ქობულეთის პატარა ფეოდალი, სეზონური აზროვნებით

ქობულეთის პატარა ფეოდალი, სეზონური აზროვნებით

„აქ, ქობულეთში, ხალხს, ცხოვრების წესთან ერთად, აზროვნებაც სეზონური აქვს. ორი თვე ფიქრობენ, ათი -  არა. ხომ დაჟანგდება ტვინი, თუ რეჟიმს არ მიაჩვიე, როგორ უნდა აამუშავო? გარდა შრომისა, მივაჩვიე, რომ არ მოიპარონ..“ – ეს სიტყვები ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ეკუთვნის გაზეთ „პრაიმ ტაიმისთვის“ მიცემულ „ექსკლუზიურად პირად“ ინტერვიუში.

- სასტუმროს რომელ სართულზე ცხოვრობთ? - ეკითხება ჟურნალისტი თემურ ჭყონიას.

- სასტუმროში არ ვცხოვრობ, ქობულეთში სახლი მაქვს. მიყვარს აქაურობა. ზამთარ-ზაფხულ ვცურავ, - პასუხობს ბიზნესმენი.

ეს ინტერვიუ 2011 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა... ქალაქში, სადაც, თემურ ჭყონიას თქმით, თურმე „ტვინდაჟანგებული, სეზონურად მოაზროვნე და ქურდი ქობულეთელები“ ცხოვრობენ, მას ნამდვილად აქვს სახლი ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ზამთარ-ზაფხულ დაცვა ჰყავს. ქობულეთია სწორედ ის ქალაქი, რომელშიც თემურ ჭყონია ბოლო წლების განმავლობაში თავის ბიზნესს ავითარებს და, შესაბამისად, პირად ყულაბასაც ავსებს.

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ბიზნესმენის კუთვნილ სასტუმრო „ჯორჯიან პალასში“ მთელი სეზონის განმავლობაში, ყოველგვარი გრაფიკის გარეშე, მინიმალური ანაზღაურების ფასად ემსახურებიან ჩამოსულ სტუმრებს. 18-19 წლის გოგონები და ბიჭები არაერთხელ გამხდარან სასტუმროს შეზარხოშებული კლიენტების მხრიდან უხეშად მოპყრობის მსხვერპლნი, მათი დამატებითი შრომის ანაზღაურებაზე კი საუბარიც ზედმეტია.

„ხომ გასწავლეთ ქობულეთელებს ჩაცმა?“ - ასეც ხშირად ესალმება ბიზნესმენი თანამშრომლებს და შემდეგ თვითკმაყოფილი იერით ტოვებს იქაურობას. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივები ამ ყველაფერს იტანენ, უმუშევრობაა, რაც ქობულეთისთვისაც ისეთივე დიდი პრობლემაა, როგორც მთელი საქართველოსთვის. სწორედ ამ ადამიანების უმუშევრად დარჩენის შიშით ვერ ასახელებს „გურია ნიუსი“ მათ ვინაობას, ვინც ესაუბრა ამ თემაზე.

თუმცა თავად თემურ ჭყონიას „ექსკლუზიურად პირადად“ მედიისთვის ნათქვამი სიტყვები ყველაზე უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რა განწყობაც აქვს მას ქობულეთისა და ქობულეთელების მიმართ. ეს დამოკიდებულება მან „გურია ნიუსთან“ ინტერვიუშიც დაადასტურა. ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ოთარ ხინიკაძეს თემურ ჭყონიას მიერ გაკეთებული ეს განცხადება დაუჯერებლად მოეჩვენა. „მე მაგას არავის ვაპატიებ და ვნახავ ერთი მაგ სტატიას, სანამ არ გავერკვევი და არ წავიკითხავ, ვერაფერს ვიტყვი. თუ მართლა მასე თქვა, შეიძლება საჯაროდ და სახალხოდ არა, მაგრამ ერთი-ერთზე დავუჯდები, დაველაპარაკები და პასუხსაც მოვთხოვ, მაგრამ რაღაც მეეჭვება, მსგავსი რამ რომ თემურს ეთქვას...“

სასტუმრო „ჯორჯიან პალასის“ მიმდებარე ტერიტორია - 15 ათასი კვადრატული მეტრი, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან 27 თებერვალს შეიძინა. ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ფიჭვისა და ნაძვის ხის ნაცვლად, კოტეჯები და საცურაო აუზი აშენდებოდა.

ტერიტორია, რომელზეც თემურ ჭყონიამ ხეების მოჭრა დაიწყო, ერთ-ერთ უნიკალურ ზონად ითვლება ქობულეთში თავისი სამკურნალო თვისებებით. არც ის იყო შემთხვევითი, რომ ამ ადგილას თავის დროზე მობილიზებული იყო ორი სანატორიუმი: „თოლია“ ბავშვებისთვის და „საქართველო“ გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებულთათვის. ადგილის უნიკალურობას კი სწორედ ფიჭვნარი განაპირობებდა.

