პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისთვის სასჯელი მკაცრდება. დეპუტატებმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით სესიაზე განიხილეს. უმრავლესობის წევრების თქმით, თუ უფლებამოსილების გადამეტებისთვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ეს ვადა გაიზრდება.
ოპოზიციის წევრების თქმით, ცვლილებების მიუხედავად, ხელისუფლებაში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს კანონმდებლობა აღსრულდეს. შესაბამისად, სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, ისინი აღნიშნულ ცვლილებებს მხარს არ უჭერენ.
„გირგვლიანის შესწორებების“ კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის დროს ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის შემადგენლობის განსაზღვრა, მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და პროპორციული სასჯელის დაწესება.
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლში განხორციელდება, ასევე კოდექსს დაემატება ორი ახალი მუხლი. პირველ - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობას შეეხება; მეორე - ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას გულისხმობს, რაზეც პასუხისმგებლობა მკაცრდება. გარდა ამისა, შესწორებების ერთ-ერთი მიზანი გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყევტილების აღსრულება არის.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნული ცვლილება პოლიტიკური გზავნილი იქნება ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის.
„ეს ცვლილებები მიმართულია მომავლისკენ და დაზღვევისკენ. ის ვერ გავრცელდება წარსულზე, იმიტომ, რომ იცით კანონი, რომელიც ამკაცრებს პასუხისმგებლობას მას უკუქმედებითი ძალა არ აქვს. შესაბამისად, ამ ცვლილებით არის პოლიტიკური გზავნილი, რომ ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ჩაიდენს ნებისმერ დანაშაულს, რომელიც დღეს არის სისხლის სამართლის კოდექსის მძიმე მუხლებში, დაისჯება უფრო მკაცრად, ვიდრე დაისჯება ჩვეულებრივი მოქალაქე.
ეს არის მთავარი გზავნილი, რაც შეეხება სამართლებრივ ტექნიკას და კონსტრუქციას, თავად როგორ მოხდება ამის ფორმულირებები, ამაზე შევთანხმდით, რომ მეორე მოსმენის დროს გაგრძელდება სამეცნიერო წრეებთან ერთად კონსულტაციები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მმართველი გუნდის შეფასებით, თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულს სახელმწიფო, განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს. იურისტი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ პროცესი ძალიან დაგვიანებულია. მისი თქმით, ამ ცვლილებაზე დეპუტატებს უნდა ეფიქრათ ამნისტიის აქტის მიღებისას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ წინა ხელისუფლების სულ ორი წარმომადგენელია ციხეში - ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი, რომლებმაც ისარგებლეს იმ სიკეთით, რომელიც 2012 წლის ამნისტიამ მოუტანა პატიმრებს. ამნისტიის მუხლში უნდა ჩაედოთ, რომ ეს არ შეეხებოდა რეჟიმს. თითოეული მათგანისთვის იყო ცნობილი, რომ წინა ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ დამნაშავეები მთელ რიგ საკითხებში და მით უფრო სანდრო გირგვლიანის საქმესთან მიმართებაში.
ახლა ძალიან დაგვიანებულია და ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ციხეში გამოეკეტა დამნაშავეები, რომლებმაც სასაკლაოდ აქციეს ქვეყანა. შიშის, ტერორის და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო საქართველო, მათ ვერ მოახერხეს დაეპატიმრებინათ ამ რეჟიმის შემოქმედი. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ მძიმე მუხლით თუ ვინმეს დააკავებენ, ისევ მათივე თანაგუნდელები დააკავონ და მძიმედ გაუსწორდნენ. ძალიან მძიმე საყურებელია ეს ყველაფერი“, - ამბობს ირმა ჭკადუა.