13 მარტის "იმედის" ე.წ. მოდელირებული "მომავლის ქრონიკის" შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის უსაფრთხოების რეალური საგანგაშო სურათი დაანახვა. აღმოჩნდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს შეუძლიათ თავისუფლად უსმინონ, ოპერატიულად დაამონტაჟონ და კიდევ უფრო ოპერატიულად გამოაქვეყნონ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების სატელეფონო საუბრები. მაგრამ ვითარების პარადოქსი იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლება უძლურია ტელეფონში შემომძვრალი რუსეთის სპეცსამსახურების წინაშე და, როგორც ჩანს, არაფრის შეცვლას არ აპირებს.
"ვანო ყველას და ყველაფერს უსმენს", - ხშირად გაიგონებთ საქართველოში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა მარტო ვანო - შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი - უსმენს სხვებს, არამედ თავად მასაც უსმენენ.
19 თებერვალს უკრაინულმა ინტერნეტგამოცემებმა გაავრცელეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის შინაარსი, რასაც უკრაინაში დიდი სკანდალი მოჰყვა და, როგორც ბევრი ანალიტიკოსი ამტკიცებს, დათვური სამსახური გაუწია იულია ტიმოშენკოს, რომელსაც იმხანად საქართველოს მმართველი სახელისუფლებო გუნდი მთელი არსებით უჭერდა მხარს.
გაჟონილ ჩანაწერზე ნათლად ისმის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ელაპარაკება გივი თარგამაძეს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც ჰპირდება, რომ დონეცკში დამატებით ხალხს გაუგზავნის იულია ტიმოშენკოს დასახმარებლად:
მერაბიშვილი: "ახალაიამ მითხრა, რომ მომცემს მოჭიდავეებს და მე მათაც შენ გამოგიგზავნი".
თარგამაძე: "ისინი უკვე აქ არიან, დონეცკში".
მერაბიშვილი: "კიდევ მინდოდა გამომეგზავნა, მაგრამ თვითმფრინავები ტექნიკურად ვერ ასწრებენ. შენ მაგათ უთხარი, რომ მეორე ტურისათვის მოამზადონ თვითმფრინავები, რადგან უკრაინულ რეისებს ხომ არ ჩაგვიკეტავენ? მე მინდა 200-300 კაცი გამოვგზავნო. ამის გაკეთება კი ძნელია ჩვენი თვითმფრინავებით".
ამ სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებამ და აგორებულმა აჟიოტაჟმა, ჩანს, მძიმედ იმოქმედა ივანე მერაბიშვილის პროფესიულ თავმოყვარეობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამის შემდეგ საზოგადოების თვალსაწიერიდან გაუჩინარდა. უცნაურია, მაგრამ ვანო მერაბიშვილს არაფერი უთქვამს მას შემდეგ, რაც ერთი დღის ინტერვალით, 14-15 მარტს, საქართველოში ჯერ ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობის, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტისა და სპორტისა და კულტურის მინისტრის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გამოქვეყნდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრების გამოქვეყნება მიაწერეს რუსეთის სპეცსამსახურებს და მხრები აიჩეჩეს: რა ვქნათ, რუსეთი საქართველოდან ღია კავშირებით განხორციელებულ უცხოურ საუბრებს რომ უსმენს, ეგ ხომ ისედაც იყო ცნობილიო.
თუმცა საზოგადოებაში ასეთმა უმწეო თავის მართლებამ კიდევ უფრო გაამძაფრა სასოწარკვეთის განცდა. "თუკი ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტის საუბრებს ასე უმტკივნეულოდ ისმენენ ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურები, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სახელმწიფოს არსებობის საფუძველი - მისი უსაფრთხოება, სამხედრო, დიპლომატიური, ეკონომიკური და კომერციული საიდუმლოების დაცვა", - აბობს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი ბესიკ ალადაშვილი.
"ვინც ამას აცხადებს, რომ მერე რა? - ის, შეგნებით თუ შეუგნებლად, წყალს ასხამს იმათ წისქვილზე, ვისაც, ვთქვათ, საქართველოს დაუძლურება აძლევს ხელს. ეს არის ეროვნული უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, უდიდესი რისკ-ფაქტორი, რადგან არ არსებობს მოსმენა ცალკე აღებულად. მოსმენა - ეს არის ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის ერთ-ერთი სფერო. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, არ ჩანს ეს, თუ რა მოცულობის სახელმწიფო საიდუმლოება გაედინება აგენტურული გზით".
სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა რამდენიმე სახელმწიფო არხით გადაცემულმა ინფორმაციამ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოდან უცხოეთში განხორციელებული ზარების 90 პროცენტზე მეტი გადის რუსეთის გზით ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებული სისტემებით. ეს ინფორმაცია ეკუთვნოდა აფხაზეთის უშიშროების ყოფილ მინისტრს, ამჟამად დამოუკიდებელ ექსპერტს ლევან კიკნაძეს, რომელიც ამბობს, რომ ასეთი პარადოქსული ვითარების შესახებ ინფორმაცია კარგად უნდა მოეხსენებოდეს საქართველოს ხელისუფლებას და შესაბამის სტრუქტურებს:
"შეკითხვაც ისე იყო მაშინ დასმული, რომ საკაბელო კავშირზე გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ კავშირები რუსეთიდან შეიძლება საჰაერო, უფრო სწორად, კოსმოსის საშუალებითაც გავიდეს. მაგრამ ეს სისტემები მაშინ არის ამოქმედებული, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო. და ამის შესახებ, რომ ეს კავშირები ასეა, დაინტერესებულმა უწყებებმა, პრინციპში, იციან".
შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ტექნიკურად იმის საშუალება, რომ მოხდეს უცხოეთში გამავალი ზარების სრული დივერსიფიკაცია, - ანუ მოხდეს რუსეთის გვერდის ავლით ზარების გადამისამართება, - ლევან კიკნაძე ამბობს, რომ ასეთი რამ პრაქტიკულად შესაძლებელია, თუმცა ასეთი დივერსიფიკაციაც ვერ იქნება აბსოლუტური გარანტია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ვერ შეძლებენ დაინტერსებული პოლიტიკური მოღვაწეების სატელეფონო საუბრის მოსმენას.
"დღევანდელი ტექნიკის არსებობის პირობებში ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამით თვალშისაცემად შეიზღუდება ის, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ვერ მოახერხებენ ამ საუბრების ჩაწერას. იგივე სხვა ქვეყნებიდან ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ვერ მოახერხებენ ჩაწერას?"
შესაბამისად, რაკი არსებობს ასეთი პარადოქსული ვითარება, რომ საქართველო ომში იმყოფება იმასთან, ვინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსმენს, ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ, აპრობირებულ მეთოდებს მიმართოს და შეზღუდოს ღია კავშირის საშუალებით "მგრძნობიარე თემებზე" უცხოეთში საუბარი. თუმცა ბესიკ ალადაშვილი მაინც საჭიროდ მიიჩნევს დამოუკიდებელ გამოძიებას ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობით, რათა დადგინდეს, ხომ არ იყო სატელეფონო საუბარი ჩაწერილი და გავრცელებული საქართველოდან:
"საერთოდ, სპეცსამსახურებს ხელმძღვანელობენ პოლიტიკოსები, გვინდა თუ არ გვინდა. შესაბამისად, რატომ არ აძლევენ ისინი დავალებას, რომ შეწყდეს ასეთი ღია საუბრების პრაქტიკა? ან თავად საქართველოს პრეზიდენტი რატომ არ იჩენს სიფრთხილეს, რომ ისაუბროს დაცული არხებით, ან არ ისაუბროს ისეთ თემებზე, რაც შეიძლება წინ დაუდონ?"
"ფრთხილად, მოწინააღმდეგე გისმენს!" ასეთი წარწერები ჰქონდა ხოლმე სატელეფონო აპარატებს საბჭოთა პერიოდში ყველა იმ უწყებაში, რომლებსაც სარეჟიმოს უწოდებდნენ. საქართველოში ტელეფონები ასეთი წარწერებით გაქრა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მაგრამ დარჩა ყველაზე უფრო მთავარი - რუსეთზე გამავალი საკაბელო და ფიჭური კავშირგაბმულობა, რომლითაც საქართველო მსოფლიოს უკავშირდება. პარადოქსული კიდევ ისაა, რომ უსაფრთხოების ასეთ პრობლემატურ თემებზე საუბარს საქართველო იწყებს დიდი დაგვიანებით, როდესაც ღია ეთერში, ალბათ, ბევრი საინტერესო რამ აქვთ ნათქვამი საქართველოს ძველ თუ ახალ ლიდერებს. შესაბამისად, დიდი ალბათობით უნდა ველოდეთ, რომ რუსეთი კიდევ არაერთხელ გაუხსნის გზას პრესაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა სკანდალური სატელეფონო საუბრის გაჟონვას და ტყუილად გვაქვს იმედი, რომ ამ საუბრის შინაარსს საქართველოში არ დაიჯერებენ. საქართველოს ხელისუფლებამ და მის მიერ კონტროლირებადმა მედიამ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ თავად იწვნიეს ფარული ჩანაწერების სიმწარე, თავის დროზე ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ფარული გზით მოპოვებული და დამონტაჟებული აუდიო და ვიდეოჩანაწერები ოპონენტების დისკრედიტაციის ლეგალურ საშუალებად ექციათ.