„დღევანდელ ანტიკოლონიალურ აჯანყებას მხოლოდ პოლიტიკური მიზეზები არ აქვს, რომ ომში ჩართვას გვთხოვდნენ, პროტესტი, პირველ რიგში, ეკონომიკური კოლონიალიზმის წინააღმდეგ გვაქვს“

„დღევანდელ ანტიკოლონიალურ აჯანყებას მხოლოდ პოლიტიკური მიზეზები არ აქვს, რომ ომში ჩართვას გვთხოვდნენ, პროტესტი, პირველ რიგში, ეკონომიკური კოლონიალიზმის წინააღმდეგ გვაქვს“

დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ქვეყანამ 2022, 2023 და 2024 წლებში, ევროკავშირის დახმარება - 121 მილიონი ევროს ოდენობით, დაკარგა. ეს ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საიტზე მოვიპოვე. ბუნებრივია, დავინტერესდი, კონკრეტულად რა პროექტებში, რომელ დარგში და რა მიზნით იხარჯება ევროკავშირის დახმარება, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად, საშუალოდ, 80-85 მილიონი ევროს ოდენობით იღებს. ინფორმაცია საკმაოდ ვრცელია და სფეროების მიხედვითაა დაყოფილი, შესაბამისად, ზუსტად ვიცით, რომ ეს დახმარება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, სავაჭრო ურთიერთობებს, ენერგოსექტორს, გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილებებს, მდგრად განვითარებას, მწვანე ეკონომიკას უნდა მოხმარდეს, მაგრამ თუ დეტალური ინფორმაციის მოძიებას შეეცდებით, დროს ტყუილად დაკარგავთ: „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ექსპერტული ცოდნით, რათა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდეს და ასევე პირდაპირ ეხმარება ბუნებრივი პარკების განვითარებაში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში, უფრო ეკოლოგიური ზრდის შესაძლებლობების განვითარებაში, ნარჩენების მართვისა და წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში და ეკოლოგიური რისკებისა და ზემოქმედების უკეთესი მართვის მექანიზმების შექმნაში. ევროკავშირი აფინანსებს უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის, ნარჩენების მართვისა და ეკოლოგიური ტრანსპორტის სექტორებში“, - ესაა უმცირესი ამონარიდი იმ ინფორმაციიდან, რომელიც ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობის საიტზეა განთავსებული.

კითხვაზე, კონკრეტულად რაში იხარჯება ევროკავშირის დახმარება საქართველოში, პასუხი გრძელ სადღეგრძელოს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ დახმარებას. სამაგიეროდ, ევროპელი ბიუროკრატები საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიულ განვითარებას უწუნებენ და დახმარების შეწყვეტით აშანტაჟებენ. რეალურად, რა მიზნებს ხმარდება ევროპული დახმარება ქვეყნის შიგნით? არის თუ არა ეს ეკონომიკური დივერსია და რა გამოსავალი არსებობს? For.ge-ს ამ თემაზე ესაუბრება პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი გოგავა.

ბატონო ირაკლი, ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობის საიტზე დეტალურ ინფორმაციას, რა პროექტებს ხმარდება ევროკავშირის დახმარებები, ამაოდ ვეძებდი. აგვიხსენით, რაში იხარჯება ევროკავშირის დახმარება, რომელ პროექტებში?

- ზოგადად, არსებობს ერთი აქსიომა - უანგარო ფული არ არსებობს. არც ერთი სახელმწიფო, არც ერთი ორგანიზაცია არ იძლევა არაფერს, თუ მას არ აქვს საკუთარი ინტერესი და ეს ეხება ეგრეთ წოდებულ დახმარებებს, რასაც ევროკავშირი გამოჰყოფდა წლების განმავლობაში. ევროკავშირის გარდა, შეერთებული შტატები და ცალკე სხვა სახელმწიფოებიც გამოჰყოფდნენ დახმარებას, მათ შორის, იაპონია და ტაივანიც კი. ევროკავშირიდან დახმარების სახით, 100-121-122 მილიონი ევრო მოდიოდა, ამას ემატებოდა ნორვეგიის, ჰოლანდიისა და გერმანიის დახმარებები, ჯამში, დაახლოებით, 300 მილიონი იხარჯებოდა უცხოეთიდან საქართველოში.

