, იგი სამართლიანი უნდა იყოს. მაშასადამე, თუ სამართლიანი არჩევნებით უნდა დამთავრდეს, საწყისი ლოზუნგიც და დევიზიც და ლაიტმოტივიც პროცესისა, უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები. თითოეულ მიმართულებას, რომელსაც ეწვალება ცალკე არასამთავრობო თუ პოლიტიკური სპექტრის წამომადგენლები, არანაირი პერსპექტივა განვითარებისა ამ რეჟიმის პირობებში რომ არ აქვს, სამართლიანი არჩევნები და გარემო ვაქციოთ იმ საერთო ამოცანად, რომელსაც თანდათან დაუკავშირდება ეს პროცესები.
აზრთა სხვადასხვაობა, განსაკუთრებით - მედიაში, გამოიწვია იმან, რომ კობა დავითაშვილმა ინტეგრაცია ახსენა.
- მათ არასწორად გაუგეს კობა დავითაშვილს. კობას არ უგულისხმია ინტეგრაცია პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. მე რამდენადაც გავიგე და მერე მანაც მოგვიანებით დააზუსტა, ის გულისხმობდა, უფრო მჭიდრო ინტეგრაციის პროცესი დაიწყოს სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა პარტიებს შორის, რომლებიც ამ იდეას და პროცესს მხარს უჭერენ,. ეს საზოგადოებისთვის მისაღები იქნებოდა, როგორც იდეა, რაღაცა უფრო მსხვილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამღები ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც არა მარტო საარჩევნო გარემოზე, არამედ სხვა პოლიტიკურ თემებზეც ყალიბდება. და კობამ იკითხა, ეს მისაღები იქნებოდა საზოგადოებისთვის, თუ დააფრთხობდა მას. ეს იყო შეკითხვა.
ხელისუფლებამ წყალგამყოფი უკვე გაავლო თქვენსა და იმ პარტიებს შორის, რომელთანაც შეთანხმებას მიაღწია. ისინი ჩქარობენ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ შეთანხმების ასახვა კანონმდებლობაში, რაც ალბათ, ძალიან მალე მოხდება. მერე როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება?
- არის ბევრი რამ, რასაც ხელს ვერ შეუშლი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა აკეთო სხვა. რაც შეეხება ამის კანონმდებლობაში ასახვას, ვფიქრობ, რომ იმ ალტერნატიული, პარალელური პროცესის არარსებობის შემთხვევაში, როცა არსაიდან ხმა არ ისმის და ჩამიჩუმი, ეს რა თქმა უნდა, იოლად გასაკეთებელია. თუ პრობლემა იქმნება საზოგადოებაში და, მაგალითად, ოპოზიცია ახერხებს იმას, რომ საზოგადოების განსასჯელად გაიტანოს ორივე ვარიანტი და მხარი დააჭერინოს თავის ვარიანტს, ამ შემთხვევაში, თუ ერთვებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და თავიანთ ხმას უფრო მკაფიოდ და გასაგებად აფიქსირებენ, ძალიან რთული ხდება ამ პროცესის მარტივად ჩატარება.
თუნდაც, გაკეთდა და რამდენიმე პარტიასთან ერთად შეთანხმებით ხელისუფლებამ ეს მიიღო... ჯერ ერთი, არცერთი ის პარტია, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, არ არის და ვერ იქნება წინააღმდეგი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი იქნას მიღწეული და კიდევ უკეთესი გახდეს კანონმდებლობა და საარჩევნო გარემო და უნდათ თუ არა, უნებლიედ, ამ პროცესის თანამონაწილენი გახდებიან. ან, უბრალოდ, ღიად უნდა თქვან, რომ უკეთესის მიღწევა არ უნდათ. ერთია, როცა ისინი ამბობენ, რომ მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ ვერ იტყვიან, რომ არ უნდათ.
და კიდევ ერთი - მიუხედავად კანონმდებლობაში შეტანილი-არშეტანილი ცვლილებებისა, თუმცა ცვლილებები იქ არ შედის. რაც არის ჩამოწერილი, ეს არის ის, რაც ისედაც უნდა იყოს. რის უზრუნველყოფაზეც ისედაც არის პასუხისმგებელი ხელისუფლება. ყველა შემთხვევაში, ე.წ. სამართლიანი საარჩევნო გარემოც რომ იყოს, თუ იმ არჩევნების მომგები სუბიექტი არ არსებობს და ხალხი ამ არჩევნებში არ მონაწილეობს, მაშინ რეჟიმი იმ სამართლიან არჩევნებსაც იგებს.
კანონმდებლობა და იმისთვის ბრძოლა, რომ ასეთი ტიპის, ვითომ ცვლილებები შევიდეს, ეს ერთია, მაგრამ მეორეა, ამის პარალელურად, პოლიტიკური ალტერნატივების გაჩენა, რომელიც ცვლის პოლიტიკურ სურათს რეალურად. თუ ეს არ მოხდა, კანონმდებლობაში შეტანილი თუ შეუტანელი ცვლილებები რეალობას არ ცვლის. უბრალოდ, ხელისუფლებისთვის იქნება სასარგებლო და მეტი არაფერი.
შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მოვლენები 2003 წლის მსგავსად განვითარდეს, თუმცა სააკაშვილზე დღეს უნდა ვთქვათ, მას ჰქონდა და დღემდე აქვს გარკვეული ქარიზმა, რითაც ახერხებს საზოგადოების აყოლიებას. დღეს ასეთი პოლიტიკურ სპექტრში არ ჩანს. კარგია ეს თუ ცუდი, ცალკე თემაა, მაგრამ რეალურად, ჩვენ თუ მივედით გაყალბებულ არჩევნებამდე, ამის შემდგომ აქვს თუ არა უნარი ამ ოპოზიციურ სპექტრს შეცვალოს მერე რეალობა, ისე როგორც ეს გააკეთა სააკაშვილმა?
- ამის თქმა დღეს არავის შეუძლია და არც მე არ ვიცი, აქვს თუ არა. მე ისიც არ ვიცი, ჯერ ამ პროცესის ახლა აქტუალიზების თავი და უნარი აქვს თუ არა ოპოზიციას. ეს მხოლოდ სურვილია.
მით უმეტეს ძნელია ვთქვათ, წელიწადნახევრის თუ ექვსი თვის შემდეგ, როცა უნდა იყოს, რას იზამს ოპოზიცია. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ არის ხაზგასასმელი, რომ ასეთ ვითარებაში რაღაცა ტიპის იმედად ჩნდება ისევ ის ვარიანტი, რომ გვჭირდება აუცილებლად ვიღაც გადარეული, ცოტა მოსულელო, რომელსაც იოლად და მარტივად შეუძლია წამოიკიდოს ხალხი და ეს იქნება ის საიდუმლო პოლიტიკური იარაღი, რომელსაც გამოიყენებ საჭირო შემთხვევაში და თან უნდა მოახერხო, რომ ძალაუფლებაში არ მიუშვა, რაც არც ერთხელ არ მოხერხდა. ან მეორე - შესაძლებელი იქნება თუ არა, ამ ეტაპზევე ჩამოყალიბდეს ერთპიროვნული კრებითი ლიდერის ალტერნატივა, პოლიტიკურ შედეგზე შეთანხმებული ჯგუფი, რომელთაგან თითოეული შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილზე ნაკლები რაღაცით, მაგრამ ჯამური მათი ერთობა გაცილებით უფრო უკეთეს შთაბეჭდილებას შეიძლება ტოვებდეს, მხარდაჭერის იმედს აჩენდეს, ვიდრე ვიღაც მორიგი გადარეული.
თუ ესეც არ არის შესაძლებელი, არც მეორე არ არის შესაძლებელი, მაშინ ხალხი თავისით უნდა გამოვარდეს ქუჩაში, რის წინაპირობებსაც ჯერჯერობით საქართველოში ვერ ვხედავთ. სინგაპურიზაციის თანამონაწილენი ვხდებით, ბუნებრივად.
ოღონდ - პოლიტიკურ ასპექტში...
- რა თქმა უნდა. მერე დემოკრატიზაციაზე და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე ლაპარაკი აღარ იქნება, რადგან არც ტერიტორიები გვეყოფა, არც ავტოქტონური მოსახლეობა დარჩება იმ რაოდენობის, აღარც სახელმწიფო ენა იქნება და მე ვფიქრობ, იქით მიდის ყველაფერი, რომ ეროვნული ვალუტაც არ იქნება, რადგან მულტივალუტურ სისტემაზე გადადიან. ასე რომ, სახელმწიფოს ბევრი ატრიბუტი არ გვექნება და საბრძოლველიც არაფერი იქნება.
ან, თუ რაღაცა მოხდა და შენარჩუნდა ეს ყველაფერი და შემდეგ, მომავალმა ერთმა ან ორმა თაობამ შიგნით იგრძნო წინააღმდეგობა და თვითგადარჩენის გამოიძახილი მოაწვა, აი, მაშინ მივიღებთ იმ პროცესებს, რაც ვითარდება ახლა არაბულ სამყაროში.
დღეს ამ ყველაფრის პრევენცია შესაძლებელია და ამ შესაძლებლობას ჭირდება მხოლოდ ერთი მარტივი რამ. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, მოტივირებული და ბოლომდე სწორი პროცესის სისწორე დასტურდება იმით, რომ ხელს არ გვიშლიან გარედან და ამ სწორი პროცესის გაცნობიერება უნდა მოხდეს საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომელსაც ამის ფუფუნება ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი, რომ რაღაცაში გაერკვეს და გენერალური შეთანხმება მოხდეს ჩვენს შორის, რომ ამ პროცესს ერთად გავყვებით.
თუ ესეც არ მოხდა, მაშინ ახლა ნებისმიერ სცენარზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ოღონდ ყველა იქნება რაღაც ნეგატიური შემადგენლობის. მე უბრალოდ, ჩემს განწყობას მოგახსენებთ, მე არ მესმის, რას ნიშნავს „თუ“. ხშირად ასე სვამენ ხოლმე, „თუ ასე იქნა“. მე არ ვიცი, რა არის ეს „თუ“, მე ვიცი, რომ ეს გასაკეთებელია და ამის გასაკეთებლად რისი ქმნაც შეგიძლია, დღეს, ხვალ, უახლოეს პერიოდში, რომელსაც მეტ-ნაკლებად თვალით ხედავ, ის უნდა კეთდებოდეს. ახლა, ერთმანეთი თუ დავღალეთ ამ ეჭვებით და შეკითხვებით, ამ შეკითხვების დიდ ნაწილს პასუხი დღეს ისედაც არ აქვს, ერთადერთი ლოგიკური პასუხი ყველა ამ შეკითხვაზე არის „გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ“.