ირაკლი სესიაშვილი: „ხელისუფლება ჯაშუშომანიით გაერთო“

ირაკლი სესიაშვილი: „ხელისუფლება ჯაშუშომანიით გაერთო“

[მერაბ ბრეგაძე]

შსს–მ ფოტოკორესპონდენტების დაკავებაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან: ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი).

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ „ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება“. საქმეს (314-ე მუხლის პირველი ნაწილი, ჯაშუშობა) გრიფი „საიდუმლო“ დაედო. ბრალდება 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება.

ამასთან, მოწმის სტატუსით დაკავებული იყო „ასოშეიტედ პრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვიც, რომელმაც მოდულის შენობა უკვე დატოვა. აივაზოვმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, იგი მოწმის სტატუსით დაკითხეს და კორექტულად ექცეოდნენ. მისივე თქმით, სხვა დაკავებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. აივაზოვმა ჟურნალისტების დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა და ტერიტორია დატოვა. იგი შენობიდან ადვოკატის გარეშე გამოვიდა.

„დაკავებული ფოტორეპორტიორები ბრალს არ აღიარებენ“, - აცხადებს გია აბდალაძის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე, რომელმაც მოდულის შენობაში აბდალაძესთან შეხვედრა შეძლო. მისი თქმით, დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მათ სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი არ ეტყობათ. სხვა კომენტარის გაკეთება ადვოკატმა არ ისურვა.

ცოტა მოგვიანებით, „ალია ჰოლდინგის“ რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დაკავებულებიდან ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო“. როგორც ტიკარაძე ამბობს, მას ეს ინფორმაცია მიაწოდეს გიორგი აბდალაძის ადვოკატებმა, რომლებმაც მოდულის შენობაში მოინახულეს აბდალაძე.

ტიკარაძის განმარტებით აბდალაძე საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის მიმართავს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. მისი თქმით, აბდალაძე არ იცის, რისთვის არის დაკავებული.

ოჯახის წევრები ჯაშუშობის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ. როგორც გია აბდალაძის მეუღლე, ნესტან ნეიძე აცხადებს, შოკირებულია ბრალდებით და ეს გაუგებრობაა. მას იმედი აქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა. ირაკლი გედენიძის დედამ, მარინა გედენიძემ კი განაცხადა, რომ მას არ შეუძლია კომენტარის გაკეთება.

ზურაბ ქურციკიძის ადვოკატის ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, „ქურციკიძე მიხეილ სააკაშვილის იმ ფოტოების გამო დააკავეს, რომელიც მან „როიტერს“ გადასცა“. ადვოკატის თქმით, ეს ფოტოები მისი დაცვის ქვეშ მყოფს სააკაშვილის პირადმა ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ მიაწოდა:

„როგორც საქმიდან ჩანს, ზურაბ ქურციკიძეზე დაკვირვება 2004 წლიდან ხორციელდება. იგი „როიტერში“ მუშაობდა. ეს ფირმა მოსკოვის ბიუროს ექვემდებარება, თუმცა მისი ქსელი თბილისშია. ქურციკიძის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 9 000 ევრო აღმოაჩინეს. როგორც თავად ქურციკიძე აცხადებს, ეს თანხა „როიტერმა“ მას მთელი წლის სამსახურეობრივი საქმიანობისთვის გადასცა. გამოძიებას მივაწვდით ყველა იმ დოკუმენტაციას, რომელიც ქურციკიძის უდანაშაულობას დაამტკიცებს“.

ანდრიაშვილის თქმით, „ქურციკიძის სახეზე დაზიანების კვალი აღენიშნება, თუმცა თავად დაკავებული არაფერს აცხადებს იმ ზეწოლაზე, რომელიც მასზე განხორციელდა“.

„ევროპის პრესფოტო სააგენტო“ („ევროპიენ პრეს ფოტო ეჯენსი“) ზურაბ ქურციკიძის დაკავების მიზეზებისა და დეტალების დადგენას საქართველოს ხელისუფლებასთან ცდილობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოს სარედაქციო განყოფილებაში განაცხადეს.

„ამის შემდეგ დავუკავშირდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ფაქტის დეტალები დავადგინოთ. მათთან მუდმივი კავშირი გვაქვს და ვცდილობთ გავარკვიოთ, რაში ედება ზურაბ ქურციკიძეს ბრალი“. აქვე აღნიშნეს, რომ მათთვის უცნობია, რომელი ფოტოების გავრცელება გახდა ქურციკიძის დაკავების მიზეზი.

სააკაშვილის პირადი ფოტოკორესპონდენტის ირაკლი გედენიძის დაკავებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერი მცირე კომენტარით შემოიფარგლა. როგორც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, ადასტურებენ გედენიძის დაკავებას.

„შემიძლია, გირჩიოთ ოფიციალური ინფორმაცია შსს-ს ვებგვერდიდან აიღოთ. ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია გითხრათ, რომ ვადასტურებთ ირაკლი გედენიძის დაკავების ფაქტს, რომელიც მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ფოტოგრაფად“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 200-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს, შეშფოთებას გამოთქვამს ფოტორეპორტიორების დაკავებასთან დაკავშირებით და მოითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ განმარტოს ფოტორეპორტიორების დაკავების მიზეზები. როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ ფოტორეპორტიორების დაკავების საქმით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლებას დაკავებული ფოტოკორესპონდენტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს:

„წუხელ, 03:00 საათზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ერთდროულად რამდენიმე ცნობილი ფოტო-კორესპონდენტები - ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, „ასოშიეიტიდ პრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი, საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე დააპატიმრეს. დაკავებულებს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და ახლობლებთან დარეკვის საშუალება არ მისცეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ფოტოკორესპონდენტების დაპატიმრების ფაქტს სიტყვის თავისუფლების უხეშ შელახვად აფასებს და საქართველოს პრეზიდენტს, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, დაკავებული ფოტოკორესპონდენტები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ“.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დროული რეაგირება მოახდინონ და საქართველოს ხელისუფლებას დაკავებული ფოტოკორესპონდენტების გათავისუფლება მოსთხოვონ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, „წინ აღუდგეს ადმიანების ტერორს, რამაც უკანასკნელ ხანს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საშიში ფორმები მიიღო“.

„ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი ფოტოჟურნალისტების დაკავების ფაქტს „მმართველის პარანოიდული აზროვნების შედეგად“ აფასებს.  როგორც კიწმარიშვილმა განაცხადა, „პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ერთგვარად დამახასიათებელია პარანოიდული მმართველობა, რომლის ლიდერებს ახასიათებთ შიშები რაღაც შეთქმულებების თაობაზე“:

„მინდა, გაგახსენოთ ასლან აბაშიძე, რომელიც მთელი სერიოზულობით ყვებოდა, რომ არსებობდა სპეციალური ფოტოაპარატები, რომელიც მაღალ რადიაქტიულ მუხტს შეიცავდა და რომლითაც შესაძლებელი იყო ადამიანის ფიზიკური განადგურება. აბაშიძე დარწმუნებული იყო, რომ ასეთი ფოტოაპარატებით მას მოკვლას უპირებდნენ. ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე წლის წინ დღევანდელმა ხელისუფალმა რაღაც აბსურდული ბრალდებით მთავრობის აპარატის თანმამშრომელი სიმონ კილაძეც დააკავა“.

მისთვის გაუგებარია, რა ტიპის ფოტო შეიძლება, ყოფილიყო ამ ადამიანების დაკავების მიზეზი. კიწმარიშვილმა აღნიშნა, რომ „დემოკრატიულ ქვეყნებში  პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის პრეზიდენტების პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრება იმდენად საჯაროდ და გამჭვირვალედ მიიჩნევა, რომ ფოტოების გადაღების გამო ადამიანების დაპატიმრებები არ ხდება“.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ფოტოკორესპონდენტების დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს:

„ტერორისტული რეჟიმი ისე გათავხედდა, რომ უკვე ფოტოკორესპონდენტებსაც აპატიმრებენ. ხელისუფლების მხრიდან ასეთი ძალადობა და ტერორი ყველა იმ ადამიანს ემუქრება, ვინც მათი ბანდისთვის მიუღებელია. „ლეიბორისტული პარტია“ ამ ფაქტს გმობს და დაუყოვნებლივ მოითხოვს დაკავებულთა გათავისუფლებას“.

 „ხელისუფლება ჯაშუშომანიით გაერთო“, – ამგვარი შეფასება ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილმა ფოტორეპორტიორების დაკავების კომენტირებისას დააფიქსირა. მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობა სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს.

„უნდა დავსვათ მთავარი კითხვა – რატომ ხდება, რომ თურმე მაღალი თანამდებობის პირები და ფოტოგრაფებიც კი თანამშრომლობენ ჩვენს მტერთან და მოწინააღმდეგესთან. იქნებ, ამის მიზეზი ხელისუფლების მიერ წარმოებული არასწორი პოლიტიკა, ან ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ტყუილი იდეოლოგიაა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს მტრის ხატის შექმნით საზოგადოება კიდევ უფრო მეტი შიშის ქვეშ ამყოფოს?“

საერთო სურათზე საუბრისას სესიაშვილი  აღნიშნავს, რომ რუსეთთან თანამშრომლობაში რიგი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები თუ სამხედრო მოსამსახურეები არიან ეჭვმიტანილნი:

„პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ჩვენი ხელისუფლების აზრით, ჩვენს მტერთან – რუსეთთან თანამშრომლობს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ასევე ეჭვმიტანილია რუსეთთან თანამშრომლობაში. ასევე ძალიან ბევრი სამხედრო მოსამსახურე, მაღალი თანამდებობის პირი, შსს-ს თანამშრომლები არიან ეჭვმიტანილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. მათ ეხლა დაემატა ფოტოგრაფებიც, რომელთა შორის არის მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი“.