რას ხმარდებოდა ეს ფული საქართველოში?

- რა თქმა უნდა, მიზნებიც გაცხადებული ჰქონდათ: ნათელი მომავალი, დემოკრატიის განვითარება, სიტყვის თავისუფლება, ეკონომიკური წინსვლა. თუმცა, რეალურად, ამ ფულის დიდი ნაწილი იხარჯებოდა დასავლეთის მეხუთე კოლონის შენახვაზე. ჩვენ ვიცით, რომ 600-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია (ენჯეო) იღებდა უცხოურ გრანტებს, გარდა ამისა, აფინანსებდნენ მედიას - ლგბტ პროპაგანდას ტელევიზიებში, ასევე გამომცემლობებს - ულტრალიბერალური ფასეულობების პროპაგანდისთვის...

უკაცრავად, მაგრამ ეს ყველაფერი არ წერია ევროკაშირის საქართველოში წარმომადგენლობის საიტზე.

- რა თქმა უნდა, არ წერია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კაპიტალისტური წყობილება, თუ ის არ კონტროლდება და არ რეგულირდება, ტყუილზეა აგებული. ზოგადად, ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მიმართ, მეზობელი ქვეყნების მიმართ, ტყუილზეა აგებული. ევროკავშირი შეიქმნა იმისთვის, რომ დასავლეთ ევროპის სიმდიდრე შენარჩუნდეს, ოღონდ ვიღაცის ხარჯზე, ანუ ვიღაც უნდა გაღარიბდეს. ეს გასაღარიბებელი ობიექტები გახლავთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სამეზობლო ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მათ შორის, საქართველო.

მათი ამოცანა რა არის და რატომ აფინანსებენ მეხუთე კოლონას, საკუთარ ენჯეოებს, ლიბერალურ მედიას, საგამომცემლო სახლებს... იცით, რომ 1400-ზე მეტი ჟურნალისტი იღებდა, თურმე, გრანტებს საქართველოში, წლების განმავლობაში? ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში, ყოველი მეოთხე ჟურნალისტი, რომელიც უცხოურ გრანტს იღებდა, ქართველი ყოფილა და ეს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მიზანი, რისთვისაც აფინანსებდნენ, არის ის, რომ საქართველო იყოს იმ პოლიტიკის კალაპოტში, რომელიც მათ აწყობთ. ეს არის საქართველოსგან ანტირუსეთის შექმნა, რათა მუდმივად გამაღიზიანებელი ფაქტორი ვიყოთ რუსეთისთვის და საჭირო მომენტში ვიომოთ რუსეთთან, როგორც 2008 წელს გვაომეს. ჩვენ ხომ ახლაც გვთხოვდნენ, როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა?! ზოგადად, უნდა ვიყოთ დასავლეთის მორჩილები საერთაშორისო პოლიტიკაში, მათ გამოტანილ რეზოლუციებს საერთაშორისო ფორუმებში მხარი დავუჭიროთ, ჯარი გავგზავნოთ ავღანეთში, აფრიკაში, ერაყში...

გარდა ამისა, არის ეკონომიკური განზომილებაც. რა არის კაპიტალისტის ინტერესი ეკონომიკაში - ევროკავშირი სუპერმდიდრების შექმნილი ორგანიზაციაა, ოლიგარქიული, დინასტიური ოჯახების და მათი ინტერესი, რა თქმა უნდა, ძალაუფლებასთან და პოლიტიკასთან ერთად, მეტი ფულის შოვნაა. 400 000 ქართველი მუშაობს მესამედ ფასში ევროკავშირში და ქმნის მათ ეკონომიკას. ითვლება, რომ ერთი ადამიანი, სიცოცხლის განმავლობაში, ქმნის მილიონი დოლარის ეკონომიკას, ანუ ეს 400 000 ქართველი, მეტი რომც არ წავიდეს არავინ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, შეუქმნის 400 მილიარდი დოლარის ეკონომიკას და ეს ხომ ჩვენ გვაკლდება, რადგან შრომითი რესურსი არის ყველაზე ძვირფასი, რაც სახელმწიფოს გააჩნია.

