ბიძინა ივანიშვილი; გიორგი კვირიკაშვილი; კახა კალაძე; სოზარ სუბარი; მაია ცქიტიშვილი; მიხეილ ჯანელიძე; თედო ჯაფარიძე - ჯერჯერობით უცნობია რომელ კანდიდატზე შეჩერდება არჩევანი - პარტია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისში დასახელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, არჩევანი სოზარ სუბარსა და თედო ჯაფარიძეს შორის გაკეთდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით პარტიის შიგნით კონსულტაციები დაწყებულია. თუმცა კონკრეტულ გვარებს, თუ ვისი კანდიდატურები განიხილება პრეზიდენტის პოსტზე და არის თუ არა მათ შორის ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თალაკვაძე არ აკონკრეტებს.
„როგორც იცით, ჩვენ კანდიდატურას წარვადგენთ ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისის პერიოდში. „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება ღირსეული, გამარჯვების მაღალი შანსებით. თუ რა კონსულტაციები მიმდინარეობს ამ ეტაპზე და ვის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება, ადასტურებს, რომ გუნდში კანდიდატზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„საპრეზიდენტო არჩევნები არის ოქტომბერში. ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა კანდიდატის დასახელება. გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, კანდიდატის შერჩევა და თვე-ნახევრით, ორი თვით ადრე იქნება დასახელებული კანდიდატი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კონსულტაციებში პირადად არ არის ჩართული ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რომლის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაში ექსპრემიერი და პარტიის მომავალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პირადად იქნება ჩართული. სუბარი ამბობს, რომ არ იქნება არც ერთი კანდიდატი, რომელიც მმართველი გუნდის კანდიდატს კონკურენციას გაუწევს.
„მსჯელობა, რა თქმა უნდა, დაწყებულია. კონსულტაციებში არ ვარ ჩართული. არ იქნება არც ერთი კანდიდატი, რომელსაც შეეძლება კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს. ბიძინა ივანიშვილი ყრილობის შემდეგ იქნება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, მისი გავლენა, ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მაღალი,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აქტიურად მსჯელობენ, უმრავლესობის წევრები კანდიდატებზე წინასწარ საუბარს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. რაც შეეხება სოზარ სუბარის კანდიდატურას, დეპუტატი ამბობს, რომ კონკრეტული გვარების დასახელება არარელევანტური და ნაადრევია.
„კონკრეტული გვარების დასახელება ახლა არ იქნება რელევანტური და არც კორექტული, რადან არ გვიმსჯელია ჯერ ამ საკითხებზე. მოგვიანებით გვექნება პოზიცია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი თვლის, რომ საკონსტიტუციო სისტემიდან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი დისტანცირებული იყოს პოლიტიკისგან. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ეძებოს ისეთი ფიგურა, რომელიც იქნება მაკონსოლიდირებელი ფიგურა, რაც არ არის ადვილი საქმე.
„ეს არის პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნები და ამავდროულად პარტიული ფიგურაც უნდა იყოს. ანუ, პარტიაში უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა, ეს არის ძალიან რთული ამოცანა. რაც შეეხება კანდიდატებს და კერძოდ ბიძინა ივანიშვილს, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ივანიშვილი იყოს კანდიდატი. მას იმხელა გავლენა და ავტორიტეტი აქვს, რომ ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტიდან პოლიტიკაში ჩაერევა, რაც იქნება კონსტიტუციური პრობლემა, საფრთხე.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ისინიც პარტიული პოლიტიკური ფიგურები არიან. ნებისმიერი შემთხვევაში ეს ადამიანები მაინც აღიქმებიან ერთი პოლიტიკური ბანაკის ლიდერად. ისეთი პოლიტიკური ფიგურა უნდა მოიძებნოს, რომელიც პარტიულ პოლიტიკასთან ნაკლებად ასოცირდება. არც ვიცი ასეთი ვინ შეიძლება იყოს, მაგრამ ხელისუფლების ზეამოცანა არის, მოინახოს ისეთი ფიგურა, რომელიც იქნება გამაერთიანებელი და უაღრესად ფრაგმენტიზებული ამ პოლიტიკური სპექტრისგან.
რაც შეეხება თედო ჯაფარიძეს, ეს უფრო შესაძლებელია, რადგან პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკური ფუნქცია ექნება. დასაშვები და კარგი კანდიდატია“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
რაც შეეხება კონკურენციას, თუ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას შევხედავთ, ზარდიაშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, არსებულ პოლიტიკურ ველზე რეალური კონკურეტი არ არის, რაც ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი უპირობოდ გაიმარჯვებს.
„ოპოზიციის სისუსტის ფონზე არის უკონკურენტო მმართველი პარტიის კანდიდატი და არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩამოყალიბებული, მწყობრი პოლიტიკის მქონე და დალაგებული. შიგნითაც ბევრი პრობლემა აქვთ და ეს გამოჩნდა კიდეც.
ოპოზიციის ფლაგმანი კი ისევ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთანაც ასოცირდება ძალიან მძიმე შეცდომები და დანაშაული. ამ ვითარებაში ალტერნატივა არ ჩანს. შუალედურმა არჩევნებმაც დაადასტურა, ძალიან დიდია სხვაობა. ორჯერ მეტ ხმებს იღებს „ქართული ოცნება“, ვიდრე ოპოზიცია. ახლაც იგივე მოხდება. მთავარია, „ქართულ ოცნებამ“ ისეთი კანდიდატი შეარჩიოს, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების ველზე „ოცნების“ მედროშედ არ აღიქმება. პრეზიდენტმა უნდა შექმნას ის გარანტიები, რომ მომავალ არჩევნებს ქვეყანა ნამდვილი პარტიებით შეხვდეს. საპარლამენტო რესპუბლიკისთვის პარტიები უნდა ჩამოყალიბდნენ იმ სახით, რა სახითაც ამას კონსტიტუცია ითხოვს. ძნელი სათქმელია რამდენად მოახერხებენ ამის გაკეთებას“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.