რატომ დუმს ბაქრაძე?

რატომ დუმს ბაქრაძე?

[თეონა ხარაბაძე] 

როდესაც პარლამენტი გადაწყვეტილებას რაიმე სადაო საკითხზე იღებს, დავით ბაქრაძე პარლამენტში არასოდეს იმყოფება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეინიშნება. ქვეყნის მეორე პირს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავის ასარიდებლად ხან აქვს ოფიციალური მიზეზი და ხანაც - არა. მაგრამ ფაქტია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მნიშვნელოვან მომენტში პარლამენტში არ იმყოფება.

შორს რომ არ წავიდეთ, ბაქრაძე თბილისში არ იმყოფებოდა 26 მაისს აქციის დარბევის შემდეგ და ორი კვირის განმავლობაში, მისი კომენტარი არავის მოუსმენია. ცხადია, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ იგი ხელისუფლების პოზიციას არ იზიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ მას არაფერი უთქვამს მაშინ, როდესაც უმრავლესობის წევრები აღტაცებას ვერ მალავდნენ იმის გამო, თუ „ძალოვანებმა ქვეყანა დაღუპვისგან როგორ გადაარჩინეს“.

ასე მოხდა ახლაც. „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის პროექტი პარლამენტმა ბაქრაძის გარეშე მიიღო და, შესაბამისად, მთელმა ვნებათაღელვამ ისე ჩაიარა, რომ მისი პოზიცია უცნობია.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ კანონპროექტს მან პირველი მოსმენისას მხარი არ დაუჭირა. ამიტომაც, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ იგი მართლაც არ ეთანხმებოდა ამ ინიციატივას.

სხვათა შორის, ანალოგიური შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ, როდესაც დავით ბაქრაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის პასუხისმგებლობის საკითხის მიზანშეწონილობას ხმა საერთოდ არ მისცა. აღსანიშნავია, რომ ბაქრაძეს მაშინ ხმა არც „წინააღმდეგ“ და არც „მომხრედ“ არ მიუცია. თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მედიაში გავრცელდა, ბაქრაძემ ეს ტექნიკურ პრობლემას დააბრალა.

დავით ბაქრაძე ახლა სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფება და, შესაძლოა, ისიც თქვას, რომ ეს ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი და ამ კანონპროექტს არ უკავშირდებოდა. მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მან პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა.

სხვათა შორის, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2009 წელს, როდესაც ბაქრაძე სომხეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, ამ ვიზიტის ფარგლებში იგი სომეხთა კათალიკოსსაც შეხვდა და მაშინ, გარეგინ მეორეს მისთვის სადაო ეკლესიების სომხებისთვის უპირობო გადაცემა საკმაოდ მკაცრი ტონით მოუთხოვია. თანაც, სამცხე-ჯავახეთში სეპარატისტული პრობლემების შექმნით დამუქრებია.

იყო თუ არა ეს ასე და მისი პოზიცია ამ შეხვედრასაც უკავშირდება თუ არა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ყველა რელიგიისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას წინააღმდეგი მისცა ხმა. ამ თემაზე გამართული დებატებისას კი საერთოდ ქვეყანაში არ იმყოფებოდა.

ეს რომ ერთად-ერთი შემთხვევა იყოს, კიდევ შეიძლებოდა შემთხვევითობად ჩაგვეთვალა. მაგრამ ახლა აშკარაა, რომ სულ სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე. მნიშვნელოვანი კი ის არის, თუ რატომ ცდილობს ბაქრაძე ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლას. თანაც ამას ისე აკეთებს, რომ ეს საზოგადოებისთვის არ გახდეს ცნობილი.

მას რომ რაიმე გავლენა ჰქონდეს ხელისუფლებაზე, კიდევ შეიძლებოდა იმის ფიქრი, რომ იგი ცოტა ხანში ხელისუფლებას დაუპირისპირდებოდა და ოპოზიციაში წავიდოდა. ამ შემთხვევაში კი, როგორც სამთავრობო კულუარებში საუბრობენ, მას არათუ გავლენა არა აქვს, არამედ საპარლამენტო საკითხებზეც კი ვერ ბედავს საკუთარი პოზიციების დაცვას. ამიტომაც ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ იგი ოპოზიციაში წასლვას ფიქრობდეს.

ყველაზე ლოგიკურად კი მაინც ის ვარიანტი ჩანს, რომ მას მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატად ამზადებენ. ამის შესახებ კულუარებში ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, მაგრამ ოფიციალურად ამის შესახებ საუბარი არავის სურს.

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ კი პრეზიდენტის უფლებები იმდენად შემცირდა და იმდენად ნომინალური ფიგურა ხდება პრემიერ-მინისტრის ხელში, რომ გამორიცხული, არა არის, ამისთვის სწორედ ბაქრაძეს ამზადებდნენ.

იმის გამო კი, რომ პრეზიდენტის ასარჩევად მაინც არჩევნებში გამარჯვებაა საჭირო, კანდიდატი ისეთი უნდა იყოს, ვინც საზოგადოების გაღიზიანებას არ გამოიწვევს. მით უმეტეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, არც პრემიერი იქნება დანიშნული და თანაც ვეღარ ეყოლებათ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არჩევნებზე აშკარად ლოკომოტივის როლს ასრულებს ხოლმე.

ამიტომც, ცხადია, ასეთი კანდიდატურა მომავალი, როგორც საპარლამენტო ასევე საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც სჭირდებათ და გამორიცხული არ არის, დავით ბაქრაძეს სწორედ ამისთვის ამზადებდნენ და მისი დუმილიც ამას უკავშირდებოდეს.

ცხადია, ჯეოჯერობით, ამაზე ღიად არავინ საუბრობს. მაგრამ, ერთ წელში არჩევნები მოდის და, ცხადია, ამ არჩევნებისთვის ყველაფერი ცხადი გახდება.