ჩვენგან მიაქვთ ბუნებრივი რესურსები ჯართის სახით, ასევე მეტალი, ფერადი ლითონები, სპილენძის კონცენტრატი, გააქვთ ხე-ტყე და მარგანეცი. წლების განმავლობაში, უამრავი ანტიკვარიატი გაიტანეს: ხალიჩები, ძვირფასი ავეჯი, ფერწერული ტილოები. ქართულ ოჯახებში უზარმაზარი სიმდიდრე იყო, მაგრამ 90-იან წლებში, ხალხმა ეს სიმდიდრე გამოიყენა გადასასარჩენად.

ვიცით, რომ ქართული ბანკების 90% უცხოური კაპიტალით შეიქმნა, რომლებიც ზემოგებებზე მუშაობენ. მაგალითად, საქართველოში ბანკების მოგება 23%-ია, არადა, ევროპაში 7-8%-ის ფარგლებში მერყეობს. სამჯერ მეტ მოგებას შოულობენ ქართველი ხალხის ხარჯზე, იმ მაღალი პროცენტების საშუალებით, რასაც ჩვენ გვახდევინებენ.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ვალის ორმოში ჩაგვაგდეს - კაბალური პროცენტებით მოგვცეს სახელმწიფო ვალი და ამ მხრივ, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - „იბიარდი“, ცალკეული სახელმწიფოები ლიდერობენ. სახელმწიფო ვალებს პოლიტიკური მოთხოვნებით გვაძლევენ და ეს მოთხოვნებია ჩატარდეს გეი-აღლუმები, მივიღოთ ულტრალიბერალური დღის წესრიგი და ასე შემდეგ. ამ ვალების მომსახურება წელიწადში (სხვადასხვა წელს, სხვადასხვა პროცენტი უწევს), 400-დან 700 მილიონამდეა. თანაც, ამ ვალს გვაძლევენ არა იმაში, რომ საწარმო განვითარდეს, ან ფაბრიკა აშენდეს, გვაძლევენ ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც პირდაპირ შემოსავალს არ იძლევა.

ეს გახლავთ, ეგრეთ წოდებული, ვაშინგტონის კონსენსუსის კოლონიალური მოდელი, რომელშიც ჩაგვსვეს 90-იან წლებში და დღემდე ეკონომიკური კოლონია ვართ. კოლონიას კი კოლონიალური ადმინისტრაცია სჭირდება. მაგალითად, როდესაც სააკაშვილი მოიყვანეს ხელისუფლებაში, ეს იყო ქვეყნის კლასიკური, გარე მართვაზე გადასვლა, რადგან სააკაშვილი არაფერს არ მართავდა, მხოლოდ ძარცვავდა ქართველ ხალხს და ბიზნესს, რეალურად უცხოელები მართავდნენ. შემდეგაც, „ოცნების“ პირობებშიც გაგრძელდა ასე, მაგრამ 2019 წლიდან, ანტიკოლონიალური მოძრაობა დაიწყო საქართველოში. ამის გარდამტეხ ეტაპად კი შარლ მიშელის შეთანხმებაზე უარის განცხადება მიმაჩნია.

90-იან წლებში, არ ვიცოდით, როგორ მუშაობდა საერთაშორისო სისტემა, მაგრამ ახლა უკვე შევისწავლეთ, სიღრმისეულად შევაფასეთ და ამაში დარჩენას არ ვაპირებთ. ამიტომ, დღეს რაც ხდება, ეს არის ანტიკოლონიალური აჯანყება. ამას მხოლოდ პოლიტიკური მიზეზები არ აქვს, რომ ომში ჩართვას გვთხოვდნენ. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მოტივატორია, მაგრამ პრობლემა, პროტესტი და აგრესია, პირველ რიგში, ეკონომიკური კოლონიალიზმის წინააღმდეგ გვაქვს. ეს უნდა დავასრულოთ, რადგან საერთაშორისო ფუნქცია არ მოგვანიჭეს და რეალურად, არც ერთი დარგის განვითარებაში არ გვეხმარებიან.

