[ნინო მიქიაშვილი]
ქაშუეთის ეზოში, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ორგანიზებით გამართულ აქციას, რომელზეც რელიგიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ, 5 ივლისს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გააპროტესტეს და მიხეილ სააკაშვილს კანონზე ვეტოს დასადებად ვადა 15 ივლისამდე მისცეს, სხვა სასულიერო პირებთან ერთად სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელიაც ესწრებოდა. მას „ობიექტივი“ ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა.
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ 5 ივლისს მიღებულ კანონს?
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: ეს ის კანონია, რომლის წინააღმდეგ, საუკუნეების განმავლობაში სისხლისმღვრელი ბრძოლები იმართებოდა - VI საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, სომხებს ამის პრეტენზია ქვეცნობიერად ყოველთვის ჰქონდათ.
საქართველოს ისტორიიდან ცნობილია, რომ 608 წელს, ანუ VII საუკუნის პირველ მეოთხედში, დიდი საეკლესიო განხეთქილება მოხდა, რომელიც დამთავრდა იმით, რომ სომხეთი და ქართლის სამეფო ერთმანეთს რელიგიურ ჭრილში დაუპირიპირდნენ. ანუ, საქართველო დიოფიზიტ ქვეყნად დარჩა, სომხეთმა კი თავისი მონოფიზიტობა აღიარა.
იქიდან მოყოლებული ცდილობდნენ თავისი მონოფიზიტური სარწმუნოება მოეხვიათ ქართველ ერისთვის, ჩვენს სახელწმიფოსთვის - ეს სარწმუნოება გაევრცელებინათ და დამახინჯებული ფორმით შეეთავაზებინათ, ძირითადად, ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის, რამეთუ, ქვემო ქართლში არსებობდა იმ დროს ძირძველი ქართული დაწინაურებული ეპარქია, ცურტავის საეპისკოპო, რომელშიც ქართული წერილობითი წყაროების თანახმად, წირვა-ლოცვა სომხურ და ქართულ ენებზე ერთნაირად აღევლინებოდა. მაგრამ, მაშინ, როდესაც ჩვენი ისტორიული დაპირისპირება მოხდა, რაც განხეთქილებით დამთავრდა, ბუნებრივია, ამას ვერ ექნებოდა კარგი შედეგები. საბოლოოდ, ერთმანეთს რელიგიურად დაუპირისპირდა ორი თანამოძმე ერი.
ვიმეორებ - ეს არ არის გუშინ და გუშინწინ მოფიქრებული კანონპროექტი. ჩვენს ქვეყანაში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ცარიზმის კოლონიურმა პოლიტიკამ მიზნად დაისახა სამცხე-ჯავახეთში სომხების ჩასახლება - ეთნიკურ სიჭრელესთან ერთად, უპირველესად, რელიგიური სიჭრელის წარმოქმნა.
სწორედ იქიდან უნდა მომხდარიყო ქართველ ერთან დაპირისპირება. ისტორიულად ქართველი ერის დაპყრობა და დამორჩილება ბრძოლის ველზე არასდროს ხდებოდა - ჩვენს იდეოლოგიურად დაპყრობას ცდილობდნენ, მაგრამ ეს დაპყრობა ჩვენდა საბედნიეროდ დღემდე არ მომხდარა.
ფაქტობრივად, როგორც აღმოჩნდა, დღეს ყველაზე სასტიკი დამპყრობელი და მტარვალი მტერი ქვეყნის შიგნით გვყოლია, რომელმაც მუხანათურად, ვერაგულად და მზაკვრულად გააფორმა ეს კანონი და შემდეგ ჩააყენა საპატრიარქო საქმის კურსში. გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი ერი არასდროს დამარცხებულა. ვიმედოვნებ, რომ ეს ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დამთავრდება!
ქვეყნის შიგნით მტერში პარლამენტარებს გულისხმობთ?
- პარლამენტარებს და არა მარტო მათ. ეს არ არის მხოლოდ რელიგიური პოლიტიკა და სომხეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება. ამის უკან ძალიან დიდი პოლიტიკა იმალება. ეს არის სწორედ ქართული ტაძრების, ქართული ეკლესია-მონასტრების, ჩვენი სიწმინდეების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ბრძოლაში სომხეთი იყენებს ქართულ სახელმწიფოებრიობას, საქართველოს ვაიპოლიტიკოსებს, რომლებმაც ერთიანი შეთანხმებით, მზაკვრულად მიიღეს ზემოხსენებული კანონი და ამით პატრიარქს და მთელ ერს გული ძალიან ატკინეს.
