შედგება  თუ არა სამხრეთ კავკასიური კონფედერაცია

შედგება თუ არა სამხრეთ კავკასიური კონფედერაცია

[ნინო ჯაფარიძე]
შეიქმნება თუ არა ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაცია და რა ტიპის შეიძლება იყოს ის. ბათუმში ილჰამ ალიევის სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილის მიერ გახმიანებული ეს იდეა არა მხოლოდ რეგიონული მედიის, ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

„რამდენიმე წლის წინ მე ვსაუბრობდი, რომ კონფედერაციული ურთიერთობა უნდა ჩამოვაყალიბოთ; რეალურად, ქვეყნებს შორის არის ისეთი ურთიერთობები, რომელიც აღემატება ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს; ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება... ჩვენ ვართ ერთი ორგანიზმის ნაწილები და ამიტომ აზერბაიჯანისთვის მტკივნეული საკითხი არის მტკივნეული საქართველოსთვის და ყველა საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხზე აზერბაიჯანი აკეთებდა შესაბამის რეაგირებას,“ – განაცხადა 27 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა ორ ქვეყანას შორის კონფედერაციული ურთიერთობების კონკრეტული მოდელი არ არსებობს.

„ამ ეტაპზე საუბარია იურიდიულ ჩარჩოზე, რომლის ფორმატშიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა შეიძლება შედგეს, სხვა დეტალები უკვე დროისა და მოლაპარაკებების საკითხია“, – ამბობს ნინო კალანდაძე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, საუბარია თანამშრომლობაზე ფაქტობრივად ყველა, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც.

პოლიტიკური ექსპერტი ვასილ ჭყოიძე მიიჩნევს, რომ სულაც არ არის აუცილებელი, საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაცია ამ ტერმინის კლასიკური გაგებით ჩამოყალიბდეს.

„ამ შემთხვევაში იგულისხმება უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები, ვიდრე დღეს გვაქვს და სტრატეგიული პარტნიორობის რაღაც ახალ საფეხურზე გადაყვანა. ეს არ არის შვეიცარიის ტიპის კონფედერაციის შემოთავაზება, რომ ჩვენ კავკასიის კანტონები გავხდეთ. ეს იქნება ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის მეტად სერიოზული სტრატეგიული ურთიერთობა, რომელსაც პერსპექტივაში, შესაძლოა სხვა სახელმწიფოებიც შეიძლება დაემატოს. იმ შემთხვევაში თუ ყარაბაღის პრობლემა მოგვარდა სომხეთი. თუ არა და თურქეთი, ალბათ მიმზიდველად ჩათვლის ასეთ გაერთიანებაში მონაწილეობას“, – ამბობს ვასილ ჭყოიძე.

აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგი ვაფა გულუზადე ფიქრობს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ამჟამინდელი ურთიერთობები კონფედერაციული ერთობის შექმნის საშუალებას იძლევა.

„აზერბაიჯანი ვერ იარსებებს საქართველოზე გამავალი დერეფნის გარეშე, რომელიც მას დასავლეთთან და თურქეთთან აკავშირებს, სამომავლოდ კი, ევროპასთან დააკავშირებს. ვერც საქართველო იარსებებს იმ ნაკადების გარეშე რომელიც ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან დასავლეთში, ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და მთელს მსოფლიოში მისი ტერიტორიის გავლით მიემართება და რომლის მოცულობაც სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – აცხადებს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი.

ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაციის თემა უყურადღებოდ არც თურქეთში დაუტოვებიათ. ქვეყნის პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტისას თურქული პრესა წერდა, რომ გიული-ალიევის საუბრის ერთ-ერთი თემა სააკაშვილის მიერ გახმიანებული იდეა იქნებოდა. პოლიტოლოგმა ელჰან შაჰნოღლუმ თურქულ გამოცემა „თუდეი ზამანთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ანკარა ამ პროექტით აუცილებლად დაინტერესდება.

„თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალს, რამდენად დააინტერესებს აზერბაიჯანს სააკაშვილის წინადადება. თუ ასეთი კონფედერაცია შეიქმნება, თურქეთი ამ პროექტში ჩაერთვება დღის წესრიგში აუცილებლად დადგება“, – განაცხადა შაჰნოღლუმ თურქულ გამოცემასთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილმა განცხადება საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შესაძლო შექმნის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში გააკეთა. მას შემდეგ, რაც ბერნარ კუშნერმა ღიად განაცხადა, რომ ევროკავშირს გაცილებით უადვილდება თანამშრომლობა განვითარებული რეგიონული კავშირების მქონე სახელმწიფოებთან.

ევროპულ სახლში ბერნარ კუშნერთან გამართული შეხვედრის ერთ–ერთი მონაწილე, ჟურნალისტი დავით პაიჭაძე მისი დასრულებისთანავე აღნიშნავდა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარში იყო ახალი გზავნილი, ევროკავშირის საზღვრებთან ახალი რეგიონული გაერთიანებების შესაძლო შექმნის და მათთან თანამშრომლობის შესახებ.

„გარკვეული სიახლე და ცოტა უჩვეულო ის არის, რომ ევროკავშირმა შესაძლოა აღარც ზონები შექმნას თავის ირგვლივ. რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში ყველა ქვეყანას არ შეესვლება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ყველა მათგანი არ დაუკონკრეტებია. მაგრამ აღნიშნა, რომ ამ ზონებში მოქცეულ ქვეყნებს ევროკავშირთან უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობის შესაძლებლობა ექნებათ“ – აღნიშნა დავით პაიჭაძემ.

ექსპერტ ვასილ ჭყოიძის აზრით, რაც უფრო დიდია რეგიონი და რაც უფრო თავისუფალია ამ არეალში ინვესტირება, მოქმედება, ბიზნეს ოპერირება, მისადმი ინტერესი მით უფრო იზრდება:

„შესაძლოა ეს ერთის მხრივ ემსახურება იმას, რომ ევროკავშირში ჩვენი რეგიონის მიმართ ინტერესი გააღვიძოს. არც უნდა პრიორიტეტული იყოს ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასია, ცალკე აღებული საქართველო ან, აზერბაიჯანი, მიუხედავად ამ უკანასკნელის ბუნებრივი სიმდიდრეებისა, საბაზრო თვალსაზრისით ისე მიმზიდველად არ გამოიყურება, როგორც ერთიანი დიდი კორიდორი, რომელიც გზას გიხსნის ცენტრალური აზიისაკენ“, – აცხადებს ჭყოიძე.

ერევანში ამ საკითხისადმი განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. სომხეთში დღეს, ფიქრობენ, რომ საქართველო–აზერბაიჯანის კონფედერაციის შემქნის შემთხვევაში თბილისი ქვეყნის სასიკვდილო განაჩენს მოაწერს ხელს. სომეხი სოციოლოგი აგარონ ადიბეკიანი ფიქრობს, რომ თბილისი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციის გაძლიერების წინააღმდეგ გამოდის.

საქართველო–აზერბაიჯანის კონფედერაცია კი, მისი საპირწონე ინიციატივაა, რომელიც ქვეყნისთვის სასიკვდილო განაჩენს წარმოადგენს. სოციოლოგის განცხადებით, ასეთი კონფედერაციის შექმნის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგება არა მხოლოდ საქართველოს დემოგრაფიული ვითარება, არამედ ქართული ენაც.

„ქართულთან ერთად მეორე სახელმწიფო ენა ალბათ თურქული გახდება“, _ განაცხადა ადიბეკიანმა.

ქართველ და აზერბაიჯანელ ექსპერტთა ნაწილი კი, მიიჩნევს, რომ საქართველო–აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნის საკითხში საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიული და ნაციონალური ინტერესები თანხვდება. ამდენად იდეა მართებულია, რეალურიც და მისი განხორციელება ნამდვილად შესაძლებელია,