ევროკავშირის დახმარებებს რომ დავუბრუნდეთ, ვიცით, რომ 600-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება უცხოური გრანტებით, ჯამში, დაახლოებით, 20 000 ადამიანი იღებს უცხოურ ხელფასს და თუ საპროტესტო აქციების პიკს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ დაახლოებით, ამდენი ადამიანი მონაწილეობს ხოლმე ეგრეთ წოდებულ მასშტაბურ აქციებში. ამიტომ, არანაირი დახმარება ეს არ არის, ეს არის საქართველოს დაკაბალების, საქართველოში კოლონიალური ადმინისტრაციის დამყარების ტექნოლოგია.

თქვენი შეფასებიდან ჩანს, რომ ევროკავშირის დახმარება არის ბლეფი და არ ხმარდება იმ რეალურ მიზნებს, რაც აღწერილია მათსავე საიტზე. გამოდის, დახმარება ფასადურია და ამიტომაც ვაწყდებით ამდენ პრობლემას, თუნდაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისას? შორს რომ არ წავიდე, ბოლოდროინდელ რძის სკანდალს გაგახსენებთ, რომელსაც, ჩემი აზრით, პოლიტიკური სარჩული უფრო ჰქონდა, ვიდრე ეკონომიკური. დამეთანხმებით, „სკლინტიანი რძე“ მარკეტინგულად კარგად „იყიდება“ და შედეგიც ვნახეთ: „პროტესტანტებმა“ პროტესტი გამოუცხადეს ქართულ პროდუქციას, რაც დიდი მავნებლობა მგონია. უკაცრავად, კითხვა გამიგრძელდა, ბატონო ირაკლი, მაგრამ გამოდის, რომ ევროკავშირის დახმარება სოფლის მეურნეობაში და ხმაურიანი პროექტები მხოლოდ პიარზეა გათვლილი?

- ეს არის აბსოლუტური ფასადი და დახმარების იმიტაცია, არანაირ რეალურ დახმარებას ისინი არ გვიწევენ, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში. ეს იმიტომ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის 60%-ზე მეტი არის დოტაციები სოფლის მეურნეობაში. მაგალითად, ეს დოტაციები რომ შეწყდეს, საფრანგეთში მერძევეობა და მესაქონლეობა დაიღუპება, რადგან პირდაპირ სუბსიდირდება. მათ არ აწყობთ საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინება, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს, 1990 წელს, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი კვების მრეწველობის სექტორი ჰქონდა. 400-ზე მეტი ქარხანა მუშაობდა კვების მრეწველობაში და სხვადასხვა დათვლებით, 24-დან 40 მილიარდამდე აშშ დოლარის პროდუქციას უშვებდა ქართული კვების მრეწველობა. 1988 წლის სტატისტიკა მაქვს ნანახი და 970 მილიონ ქილა კონსერვს უშვებდა ქართული კვების მრეწველობა. ერთადერთი ობიექტი, რომელიც ევროკავშირის მიერ იყო გაკეთებული და ვნახე, სართიჭალაში, საღორე იყო, რომელშიც 5 მილიონი ევრო დახარჯეს და რომელიც დღემდე არ მუშაობს. ეს არის მათი დახმარება.

მეორე პროექტია მეფუტკრეობა. საქართველოში არის რეგიონები, სადაც მეტი თაფლი მოდის, მაგალითად, სამეგრელო, იმერეთი, მთიანი რეგიონები... ერთადერთი რეგიონი, სადაც ფუტკრის საკვები ბაზა არ არის, გორისა და კასპის რაიონია. თაფლის გადამამუშავებელი საწარმო დააფინანსეს იმ რეგიონში, სადაც თაფლი არ არის - გორში. გამოდის, რომ სამეგრელოს მეფუტკრეებმა თაფლი გორში უნდა ჩაიტანონ გადასამუშავებლად, ეს ხომ აბსურდია! სპეციალურად გაკეთდა იმისთვის, რომ ეს დარგი არ განვითარდეს და ეს არის საბოტაჟი.

