„ჩინეთის მთავარი ინტერესი იქნება, რომ უკრაინის ომში ხელი მშვიდობას შეუწყოს და არა რუსეთის ამ ომში დამარცხებას“

„ჩინეთის მთავარი ინტერესი იქნება, რომ უკრაინის ომში ხელი მშვიდობას შეუწყოს და არა რუსეთის ამ ომში დამარცხებას“

ჩინეთი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარედ მოგვევლინოს, რომელსაც პუტინზე საკმაოდ სერიოზული ზეწოლის ბერკეტები აქვს. თუმცა ჩნდება კითხვა - თავად ჩინეთის გეოპოლიტიკური მიზანი რა არის? რა ჩაიფიქრა პეკინმა? 

12 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პეკინი მხარს უჭერს უკრაინაში მიმდინარე ომის ცეცხლის შეწყვეტას და მშვიდობის დამყარების პროცესში აქტიურ ჩართულობას. ჩინეთი ხაზგასმით აცხადებს, რომ მხარს უჭერს „კონფლიქტის სწრაფ და მდგრად მშვიდობიან გადაწყვეტას“, ხოლო მხარეებს მოუწოდებს, გადადგან ნაბიჯები სამოქალაქო მსხვერპლის შესამცირებლად და დიალოგის გზით განიხილონ კონფლიქტის გადაწყვეტა. პეკინი ასევე აღნიშნავს, რომ გლობალური მშვიდობისთვის აუცილებელია საერთაშორისო ძალისხმევა, რომელიც ეფუძნება კანონისა და ძალაუფლების თანასწორობის პრინციპებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის კონფლიქტის სწრაფ და მდგრად მშვიდობიან გადაწყვეტას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა სამოქალაქო მოსახლეობას არ დაემართოს დამატებითი ზარალი. ჩინეთი მზად არის, ითანამშრომლოს ყველა მხარესთან, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობის დადგომას და საერთაშორისო ძალისხმევას, რომლის მიზანი იქნება კონფლიქტის მოგვარება დიალოგის და თანხმობის გზით“, - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებას დასავლელი ლიდერებისგან მყისიერად მოჰყვა რეაქციები. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულია, თუმცა სკეპტიკურად უყურებს პეკინის ინიციატივას, რადგან მიიჩნევს, რომ ჩინეთმა ეს პროცესი შესაძლოა საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა დარჩეს შეუვალი, ხოლო გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა დასძინეს, რომ ისინი აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.

ჩინეთის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ხელს უწყობს მშვიდობის იდეას, დასავლეთში დიდი სიფრთხილეს იწვევს. ექსპერტები ეჭვობენ, რომ პეკინმა, როგორც რუსეთთან მჭიდრო პარტნიორმა, შესაძლოა, ეს ნაბიჯი გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად, ვიდრე მხოლოდ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პეკინმა იმიჯი მშვიდობის დამცველად წარმოაჩინა, მაგრამ დასავლეთი მისი ინიციატივების რეალურ გავლენასა და ნეიტრალიტეტის პრაქტიკულ განხორციელებას ეჭვის თვალით უყურებს.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-თან ამბობს, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური სიგნალია როგორც მოსკოვისთვის, ისე დასავლეთის ქვეყნებისთვის.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე მეტადაა დამოკიდებული, მას მაინც აქვს გარკვეული ბერკეტები, რომ გავლენა მოახდინოს მოსკოვზე. რუსეთისათვის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა ჩინეთისგან გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მაგრამ პეკინს შეუძლია გამოიყენოს რამდენიმე რბილი ხერხი, რომ პუტინზე ზეწოლა იქონიოს.

„პირველი და ყველაზე თვალსაჩინო ბერკეტი ეკონომიკური თანამშრომლობაა. ჩინეთი არის რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ენერგეტიკული პროდუქტის მთავარი იმპორტიორი. ამ პარტნიორობის გაძლიერება ან შერბილება პირდაპირ კავშირშია რუსული ეკონომიკის სტაბილურობასთან, რის გამოც პეკინი იცნობს თავისი გავლენის ძალას ამ სფეროში.

თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ფინანსური ბერკეტები. ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობების სხვადასხვა ფორმა, რომ უკრაინის კონფლიქტში უფრო მშვიდობიანი განსახიერების გზები დააჩქაროს. პეკინი ასევე განიხილავს რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს გლობალური პოლიტიკის კონტექსტში, სადაც ჩინეთი ცდილობს ხელი შეუწყოს მრავალპოლუსიან სამყაროს ფორმირებას“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

რაც შეეხება ჩინეთის გეოპოლიტიკურ მიზნებს, კონფლიქტოლოგს მიაჩნია, რომ ჩინეთს უკრაინაში არსებულ კონფლიქტთან მიმართებაში თავისი გრძელვადიანი გეოპოლიტიკური რამდენიმე მიზანი აქვს.

„ჩინეთმა და ამერიკამ სავაჭრო მოლაპარაკებებში დიდი პროგრესი განიცადეს. ორივე მხარემ დროებით ტარიფები შეამცირეს და ესეც ამ პოზიციაზე აისახა. ზოგადად, ჩინეთში ბოლო წლებში, გარკვეული ეკონომიკური რეცესია გრძელდება. ყველაზე მტკივნეულად ეს უძრავი ქონების ბაზარზე აისახა. თუმცა, ამის ფონზე, სხვადასხვა დარგების ჩათრევაც მოსდევს ამ პროცესს. ამას თან დაერთო ამერიკის ტარიფების პოლიტიკა, რაც ჩინეთს მძიმე მდგომარეობაში აყენებდა. ეს არის ჩინეთის ერთი გეოპოლიტიკური მიზანი. მეორე კი ევროკავშირთან ურთიერთობის შენარჩუნება, რადგან ამ ტარიფებით ევროკავშირიც ზიანდება. ამ შემთხვევაში კი, ჩინეთს და ევროპას საერთო ინტერესები აქვთ.

თუ ჩინეთმა ეკონომიკურად მზარდი, გიგანტი სახელმწიფოს სტატუსი დაკარგა, მისი პოლიტიკური ამბიციები მთლიანად გაცამტვერდება. ამიტომ ახლა მისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტაბილურობაა. როცა ჩინეთი რუსეთთან თანამშრომლობს და მაქსიმალურად იაფ ფასებში იღებს სხვადასხვა რესურსებს, მეორე მხრივ, ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობას ინარჩუნებს და პლუს, ამერიკასთან ურთიერთობის დარეგულირებას ახერხებს. ასევე ენერგო მატარებლებზე ხდება ფასების შემცირება, ამ მხრივაც რუსეთის დაბალი ტარიფები ჩინეთისთვის მიმზიდველი და ექსკლუზიური აღარ არის. დაბალი ფასებით მსოფლიოში ნავთობის ყიდვა ისედაც შესაძლებელია. ყოველივე ეს კი უკვე რუსეთზე ზეწოლას განაპირობებს“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ პუტინის შესაჩერებლად ეს პროცესები საკმარისი არ არის, მაგრამ მისთვის ჩინეთის ასეთი ღია პოზიციონირება უკვე საგანგაშო სიგნალია.

„ამ ყველაფერს განგრძობად პროცესში თუ შევხედავთ, ევროპის მხარდაჭერა გაგრძელდება, ამერიკაც იმავეს აპირებს, ხოლო ჩინეთმა მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისად, ეს პუტინისთვის არის იმის სიგნალი, რომ თუ ომს გააგრძელებს, მისი შედეგი, შესაძლოა, არცთუ სახარბიელო აღმოჩნდეს. თუმცა პროგრესი ასე მალე მაინც მოსალოდნელი არ არის. ცვლილებები იქნება თუ არა და რა სახის, ეს უკვე სტამბულში 15 მაისის მოლაპარაკებებზე გამოჩნდება.

შესაძლოა, ჩინეთის ინტერესში რუსეთის დასუსტება შედიოდეს, მაგრამ მეორე მხრივ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთი თავისი კომუნისტური პოლიტიკით, მაინც დასავლეთის იდეური მოწინააღმდეგეა. შესაბამისად, ამ კუთხით რუსეთი და სხვა სამყარო, რომელიც დასავლეთის პოლიტიკის მიღმაა, მისი მოკავშირეები არიან. ჩინეთის მთავარი ინტერესი იქნება, რომ უკრაინის ომში ხელი მშვიდობას შეუწყოს და არა რუსეთის ამ ომში დამარცხებას“, - ამბობს ბენდიანიშვილი.