ესაა საშვილიშვილო შეცდომა. ძველ აღთქმაში ამაზე უარესი ნამდვილად არ მომხდარა. ძველ აღთქმაში წერია, რომ აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი. ეს იმიტომ, რომ იქ უღმერთობა დაინერგა და ამაზე დიდი უღმერთობა ჩვენს ქვეყანაში, არც ერთ საუკუნეში არ მომხდარა.
ანუ, ეს ფაქტობრივად, ცრუ სარწმუნოებების რეალიზება და უფრო მეტიც, მათი დაკანონებაა. ჩვენ გვაიძულებენ ეს ცრუ სარწმუნოებები ვაღიაროთ და მივიღოთ, მაგრამ ამას ქართველი ერი არასდროს გააკეთებს - იდეურ ბრძოლაში ქართველი ერი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა და ამჯერადაც ასე იქნება!
მინდა ქართველ ერს მივმართო - ჩვენ ყოველთვის არ მოგვიწოდებს პატრიარქი, რომ დავირაზმოთ და ქუჩაში გამოვიდეთ, მაგრამ ერთი რამ ცხადი და ფაქტია - ქართველ ერს ყველაზე მეტად გული სარწმუნოებაზე შესტიკვა. თუ ჩვენ სარწმუნოებაზე უარი ვთქვით, ამაზე ხმა არ ავიმაღლეთ და ქუჩაში არ გამოვედით, მეტი წასართმევი რა დაგვრჩენია?!
ჩვენს ერს დავით აღმაშენებლის სიტყვებს შევახსენებ, რომელიც დიდგორის ველზე გაისმა - ეჰა მეომარნო, ქრისტესნო, ჩვენ თუ ღვთის შეწევნით და ღვთის რწმენით ვიქნებით, არა მარტო ეშმაკის მოციქულებს, არამედ, თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ! ამინ!
რელიგიების სტატუსის განსაზღვრის შესახებ მიღებული კანონი მხოლოდ სომხეთის აქტიურობის შედეგია?
- ამ ეტაპზე ყველაზე მკვეთრად სომხეთის აქტივობა ჩანს. აზერბაიჯანლებისა და გერმანელების აქტიურობასაც არ გამოვრიცხავ. რამდენადაც ვიცი, ლუთერანულ ეკლესიასაც კი მიეცა უპირატესობა, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანასწორუფლებიანი იყოს. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ ჩვენი ქვეყანა მოწოდების სიმაღლეზე არ დგას!
ეს არის ერთი, ძალიან დიდი რგოლი, რამაც ქართველი ერი უნდა შეკრას, გააერთიანოს. ამ კანონის წინააღმდეგ ერთიანად უნდა გავილაშქროთ, როგორც ერმა, ასევე ბერმა - ხმა უნდა ავიმაღლოთ, თუნდაც, მდუმარე აქცია მოვაწყოთ. რუსთაველის მოედნიდან თავისუფლებამდე შემოსილებმა, ლოცვით, ხატებითა და გალობით მდუმარედ, რომ ჩამოვიაროთ, მტერს ამითაც დავამარცხებთ, მაგრამ ამისთვის უპირველესად სურვილია საჭირო. ვისაც სურს საკუთარი შესაძლებლობები სამშობლოსა და ქრისტეს სიყვარულში გამოავლინოს, ამისთვის საუკეთესო მაგალითი დღეს არსებობს - ერთმანეთს ხელი უნდა ჩავჭიდოთ და დავიცვათ ერთმანეთი სამშობლოსა და ქრისტიანობის სადარაჯოზე.
როგორ გგონიათ, გაითვალისწინებს სააკაშვილი ამ ორი დღის მანძილზე გაკეთებულ განცხადებებს და დაადებს ვეტოს 5 ივლისს მიღებულ კანონს?
- იცით რა არის?! მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ განაჩენი საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა. ანუ მისი ეპოქის დასასრულის დასაწყისი იწყება! ეს იმიტომ კი არა რომ აქამდე მას უარესი ცოდვები არ ჩაუდენია?! ამჯერად ისე აშკარად და სასტიკად დაუპირისპირდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ეკლესიას, რომ მსგავსი რამ როსტომ ხანსაც არ ჩაუდენია საქართველოში.
ეს არის ყველაზე სამარცხვინო ფაქტი და ამ სამარცხვინო ფაქტით შევლენ საქართველოს ისტორიაში მიხეილ სააკაშვილი და მისი მესვეურები. უფრო მეტს ვიტყვი - ეკლესია უკვე ხმას ამოიღებს და ეკლესიის ხმის ამოღება ძალიან ძვირი დაუჯდება არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ, მის მემკვდრეებსაც, თუ ეს ცოდვა არ შეინანეს. მათ მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე კი არ ჩაიდინეს შეცდომა და დანაშაული?! - უფლის სახელის შემბღალავი ძალიან დიდი სასჯელით დაისჯება!