გარდა ამისა, რამდენიმე ათეული მაცივარი გააკეთეს, „დაგვეხმარნენ“ ამაში. ეს მაცივრები მცირე ზომისაა - 100 და 80-ტონიანია. დამწყებ ეკონომისტს, ან ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ეს წამგებიანი მეურნეობაა. თანაც, არასწორი ვენტილაციით დააპროექტეს და 100-ტონიანი მაცივარი გინდ გქონია და გინდ - არა. ამ დროს, აზერბაიჯანში, სამაცივრე მეურნეობა გააკეთეს 10 000 ტონაზე, თურქეთში - 4-5 და 8 000-ტონიანი მაცივრები და სასაწყობე მეურნეობებია. ეს არის სწორი განვითარების გზა.

მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ არ განვვითარდეთ და ამიტომ, არანაირი დახმარება ეს არის. ეს დახმარება ერთგვარი ტროას ცხენივითაა, ეკონომიკური დივერსიებისთვის და ჩემი აზრით, სახელმწიფო უსაფრთხოების ჩარევა სჭირდება. მეტიც, საერთოდ, უარი უნდა ვთქვათ ამ ტიპის დახმარებებზე, რადგან უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.

ბატონო ირაკლი, სუბსიდია აღნიშნეთ და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის შემდეგ, პირველი, რაც გააკეთა ხელისუფლებამ ეს იყო მევენახეების, მეციტრუსეებისა და მეხილეების სუბსიდირება. თუმცა, ისიც კარგად მახსოვს, ცალკეული ექსპერტები, გნებავთ, მოექსპერტო ტიპები როგორ აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო სუბსიდირება უნდა შეწყდეს, რომ გლეხების დახმარება, სინამდვილეში, სახელმწიფოს ჩარევაა ბიზნესში, არადა, თურმე, ევროკავშირის ბიუჯეტის 60%-ზე მეტი სუბსიდიაზე იხარჯება.

- დიახ, ეს არის ორმაგი სტანდარტი, ეკონომიკური დივერსია და საბოტაჟი! თუ ვინმე დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე გიწყებთ საუბარს, ჯიბეზე დაიხედეთ, რას გპარავენ, ამიტომ მთავარია, რას აწარმოებ და რას ჰყიდი, ანუ წარმოება და ვაჭრობა, მათ შორის, უმთავრესია რეალური სექტორი. რეალური სექტორი არის სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და მშენებლობა, ასევე ენერგეტიკა.

სოფლის მეურნეობა, სუბსიდირების გარეშე, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენთან სოფლის მეურნეობა უნდა განვითარდეს კვების მრეწველობასთან ერთად. მაგალითად, მე რომ მკითხოს კაცმა, აუცილებლად შევქმნიდი სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს, იმიტომ რომ გადამუშავების გარეშე, პირველადი აგრონედლეულის წარმოება წამგებიანია, ან ძალიან დაბალი პროცენტი აქვს. ამასთან, აუცილებელია სახელმწიფო აგრობანკის შექმნა, რომლითაც გრძელვადიან კრედიტს მივცემთ ფერმერებს მექანიზაციისთვის.

საქართველო მცირემიწიანია, თან ძალიან დანაწევრებულია, საშუალოდ, ერთი ოჯახი ფლობს 1-1.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთს. ასეთ პირობებში, რენტაბელობის დაჭერა რთულია. საქართველოში რომ ინდუსტრიული ფერმა გქონდეს, მინიმუმ, 30 ჰექტარი გჭირდება. აქედან გამომდინარე, კონკურენტული რომ იყო, ცოტა სხვაგვარი პროდუქტი უნდა შექმნა - ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქტი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადია, დეფიციტურიცაა და უფრო ძვირადაც ფასობს. უარი უნდა ვთქვათ პესტიციდებზე, შხამქიმიკატებზე და უნდა გადავიდეთ ბიოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე.

