ქიზიყს ჯილეხმა და ბრუცელოზმა შეუტია

ქიზიყს ჯილეხმა და ბრუცელოზმა შეუტია

[გიორგი ბექაური]

ჯერ გაუთავებელმა წვიმებმა, ახლა კი მომეტებულმა სიცხემ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში ჯილეხის შემთხვევეების მატება გამოიწვია. განსაკუთრებით საშიში ვითარება შეიქმნა დედოფლისწყაროში, რომელიც ეპიდემიის ზღვარზეა.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს გამგეობის და ვეტერინარიის სამსახურის უმოქმედობის გამო, შესაძლოა, ჯილეხის შემთხვევებმა ეპიდემიური ხასიათი მიიღოს. პარტიის წარმომადგენეთა ცნობით, მსხვილფეხა საქონელი ციმბირის წყლულის ნიშნებით იხოცება.

სოფელ ჯაფარიძეში ადგილობრივ მცხოვრებს გიორგი იაკობაშვილს მიწის დამუშავების დროს კიდურებზე ჯილეხის კანის ფორმაც განუვითარდა. ამ დროისთვის ავადმყოფი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

დედოფლისწყაროში მცხოვრებ ფერმერ გურამ ნათელაძის ოჯახს 4 ივლისს ძროხა ციმბირის წყლულის ნიშნებით მოუკვდა. მან დასახმარებლად დედოფლისწყაროს ვეტერინარიის სამსახურს მიმართა, მაგრამ ვეტერინარიის სამსახური არ გამოხმაურებია მის თხოვნას.

ამასთან, ციმბირის წყლულით დახოცილი პირუტყვის დამარხვა სტანდარტების დარღვევით ხდება. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში დახოცილი პირუტყვი დასახლებასთან ახლოს დაიმარხა, რამაც კიდევ უფრო გაართულა, ისედაც მძიმე მდგომარეობა. სოფლის ვეტერინარები აცხადებენ, რომ დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლები ჯილეხის გავრცელების საფრთხის წინაშე დგას.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მოითხოვს ვეტერინარიის ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელის დავით ვეშაგურიძის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას, რადგანაც სამსახური უმოქმედოა.

„დედოფლისწყაროში მძვინვარებს ბრუცელოზი და ჯილეხი ვეტერინარიის სამსახური არანაირ რეაგირებას არ ახდენს და არც პრევენციული ღონისძიებების გატარებას ცდილობს. ვადანაშაულებთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გულგრილობასა და უმოქმედობაში, რასაც ისინი მოსახლეობის მიმართ იჩენენ.

სოციალურად დაუცველ ხალხს გაჭირვებით გამოზრდილი შინაური ცხოველები უყურადღებობის გამო ეხოცებათ და მარჩენალი პირუტყვის გარეშე რჩებიან. მოვითხოვთ, ხელისუფლებამ და შესაბამისმა სამსახურებმა პრევენციული ღონისძიებები დროულად გაატარონ და გამოცხადდეს კარანტინი, რათა მასშტაბური ხასიათი არ მიიღოს ეპიდემიის კერამ“, - აცხადებს პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი.

წელს ჯილეხით დავადების სულ 15 შემთხვევა დაფიქსირდა.  სტატისტიკური მონაცემებით, 2009 წელს საქართველოში ჯილეხის - 38, 2008 წელს - 62, 2007 წელს - 42 შემთხვევა დაფიქსირდა.  საშუალოდ კი საქართველოში ყოველ წლიურად ჯილეხის 20-დან 80-მდე კანის ფორმა რეგისტრირდება.

სპეციალისტების განმარტებით, ჯილეხი განსაკუთრებით საშიშ დაავადებებს მიეკუთვნება და მისი გენერალიზებული ფორმა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. თუმცა, დროულად გამოვლენისა და მკურნალობის დროს ჯილეხი ადვილად განკურნებადია.

როგორც წესი, ზაფხული ადამიანთა და ცხოველთა საერთო ინფექციური დაავადებებისთვის მაღალი რისკის პერიოდია. მათ გავრცელებას ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე ლაბორატორიული სისტემების უქონლობაც, რაც სპეციალისტებს ინფექციური დაავადებების დროეულად გამოვლენის საშუალებას არ აძლევს.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი ნიკო ცერცვაძე განმარტავს, რომ ამ ბოლო დროს ჯილეხის შემთხვევები გამოწვეულია ხშირი წვიმით, რის გამოც ნიადაგი გამოირეცხა. მისი თქმით, საქართველოში ჯილეხის გავრცელებისთვის 2000-ზე მეტი არაკეთილსაიმედო ადგილდებარეობაა.

„მოსახლეობას ვურჩევთ, არ შეეხონ ნიადაგს და არ მიეკარონ დავარდნილ საქონელს. მით უმეტეს, სასტიკად არ შეიძლება ასეთი საქონლის დაკვლა. მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ვეტერინარულ სამსახურს, რომ ადგილი ჰქონდა პირუტყვის დაცემას და შესაბამისი ზომებს მივიღებთ. ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, რადგან ზაფხულია და რისკი არის ძალიან მაღალი“, - განმარტავს ნიკო ცერცვაძე.