[დავით უსუფაშვილი, დავით ბერძენიშვილი]
„მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია რელიგიური გაერთიანებების სტატუსის ერთგვარი საკრალიზაცია და მისთვის იმაზე მეტი მნიშვნელობის მინიჭება, ვიდრე ამ სტატუსს აქვს. სტატუსი არაფერს სძენს ეკლესიის არსს და ვერც ვერაფერს აკლებს ეკლესიის ბუნებას. ეკლესიისთვის მინიჭებული სამართლებრივი სტატუსი რეალურად არის იმის გამოხატულება, თუ როგორ ხედავს სახელმწიფო თავის თავს ეკლესიასთან მიმართებით. ეკლესიის სიძლიერე კი განისაზღვრება არა მისი სამართლებრივი სტატუსით, არამედ ჭეშმარიტებით, რწმენითა და ყოველწამიერი და ადამიანური ცხოვრების ყოველ გამოვლინებაში ამ ჭეშმარიტებისადმი ერთგულებით და მას ვერ შეცვლის ვერანაირი ნივთიერი თუ სამართლებრივი ფაქტორი (რომლებსაც, ცხადია, აქვთ მნიშვნელობა, მაგრამ არა იმაზე იმეტი, რაც მათ განკუთვნილი აქვთ თვით ეკლესიის სწავლებით).
ამ გარემოებების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების სტატუსი, უპირველესად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით – როგორ ვხედავთ ჩვენ, საზოგადოება, ჩვენს სახელმწიფოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების ადგილს. ამ საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის არსსა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრეს მახასიათებლებს.
შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს საგულდაგულო განსჯას და არა ნაჩქარევად და ხისტად მიღებულ გადაწყვეტილებებს, რადგან ერთხელ უკვე მცდარად დადგენილის შემდგომი კორექტირების მცდელობა ძალიან ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს. ამ საკითხზე ფართო კონსენსუსის არარსებობა კი გამორიცხავს სტაბილურ სახელმწიფოებრიობას.
ზემოთ მითითებული ფაქტორების გამო ვაცხადებთ:
1. თითქმის ორსაუკუნოვანი დევნის (1801 წლიდან კომუნისტური ეპოქის დასასრულამდე) შემდეგ ყველაზე მთავარი რამ, რაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფოსაგან ესაჭიროება, არის ეკლესიის სრული თავისუფლება სახელმწიფოსაგან, ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ნებისმიერი ფორმით ჩაურევლობა. სამართლებრივ დონეზე ამ თავისუფლებას უზრუნველყოფს კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ამ თავისუფლებას ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის „პროტესტანტიზაცია“ (დიდი ბრიტანეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მსგავსად), რასაც გამოიწვევს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება და რასაც გარდაუვლად მოჰყვება მართლმადიდებლობის პოლიტიკურ იდეოლოგიამდე დაკნინება, რაც მიუღებელია თვით ეკლესიის სწავლების შესაბამისად.
2. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი არის განსაკუთრებული სტატუსი და ეს განსაკუთრებულობა – და არა პრივილეგირებულობა – განპირობებულია ქართველი ერის ისტორიასა და დღევანდელობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფაქტობრივი როლით. ამგვარი როლი საქართველოს ისტორიაში არ ჰქონია და არა აქვს დღეს არცერთ სხვა რელიგიურ გაერთიანებას. განსხვავებული მდგომარეობა მოითხოვს განსხვავებულ სამართლებრივ მოწესრიგებას (თანახმად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა). შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსის არსებობა არ არის დისკრიმინაცია სხვა რელიგიური გაერეთიანებების მიმართ. შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა ნებისმიერი საფუძვლით მოხდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის გადასინჯვა.
3. აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას სხვა რელიგიური გაერთიანებების საქმიანობა. დაუშვებელია რაიმე ფორმის დისკრიმინაცია იმ რელიგიური გაერთიანებებისა, რომელთა საქმიანობა არ უქმნის ხიფათს კონსტიტუციურ მართლწესრიგს. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს აღმსარებლობის თავისუფლება და ჩვენ ვალდებულნი ვართ შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელიც შექმნის ამ თავისუფლების რეალიზაციის ყველა პირობას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც არაერთხელ განაცხადა საპატრიარქომ, მხარს უჭერდა და უჭერს რელიგიური გაერთიანებების სტატუსის განსაზღვრას. ეკლესიას სხვაგვარი პოზიცია ვერც ექნება, რადგან ადამიანის თავისუფლება, ეკლესიის სწავლებით, უმაღლესი სათნოებაა და დაუშვებელია ადამიანის იძულებითი მიყვანა ღმერთთან, ან ადამიანის ნებისმიერი ფორმით დევნა განსხვავებული აღმსარებლობის გამო. ამდენად, საქართველოში რელიგიური უმცირესობების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების მოწესრიგება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ყველა თვალსაზრისით და თავისთავად ამ საკითხის გადაწყვეტისადმი არ შეიძლება გონიერ ადამიანს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეს.
4. ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების ზერელე და აგდებული დამოკიდებულება ამ უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რელიგიური გაერთიანებებისადმი დამოკიდებულების საკითხი არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხი და მისი გადაწყვეტა საჭიროებს ფართო კონსენსუსს. ხელისუფლებამ კი მიიღო უაღრესად ნაჩქარევი და სამართლებრივად გაუმართავი გადაწყვეტილება. მხედველობაში გვაქვს შემდეგი გარემოებები:
• როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რელიგიური გაერთიანებების, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სტატუსი განისაზღვრა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საგანი კი არ არის საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება (იხ. სამოქ. კოდ. მუხლი 1, ცნება. მოქმედების სფერო. ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს). სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბოლო ცვლილებებამდეც სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლში ჩამოთვლილი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირები; თუმცა ყველა ამ იურიდიული პირის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენდა არა სამოქალაქო კოდექსი, არამედ სხვა ნორმატიული აქტები (საქართველოს კონსტიტუცია და ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნორმატიული აქტი, კონსტიტუციური შეთანხმება, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი და სხვა).
• ბოლოდროინდელი სიახლე ისაა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლით დადგინდა რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრაციის შესაძლებლობა, ხოლო ამავე კოდექსის 1509(პრიმ) მუხლით განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის პროცედურა, აგრეთვე ამ გაერთიანებების უფლებამოსილება: „...რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსის მე-2 თავით“. ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მივიღეთ ასეთი სამართლებრივი აბსურდი: ფორმით საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შინაარსობრივად არაკომერციული იურიდიული პირია; ამასთანავე, ამგვარი საჯარო-სამართლებრივი ჰიბრიდი ფუნქციობის წესებს განსაზღვრავს არა საჯარო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი, არამედ კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი სამოქალაქო კოდექსი.
აშკარაა, რომ საკითხი საჭიროებდა უფრო საფუძვლიან და სწორ სამართლებრივ მოწესრიგებას. ეს კი შეუძლებელია სამოქალაქო კოდექსის ფარგლებში; საჭირო იყო რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონით, რაც სამწუხაროდ, არ მოხდა, რადგან კანონის მომზადება უფრო მეტ დროს მოითხოვდა, ვიღაცამ კი მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი უმოკლეს ვადაში გადაეწყვიტა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზემოთ მითითებული სამართლებრივი ხარვეზები შეუმჩნეველი დარჩენოდათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებსა და უშუალო აღმსრულებლებს. ამიტომ, ამ და სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ვიზიტი საქართველოში, რასაც მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ერევანში; სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თბილისში; ეჩმიაძინის სამადლობელი წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტსა და გარეგინ II-ს შორის შეხვედრისას) შეიძლება დავასკვნათ, რომ საკითხი ნაჩქარევად იქნა გადაწყვეტილი ამ მოვლენების ფონზე. ჩვენთვის მიუღებელია ამგვარი უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტა ესოდენ არაკვალიფიციურად და ნაჩქარევად, რამაც შესაძლოა სერიოზულად დააზარალოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა.
5. ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ხელისუფლების არაკორექტული და სიცრუეზე დაფუძნებული ურთიერთობა. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ კონსულტაციებისას ხელისუფლებამ საპატრიარქოს კანონპროექტისადმი დადებითი პოზიციის გამოხატვის სანაცვლოდ შესთავაზა, რომ აიღებდა ვალდებულებას, ეზრუნა უცხოეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მართლმადიდებელ ტაძრებზე, ხოლო შემდეგ მწუხარებით გვაუწყა, რომ საპატრიარქომ არ მიიღო ეს შეთავაზება.
სიცრუე ხელისუფლების შეთავაზებაში ისაა, რომ ამგვარი ვალდებულება ხელისუფლებას უკვე ეკისრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. კერძოდ, კონსტიტუციური შეთანხმების მე-10 მუხლით დადგენილია: „სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.“
ეს ნორმა ეხება არა მხოლოდ თურქეთში მდებარე ქართულ ტაძრებს, არამედ ჩრდილოეთ სომხეთში (რომელიც შედის საქართველოს ეკლესიის დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიაში) მდებარე ტაძრებს, რომელზედაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს არანაკლები პრეტენზია, ვიდრე სომხეთის ეკლესიას საქართველოში მდებარე ზოგიერთი მონოფიზიტური ტაძრის მიმართ.
ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე ზრუნვას კი ხელისუფლებას ავალდებულებს იგივე კონსტიტუციური შეთანხმება (მუხლი 7, რომლითაც „სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედსა და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული“) და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები: „1. ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და მათზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. (...) 4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.).
სამწუხაროდ, ხელისუფლება არ ასრულებს ზემოთ მითითებულ სახელშეკრულებო და კანონისმიერ ვალდებულებებს, რაც შეუძლებელია არ იწვევდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი საზოგადოების შეშფოთებას.
6. ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ მშვიდობას. მშვიდობა შეუძლებელია რელიგიური მშვიდობის გარეშე. ეს ელემენტარული თეზისი ავალდებულებს ხელისუფლებასაც და თითოეულ მოქალაქეს, მითუმეტეს, საჯარო პოლიტიკაში ჩართულ ადამიანს, რომ რელიგიურ საკითხს არ მიუდგეს ხისტად, მხოლოდ ფორმალური სამართლებრივი კრიტერიუმებით. ის, რომ ფორმალურად რელიგიური უმცირესობების სტატუსის საკითხის გადაწყვეტა არ საჭიროებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან სავალდებულო კონსულტაციას და მის თანხმობას, არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი უმნიშვნელოვანესი საკითხები უნდა გადაწყდეს საქართველოს საპატრიარქოს იგნორირებით, მასთან ფუნდამენტური კონსულტაციების გარეშე, რადგან ბუნებრივად, ისტორიულად დომინანტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსესუსის გარეშე შეუძლებელია საქართველოში რელიგიური მშვიდობის დამყარება და, შესაბამისად, რელიგიური უმცირესობების აღმსარებლობის თავისუფლების რეალური უზრუნველყოფაც. რელიგიური ნიადაგზე დაპირისპირება ყველაზე საშინელი დაპირისპირებაა ყველა დაპირისპირებას შორის. საქართველოს ხელისუფლებას მართებს, გაითვალისწინოს ეს გარემოება; და არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში რელიგიური ლანდშაფტის სიჭრელის გამო, არამედ იმ რელიგიურ-ცივილიზაციური კონტექსტის გამოც, რომელშიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უხდება ყოფნა და არსებობისათვის ბრძოლა. სამწუხაროა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხშიც ხელისუფლება ოდნავადაც ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.
და ბოლოს, არსებულ რადიკალიზებულ და უაღრესად ემოციურ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია საკითხის ყველა ასპექტის (რელიგიური, ფასეულობითი, სამართლებრივი, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და სხვა) განხილვა და რაციონალური გადაწყვეტილების მიღება. ხელისუფლებამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას არ ძალუძს ამ ამოცანის გადაწყვეტა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ინტერესების, საქართველოს თითოეული მოქალაქის (მიუხედავად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა) შესაბამისად. ესაა კიდევ ერთი და, შესაძლოა, ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც დგას ქართული საზოგადოების წინაშე.