ბატონო ირაკლი, ამ ვითარებას თავი როგორ დავაღწიოთ, ანუ ევრობიუროკრატების შანტაჟის პირობებში, რა გამოსავალი არსებობს?

- პირველ რიგში, უარი უნდა ვთქვათ მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე! სწორედ, ეს ორი ორგანიზაცია გახლავთ ვაშინგტონის კონსენსუსის კოლონიალური მოდელის ზედამხედველი და იმპლიმენტატორი. მათი ვალი უნდა გავისტუმროთ, ახალი ვალი მათგან აღარ უნდა ავიღოთ, რადგან ვალს პოლიტიკური და ეკონომიკური ვალდებულებებიც მოჰყვება. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებსაც უნდა გადავხედოთ, რადგან თავისუფალი რეჟიმი განვითარებადი ქვეყნისთვის დამღუპველია, იმიტომ რომ კონკურენციას ვერ შეუქმნი იმპორტს. ამის ნაცვლად, უნდა შემოვიღოთ ზომიერი პროტექციონისტული პოლიტიკა.

ქართული სუვერენული ეკონომიკური განვითარების გეგმა უნდა შედგეს, ოღონდ ეს გეგმა სადღეგრძელოების კრებული არ უნდა იყოს. პირიქით, კონკრეტულად უნდა გაიწეროს საწარმოები, დარგები, თუ რომელ რაიონში, რა ნედლეული გვაქვს, რა მუშა-ხელი გვყავს და რა კვალიფიკაციით, რას ვუშვებთ, როგორ ვუშვებთ, რა ფასად ვყიდით და სად. როდესაც ასეთი გეგმა დაიდება, მაშინ ვიტყვი, რომ საქართველოს გაუჩნდა განვითარების შანსი.

გამდიდრების ოთხი წყარო არსებობს: ბუნებრივი რესურსი, რომელიც გვაქვს, მაგრამ ლიმიტირებული; ცოდნა ანუ ტექნოლოგიები, რაც უზარმაზარი გვქონდა, მაგრამ გავფლანგეთ; ფინანსური ინსტრუმენტი და წარმოება, მრეწველობა, დამატებითი ღირებულება. მრეწველობაში შანსი გვაქვს, თან ითვლება, რომ ქართველი მრეწველობისკენ არის მიდრეკილი, გვაქვს ტალანტი ტექნიკური საკითხების მიმართ. ნობელის პრემიის ლაურეატმა, ნორვეგიელმა ეკონომისტმა გვირჩია ქართველებს: დასავლეთს მოუსმინეთ, მაგრამ არ გააკეთოთ ისე, როგორც გირჩევენ, გააკეთეთ ისე, როგორც ისინი აკეთებენ საკუთარ ქვეყანაში.

 

trampi მართალია ამ ე.წ დახმარებებზე უკვე ისედაც ყველაფერი ნათელია, მაგრამ მაინც ყოჩაღ რო ყველაფერს ასე ღიად და დაწვრილებით ლაპარაკობ!!!!!!!