გარდა იმ ფართობისა, რომელიც ჭყონიამ შეიძინა, მის მიერ დაქირავებულმა მუშებმა რამდენიმე ხე იმ ტერიტორიაზეც მოჭრეს, რომელიც 3 მეტრითაა დაშორებული თემურ ჭყონიას მიერ შესყიდული ნაკვეთიდან. საზღვრის თვითნებური გადაწევა და ფიჭვების მოჭრა მხოლოდ ბოდიშის მოხდით გამოისყიდეს. მსგავსი ქმედების გახორციელების შემთხვევაში, რიგითი მოქალაქის მიმართ შეიძლებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო. ადგილობრივების პროტესტს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია - სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, მათ პატრულის გამოძახებით დაემუქრნენ.

საჯარო უწყებებში აცხადებენ, რომ კერძო საკუთრების მფლობელს მისი განკარგვა საკუთარი შეხედულების მიხედვით შეუძლია. აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ზურაბ ჭუკვეიძის განმარტებით, სამინისტრო ინვესტორს ხეების შენარჩუნებას არ ავალდებულებს, მთავარია, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს.

აჭარის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამმართველომ ადგილობრივი ჟურნალისტები ქობულეთის გამგეობასთან გადაამისამართა, სადაც განუცხადეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ.

გამოცემა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაუკავშირდა. „სანაპირო ზოლზე ხეების მოჭრის ნებართვის გაცემის რეგულირება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენციას სცილდება. ზოგადად, მშენებლობის პროექტში ხეების მოჭრა გათვალისწინებულია. დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის გარდა, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ხის მოჭრა ნებართვას არ საჭიროებს, ანუ მესაკუთრეს შეუძლია ხეების მოჭრის გადაწყვეტილება თავად მიიღოს, ხოლო მისი შემდგომი ტრანსპორტირება და გადამუშავება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის 96 ბრძანების საფუძველზე რეგულირდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

„იმ შემთხვევაში, თუ ხეები მოჭრილია თვითმმართველობის ტერიტორიაზე და ხეების მოჭრა შეთანხმებული არ არის,  შესაძლებელია ჩადენილი იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შესაბამისად, თუ დადასტურდა სამართალდარღვევის ფაქტი, პასუხისმგებელი პირია თვით სამართალდამრღვევი“.

მიუხედავად იმისა, რომ ხეები იმ ზონაშიცაა მოჭრილი (რასაც გადაღებული ფოტოებიც მოწმობს), რომელიც ჭყონიას არ ეკუთვნის, ამ ამბის მომკითხავი არავინ აღმოჩნდა.

ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფიჭვნარის გაჩეხვის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო. აჭარაში, გურიასა თუ სამეგრელოში, უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს სანაპირო ზოლის ნაგლეჯ-ნაგლეჯ გაყიდვა ქრთამის სანაცვლოდ, ასევე მრავალწლიანი წიწვნარის დაუნდობელი განადგურება ფეშენებელური ვილებისა თუ კომერციული ობიექტების მშენებლობისთვის...

ახლახან ქობულეთში, თემურ ჭყონიასთვის მიყიდულ ტერიტორიაზე,  გაჩეხეს ხეები. არც ხელისუფლებისგან, რომელიც ბაღ-პარკებსა და რეკრეაციულ ზონებს მასიურად ანადგურებს, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა თუ სხვა ქალაქებში... და არც ჭყონიასგან, რომლის მორიგი „მაკდონალდსის“ მშენებლობა სულ ახლახან წერეთლის მეტროს მიმდებარედ არსებული სკვერის ტოტალური განადგურების ხარჯზე დაიწყო...

„გურია ნიუსი“ თემურ ჭყონიასაც დაუკავშირდა:

ბატონო თემურაჭარის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებითდასასვენებელ კომპლექსშირისთვისაც  „ჯორჯიან პალასის“ გვერდით  ტერიტორია შეიძინეთ, 100 ადამიანის დასაქმებას აპირებთამ 100 ადამიანის დასაქმების საპირწონედ გაიჩეხა ხეები ზღვის სანაპირო ზოლში?

- როდის იყო, არ ვიცი ეგა. ტყუილია ეგა, 2 ხე მოვჭერით გამხმარი, საზიზღრობა. უსაქმური ხალხი ყოფილან ეგენი...

როგორც ჩანს, მრავალწლიანი წიწვნარის დაუნდობელი განადგურება ფეშენებელური ვილებისა თუ კომერციული ობიექტების მშენებლობისათვის არა ერთი რომელიმე რიგითი ბიზნესმენის, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკაა.