საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხდება უტოპიური იდეების მუზა. ახალგაზრდა ფინანსისტები საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის სააკაშვილისეულ იდეას ავრცობენ და აცხადებენ, რომ ამ კონფედერაციაში სომხეთიც უნდა შევიდეს, თურქეთიც, ირანიც. მერე უკრაინაც უნდა შევიყვანოთ, რა თქმა უნდა, რუსეთიც უნდა გავაერთიანოთ და მერე დუმბაძისა არ იყოს, ასე გამრავლებულები მთელი დუნია ჩვენ ვიქნებით.
წარსული, აწმყო და უტოპიური მომავალი
ბათუმში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საკაშვილის მხრიდან გაჟღერებული კონფედერაციის იდეა, დღემდე მხოლოდ ექსპერტებისა და ოპოზიციის განსჯის საგანია. ხელისუფლება ჯიუტად დუმს და კომენტარს არ აკეთებს. ამ თემაზე აზრი არც პარლამენტში გამოუთქვამთ. არადა - სწორედ საკანონმდებლო ორგანოს საქმეა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საქმიანობის წარმართვა.
ბევრმა ექსპერტმა ეს იდეა სააკაშვილის მორიგ ახირებად და რუსეთისთვის გადაგდებულ ხელთათმანად ჩათვალა. ზოგმა მასში სიმართლის მარცვლები მოიძია და მსოფლიოს ლიდერი ქვეყნებისადმი, ანუ ამერიკა-ევროპისადმი გაჟღერებულ მუქარად აღიქვა. თუმცა, ყველა მხარე ერთად სომხეთზე მიუთიებს და აცხადებს, რომ ქართულ-აზერბაჯანული კონფედერაცია, სულ მინიმუმ, კავკასიაში რუსული ინტერესების დასაყრდენ ამ ერთადერთ ქვეყანას გააღიზიანებს.
მითუმეტეს, ამ კონფედერაციაში უკვე “მიპატიჟებულია” თურქეთი, რომლის სომხეთთან დაახლოების მცდელობა და მოლაპარაკებები, ამერიკის კონგრესის ერთი კომიტეტის მიერ სომხური გენოციდის აღიარების შემდეგ ჩაიშალა. თურქეთისთვის, მათი მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ეს კონფედერაცია მისაღებია და ის მზადაა ჩაერთოს ამ პროცესში.
შეგახსენებთ, 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, თურქეთსა და აზერბაიჯანს ერთ ქვეყანად გაერთიანების მცდელობა უკვე ჰქონდათ, მაგრამ ეს იდეა ვერ განხორციელდა. თუმცა, ბევრ რიგით აზერბაიჯანელს ამის სურვილი დღესაც აქვს და ამაზე ხმამაღლაც საუბრობენ.
სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, განაწყენებულმა თურქეთმა, როგორც ეს გარეგნულად ჩანს, პოლიტვექტორი იცვალა და ამერიკის ნაცვლად, რუსეთთან დაიწყო ურთიერთობების გამყარება. სომხეთთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ კი, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორისაც კვლავ განახლდა კეთილგანწყობილი ურთიერთობები.
ამავდროულად, დიდი ხანია, საუბარია იმაზეც, რომ საქართველო, ქვეყნის ხელისუფლების არამდგრადი პოლიტიკის გამო (მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომი და შემდგომი მოვლენები), ადრე თუ გვიან, რუსეთის გავლენის ზონაში დაბრუნდება. მაგრამ რა სახით, ყველა ქართველი ექსპერტისთვის საკითხავი სწორედ ესაა.
მანამდე კი, ვიდრე რუსეთისა და საქართველოს 2012-213 წლების “დიდი, შიდა არჩევნები” მსოფლიო გადანაწილების საქმეში თავის სიტყვას იტყვის, კონფედერაციის ბურუსით მოცული და რთული თემა, რომელიც სააკაშვილმა ჩვეული მოულოდნელობით გააჟღერა, მარტივად და ადვილად განსახორციელებელი ყოფილა “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისთვის”.
რაც მთავარია, “პატარა ბიზნესმენებმა” ამ კონფედერაციაში სომხეთიც გაართიანეს და ყარაბაღის პრობლემაც ადვილად “მოაგვარეს” - ზედმეტი თავისტკივილის, დიპლომატიისა და ომების გარეშე. ერთი სიტყვით, “აფბა”-ის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არათუ საქართველო-აზერბაიჯანის, არამედ საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის კონფედერაცია უნდა შეიქმნას.
“ბათუმში, ალიევთან შეხვედრაზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ნათქვამი კონფედერაცია საყურადღებო, საინტერესო და მისასალმებელი ინიციატივაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ... თუმცა, სომხეთის ჩართვაც აუცილებელია ამ პროცესში... ამ სამი ქეყნის თანამშრომლობა გარდაუვალია. ვერცერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ცხოვრების მაღალი დონით. თუნდაც ეკონომიკურ ჩარჩოში თანამშრომლობა დადებითი იქნება მათთვის, იგივე ინვესტორების შემოსვლის მხრივ. შამივე ქვეყანას ცალ-ცალკე პატარა ბაზრები აქვთ, თუ გააერთიანებენ – ერთ-ერთი მიმზიდველი ბაზარი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის”, - თქვა პრეზიდენტმა - ოღონდ ახალგაზრდა ფინანსისტების.
“აფბა”-ის პრეზიდენტმა სამივე ქვეყნის სამი უძლიერესი რესურსიც დაასახელა, რომელთა გაერთიანებაც, მისი აზრით. მისი ასოციაციის მიერ ინიცირებული კონფედერაციის შექმნის აუცილებლობას უსვამს ხაზს: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, აზერბაიჯანის ენერგორესურსები და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი - სომხური ლობი.
პრეზიდენტმა ჯანიაშვილმა წინდახედულებაც გამოიჩინა და ჟურნალისტებს უთხრა, კონფედერაციის შექმნა ერთი, ორი, სამი დღის და თუნდაც ერთი წლის საქმე არ არის. მისი თქმით, ჯერ ამ ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გაძლიერდნენ, რადგან ყველა დამეთანხმება სამივე ქვეყანაში მოიკოჭლებს დემოკრატიაო.
თუმცა, საინტერესო ის იყო, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტი ხშირად ავლებდა ევროკავშირსა და კონფედერაციას შორის პარალელებს და ამბობდა, ევროკავშირიც ერთ დღეში არ შექმნილაო. ამავროულად, მისივე განცხადებით, ამ კონფედერაციაზე მოსახლეობაც საქმის კურსში უნდა ჩააყენოს ყველა ქვეყნის მთავრობამ და ერთი ქვეყნის მიერ მეორის დაჩაგვრა არ უნდა მოხდეს.
რატომ აინთო კონფედერაციის ვარსკვლავი?
რუსული ანდაზის თანახმად, როცა ვარსკვლავები ინთებიან, ესეიგი - ეს ვიღაცას სჭირდება. არავინ იცის, რატომ გააჟღერა სააკაშვილმა კონფედერაციის თემა. კულუარებში ზოგი ამას მის ჩვეულებრივ საქციელად მიიჩნევს, როცა მაგალითად რიგით მინისტრს უცებ დაავალებს რაღაცის გაკეთებას, სამინისტროს ბიუჯეტში კი გაწერილი არ არის დავალების შესასრულებლად საჭირო თანხები.
ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ თემის გახმაურებით სააკაშვილი რაღაც დიდი გეგმის ნაწილს ასრულებს და თემის გაპიარებას იწყებს არასამთავრობოების საშუალებით. ამ თემასთან მასშტაბებით მოსატანი არ არის, მაგრამ მაგალითად გამოდგება ვერა ქობალიას გამინისტრება.
პარლამენტში, ერთ-ერთ საკომიტეტო სხდომაზე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ისე რომ ალაპარაკეს დევნილებზე, ერთ თვეში კი, უკვე ეკონომიკის მინისტრად დანიშნეს. მაშინ ჟურნალისტები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს ვინააო. ასეთი მაგალითები ჩვენს უახლეს ისტორიას ბევრი ახსოვს, მაგრამფაქტია, როცა თემაზე საუბარი იწყება, ეს ვიღაცას რაღაცაში სჭირდება.
კონფედერაციის თემის გაჟღერების შემდეგ განვითარებულ პროცესში საეჭვოა ისაა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში კონფედერაციაზე საუბარს ყველა გაურბის, სამაგიეროდ, ერთი, ახალდშექმნილი ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს და პრეზიდენტის დაწყებულ თემას აგრძელებს. თანაც - ეს ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს “სამხრეთ კავკასიის, როგორც ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირების პრინციპების ჩამოყალიბებაში”. უფრო მეტიც, ორგანიზაცია საზოგადოებას ამ თემაზე დისკუსიის დაწყებისკენ მოუწოდებს.
“აფბა”-ის ახალგაზრდა პრეზიდენტი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო “ძველი” (ტელევიზიების “ახალ” ჟურნალისტებს კითხვები არ ჰქონიათ) ჟურნალისტების კითხვებმა: კონფედერაცია და ევროკავშირი თვისობრივად განსხვავებული ორგანიზაციებია, რატომ ავლებთ პარალელებს? როგორ წარმოგიდგენიათ სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთ კონფედერაციაში შესვლა? ყარაბაღი რა სტატუსით უნდა შევიდეს ამ გაერთიანებაში? სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან გქონდათ რაიმე საუბარი, ინიციატივით რომ გამოდიხართ?
პრეზიდენტის პასუხები ასე ჟღერდა: “მე ძალიან კარგად წარმომიდგენია სომხეთი და აზერბაიჯანი ერთად... საქართველო-აზერბაიჯანის გაერთიანება ისე არ უნდა ჩანდეს, რომ ეს სომხეთის საწინააღმდეგოდ კეთდება... ყარაბაღი, ჩვენ ასე წარმოგვიდგენია, არ არის საშვილიშვილო პრობლემა... ეს კონფლიქტი ისე უფრო ვერ გადაწყდება... ჩვენ ინიცირება მოვახდინეთ და პარტნიორების მოძიებას დავიწყებთ”.
პასუხების გაცემაში ახალგაზრდა პრეზიდენტმა კიდევ უფრო საინტერესო წინადადებებით განავრცო კონფედერაციის თემა - ირანიც უნდა შემოვიდეს, მერე უკრაინაც შეიძლება, შემოვიყვანოთ და რუსეთიცო. ბოლოდან რომ დაეწყო ქვეყნების ჩამონათვალი პრეზიდენტ ჯანიაშვილს უფრო გასაგები იქნებოდა ახალო აღმოსავლეთში “დსთ”-ის მსგავსი, მაგრამ ევროკავშირისთვის სერიოზული კონკურენტი და სამართლებრივ-ეკონომიურად უფრო ერთმანეთზე მიჯაჭვული ქვეყნების ორგანიზაციის შექმნის ინიცირებას რომ ახდენდა ეს ახალი ასოციაცია.
“დსთ”-მ დადებითი შედეგი არ მოგვიტანაო, - დაიჩივლა ჯანიაშვილმა. დსთ-ს თუ არა, ახალგაზრდა ფინანსისტების ინიცირებული კონფედერაცია შეგვიძლია, იმ საბჭოთა კავშირს შევადაროთ, რომელიც ერთხელ უკვე დაინგრა და რომლის აღდგენაზეც ისევ ოცნებობენ პუტინის რუსეთში.
სიმართლე გითხრათ, ახალგაზრდა რესპოდენტისთვის (რადგან ცოტა არ იყოს გაოგნებული ვუსმენდი) ამ კითხვის დასმა დამავიწყდა: რა იყო ამ პრესკონფერენციის მიზანი, პრეზიდენტ სააკაშვილს ან ვიღაცას შეემჩნია მათი აქტიურობა და მოესმინა ეს ყველაფერი, თუ მართლა სჯერათ, რომ სსრკ აღსდგება?