აქაურები მაგ თემაზე ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ ვბუნობდით..
..მუქთა ყველი მხოლოდ სათაგურშიაო--- სულ ამას ვამტკიცებდით აქაურები..
.იმ ე.წ. დახმარებების ფულით ,,მეგობრები,, რომ სინამდვილეში საქართველოს მხოლოდ დედას ტირობდნენ, მაგას აქაურები ყველა კარგად
ვხედავდით, ძალიან ვხმაურობდით კიდეც, მაგრამ ჩვენი ხმაური რაააა..რას იზამდა??? ხელისუფლება სხვა ჭკვაზე იყო, ნებაზე მისდევდა მეგობრებს და მანამ ე.წ. მეგობრებმა ამათ შუბლზე ფიშტები არ დააადეს, მანამდე მორჩილად უქნევდნენ ყველაფერზე თავს
ეხლა კი იცოცხლე, გამოფხიზლდნენ ესენიც-- თავს აღარ უქნევენ(ან მეტი რა გზა-ღა ქონდათ?--ხელისუფლებაში ისევ ნაცები მოჰყავდათ)..
იმიტომაცაა შინ და გარეთ დიდი ორომტრიალი რომ აქვთ ატეხილი შინაურ და გარეულ მტრებს..
მილიონებით გეხმარებით, მილიონებითო .....წარამარა გვძახებდნენ
..არადა ვის რაში ეხმარებოდნენ, მაგას ჩვენ ძალიან კარგად ვხედავდით.
საპასუხოდ მე სულ ერთი და იგივე არგუმენტი მომყავდა ხოლმე ----კახეთი ხილს მიაქვს, დაჟე ხან იმდენი მოდის ხოლმე, რომ მოსახლეობა იმ ხილს
რეალიზაციასაც ვერ უკეთებენ.......... მერე მთავრობის დასანახად დემონსტრაციულად ყრიან ხოლმე---- გვიშველეთ რეალიზაციაში დაგვეხმარეთო(იქნებ
გვიშველოთო)...მაგრამ პატრონი არა ჰყავთ ხოლმე ....
ჰოოდა ამ ხილის ესე გადაყრის მაგიერ, იმ ე.წ. დახმარებების ფულით რაიონში რომ პატარა საკონსერვო ქარხანა დაედგათ არ შეიძლებოდა????(კომუნისტების დროს ყველა რაიონში იყო ხოლმე ხილ გადამამუშავებელი პატარა საკონსერვო ქარხნები ) მაქსიმიმ თითო ჰაა.. ჰააა 2-3 მილიონი
დამჯდარიყო, მეტი არა......ხალხი იმ ხილს გადაყრის მაგიერ იქ ჩააბარებდა-- ჯემს, წვენს რაღაცეებს გააკეთებდნენ......ხალხიც იხეირებდა და ის ნაწარმიც საქართველოშივე გაიყიდებოდა...
...საზღვარგარეთიდან ქვეყნის ხარახურა--ქიმია წვენები შემოდის, მაშ ჩვენი არ აჯობებდაა??
....მაგრამ სამე ზუსტად იმაშია რომ ჩვენ მხოლოდ იმათი ხარახურუის გამსაღებლები უნდა ვიყოთ, რომ ისევ იმათ იხეირონ
ხოოდა იმ ე.წ დახმარება კრედიტებს იმიტომ გვაძლევენ რომ ისევ იმათ იხეიროინმ, იმათ
ჰოოდა ყველა იმათი დახმარება ესეა გათვალისწინებული.....
5 საათის უკან
მარბიელი დავიწყოთ იმით, რომ კოლონიური პოლიტიკა გრძელდება. ყველა მდიდარ ქვეყანას: საფრანგეთს, ბრიტანეთს, აშშ-ს, ესპანეთს, პორტუგალიას დღესაც აქვთ კოლონიები და ექსპკუატაციას უწევენ მას, ოღონს სიტყვა "კოლონია" "ოკეანისიქითა ტერიტორიებით" და სხვა მსგავსი ტერმინებით შეიცვალა; ექსპლუატაცია - განვითარებითა და განათლებაში წვლილის ფარისევლური ფრაზეოლოგიით
საქართველო და მსგავსნი იმიტომ უნდათ, რომ მათ ჭკუაზე ვიაროთ, ვაღიაროთ ლგბტ, ემიგრაცია, უღმერთობა ...მიიღონ ჩვენგან იაფი მუშახელი და საჭიროების დროს მათთვის სისხლი ვღვაროთ
ამ დროს ჩვენს ეკონომიურ განვითარებას ხელს უშლიან; აფხაზეთსა და ს/ოსეთს ჩვენს სამართავად ტოვებენ; უფრო იოლი რომ იყოს, აქ აფინანსებენ ცალ ფეხზე მდგომ ასო-ებს და მეცოცხეებისნაირ "პარტიებს"
4 საათის უკან