გავლენ წლები, ათეული წლები, ასეული წლები, მაგრამ 1945წლის 8 მაისის დღე მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ხალხებს სამარადისოდ ემახსოვრებათ და აღნიშნავენ როგორც სამართლიანობის ზეიმის თარიღს, როგორც ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვების თარიღს.
ბერლინი. ნათელი, მზიანი, ზაფხულის ცხელი დღე. ბეტონირებული გზებით დაქსელილ ტემპელჰოფის აეროდრომზე, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინად ჰაერში ადიოდნენ სვასტიკიანი თვითმფრინავები, ახლა საბჭოთა ავიაგამანადგურებლები ბრწყინავენ. გერმანელთა თვითმფრინავები ახლა ლითონის ჯართის გროვებში, დამსხვრეულ ანგარებში ჰყრია. ზედიზედ ადიან ცაში ავიაგამანადგურებლები. ისინი მიჰყავს მაიორ ტიულკინს. მფრინავ გამანადგურებლებს საპატიო დავალება აქვთ - ცაში შეხვდნენ იმ თვითმფრინავებს, რომლებმაც აქ უნდა მოიყვანონ მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების უმაღლესი სარდლობის დელეგაცია.
ქარი აფრიალებს საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ალმებს. დელეგაციის მოსვლას მოელიან 14 საათისათვის. 13 საათსა და 50 წუთზე დასავლეთიდან მოისმის მოტორების ყრუ გუგუნი. მალე ჩნდება ორი „დუგლასი“, შემდეგ ახლოვდება მესამე. ისინი წრეებს უვლიან აეროდრომის თავზე, ბერლინის თავზე და ძირს ეშვებიან. 13 საათსა და 58 წუთზე პირველი მანქანის თვლები ეხებიან ბერლინის აეროდრომის მიწას. ვერცხლისფერი „დუგლასი“ ჩერდება ბეტონირებულ გზაზე. იღება კარი და კაბინიდან გამოდის მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების უმაღლესი სარდლობის წარმომადგენელი, ავიაციის მთავარი მარშალი ტედერი. მას შემდეგ ჩამოდიან ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული საჰაერო ძალების სარდალი, გენერალი სპაატსი, ევროპაში მოქმედი მოკავშირეთა სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ადმირალი ჰაროლდ ბეროუ.
მოსულთ მიესალმება გენერალ-ლეიტენანტი ვასილიევი.
შემდეგ ძირს ეშვება კიდევ ორი თვითმფრინავი დანარჩენ დელეგატებიანად და პრესის წარმომადგენლებიანად. ახალმოსულთა შესახვედრად მოდიან საბჭოთა სარდლობის წარმომადგენლები - არმიის გენერალი სოკოლოვსკი, გენერალ-პოლკოვნიკი ბერზარინი, გენერალ-ლეიტენანტი ბოკოვი. მწკრივდება საპატიო ყარაული. წინ არის სსრ კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის დროშები. ორკესტრი ასრულებს ამერიკის, ინგლისისა და საბჭოთა კავშირის ჰიმნებს. პოლკოვნიკი ლებედევი უპატაკებს ავიაციის მთავარ მარშალ ტედერს, საპატიო ყარაული ჩამწკრივებულიაო. დელეგაციის მეთაური მოსულებთან ერთად ჩამოუვლის საპატიო ყარაულს. ამ პარადით, ამბობს ტედერი, ჩვენ დიდი პატივი დაგვდეთ. პასუხად ბერლინში ჰქუხს წითელარმიული „ვაშა“ გამარჯვების აღსანიშნავად.
მოდის მეოთხე „დუგლასი“. ამ თვითმფრინავით ბერლინში მოიყვანეს გერმანიის განადგურებული არმიის სარდლობის წარმომადგენლები. აი ამერიკელ ოფიცერთა თანხლებით მოდიან ფელდმარშალი კაიტელი, გენერალ-ადმირალი ჰანს ფრიდებურგი, გენერალ-პოლკოვნიკი შტუმპფი. გერმანელებს მიაცილებენ ავტომანქანებამდე.
მიკროფონთან სიტყვას ამბობს ავიაციის მთავარი მარშალი ტედერი და აცხადებს, რომ იგი არის მთავარსარდალ ეიზენჰაუერის რწმუნებული. იგი ძალიან მოხარულია მიესალმოს საბჭოთა მარშლებსა და გენერლებს, აგრეთვე წითელი არმიის ჯარებს და განსაკუთრებით მოხარულია იმიტომ, რომ მათ მიესალმება სწორედ ბერლინში. მოკავშირეებმა დასავლეთში და აღმოსავლეთში, - სთქვა მან, - თანამშრომლობის შედეგად კოლოსალური სამუშაო შეასრულეს.
მოკავშირეთა დელეგაციები და საბჭოთა სარდლობის წარმომადგენლები ავტომანქანებში სხდებიან. მთელი ქალაქის გავლით ისინი მიემართებიან გარეუბან კარლსჰორსტში. 14 საათსა და 40 წუთზე აეროდრომზე პარიზიდან მოდის საფრანგეთის დელეგაცია გენერალ დელატრ დე ტასინის მეთაურობით.
„